"ჩემი "მოხუცი" დღეს 18 წლისაა, ერთად ვბერდებით და იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად" - კვირის პალიტრა

"ჩემი "მოხუცი" დღეს 18 წლისაა, ერთად ვბერდებით და იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად"

"ქალი მონაწილე დოღში არასოდეს ყოფილა, არც ჩემს ხეობაში და არც სხვაგან ჩატარებულ დოღებში მსმენია მხედარ ქალზე, მხედარი ბიჭიც გაიშვიათდა... ქუჩაში რამდენს უთქვამს, შენ ის გოგო არ ხარ, ცხენით რომ დადისო", - ამბობს ნინო ელკანოვი, რომელსაც 18 წლის ცხენი ჰყავს, მას "მოხუცს" ეძახის და ძალიან უყვარს. ერთადერთი მხედარი გოგონა თავის ცხოვრებასა და დიდ სიყვარულზე გვიამბობს...

- ახალგორში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ზაფხულობით არდადეგებზე სოფელში მივდიოდი ხოლმე ბებია-ბაბუასთან. ბაბუაჩემს 15 ცხენი ჰყავდა. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ცხენები... ჩემი მამიდაშვილი, რომელიც ჩემზე 11 წლით უფროსი იყო და ცხენი მასაც ძალიან უყვარდა, სადმე რომ მიდიოდა, ცხენს შეკაზმავდა და ისე არ წავიდოდა, თუნდაც ხუთი წუთით არ ეთხოვებინა. მეტყოდა, ცხენების პატარა გიჟო, სანამ წავალ, იჯირითეო და მეც სიხარულით გავრბოდი. ხშირად სხვა ნათესავებსაც უთხოვებიათ საჯირითოდ, ზოგსაც ვპარავდი.

- ბაბუა 15 ცხენს როგორ უვლიდა?

- მთაში უშვებდა. როცა დასჭირდებოდა, დაიჭერდა და მერე ისევ გაუშვებდა.

- როგორც ვიცი, ბავშვობაში ცხენმა გაგიტაცათ კიდეც...

- მაშინ 5 წლის ვყოფილვარ. მეზობელს ერთი ცელქი ნიკორა ცხენი ჰყავდა. თურმე მამაჩემმა ცოტა ხნით შემსვა, სანამ საქმეზე წავიდოდა. ცხენი შეშინებულა და მამას აღვირი ხელიდან დასხლტომია. სახლის გვერდით წყაროა, რომელსაც "შვინდის წყალს" ვეძახით, რადგან მის თავზე ძველად შინდი იყო დარგული. წყლის წინ ხელნაკეთი ხის გობი იდგა, სადაც საქონელი წყალს სვამდა. შეშინებული ცხენი გობის თავზე გადამხტარა და ამის შემხედვარე ბებია ცუდად გამხდარა, ძლივს მოუსულიერებიათ. ცხენი დიდი წვალებით დაუჭერიათ და გიჟდებოდნენ, ფაფარზე ჩაბღაუჭებული იყავი, იცინოდიო. როდესაც ეს ამბავი მოზარდობაში მამაჩემმა მიამბო, არ დავუჯერე, როგორ შეიძლება ასეთი პატარა ცხენიდან არ გადმოვვარდნილიყავი-მეთქი. ჩემი თუ არ გჯერა, ბებიას ჰკითხეო, ამბობდა. მას შემდეგ, დღემდე, ცხენზე ვზივარ, ახლა უკვე იშვიათად, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე გაჭენებული ცხენიდან გადმოვვარდნილიყავი. კარგად მახსოვს, ერთხელ როგორ ვეჯიბრებოდი უფროს ბიჭებს - მე ცხენით, ისინი მანქანით ვჯირითობდით.

- დოღში მიგიღიათ მონაწილეობა?

- ლეხურის ხეობაში წლების წინ რამდენიმეჯერ გაიმართა დოღი. მე მხოლოდ სამჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული­. 21 წლის გახლდით, როდესაც­ პირველად გადავწყვიტე მონაწილეობა. რადგანაც მხედარი გოგონა იშვიათობა იყო და ახლაც ასეა, ხალხი ძალიან დიდი სიხარულით და გაკვირვებით შემხვდა. მაშინ მეორე ადგილზე გავედი. 2014 წელსაც გაიმართა დოღი, სადაც უკვე მესამედ ვმონაწილეობდი ჩემი "მოხუცით". სულ ხუთი ცხენი მონაწილეობდა და ოთხ ბიჭს შორის ამაყად ვიდექი! ახლაც მახსოვს, პირველ ადგილზე გასულს ხალხი რომ შემომეხვია, მილოცავდა ნაცნობი თუ უცნობი. პრიზი გადმომცეს, 5000 რუბლი.

- შეგხვედრიათ ოდესმე მხედარი ქალი?

- არასოდეს, არც ჩემს ხეობაში და არც სხვაგან ჩატარებულ დოღებში მსმენია რამე მხედარ ქალზე. მხედარი ბიჭიც კი გაიშვიათდა, ცხენი აღარავის უნდა. იმ დოღის შემდეგ ბევრს დავამახსოვრე თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ...

- არასოდეს უთქვამთ, რად გინდა ცხენიო?

- როცა ჩემი ცხენი ახალგაზრდა იყო, მამაჩემს ძმაკაცი ახალ "ნივაში" უცვლიდა. ზებრასავით ჭრელი ცხენი იყო, შავ-თეთრი და რადგანაც იმ დროისთვის იშვიათი­ სილამაზის იყო, კლიენტიც ბევრი ჰყავდა. თავს ვიგიჟებდი, არ გავყიდი-მეთქი. როცა წამოვიზარდე, შინაურებიც მეუბნებოდნენ, გაყიდე, სანამ ახალგაზრდააო. მეზობლებიც მაქეზებდნენ, სანამ კარგ ფულს გაძლევენ, გაყიდე, მერე დაბერდება და ამხელა ფულს აღარავინ გადაგიხდისო. "მოხუცი" დღეს 18 წლისაა, ერთად ვბერდებით, ერთად ვჭაღარავდებით და იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად.

- თაყვანისმცემლებსაც ხომ არ უთქვამთ თქვენზე უარი ცხენის გამო?

- მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში ცხენის გამო არ ყოფილა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი გულში, ჩემს ზურგს უკან იტყვის, ალბათ, უთქვამთ კიდეც, გიჟია, ცხენზე კი არა, გათხოვებაზე უნდა ფიქრობდესო. არ მახსოვს, ოდესმე ცხენით გამევლოს და ვინმეს ჩემთვის გული ეტკინოს იმის გამო, რომ გოგო ვარ და ცხენები მიყვარს. პირიქით, თუ ვინმე შემხვედრია, ნაცნობი თუ უცნობი, ძალიან დიდი სიყვარულით მოგვიკითხავენ მეც და ჩემს ცხენსაც. მარტში ჩემი ცხენი ახალგორში აღმოჩნდა. როდესაც წამოსაყვანად წავედი, ახალგორის ქუჩები ცხენთან ერთად გამოვიარე და ხალხისგან სითბოს მეტი არაფერი მიგრძნია, რამდენიმემ ფოტოც კი გადამიღო. სახლში მოსვლამდე დამიღამდა, თან თოვლი და სიცივე იყო. დაახლოებით ორი კილომეტრი მექნებოდა დარჩენილი სახლამდე, მანქანა დამეწია, მიცნეს და მძღოლმა ქურთუკი გადმომაწოდა, შემოიცვი, სანამ სახლამდე მიხვალ, არ შეგცივდესო. მადლობა გადავუხადე, მაგრამ უარი ვუთხარი, უკვე სახლთან ვარ და არ მინდა-მეთქი. რომ არა ცხენი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიქნებოდი, ჩემი ვინაობა არავის ეცოდინებოდა! ეს ჩემი "მოხუცის" დამსახურებაა! რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ალბათ, არიან ისეთებიც, ვისაც მოვწონვარ, და ისეთებიც იქნებიან, ვისაც არ მოვეწონები. ცხენზე უარს კი ვერავინ მათქმევინებს!

- თქვენს საინტერესო გვარზეც გვიამბეთ...

- ელკანოვების ძალიან ბევრი ოჯახია არმაზიდან, ზოგიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს. სოფელში გვარის სალოცავიც გვაქვს. მამაჩემი ტრადიციას არ არღვევს და უკვე წლებია დღეობის წინ ოსურ ლუდს ხარშავს. ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი სტუმარი იყრიდა თავს, მაგრამ ახლა რთულია ახალგორში შემოსვლა. ელკანოვების გვარი არმაზში სოფელ კუცხოეთიდან ჩამოსახლებულა დიდი ხნის წინ, გვარის სალოცავის ნიშიც იქიდან აქვთ წამობრძანებული.