დევნილი გოგონას დღიური და ზეცად გაყოლილი ოცნება...
არველოდი ღურწკაია ჩემი ძველი რესპონდენტია. ის სამურზაყანოელია, გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან. ჯერ კიდევ 2005 წელს მესტუმრა რედაქციაში. მეგონა, ლტოლვილობის მძიმე ხვედრზე უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ შევცდი. მისი უფროსი ქალიშვილის, მაიკოს სიკვდილიდან 2 წელი იყო გასული და შვილმკვდარი მამაც ამ უბედურებამ მოიყვანა ჩემთან... 24 წლის გოგონას რუსთაველზე გაჩერებაზე მდგომს ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი მთვრალი ყოფილა, არც გადმოსულა მანქანიდან, უკანმოუხედავად გაიქცა. მაიკოს საავადმყოფოში მიყვანა დაგვიანდა. ამბობდნენ, მაშინვე რომ მიეყვანათ, გადარჩებოდაო. ის მესამე დღეს ტვინის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა. დამნაშავეზე ძებნა გამოცხადდა... რამდენიმე ხნის შემდეგ რუსეთში იპოვეს და ჩამოიყვანეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ფული დახარჯა და თავიდან აიცილა სასჯელი. ამ უსამართლო გადაწყვეტილებამ დაღი დაასვა უბედურ მშობლებს. გინახავთ ატირებული კაცი, ცრემლებს რომ ძლივს იკავებს? ეს ცრემლები კი წვეთწვეთობით იღვენთება გულში. მაშინ ვეცადე როგორმე დავხმარებოდი, მაგრამ უსამართლო განაჩენს უკვე რკინის ფესვები ჰქონდა გადგმული... მაიკო ჟურნალისტობაზე ოცნებობდა თურმე. მოგვიანებით ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველი გამხდარა. კარგად სწავლობდა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც წითელ დიპლომზე დაუმთავრებია. მისი წერილები უკვე იბეჭდებოდა და თითოეული პუბლიკაციის წაკითხვა მშობლებს უდიდეს სიხარულსა და სიამაყეს ჰგვრიდა. 2003 წლის 19 ოქტომბერი საბედისწერო აღმოჩნდა მათი ოჯახისთვის.გავიდა წლები და არველოდი ღურწკაია კვლავ მესტუმრა. გამიხარდა მისი დანახვა. მახსოვდა, რომ მაიკოს გარდა კიდევ 3 ქალიშვილი ჰყავდა... გოგონები საზღვარგარეთ წასულან. 42 წლის მაკა და 30 წლის თამარი გერმანიაში არიან, იქ შექმნეს ოჯახი, 39 წლის მარიკა კი საბერძნეთშია. არველოდი ცოლთან ერთად კარგა ხანს ქირით ცხოვრობდა რუსთავში. მერე ცხოვრება გაძვირდა და ქირასაც მოუმატა ბინის პატრონმა. გერმანელმა სიძემ სიმამრ-სიდედრს ოროთახიანი ბინა უყიდა რუსთავში... სამივე ქალიშვილს თავ-თავისი გზა აქვს, მაგრამ ის ტკივილი, რაც მაიკოს სიკვდილმა და აჩიგვარაში სახლ-კარის დაკარგვამ დაუტოვა, დრომ ვერა და ვერ გაუნელა. აჩიგვარა გალისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზეა. ერთ დროს მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი დღეს დამწვარ-გადაბუგული ნასახლარებით არის სავსე... გალიდან დევნილებმა ენგურის ხიდი გადმოიარეს. მათ შორის იყო ღურწკაიების ოჯახიც.
არველოდი ღურწკაია: - ვინ მოთვლის, რამდენი გაჭირვება გამოგვივლია, მაგრამ შვილის სიკვდილზე საშინელი არაფერია. როცა აჩიგვარა დავტოვეთ, მაიკო 14 წლის იყო... ზუგდიდში საერთო საცხოვრებელში ადგილი აღარ დაგვხვდა და გვირჩიეს, რუსთავში იაფად იშოვით ბინასო. აჩიგვარაში დიდი და ლამაზი სახლი გვედგა. არაფერი გვაკლდა, სულ სტუმრების მიღება-გაცილებაში ვიყავით. თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ... სოხუმის უნივერსიტეტში დაწყებითი კლასების პედაგოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. რუსთავში მასწავლებლად ვერ დავიწყებდი მუშაობას, მასწავლებლები იმ დროს თვეობით უხელფასოდ ისხდნენ. გამოსავალი ვაჭრობა იყო და რუსთავის "სტამბოლის" ბაზარს მივაშურე. ლუკმაპურის ფულს ვშოულობდი და იმედით ვცხოვრობდი, წამომეზრდებიან შვილები და ჩვენც გვეშველება-მეთქი. 2003 წლის 19 ოქტომბერს ცა ჩამოგვექცა თავზე... ენგურის ხიდზე გადმოსვლაც კი არაფერია მაიკოს სიკვდილთან...
საავადმყოფოში მაიკო უგონოდ მიუყვანიათ. იქ მისულ მშობლებს ეზოში აუარებელი ხალხი დახვდა: გოგონას მეგობრები, ოჯახის ახლობლები და ნაცნობები. ექიმების დასკვნა განაჩენივით იყო: ტვინის შეშუპება ვითარდებოდა. ორი დღის მერე მამის ქვითინმა, დედის განწირულმა კივილმა და დების მოთქმამ საავადმყოფო შეძრა...
ბატონმა არველოდი ღურწკაიამ მაიკოს დღიურები გადმომცა. დევნილობაში გოგონამ ინტენსიურად დაიწყო წერა. მოგონებებს თავს ვერ აღწევდა, ის, რაც სტკიოდა, რაზეც ოცნებობდა, ფურცელზე გადაჰქონდა. აი, რამდენიმე ნაწყვეტი დღიურიდან:
"ომია. ყურისწამღები აფეთქებების ხმა და განწირული შეძახილები ისმის. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, არ დამავიწყდება ენგურის ხიდი და ხიდამდე გამოვლილი გზა, რომელიც დაუსრულებელი მეგონა. თვალებდათხრილი და ცოცხალ-მკვდარი ადამიანებივით იდგნენ სახლები, თითქოს შველას ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ ზურგზე მოკიდებული მძიმე ჩანთებით და კიდევ უფრო მძიმე და დარდიანი გულით ვტოვებდით მშობლიურ კუთხეს. "დავბრუნდებით კი?" - ეს კითხვა საათის მონოტონური წიკწიკივით მეორდებოდა ჩემს გონებაში, პასუხის გაცემას კი ვერ ვახერხებდი.
გადმოვედით სამშვიდობოს, მაგრამ ვაი ასეთ ცხოვრებას. რა ვუყოთ ამხელა დარდით, ტკივილით სავსე გულს და გაბზარულ სულს?.. გაფაციცებული მაქვს ყურადღება, ყოველი წვრილმანი მაინტერესებს და მინდა თითოეულში რაღაც საიმედო აღმოვაჩინო. ასეთს ვერაფერს ვპოულობ, სამაგიეროდ ვიგებ ახალ სიკვდილს, ახალ ტკივილს, ახალ დანაკარგს... დღემ ღამე გაათენა, ღამემ დღე დააღამა, კვირა კვირას მიჰყვა, თვე თვეს. გავიდა წლები. ბევრს უიმედობა ტანჯავს, ხელი ჩაუქნევია და ცრემლებით დამბალი ხმით ჩუმად ამბობს: "დაკარგულს ვეღარ დავიბრუნებთ, ოცნებაც არ შეიძლება ამაზე", მე კი მჯერა, რომ დავბრუნდები სამურზაყანოში, შევალ ჩემს ნახევრად დამწვარ სახლში, რომელიც ცოცხალ-მკვდარი ადამიანივით დგას აჩიგვარაში და მოუთმენლად გველის. შევალ ჩემს ოთახში, გამოვაღებ ფანჯარას, ღრმად შევისუნთქავ გამჭვირვალე, ნოტიო ჰაერს და ვიტყვი: "ასრულდა ჩემი ოცნება, მე დავბრუნდი", მერე ოთახიც, ეზოც, ყოველი კუთხე-კუნჭული აივსება იმედით, კეთილი მეზობლების შეძახილებით და კვლავ გაგრძელდება ცხოვრება აჩიგვარაში. მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება".
უცრემლოდ ვერ წაიკითხავ მაიკოს ამ სტრიქონებს. გოგონა ისე გარდავიდა იმქვეყნიურში, ეს ოცნებაც თან წაიყოლა.
არველოდი ღურწკაია: - ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო ომის დღეებიდან. გაგრა უკვე აღებული ჰქონდათ აფხაზებს და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს, სოხუმში ბრძოლები მიმდინარეობდა. ქართველობა ორად იყო გაყოფილი. დავის დრო აღარ იყო, ორივე მხარე მოსალაპარაკებლად დაჯდა. შეხვედრის ადგილად ჩემი სახლი აირჩიეს. შესათანხმებლად შეკრებილი იყვნენ: აკაკი ასათიანი, ოთარ ფაცაცია, რუდიკ ცატავა (გალის რაიონის გამგებელი), ლოთი ქობალია და თენგიზ კიტოვანი. ძალების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად დიდი სუფრა გაიშალა ჩემს სახლში. მეორე დღეს მთელი სოფელი მილოცავდა მათ სტუმრობას, ყველა იმედიანად იყო, სჯეროდათ, რომ ეს დღე გამარჯვების საწინდარი გახდებოდა... მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ომის დროს ყოველ ნაბიჯზე ღალატი იყო ჩასაფრებული და ეს შეთანხმებაც არ შედგა. მაინც მჯერა, ჩვენ თუ ვერა, მომავალი თაობა დაუბრუნდება მშობლიურ მხარეს.
მარინა ბაბუნაშვილი