„რა ამბავია ნიგოზი 30 ლარი? შენ ინდაურის და გოჭის ფასი უნდა ნახო!“ - კვირის პალიტრა

„რა ამბავია ნიგოზი 30 ლარი? შენ ინდაურის და გოჭის ფასი უნდა ნახო!“

- ორი კვირაა დარჩენილი ახალ წლამდე და უკვე ამდენი ხალხია, მერე რაღა იქნება... მომეცი ერთი "სპისოკი", ჩავხედო, არაფერი დამავიწყდეს, თორემ იმ აფთარს რა გაუძლებს", - ამბობს ჩემ წინ მიმავალი კაცი, რომელიც მეტროს ამოსასვლელთან ხალხის ტალღას მიაპობს და ჯიბეებს­ იქექავს.

- დედაჩემზე ამბობ მაგას? - გაოცებული მისძახის ჩაპუტკუნებული ქალი და ცდილობს დაეწიოს...

- აბა, დედაჩემზე? ერთხელ მაინც ხომ შეიძლება რესტორანში შევხვდეთ ახალ წელს, აღარ შემიძლია ყოველ წელს მეკურტნესავით ჩანთებით სიარული და 1-ლი იანვრის ღამეს დედაშენთან იმის ონლაინანგარიში, რაში რამდენი გადავიხადეთ.

- გადაწყვიტე როგორმე, რესტორანში გინდა გრიალი თუ მანქანის პირველადი შენატანი გჭირდება. კაცმა რომ გკითხოს, ათი წელია დედაჩემის კისერზე ყოფნა არ გინდა და ტაქსაობას აპირებ, რომ შენი ჯიბის ფული გქონდეს, - გაასწრო გაცეცხლებულმა ქალმა ქმარს, რომელიც კარგა მოზრდილ სიას მიაფრიალებდა.

სადგურის მიმდებარე ტერიტორია უკვე სავსეა ნაძვის ხის სათამაშოებით, ჩიჩილაკებით, ცოცხებით, დეკორატიული ნაძვებით, ციმციმა ნათურებით.

- ეტი ლამპოჩკი სინიე, ესტ რაზნიე... იგრუშკი, იოლკი. კაკიე ხატიტე?.. ა ვი ატკუდა?.. - ეკითხება სლავური გარეგნობის წყვილს თბილად ჩაცმული ქალი დამტვრეული რუსულით და ეჭვით უყურებს.

- მი უკრაინცი, იზ მელიტოპოლია... - დაბნეულად პასუხობენ და სათამაშოებს არჩევენ.

- ეს შენ, ბებო, - ეუბნება გამყიდველი ბავშვს, რომელიც მის კლიენტებს ახლდა, მე კი ხალხის ნაკადში ვერ შევამჩნიე. 5-6 წლის იქნებოდა, დაიმორცხვა, ჯერ მშობლებს ახედა, თითქოს ნებართვას სთხოვსო, მაგრამ მათ პასუხს არც დალოდებია, ისე გამოართვა.

- ბებია მყავდა უკრაინელი. ბაბუამ ჩამოიყვანა ფრონტიდან და მისგან მახსოვს ორი ღერი რუსული, თუმცა ზოგჯერ ადამიანებს ენა სულაც არ სჭირდებათ კომუნიკაციისთვის... ახალგორიდან ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა. ამათ ყველა თავს ევლება, ჩემი სახლი კი ტრაქტორით მოასწორეს რუსებმა და რაც მეცვა, იმით გამოვედი 2008 წლის ზაფხულში. რამდენიმე კვირა "პალატკაში" ვცხოვრობდი მოხუც მშობლებთან ერთად. მერე იმ დასახლებაში შეგვიყვანეს და გვიხაროდა, ოთხი კედელი და ჭერი მაინც გვექნებაო, - მითხრა გამყიდველმა.

bazari2-1671385567.jpg

როგორც მითხრეს, აქამდე მხოლოდ ტრანსპორტში ხვდებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრეები, ახლა, რაც დრო გადის და ახალი წელი ახლოვდება, მუშტარს შორის ისინიც მომრავლდნენ. ზოგი არც მალავს, რომ რუსია, თავისი ქვეყნიდან გამოიქცა, აქ თავს მშვიდად გრძნობს და ჯერ იქ დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ზოგი თავს უკრაინელად ასაღებს. ხალხი რომ იგებს, ადგილს უთმობენ, გამყიდველები ფასს უკლებენ.

- ვხუმრობთ, თუ ფიქრობენ, ამ ქართველებს როგორ ვაგოიმებთო, თუ ასეა, მათ სინდისზე იყოს, - ამბობს კანფეტების გამყიდველი ქალი, რომელიც თან პრეტენზიულ მუშტარს იგერიებს, რატომ გაძვირდა შოკოლადიო, და თან სახიდან ღიმილი შორდება, - სხვაგან თუ უფრო იაფად ნახავთ, მე ერთ კილოგრამს გჩუქნითო, - ჰპირდება.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამალებული მიდი-მოდია, ყველაფერს ფუტკრებივით ესევიან, სკასავით ზუზუნებენ.

ხშირად გაიგონებთ: "რამდენი ხალხია, თბილისის ბაზარია თუ მუმბაი?"; "ეს ხალხი ისე იქცევა, თითქოს მართლა ახალი წელი მოდიოდეს. რამდენი წელია ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. გოჭს და საცივს კი არ მოჰყავს ახალი წელი"; "რამხელა ფასები გაქვთ, ბაზარია თუ დიუთი-ფრი, ცეცხლი უკიდია ყველაფერს"; "სად ხედავთ ცეცხლს? სად ცხოვრობდა აქამდე ეს ხალხი? გეგონება, დღეს და გუშინ გაძვირდა ყველაფერი", - ასეთია უკმაყოფილო მომხმარებლისა და გამყიდველების დიალოგები გადავსებულ დახლებთან.

bazari3-1671385567.jpg

54 წლის ზაირა კახელიშვილი ამბობს, რომ წლებია ჩურჩხელას ყიდის. თავისი კლიენტები ჰყავს - მაღაზიები, კერძო პირები... შარშან 2,80 ლარად აბარებდა, წელს - 3,50, ზოგჯერ კი სამადაც აბარებს, რაზეც საყვედურობენ, გააძვირეო, მაგრამ ყურძნის მოვლა და მუშახელიც გაძვირდა.

- თუ წინა წლებში მუშახელს კრეფაში 30 ლარს ვუხდიდით, სათლების დამტარებელს კი, ანუ ვენახიდან ყურძნის გამტანს 40-ს, წელს ორივემ 10-10 ლარით გაგვიძვირა თავისი შრომა, იმ ფულით ვერაფერს ვყიდულობთ და ტყუილად ხომ არ ვიშრომებთო. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია: პური 1,30 გახდა, შაქრის ფასი ლამის გაორმაგდა... ისე შეიცხადებენ, როგორ გაგიძვირებიაო, თითქოს ჩემი ჩურჩხელები წყვეტს ქართული ეკონომიკის ბედს, - ამბობს ქალი.

მისივე რჩევით მივადექი ემოციურად მოსაუბრე კაცს, რომლის გოჭებს უამრავი მუშტარი ეხვეოდა.

- რანაირი გოჭია, რას აჭმევდით? - ჰკითხა ერთმა.

- სიმინდს და რკოს, პატივცემულო.

- ფუთი სიმინდი 60 ლარამდე ღირს და ღორებს რომ აჭმევდეთ, რაღაც არ მჯერა... რანაირი გოჭია ეს? - არ ცხრებოდა კლიენტი.

სხვებს გაეცინათ, ჩვეულებრივი გოჭიაო, თუ ჩვეულებრივია, 120 ლარი რანაირად ღირს. კურდღელი მირჩიეს, მისი წელი მოდის და სასურველია გქონდესო, წარბები ასწია ქალმა.

- კურდღელი და ციყვი არ ვიცი მე, არა ხარ შენ მყიდველი და ნუ მიფრთხობ კლიენტებს, - მოთმინება გაუწყდა კაცს, - შვიდი გოჭი გავყიდე, ამდენივემ შემიკვეთა, მაგრამ ერთი შეიძლება ისეთი გამოჩნდეს, ნერვებს მოგიშლისო, შემომჩივლა.

უკმაყოფილო საუბრები ისმოდა საბი­თუმოებშიც, სადაც გზა დიდი გაწევ-გამოწევით უნდა გაგეკვლია. თავისუფალ ტროტუარს ვერ დაინახავთ. გზის პირზე გაჩერებული მანქანების გარშემო ვაჭრობაა გაჩაღებული. ძირითადად, პიროტექნიკა და ნაძვის ხის აქსესუარები, ნიღბები, სუვენირები და საბავშვო სათამაშოები იყიდება...

"შარშან 3-4 ლარით იყო ყველაფერი გაძვირებული, წელს კიდევ გაორმაგდა. ვალი გაქვთ თუ რა არის, ასეთი გადარევა?"; "ვალიც მაქვს და ოჯახიც, რომელსაც რჩენა უნდა"; "ამ გოჭს რა აწერია, ფასი თუ წონა?"; "ეს ერთი ბეწო პლასტმასის კურდღელი 7 ლარი ღირს?.. ცოცხალ ბაჭიას იხვეწება 3 ლარად, ჩემს უბანში რომ ბიჭი ზის. ჰოდა, მოვიყვან, სტაფილო და კომბოსტო კი იქნება ამ ახალ წლებზე ოხრად, გასეირნება მაგას არ უნდა და აცრები. ბავშვებიც გაერთობიან", - გაიგონებთ ყველა ნაბიჯზე. უკმაყოფილოა მომხმარებელი, თავისი რკინის არგუმენტი აქვს გამყიდველსაც.

- ადრე ამბობდით, \ყველაფერი გაძვირდება, ნახე, დოლარი რას შვრებაო, ახლა დოლარი 3 ლარიც არ არის, თქვენ კი მაინც კატასტროფული ფასები გაქვთ.

- რა ვქნა, ქალბატონო, ყველაფრის ფასმა მოიმატა და შენი ხათრით კი არ ვდგავარ აქ, სამი პირდაფჩენილი ბალღი მელოდება შინ.

- შარშანწინდელ ნივთებს ყიდით, მტვრისგან მაინც გაწმინდეთ.

- რა ამბავია ნიგოზი 30 ლარი, ამასაც დოლარში ყიდულობთ?..

- შენ ინდაურის და გოჭის ფასი უნდა ნახო. სახაჭაპურე ყველი 18-20 ლარია, სულგუნი - 25... საქონელი იაფად რომ გავყიდო, მერე რითი ვიყიდო.

ზოგიერთი მოთმინებით აღჭურვილი გამყიდველი იშვიათად მართავს მუშტართან­ დებატებს. მხოლოდ იმას პასუხობენ, სურსათი უფრო გაძვირდებაო.

ბაზრობაზე პოლიტიკური თემები ყოველთვის აქტუალური იყო, საახალწლოდ კი უფრო მწვავდება. "ნაციონალები", "ქოციონალები", ამისტები და იმისტები ერთმანეთს გამუდმებით ესხმიან თავს.

- რა მოგიტანეს ამ "ქოცებმა", მიშამ ქვეყანას დაამსგავსა საქართველო. მანამდე ანთებულ "ლამპოჩკას" მარტო მაღაზიებსა და საავადმყოფოებში ვნახულობდით - ეუბნება ბანანის გამყიდველი ქალი რბილი სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც თავისი არგუმენტები აქვს - "ნაციონალების" დროს ყველაფრის გამო ციხეში აგდებდნენო.

- ყველაფერი გაძვირდა და ეს მთავრობა კი არის გასალანძღი, მაგრამ ვინც მოვა, ის დასწევს თუ როგორ? "ოცნებაც" გვპირდებოდა, საწვავი გაიაფდებაო, სამუშაო ადგილები შეიქმნებაო, მაგრამ რა შეიცვალა? მე ისევ "იგრუშკებს" ვყიდი. ჩემი და "კოფეს" ადუღებს და ამ განერვიანებულ ხალხს "ვესიოლის ხდის". ზაფხულში­ "მაროჟნი", კარტოფილიანი "პერაშკები", "კოფე", მკითხაობა, რამე... "კაროჩე", ჩვენ ისევ ვწვალობთ აქ, სიცივესა და სიცხეში. ერთი "შკაფი" ტანსაცმელი გვაქვს წამოღებული, რომ არ გავიყინოთ. ხანდახან გავახსენდებით მთავრობას, ქუჩაში არ უნდა იყოთო, აგვყრიან, მერე ისევ შეგვეშვებიან და კი გაგვაქვს ასე დღეები. არც მიშას რომ უჭერს მხარს, იმისთვის შეცვლილა რამე, და არც ივანიშვილის მომხრეებისთვის, - მეუბნება ელგა კირაკოზიანი, რომელიც, როგორც ამბობს, სეზონს მოერგო და მაგიდაზე ნაძვის ხის სათამაშოებიც ჩამოალაგა.

ციალა დანელია, მაღაზიის მეპატრონე:­ - გზას ვერ ვიკვლევ, იმდენი ხალხია. არადა, ორი კვირაა ჯერ ახალ წლამდე დარჩენილი. ყველა წუწუნებს, არც საჭმელი გვაქვს, აღარც სამსახურიო და კი ეზიდებიან ხორაგს... ღმერთმა ყველას ბედნიერი ახალი­ წელი გაუთენოს, მაგრამ თეთრებზე მევაჭრებიან, მერე კი ჩემგან ორ ნაბიჯში რამდენიმე ათეული ლარის პიროტექნიკას ყიდულობენ. სტუმრებს­ ველოდებით და ვალი ავიღეთო, მითხრეს, რაღაც თეთრებზე მევაჭრებოდნენ, დავუკელი, რაც შემეძლო. გაყინულ პროდუქციას ვყიდი. მაცივარი, შენახვის პირობები, ტრასპორტირება, ყველაფერი გამიძვირდა, მაგრამ ისე მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი, მერე ჩემგან ორ ნაბიჯში პიროტექნიკასა და ნაძვის ხის მოსართავებს ყიდის ჩემი მული და 300-ლარზე მეტის მხოლოდ პიროტექნიკა იყიდეს. იმას თუ აქვს, მე იმაზე უკეთესი მინდაო, და ერთმანეთის ჯიბრზე ეზიდებიან საჭმელ-სასმელს, ტკბილეულს, სასუსნავებს... ლომბარდი და გზის ფული მოიტოვეო, დედა შვილს ეუბნებოდა, და 500 ლარამდე "სანტას საჩუქრები" იყიდეს. აქ რაც ხდება, თანამედროვე საქართველოს რეალური სახეა - ემიგრანტებზე დამოკიდებული და დღესასწაულებს გადაყოლილი ხალხი ვართ.

P.S. ბოლო დღეებში დიდი რიგებია ტრანსპორტის გაჩერებებზე. საცობებია და ტრანსპორტი აგვიანებს. იმდენ ხალხში მე და ერთი ენაწყლიანი ქალი მესამე ნაკადში მოვხვდით და ტრანსპორტში ხალხის ტალღამ შეგვიყვანა. ჩემმა მეგზურმა თბილისის ყველა მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ნომრები იცოდა, საჭირო რჩევები­ მომცა, ბედნიერი ახალი წელი მისურვა, პარკებით სავსე ტრანსპორტში მკვირცხლად დაიკავა ადგილი და ჩაილაპარაკა: "მორჩა, სიძე კი არა, სულ ალექსანდრე მაკედონელი რომ გვესტუმროს, ძველით ახალ წლამდე მე ბაზარში ფეხის გამომდგმელი არა ვარო. არც ჩვენო, კვერი დაუკრეს სხვებმა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, დღესასწაულის მომლოდინე ქართველი საცობმა და ჭყლეტამ შეაშინოს.