„ზვიადის და მიშას შედარება არაკორექტულია, მიშას არ კლავენ!“
თბილისის ომის შემდეგ 31 წელი გავიდა, თუმცა საზოგადოებაში დღესაც დაპირისპირება და პოლარიზაციაა, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხეთ - 31 წლის შემდეგაც მხარეთა ძიძგილაობის ყურებაში გადის ჩვენი ყოველდღიურობა. დაპირისპირებულთა გვარები და სახეები იცვლება, თორემ სულაც არ გვემჩნევა, რომ თბილისის ომმა რაღაც გვასწავლა და ძმათამკვლელი ომიდან დასკვნები გამოვიტანეთ. ახალ თაობას კი საერთოდაც ბევრი არაფერი ახსოვს ამ ომის შესახებ. "კვირის პალიტრის” სტუმარია აკაკი ასათიანი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილი წევრი:
- ერთი მხრივ, კარგია, რომ ახალ თაობას არ ახსოვს თბილისის ომი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვახსოვდეს! მაშინდელ ამბებს ძალზე ღრმა ფესვები ჰქონდა. ეს იყო დიდი გარდატეხა, საზოგადოების ნაწილისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი, ხოლო დიდი ნაწილისთვის მისაღები და ამის შედეგად გაიმარჯვა "მრგვალმა მაგიდამ" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ეს დადასტურდა არა მარტო საპარლამენტო არჩევნებში, არამედ რეფერენდუმითაც, როცა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს დიდი ნაბიჯი იყო, იმიტომ, რომ ამ დიდი მოვლენის თანამონაწილე გახდა. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს გამოგვყვა. რა თქმა უნდა, იგივე აღარ განმეორდება, საქმე ომამდე, გადატრიალებამდე არ მივა, მაგრამ სიტყვიერი დაპირისპირება პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთ ფორმად ჩაითვალა. დღეს რაც ხდება, იმ დღეების ცუდი პაროდიაა. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მოსკოვი იყო ჩართული და ყველანაირად აქეზებდა ოპოზიციას. სამწუხაროდ, ვერ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომ განმუხტულიყო ვითარება. ეს რამდენჯერმე სცადა ზვიადმა, მეც წამოვაყენე რიგგარეშე არჩევნების იდეა. თავიდან ზვიადმა დაუჭირა მხარი, მერე კი გადაათქმევინეს და მე ვთვლი, რომ ეს იყო საბედისწერო მომენტი. თუმცა ოპოზიციაში იყო ხალხი, რომელთაც არ სურდათ არც რიგგარეშე და არც ჩვეულებრივი არჩევნები. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ჩატარდებოდა ახალი არჩევნები, მაგრამ ეს არავის აწყობდა - არც მოსკოვს და არც გარკვეულ წრეებს. არ აწყობდა საბჭოთა მენტალობით ჯერ კიდევ დასნეულებულ ადამიანებს და ეს დღემდე გრძელდება, პრორუსულობაში გადავიდა ის, რაც თავის დროზე პროსაბჭოელობა იყო. სიმართლე გითხრათ, ამაში მე დიდ სიმძაფრეს ვერ ვხედავ, უსაგნო ამბავია, არ ემყარება არანაირ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დაპირისპირებას. არის ორ დაჯგუფებას შორის გაუთავებელი კინკლაობა, რითაც აცხოვრებენ მთელ ქვეყანას. ამას დრამატიზმი, ბრმა პოლიტიკური სარჩული არა აქვს, რაღაც თამაშში ყველა თავის როლს ასრულებს, სინამდვილეში ლანძღვა-გინებას არ სცდება. უბრალოდ, ეთიკის ნორმებთან არის შეუსაბამო, თორემ... ნათქვამია, ისტორიაში ტრაგედია კომედიად მეორდება ხოლმეო. სამწუხაროდ, ახლა ეს ხდება.
- რა დასკვნა გააკეთეთ, როდესაც ნახეთ საავადმყოფოდან გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის ვიდეო?
- გასაჯაროებას თვითონ ოპოზიცია ითხოვდა, რატომ, არ ვიცი. ის, რომ ცუდ მდგომარეობაშია უფრო ფსიქოლოგიურად, ვიდრე ფიზიკურად, ფაქტია. ასეც იქნებოდა სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე. მარტივი გამოსავალია მისი გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს უმარტივესი გამოსავალია და იმედია, ხელისუფლება ამაზე იფიქრებს და გააკეთებს კიდეც.
- ჯერ ასეთი პირი არ უჩანს...
- ჩვენ ხომ არ გვეტყვიან, რომ ამას ფიქრობენ. მგონი, რაღაც მომენტში გადაწყვეტენ, თუ უკვე გადაწყვეტილი არა აქვთ. ევროპარლამენტში ამას რაღაცის საბაბად იყენებენ, ქვეყანას ულტიმატუმებს უყენებენ, ამიტომ პრობლემა მარტივად გადაიჭრება სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნით. სიმართლე გითხრათ, თვითონ სააკაშვილი ძალიან მეცოდება, მას არარეალური წარმოდგენა ჰქონდა ვითარებაზე. ისედაც გაჭირვებულია, ციხეში კი არა, ოთახში ვერ ძლებდა რამდენიმე საათსაც კი და თვითონ ყველაზე კარგად უნდა სცოდნოდა ეს ამბავი. არ ვიცი, აქედანაც რამდენად სწორ ინფორმაციას აძლევდნენ. მას დადასტურებულად ერთი პრობლემა აქვს - საზღვრის უკანონო კვეთა. ძალიან ბევრი პრეცედენტია, როცა ასეთივე შემთხვევებში უკან, საზღვარგარეთ გზავნიან. ვფიქრობ, ასეც შეიძლება მოიქცნენ - ვისი მოქალაქეც არის, იმ ქვეყანაში გაისტუმრონ.
- დამთავრდება ამით პოლარიზაცია?
- არა, რა თქმა უნდა. ხალხს სხვა სალაპარაკო არა აქვს, არა აქვს სხვა სერიოზული პოლიტიკური ფუნდამენტი. ისევ იქნება ძახილი, შე ასეთო, შე ისეთოო. შენ ამას შვრებოდი 12 წლის წინ, შენ ამას შვრები ახლაო. არ არის დიდი ამოცანები, მიზნები, დიდი იდეები, რაც იყო მაშინ. მარტო ჯაშუშების პარპაში კი არ იყო. იარაღიც რომ აიღეს ხელში, ამასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. მაგალითად, მაშინ წითელ ბურჟუაზიას უნდოდა ქონების დაკანონება, რასაც ზვიადი არ შვრებოდა, რაც ქნა მერე შევარდნაძემ და გაცალეს მთელი ქვეყანა, გაყიდეს ყველაფერი.
- მიზნები არ არისო, ბრძანეთ, აბა, ევროკავშირში შესვლისთვის სწრაფვა რა არის?
- ეგ არ არის მიზანი, ფორმალობაა, მიგვიღებენ, ერთხელაც მოვა ეგ დროც. ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე უკეთ არის, სტატუსი რომ მიანიჭეს? იცით, იქ რა ხდება? უბედურებაა იქ ცხოვრება და მაინც მიიღეს. გეოგრაფიული ფაქტორიცაა - სერბეთიც რუსეთის ჯიბრზე მიიღეს. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი რომ მიანიჭეს, ორივე ევროპული ქვეყანაა. მოლდოვა ხომ რუმინეთია, ნუ ეწყინებათ და არც სწყინთ, რუმინეთის მოქალაქეობა აქვთ მოლდოველების 80 პროცენტს. რუმინეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია, მეტი ლობისტი რა გინდა? უკრაინას რუსეთის ველურობა, ომი დაატყდა თავს. ისე, ყველაფერთან ერთად როგორი ჭკუამოკლეები არიან რუსები, ნატოს გაფართოება კი არა, შემცირებას ითხოვდნენ და მიიღეს შვედეთი და ფინეთი ნატოში. მაკრონმა თქვა, გეოგრაფიული ფაქტორი არ გიწყობთ ხელსო. პირდაპირ არ ამბობენ ამას, მაკრონს წამოცდა თუ ვითომ წამოცდა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენც მიგვიღებენ. შვედეთსა და ფინეთს როგორ არ ემუქრებოდნენ რუსები, არ გაბედოთო. 2014-ში უკანაც დაიხიეს.მერე გაბედეს და ვერაფერიც ვერ უქნეს. ევროპა ხომ უნდა მიხვდეს, რომ რუსეთის ბაქიბუქი ფუჭია, ის კოლოსია თიხის ფეხებზე და ისიც ემსხვრევა ჩვენ თვალწინ. სიმართლე გითხრათ, კოლოსის ჩამოშვავება უცბად სასურველიც არ არის, ნელ-ნელა უნდა დაიშალოს. დაიშლება კიდეც, ოღონდ ჯობია ნელ-ნელა და სხვადასხვა საფუძველზე. მოკლედ, უკრაინის გამარჯვების მერე ეს რეალური გახდება. გამარჯვებაც შორს არ არის, ვფიქრობ, გაისად, გაზაფხულ-ზაფხულში ეს ამბავი დასრულდება. პრინციპში, რუსეთმა უკვე წააგო, როგორც კი შევიდა, იმავე წუთში. აგებს პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. რომ გეკითხა, 10 დღეში უნდა აეღო მთელი უკრაინა და 10 თვეა გასული. დამთავრებულია, ტოვებს ტერიტორიებს. ეკონომიკურადაც აგებს და ჯერ კიდევ წინ აქვს, როცა სანქციები თანდათან შესაგრძნობი გახდება. მორალურად ლაპარაკი ზედმეტია, მოითხარა კულტურულად - თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა, გაიქცა ქვეყნიდან და დარჩნენ მარტო მონა-მეხოტბეები. სიმართლე გითხრათ, რაღაც ამდაგვარს ველოდი სადღაც 10-15 წლის შემდეგ. ამ კაცმა ისე მოინდომა, რომ ერთი საბჭოთა კავშირის დაშლა ვნახე და მონაწილეობაც მივიღე და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ამასაც ვნახავ.რუსეთი მალე მესამეხარისხოვან ქვეყნად გადაიქცევა. მეორეხარისხოვანი უკვე იყო. პუტინი გიჟივით ატომურ შანტაჟზეა გადასული. მეტი არაფერი აქვს. ის ბომბიც სტალინმა და ბერიამ დაუტოვეს.
- გამსახურდიასა და მიშა სააკაშვილს ადარებენ ხოლმე და იმეორებენ, გამსახურდიას გზას უნდა გაუყენონო.
- რა თქმა უნდა, არაკორექტული შედარებაა. სააკაშვილს არ კლავენ. ამაზე ლაპარაკი მისი მომხრეებისთვის წამგებიანია. წამება სააკაშვილის ციხეებში იყო. იქ მოხვედრილიყო და ვეღარც ვნახავდით. ისე, ფსიქოლოგიურად უმძიმეს მდგომარეობაშია. ვნახეთ მისი ისტერიკული გამოხდომები პერსონალთან. პირადად მათ კი არ ერჩის, დარწმუნებული ვარ, თავის თავს ერჩის. თქვეს ოჯახის წევრებმაც, ნანობს, შეცდომა დაუშვა, რომ ჩამოვიდაო. ჩერგოლეიშვილმა თქვა, ახალაიამ 8 თუ 9 წელი მოიხადა, მერაბიშვილმაც, ზის გვარამიაცო, მაგრამ სააკაშვილს არ შეუძლია, ასეთი ტიპია. მძიმედ იქნება, დარწმუნებული ვარ. კი მახსოვს ბევრი ცუდი მისგან, ახლობლებს და ნაცნობებს რაც გადახდათ თავს, მაგრამ, მგონი, მან ზღო, რაც დააშავა. მორჩა, სააკაშვილმა თავისი შეასრულა და დამთავრდა 2012-ში. ის კი არა, მე რომ მკითხოთ, ბოლო წლებში საერთოდ უკვე აღარ იყო. ანაქრონიზმად იქცა, რაც ჩვენთან ემართებათ პოლიტიკოსებს. თეატრს თუ შევადარებთ პოლიტიკას, ოტელოს როცა თამაშობ, როცა დეზდემონას დაახრჩობ, მოიკლავ თავს, მერე სცენაზე ხომ არ უნდა იარო და კიდევ რაღაცები ხომ არ უნდა აკეთო. პირობა ეგაა, რომ შენ ვითომ მოკვდი, ანუ შენი როლი შეასრულე. თუ ნიჭიერი მსახიობი ხარ, ჰამლეტს შეასრულებ და თუ მარტო ამ როლისთვის იყავი, უნდა დაამთავრო. მორჩა, ეს იყო შენი მისია. მან ნამდვილად გააკეთა რაღაცები. ვერ წავართმევ, ფაქტია. ეს იყო სააკაშვილის როლი - ადმინისტრირების მოგვარება. რა დააყოლა ამას თან, სიმკაცრე კი არა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, სისასტიკე, ამაზე პასუხი აგეს კიდეც პოლიტიკურად, როცა წააგეს არჩევნები. ახლა კიდევ მიქარა, ამ ფორმით რომ შემოვიდა... თუ გახსოვთ, პოროშენკო რომ ჩაფრინდა უკრაინაში, დააკავეს 1 დღე და ეგრევე გამოესარჩლა ბლინკენი, ჩავიდა კიევში და დილით დაკავებული საღამოს გამოუშვეს. გასაგებია, ქვეყანას პრობლემები ჰქონდა და დამატებითი არავის უნდოდა, თან პოროშენკომ ნამდვილად ხელი შეუწყო უკრაინული არმიის ჩამოყალიბებას, თორემ 2014-ში ისეთი არმია ჰყავდათ, ერთი არ გაუწკაპუნებიათ, კენჭი არ უსვრიათ. ახლა, ნახეთ, რა ლომებივით იბრძვიან. განწყობა კი არ არის მარტო. დასავლეთის დახმარებაც დიდია. "ჯაველინებმა" ისე იმუშავეს, რომ რუსებს ტანკი ვეღარ გადაჰყავთ შეტევაზე, ტანკებს მალავენ.
- როგორ დაახასიათებდით სააკაშვილს?
- სააკაშვილთან სულ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი. სულ სხვა ტიპის ადამიანია. ეგონა, თან სიამოვნება უნდა მიეღო, თან პრეზიდენტიც ყოფილიყო... არ არის ასე. ლუი მე-14 დღეში 14-16 საათს მუშაობდა და მეჯლისებზე მერე მიდიოდა. ერეკლე მეორე დღედაღამ იბრძოდა, ომობდა, 70-მდე ჭრილობა ჰქონდა ტანზე. ამან ერთხელ თქვა, პრეზიდენტობა ოცნებების ასრულებააო და ეტყობა, ასეც ჩათვალა. პრეზიდენტობა არის შენი ქვეყნისთვის საჭირო პროგრამის შესრულება. სააკაშვილს ჰქონდა რაღაცები ასეთი, მერე დაკარგა კონტროლის უნარი, შემდეგ კი მოენატრა ისევ ეს ამბავი, მაგრამ მონატრებაზე ხომ არ არის... აქ ამ ფორმით შემოსვლა ღირსებისგან ცოტა შორს იყო.
ზვიადს მისია ჰქონდა, ზეამოცანის მისიის კაცი იყო. მისი მისია არ იყო გზების გაყვანა, კორუფციის ალაგმვა, პატრულის შემოღება თუ სხვა... სხვათა შორის, ტურიზმსაც სააკაშვილმა გაუკაფა გზა, ეს სერიოზული საქმეა, მაგრამ წაშალა ყველაფერი სისასტიკითა და უკანონობით.
- ხვალინდელ დღეს როგორ ხედავთ?
- ძალიან კარგად. ახალი თაობა მოდის კარგი, სწორად უნდა ავუხსნათ უახლესი ისტორია. სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყანაში თავისთავად დადებითი ფაქტორია. ეს ცნობილია, მე არ მომიგონია. სულ რომ არაფერი გააკეთო, მილიმეტრობით, სანტიმეტრობით ქვეყანა წინ წაიწევს. თუ გააკეთებ რამეს, წაიწევს მეტრობით და კილომეტრობით. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის დროა, მაგრამ მე რამდენადაც ვუყურებ, ივანიშვილი არ არის მომხრე, თანდათანობით ურჩევნია... პრინციპში, თავიდანაც ხომ თქვა, 20-30 წელი დასჭირდება ამასო. სხვათა შორის, რეალური თქვა. ვფიქრობ, მივალთ დადებით შედეგებამდე, ოღონდ ამას, მინიმუმ, 10 წელი დასჭირდება.
რაც უნდა დაპირისპირება იყოს ქვეყანაში, ის მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩაეტიოს, რომ ხელი არ შეუშალოს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, იმიტომ, რომ ჩვენთან "ვულკანის" ყოველი ამოფრქვევა ქვეყანას უკან მიაგორებს 10-20-30 წლით, რაც მოხდა კიდეც 1991-92 წლებში და დღემდე ვერ სწორდება. ეს არის ამოცანა - რა გაკვეთილიც უნდა გამოვიტანოთ იმ მოვლენებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი ცვლილება, ყოველგვარი დაპირისპირება უნდა ეტეოდეს კონსტიტუციის, მშვიდობიანი პოლიტიკისა და არჩევნების ფარგლებში.
დემოკრატიული თაობა მოვა, რომელიც თავისუფალი იქნება. მოვა მატერიალური კეთილდღეობის ნიშნები. სასურველია ეს მალე მოხდეს და ხელისუფლებამ იმაზე იფიქროს, რომ ოდესმე ყველა ხელისუფლება მიდის. დასავლეთის მიღწევა ხომ ეგ არის. ნებისმიერმა მმართველმა, იცის, რომ მაქსიმუმ 8 წელიწადში რიგითი მოქალაქე გახდება. ისეთი ქვეყნის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეცხოვრებოდეს იქ. ჩვენთან ხომ ხედავთ, არ ეცხოვრებათ მმართველებს, ისე წავიდა საქმე... თუმცა ესეც მოხდება, დრო მოიტანს...