„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში“
"ერთხელ უკვე აჩვენეს მთელ მსოფლიოს, თუ როგორ ათრიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. იმავეს გაკეთებას აპირებენ. "ქართულ ოცნებას" სურს საქართველოს რეპუტაცია დაზარალდეს, დასავლეთმა თავად აქციოს ზურგი და ეს არ დაჰბრალდეს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მამულაშვილმა გასულ თვეში პარტია დატოვა, თუმცა ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაერთო. რატომ დატოვა პარტია ან რამ გადააწყვეტინა თავმჯდომარეობის პოსტისთვის ბრძოლა, ამის შესახებ ნონა მამულაშვილი თავად გვესაუბრება:
- პარტია სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ სტაგნაციას ვხედავდი, მოძრაობა პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი იყო. როგორც ჩანს, ერთგვარად ჩემმა ნაბიჯმაც მისცა ბიძგი მიმდინარე პროცესს და უფრო მეტმა გამოხატა მზადყოფნა, რომ სტაგნაციის დასრულებაში მიეღო მონაწილეობა. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში.
- ეს როგორ წარმოგიდგენიათ?
- "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს რეალური ხედვითა და სტრატეგიით. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონიდან დავბრუნდი. სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ოპოზიციაში ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის პროდასავლური კურსისა და დემოკრატიული განვითარებისთვის რეალური ბრძოლა. ის, რაც კეთდება ქვეყანაში, არ არის საკმარისი, რათა დასავლეთმა კვლავ მოინდომოს საქართველოს დაბრუნება რადარებზე. დასავლეთმა კარგად დაინახა, რაც არის "ქართული ოცნება" და შეხსენება აღარ სჭირდება. ახლა საჭიროა რეალურ სტრატეგიაზე გათვლილი პოლიტიკა, რათა დასავლეთი ისევ გვერდით დაგვიდგეს. საჭიროა რეალური ხედვა, თუ როგორ ვაპირებთ ამ რეჟიმის დამარცხებას და ჩვენი, აპათიაში ჩავარდნილი ამომრჩევლის გააქტიურებას და დარწმუნებას, რომ ხმების დაცვაც შეგვიძლია, სააკაშვილის გადარჩენაც და დასავლეთთან უფრო მყარი კონტაქტების დამყარებაც. ეს არის მიზეზი, რის გამოც დავბრუნდი.
- თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც მელიამ ორი წლის წინ "ნაცმოძრაობის" განახლების მიზნით მიიწვია პარტიაში. რატომ ვერ მოხერხდა მაშინ პარტიის განახლება და რამ გამოიწვია სტაგნაცია?
- სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია - პარტიის განახლების იდეას საზოგადოება კეთილგანწყობით შეხვდა. ამიტომ საჭიროა პარტიას სათავეში ის პირები ჩაუდგნენ, რომლებიც მართლაც შეძლებენ განახლებას. მიმაჩნია, რომ მე და გიორგი ხვედელიანი, რომელიც პარტიის გენერალური მდივნობის კანდიდატია, ნამდვილად ვართ ის პირები, რომლებიც საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებთ. ამ განახლების შედეგად კი ისეთ სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც 2024 წლის არჩევნებს მოგვაგებინებს. ამასთან, შევძლებთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანასაც. არ შეიძლება ათი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ტექსტებით მივმართავდეთ საზოგადოებას, რითაც მუდმივად ვუცრუებთ იმედს.
- ბოლო მომენტში რატომ გადაწყვიტეთ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა?
- იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა პარტია და პარტიის დამფუძნებელია, მივიჩნიე, რომ არჩევნების ჩატარება ნაადრევია. ვინაიდან არჩევნები მაინც დანიშნეს, მეც გადავწყვიტე მონაწილეობა.
- შორიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას ცდილობს ორი მთავარი ოპონენტი - მელიაც და ხაბეიშვილიც, თუმცა მისი რეალურად გადარჩენისთვის არც ერთი არ აკეთებს საქმეს. რა ხდება სინამდვილეში?
- ვფიქრობ, პარტიის ყველა წევრისთვის ძალზე რთულია სააკაშვილის მდგომარეობის ყურება. ვინ როგორ იყენებს სააკაშვილის ფაქტორს, ვერაფერს გეტყვით. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია - ერთადერთი ვიყავი პარტიაში, ვინც სააკაშვილს სტრასბურგსა და ვაშინგტონში ბოლოდროინდელ ვიზიტებზე ახლდა. ძალიან ვეცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ მყარად ჰქონდა მიღებული საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. იმ წუთიდან, როგორც კი დაბრუნდა, არ გავჩერებულვარ, მუდმივად ვიბრძოდი მისი გადარჩენისთვის. მე არც ის მინდა, მათ გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, რომლებიც ამბობენ, სააკაშვილის სიცოცხლე და ბედი ძალიან გვაწუხებსო.
- დღემდე გაურკვეველია მიზეზი, რის გამოც ის საქართველოში დაბრუნდა. თქვენ თუ დაინახეთ ლოგიკა ამ გადაწყვეტილებაში, რამაც საბოლოოდ ასეთ დღეში ჩააგდო?
- მე ვერავის დავაბრალებ, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. სააკაშვილმა იცოდა, რაზეც მიდიოდა. ახლა ჩვენი ვალია, სიკვდილის საშუალება არ მივცეთ.
- იქნებ მისი მხარდაჭერის შესახებ შეუქმნეს არასწორი მოლოდინი?
- სააკაშვილი მუდმივად იყო კომუნიკაციაში პარტიის წევრებთან, აქტივისტებთან. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მას მცდარი წარმოდგენა ჰქონდა.
არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის თეორია, რომ ვიღაც სააკაშვილს აქ დახვედრას დაჰპირდა და შემდეგ უღალატა. თუ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, სააკაშვილმა უნდა თქვას. მხოლოდ სააკაშვილმა იცის, რა მოხდა იმ დღეს.
- როგორ ახსნით იმას, რომ პარტიას საკუთარი ამომრჩეველი ვერ გამოჰყავს ქუჩაში?
- ამას იმით ავხსნი, რომ ხალხს სურს პარტიის ბრძოლისუნარიანობის დანახვა, რომელიც ბოლო დროს მიძინებულია. სჭირდებათ ისეთი ლიდერები, რომლებსაც აქვთ ბრძოლის ჟინი, ხედვა და სტრატეგია. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული. ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ მალევე მოუწიათ დაშლამ. ამან, რა თქმა უნდა, ნიჰილიზმი გამოიწვია. საკმარისია ბრძოლისუნარიანი ლიდერი გამოჩნდეს და ყველაფერი რიგზე იქნება.
ხათუნა ბახტურიძე