"აფხაზ ახალგაზრდებს ომში წასასვლელად 3.000 დოლარს სთავაზობენ, არ უხდიან, მაგრამ დაპირებას მათ გადასაბირებლად იყენებენ"
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 24 წლის გალელი ბესლან ტაბაღუა დაიღუპა. აფხაზური მედიის ცნობით, მისი ცხედარი აფხაზეთში ქალაქ კრასნოდარიდან გადმოასვენეს. რუსეთ-უკრაინის ომში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან წასული "სამხედრო პირები" და მოხალისეები მონაწილეობენ. როგორც ხალხი ამბობს, მიუხედავად იმისა, რუსეთი არ ავალდებულებს აფხაზებსა და ოსებს ომში წასვლას, ორივე რეგიონში "გადამბირებელთა" ჯგუფი მუშაობს. ისინი ე.წ. თვითმმართველობის უწყებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არიან გადანაწილებული."კვირის პალიტრას" საუბარში გალელმა ახალგაზრდამ უამბო, როგორ ცდილობენ ახალგაზრდების გადაბირებას. "აქცენტი აქვთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სოხუმში სწავლობენ და იქაურ სოციუმთან აქვთ ურთიერთობა... თუმცა ცდილობენ გავიდნენ ისეთებზეც, ვისაც სოციალური პრობლემები აქვთ, ასეთი კი აქ არც ისე ცოტაა. ყოფილა შემთხვევა, სოხუმში ან რუსეთში ბინას და რომელიმე უნივერსიტეტში მოწყობას ჰპირდებოდნენ. რა თქმა უნდა, ყველასთან არა, მაგრამ ვიღაცებთან ჭრის. აფხაზეთიდან ათეულობით მოხალისე ან გამოცდილი სამხედროა წასული. როდესაც ცხინვალელმა ოსებმა საშინელ პირობებსა და უპატრონობაზე გაახშირეს ლაპარაკი, ახრა ავიძბას ხალხი გააქტიურდა და სოციალურ ქსელებში დაიწყეს ვიდეოების დადება და თავიანთი "საგმირო" საქმეებით ტრაბახი. მხოლოდ ავიძბას ხალხი არა, სხვებიც მუშაობენ გადაბირებაზე. თვითმმართველობის უწყებებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხალხი დანიშნეს. როგორც ამბობენ, აქაურ სპეცსამსახურებსაც დავალებული აქვთ ახალგაზრდების შეგროვება. აქაური ციხეებიდანაც დაიწყეს პატიმრების გაყვანა. მათ, ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ციხეში ყოფნის სანაცვლოდ ომში წასვლას სთავაზობენ, ყოველთვიურად (საქმის სირთულის მიხედვით) 2 ათას დოლარამდე და თავისუფლებას ჰპირდებიან. რუსული პროპაგანდა მუშაობს", - ამბობს გალელი ახალგაზრდა.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ქართულმა სახელმწიფომ მათ დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
- მათთვის, ვინც ე.წ. აფხაზურ არმიაში მსახურობენ, უკრაინაში წასვლა გადამწყვეტი არ არის. ისეთებიც წავიდნენ, ვისაც ჯარში არც უმსახურიათ. გადამბირებლები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა სოციალურ ფენასთან. ფულის დაპირებით ისეთებიც კი მიჰყავთ, იარაღის გამოყენებაც რომ არ იციან. მათი გადაბირება უფრო ადვილია, რადგან ომის სირთულეებში ვერ ერკვევიან, რისკებს ვერ აცნობიერებენ. თუმცა ფინანსური დაინტერესებისთვისაც მიდიან. ისეთებიც წავიდნენ, ვინც აფხაზურ არმიაში სამსახურს არიდებდნენ თავს, ე.წ. კომისარიატს წლების განმავლობაში ფულს უხდიდნენ, რომ არ წაეყვანათ... რუსეთის აქტიურმა პროპაგანდამ ყველას შეუქმნა საფრთხე, ზოგს პირდაპირი, ზოგს ირიბი. მთავარი გადამბირებელი, ახრა ავიძბა, ახლა აფხაზეთშია და აქტიურობაც შეინიშნება.
- ეს საფრთხე გალის მოსახლეობასაც ეხება?
- ყველას. მას შემდეგ, რაც გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა გაუქმდა, რუსიფიკაცია დაიწყო, მაგრამ ძნელად მიმდინარეობს. იქაურებმა არც რუსული იციან კარგად და შეზღუდვების გამო ვერც ქართულ ენას ფლობენ სრულყოფილად. ოჯახსა და თავიანთ გარემოცვაში, ძირითადად, მეგრულად საუბრობენ. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ ერთიორად გაზარდოს რაიონის მხარდაჭერა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ გმირი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აფხაზების წნეხს უძლებენ. სხვებთან შედარებით, მათ 5-6 ჯერ მაღალი ხელფასები და პრემიები უნდა ჰქონდეთ, უნდა სარგებლობდნენ სხვადასხვა შეღავათებით. იქიდან გადმოსული ახალგაზრდები უფასოდ კი სწავლობენ, მაგრამ საცხოვრებელი, ტრანსპორტი და ჯანდაცვაც უფასო უნდა ჰქონდეთ, რათა ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დაებადოს, ქართული სულის მატარებელი უნდა იყვნენ. ამ ბოლო დროს გალელი ახალგაზრდების ნაწილი სოხუმში, იქიდან კი რუსეთში განაგრძობს სწავლას, რაც ტრაგედიაა, რადგან იქ რუსული ნარატივი ძლიერდება. გარემოცვა ბევრს ნიშნავს, ეს აღიარებულია. ადგილობრივ ახალგაზრდებს სამი ათას დოლარს სთავაზობენ, არ უხდიან, მაგრამ ფულის დაპირებას გადასაბირებლად იყენებენ. მათ იციან, რაც ხდება რეგიონში, მოსახლეობა, ფაქტობრივად, ნატურალურ მეურნეობაზეა. ფული მხოლოდ ცალკეულ პირებს, კლანების წევრებს აქვთ. ამიტომაც ცდუნება დიდია.
არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები რუსეთში სწავლობენ, მერე კი იქ მკვიდრდებიან. ამიტომ სკოლის შემდეგ მაინც უნდა ვუშველოთ. მანამდე სკოლაში, მასწავლებლებს შევუწყოთ ხელი, ისევე, როგორც ე.წ. თვითმმართველობისა და მილიციის თანამშრომლებს. იმ ხალხის მიმართ ცოტა ირონიული დამოკიდებულება აქვთ, მათ სამსახურში ხართო, მაგრამ რომელი ჯობია, მათ იმუშაონ თავის ხალხთან თუ აფხაზები ჩამოიყვანონ? იმ ხალხს დიდი არჩევანი არა აქვს, ან უნდა აიკრან გუდა-ნაბადი, დაკეტონ სახლები, ან შეეცადონ იმ უკანონო სტრუქტურებს მოერგონ. უნდა ვეცადოთ, რომ სკოლის შემდეგ ახალგაზრდები აქეთ წამოვიყვანოთ.
- ეს რაიონს არ დაცლის?
- ახლა რაჭა უფრო დაცლილია, ვიდრე ოკუპირებული გალის რაიონი, რადგან სოფლის მეურნეობას მისდევენ, მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას. თავად აფხაზები ამბობენ, გალი აფხაზეთის ეკონომიკური ხერხემალიაო. აქ სწავლის დასრულების შემდეგ მათი სახლში დაბრუნების შანსი დიდია, მაგრამ თუ აქეთ ვერ ისწავლიან, აქაურ სოციუმს არ გაეცნობიან, თანდათან გაუცხოვდებიან. იმედია, რუსეთი ამ ომში დამარცხდება და დასავლური სამყარო მას თავის ადგილს მიუჩენს, რის შემდეგაც მისი გავლენა შემცირდება, მაგრამ ყველაფერში დასავლეთს არ უნდა ვუყუროთ, თავადაც უნდა შევცვალოთ რაღაც... იქნებ გამოძვრა რუსეთი ამ სიტუაციიდანაც და მისი გავლენაც ვერ შემცირდა, ვუყუროთ, როგორ გადაიბირებენ ჩვენს ხალხს? გასულ ოცდაათ წელზე მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომი, რადგან ავიძბამ და ვიღაცებმა თუ ერთი იქაურის გადაბირება და ომში წაყვანა შეძლეს, ეს ნიშნავს, რომ სხვებზეც იმუშავებენ.