„საქართველოს გაღმა ნაპირზე დატოვებას ეგენი ვერ გადაწყვეტენ“ - კვირის პალიტრა

„საქართველოს გაღმა ნაპირზე დატოვებას ეგენი ვერ გადაწყვეტენ“

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. შეუშლის თუ არა ხელს ფასილიტატორობაში ევროპარლამენტარებს ყოფილ პრემიერზე კრიტიკული აზრი, რა შეიძლება მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და თუ არის საფრთხე იმისა, რომ ერთ დღეს მართლაც აღმოვჩნდეთ რუსეთის "უკანა ღობე", ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე­ გვესაუბრება:

- ბრალდებები რუსეთთან ფარული კავშირების შესახებ თითიდანაა გამოწოვი­ლი, დამადასტურებელი ფაქტები არ არსე­ბობს. რუსეთთან კავშირები იქით მოიკი­თხონ. დღემდე ყიდულობენ რუსეთისგან ენერგომატარებლებს. სინამდვილეში საქმე არ ეხება ერთ კონკრეტულ პირს, ბიძინა­ ივანიშვილს, ლაპარაკია დაგეგმილ ორკესტრირებულ­ პროცესზე, რომელსაც სათავეში­ უდგას ხუთი თუ ათი ევროპარლამენტარი.­ ის პირები, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებას კითხვები აქვს, დაწყებული "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან კავშირებით,­ დამთავრებული ზოგიერთი დეპუტატის წარსულით. მაგალითად, ანდ­რიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე 1988-1989 წლებში გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები იყვნენ. მაშინ როდესაც ლიტვა თავისუფლებისთვის იბრძოდა, ეგენი საბჭოთა კავშირის გადარჩენას­ ცდილობდნენ. დაიშალა საბჭოთა კავშირი და ახლა ევროპარლამენტში მოძებნეს თბილი ადგილი. ეგენი ეძებენ ივანიშვილის ფარულ კავშირებს რუსეთთან? რასაც ისინი­ აკეთებენ, პოლიტიკოსობა კი არა, შანტაჟიორობაა.

- ამ შესწორებას მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა.

- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა 95%-ს დოკუმენტი წაკითხულიც კი არ ექნება. თბილისში ჩამოსულ ერთ-ერთ ევროპარლამენტართან პირადი საუბრისას გაირკვა, რომ რეზოლუციას ისე დაუჭირა მხარი, წაკითხული არც ჰქონდა. ტყუილად ჰგონიათ, ივანიშვილის დასანქცირებით ეს ხელისუფლება ჩამოიშლება. ისედაც დასანქცირებული არ არის?! ორი მილიონი გაუყინეს შვეიცარიის ბანკში. ვიზას არ მისცემენ?! ნუ მისცემენ! ისედაც არსად აპირებს წასვლას.

- მაგრამ შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

- ეს უსამართლობა იქნება, თორემ ქვეყანა არ დაიქცევა. 2021 წლამდე თუ მოწინავე ქვეყანა ვიყავით როგორც დემოკრატიის, ისე სხვა პარამეტრების მხრივ, 2022 წელს როგორ გავხდით მაჩანჩალები? ჩვენ 9 წლის განმავლობაში, ნაკისრი ვალდებულებების 50% შევასრულეთ. კარგია უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი რომ მიიღეს, მაგრამ რომ არა ომი, ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი არ იდგა არც 2022 წელს, არც 2024 წელს. რითი ვიყავით მესამე ადგილზე? თუ ეს ის არის, რაც მაკრონმა გვითხრა, გეოგრაფია არ გიწყობთ ხელსო, პირდაპირ გვითხრან, რაღას გვაწვალებენ?!

- ევროპარლამენტარებმა ეს ასე ახსნეს, საქართველო ნამდვილად იყო მოწინავე, მაგრამ რაღაც ეტაპზე გაჩერდა, უკრაინამ და მოლდოვამ კი ნელა, მაგრამ წინსვლა განაგრძეს.

- ეს ცარიელი სიტყვებია. ნიკა გვარამია რომ დააპატიმრეს, იმიტომ აღარ არის სიტყვის თავისუფლება? არ უნდა მიეთვისებინა ის თანხები და პრობლემაც არ იქნებოდა. თქვენც ფიქრობთ, რომ კეზერაშვილს მხოლოდ იმიტომ აქვს პრობლემები, რომ მედიამენეჯერია? ის 2004 წელს საშუალო შემოსავლების მქონე ჩინოვნიკი იყო, 2008 წელს კი მილიარდერი გახდა.

- კეზერაშვილთან ოპოზიციის ნაწილსაც აქვს კითხვები. გვარამიას საქმე ცოტა სხვაგ­ვარადაა, მით უფრო, რომ მისი დაპატიმრება უცნაურად დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდა.

- გვარამიას საქმე სხვაგვარად კი არ არის, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმე ისევე გადაფარა კერძო კომპანიის ავტომობილის მოხმარების საკითხმა, როგორც სააკაშვილის "პიჯაკების საქმემ" გადაფარა 9 მილიონის გაფლანგვა. ბევრი კითხვა გაჩნდა გვარამიას საქმის მოსამართლესთან - რაშიც პატიმრობა ეკუთვნოდა, იქ ჯარიმა დაუწესა, კერძო კომპანიის ავტომობილის მოხმარებისთვის კი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ვიცი, სააპელაციომ გვარამიას კიდევ დაუმატა სასჯელი. ევროპარლამენტი რატომ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც პროცესი დასრულებული არ არის ყველა ინსტანციაში? არც სააკაშვილის საქმეების დამთავრებას ელოდებიან. ორი რამ არის - სააკაშვილი ან პოლიტიკური პატიმარია და ამ სტატუსით უნდა მოითხოვონ მისი გათავისუფლება, ან დამნაშავეა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო უნდა მოითხოვონ. თუ მეორე ვარიანტს ირჩევენ, უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად აქვს ისეთი დაავადება, რომელსაც საქართველოში ვერ მკურნალობენ. მის მომხრეებს ასე არ უნდათ, თან სურთ თქვან, რომ პოლიტიკური პატიმარია, თან სურთ ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით გაათავისუფლონ. ასე არ გამოვა! განიხილოს მათი საქმეები საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლომ და თუ საბოლოო განაჩენით უკმაყოფილო იქნებიან, წაიღონ საქმეები სტრასბურგში. სააკაშვილზე ხუთი საქმეა აღძრული. ყველას აქვს ვიდეო ნანახი, სადაც სააკაშვილი ოფიციალურად გასცემს ბრძანებას ციხეებში პატიმრების წამებაზე. სხვათა შორის, ოპოზიცია ვერასდროს ასწევდა ამ თემას, იმ ათეული ევროპარლამენტარის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ.

- ხომ შეიძლება ხელისუფლებამ როგორმე დაასრულოს ეს ამბავი და გაუშვას სააკაშვილი უცხოეთში­ სამკურნალოდ.

- ამას ხელს უშლის კანონმდებლობა. სააკაშვილს არ უდასტურდება ის დაავადება, რის საფუძველზეც მისი უცხოეთში გაშვებაა შესაძლებელი.

- თუ სააკაშვილის გამო დაგვიპირისპირდება დასავლეთი, თუ ჩვენი ევროპული პერსპექტივა მის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა უნდა გავაკეთოთ?

- ეს უსამართლობაა! სააკაშვილის გამო უნდა გაგვრიყონ?! თუ ევროპაში საქა­რთველოს სასამართლოს არ ენდობიან, წაიღონ სააკაშვილის საქმე სტრასბურგში და იქიდან გამოგვიგზავნონ გადაწყვეტილება.

- ევროპარლამენტარები პირდაპირ გვეუბნებიან, "სააკაშვილს რამე რომ დაემართოს ციხეში, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან სრულად პასუხისმგებელი. ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, დაივიწყეთ, რაც ევროპიდან შეიძლება მიიღოთ". ვეგუებით ევროპული პერსპექტივის გარეშე დარჩენას?

- ხელისუფლება აგრძელებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. პრემიერი ღარიბაშვილი ევროპულ ტურნეშია. ადრე ევროპელები აქეთ გვთავაზობდნენ გაფართოების პროექტებს, ახლა სახვეწნად გაგვიხადეს საქმე, სააკაშვილის საქმე გაგვეჩხირა ყელში! რატომ გვექცევიან ასე, იქნებ თავადვე გვიბიძგებენ რუსეთისკენ?! როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ მოსკოვი შემოგვიტევს? კი, იარაღს მოგვცემენ, მაგრამ ეს საკმარისი იქნება?! 200 წელზე მეტია მარტო ვართ რუსეთთან. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი დასავლეთისკენ, მაგრამ თუ "პერესტროიკელი" კუბილიუსისა და იუკნევიჩიენეს გადასაწყვეტი იქნება საქმე, რას ვიზამთ, მაგრამ სულ კუბილიუსი და მისი მსგავსნი ხომ არ იქნებიან ევროპარლამენტში?! დასავლეთი არც მარტო რაფაელ გლუქსმანია, არც კუბილიუსი და თუ გნებავთ, არც ევროპარლამენტი. საქართველოს გაღმა ნაპირზე დატოვებას ეგენი ვერ გადაწყვეტენ, ეს ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა გააკეთონ.

ხათუნა ბახტურიძე