ევროკავშირი საქართველოსთვის ძიძის როლის შესრულებას აღარ აპირებს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი საქართველოსთვის ძიძის როლის შესრულებას აღარ აპირებს

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს "მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობაა". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „"ევროპარლამენტის ჯგუფი არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია". რას ნიშნავს ეს რეზოლუცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და რა გავლენას იქონიებს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება, ამ საკითხებზე "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ:

- ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა შეასრულოს 12 პუნქტი და შეიძლება ითქვას, დიაგნოზივით არის დასმული, თუ სად არის პრობლემები. ბუნებრივია, საუბარია დეოლიგარქიზაციის საკითხზე, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო ქეისებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ომბუდსმენის დანიშვნის საკითხზე და ასე შემდეგ... ასე რომ, ვფიქრობ, ეს რეზოლუცია უნდა მივიღოთ როგორც გზავნილი, რომ დრო ჯერ კიდევ არის და პრობლემური საკითხები უნდა მოგვარდეს.

ევროკავშირი თვალს არ დახუჭავს იმაზე, თუ საქართველო ამ 12 პუნქტს როგორ შეასრულებს ან არ შეასრულებს. გადაწყვეტილების მიღებას ორი მდგენელი ექნება - ერთი პოლიტიკური, მეორე კი ტექნიკური. გათვლა იმაზე, რომ ევროკავშირი არ მიაქცევს ყურადღებას ტექნიკურ ნაწილს და მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს დასჯერდება, არასწორია. ფაქტობრივად, სწორედ ეს გვითხრა რეზოლუციამ, რომ 12 პუნქტის შეუსრულებლად მომავალი წლისთვის საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არ უნდა ელოდოს. თუმცა არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება მომავალ წელს.

- "ოცნება" განსაკუთრებით სააკაშვილის მხარდაჭერამ და ივანიშვილის ხსენებამ გააღიზიანა.

- ვფიქრობ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ივანიშვილს სანქციები არ დაუწესდეს, ვიდრე 12 პუნქტი შეასრულონ. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ის, რაც იკითხებოდა პარლამენტის წევრებისა და მათ შორის იმ პირების განცხადებებში, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ევროინტეგრაციის პროცესში.

- ივანიშვილის დასანქცირების საკითხს, როგორც ინსტრუმენტს, რა როლი აქვს ევროპარლამენტის, საერთოდ, ევროკავშირის ხელში?

- ამ საკითხს ჯერ არ მისცემია სავალდებულო სახე და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ხვალ-ზეგ მოხდება. თუმცა პოლიტიკური ნიადაგის შემზადება დაწყებულია. ეს პროცესი დაწყებულია იმ მხრივაც, რომ უკრაინის მხარემ მიიღო დასანქცირების გადაწყვეტილება. ევროკავშირმაც განაცხადა, რომ უნდა გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც რუსეთს ეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში, მოჰყვეს სანქციებში. რეზოლუციაში მითითებულია, რომ ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უნდა შეისწავლონ ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში.

- ხელისუფლების განცხადებები, რომ ჩალის ფასი აქვს ამას, რომ ლობისტების დამსახურებაა და ასე შემდეგ, რა გავლენას იქონიებს მათზე, ვინც ჩვენთვის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?

- ევროპარლამენტის შემადგენლობაში შვიდასზე მეტი დეპუტატია და აქედან რეზოლუციას 430-მა დაუჭირა მხარი. ასე რომ, ნიჰილიზმის დათესვა, თითქოს ის არავის ჰქონდა წაკითხული და ამიტომ დაუჭირეს მხარი, ძალიან არასერიოზულია. ეს უფრო მეტს ამბობს თავად ამ კომენტარების ავტორებზე, ვიდრე იმაზე, ვისაც მიემართება ეს კომენტარები.

- ხელისუფლების ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ თავად რეზოლუციის ავტორმაც კი არ დაუჭირა მხარიო.

- ის, რომ მან მოამზადა ძირითადი ტექსტი და შემდეგ შევიდა ცვლილებები, ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი არ ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს. ამ საქმეში ბევრი ვინმეა ჩართული - საელჩოები, ევროკავშირის დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოება... ასე რომ, ის, რომ მან მხარი არ დაუჭირა, რეზოლუცია არ კარგავს მნიშვნელობას, რადგან ლეგიტიმაცია 430 პარლამენტარისგან მიიღო.

- როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლება ასეთ განცხადებებს შიდა მოხმარებისთვის აკეთებსო, გადაწყვეტილების მიღების დრო რომ დადგება, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, მაშინ რას იზამს.

- ჩემი აზრით, ეს რიტორიკა იმისთვის მზადებაა, რომ პასუხისმგებლობის ისრები ევროკავშირისკენ მიემართოს. იმ შემთხვევაში, თითქოს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ევროპამ მხოლოდ თავისი ახირების გამო უარი უთხრა საქართველოს.

- არასამთავრობო სექტორმა გააკეთეთ განცხადება, რომ დაწესდეს ზედამხედველობა 12 პუნქტის შესრულებაზე.

- არასამთავრობოების პოზიცია ასეთი იყო - იქნებ არ დაველოდოთ ოქტომბერს და მანამდე შუალედური ანგარიში მომზადდეს, რათა დავინახოთ, სწორ გზაზე დგას თუ არა საქართველო. იყოს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა რაიმეს გამოსწორებისთვის დრო გვქონდეს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაგვეხმაროს, რომ საქართველო სწორ გზაზე დადგეს. თუმცა ახლახან ბრიუსელში ვიზიტის დროს მივიღეთ სიგნალი, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ძიძის როლის შესრულებას აღარ აპირებს. გვითხრეს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რესურსია ჩადებული, ხოლო თუ საქართველოს დასჭირდება განმარტებების მიღება, ამისთვის მზად არიან. მიაჩნიათ, რომ ქართველი საზოგადოება ამ ოცდაათი წლის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბებულიყო, რა გვინდა და საით მივდივართ.

- სწორ გზაზე დგომის მაჩვენებელი იქნებოდა თუ არა სააკაშვილისადმი დამოკიდებულების შეცვლა?

- ევროკავშირში დიდი აქცენტი კეთდებოდა სააკაშვილის მიმართ ჰუმანურ მიდგომაზე, რომ პაციენტმა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს. ასე რომ, როცა სწორ გზაზე დგომის შესახებ არის ლაპარაკი, ეს საკითხიც მნიშვნელოვანია.

რუსა მაჩაიძე