ჯარისკაცები მალე მხოლოდ თავდაცვას ეყოლება... - კვირის პალიტრა

ჯარისკაცები მალე მხოლოდ თავდაცვას ეყოლება...

რეალური საბრძოლო შესაძლებლობების მქონე რეზერვის ჩამოსაყალიბებლად ძალზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიაროს სამხედრო-სავალდებულო სამსახური...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი, რომელსაც ამჟამად განიხილავენ და მისი მიღების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, რაც საქართველოში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის დღევანდელ პროცედურას შეეხება და რომლითაც არც წვევამდელები და როგორც აღმოჩნდა, არც მთავრობის წევრები ყოფილან დიდად კმაყოფილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა იმ ცვლილებებზე, რაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლას და ქვეყნის თავდაცვის ძალების შემდგომ დაკომპლექტებას, ასევე სტუდენტების სამხედრო გადამზადებას შეეხება. ამას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარადგინა.

პირველი ცვლილება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ვადებს შეეხება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის ვადა თავიდან ორი წელი იყო როგორც ყოფილ საბჭოთა არმიაში, წლების შემდეგ კი ის ერთ წლამდე შემცირდა. ახლა მთავრობა განიხილავს საკითხს, რომ თავდაცვის ძალების სავალდებულო სამსახურის რიგითმა მხოლოდ 6 თვე შეიძლება იმსახუროს ინტენსიური საბრძოლო კურსის გავლით ან 8 თვე დამხმარე, არასაბრძოლო სპეციალობების ასათვისებლად, ოღონდ თავდაპირველად ისიც გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. ეს ცვლილება მხოლოდ 2025 წლიდან ამოქმედდება და ეტყობა, მანამდე კიდევ ბევრი რამ დაზუსტდება.

მეორე ცვლილება არანაკლებ მნიშვნელოვანი და დროულია, უფრო სწორად, დაგვიანებულიც - პრემიერის განცხადებით, ახალწვეულები სამხედრო-სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან.

დღეს 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, გაწვევას ორგანიზებას უწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1-ლი აგვისტოს დადგენილებით, "სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის შესახებ", ა.წ.-ის 30 დეკემბრამდე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში გაწვეული უნდა იყოს 1 400 წვევამდელი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურში - 539, შსს-ს დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში (მათ შორის დაცვის პოლიციასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში) - 908, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 210 - ანუ წლის ბოლომდე საშემოდგომო გაწვევით საერთო ჯამში 3 057 ახალგაზრდამ უნდა ჩაიცვას სამხედრო თუ საპოლიციო ფორმა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერაა, გამოდის, წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში 6 ათასზე მეტი ახალგაზრდა მიდის. პრემიერის განცხადებით კი 2025 წლიდან ეს ახალწვეულები მხოლოდ თავდაცვის ძალებში იმსახურებენ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 80 მლნ ლარი დაუჯდება. ხარჯი კი იმიტომ იმატებს, რომ დაცვის პოლიციასა თუ ციხეების დაცვას "უფასო" ჯარისკაცების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, მოუწევთ გუშაგებისა და ყარაულების დაქირავება და შედარებით ნორმალური ხელფასის გადახდა.

სამაგიეროდ, მხოლოდ თავდაცვის ძალებში თავმოყრილი ახალწვეულები უკეთესად გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს და ბევრად უკეთ მოემზადებიან შემდგომი სარეზერვო სამსახურისთვის.

მესამე ცვლილება არანაკლებ საინტერესოა - "თავდაცვის კოდექსის" პროექტი სტუდენტების (23 წლის ასაკამდე) ინტერესებსაც ითვალისწინებს და სთავაზობს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების თითოეულ წელს ერთთვიანი სამხედრო შეკრებები გაიარონ, რის შემდეგაც სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ და რეზერვში ჩაირიცხებიან. თუკი სამხედრო კარიერის გაგრძელებას მოისურვებენ, ოფიცრის პირველ წოდებასაც ადვილად მიიღებენ.

მეოთხე ცვლილების მიზეზად ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო თემა იქცა. მთავრობის წევრებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს არასამთავრობო ორგანიზაცია "გირჩის" ინიციატივა სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების შესახებ და თავდაცვის მინისტრმაც მართლაც საგანგაშო ციფრები გაახმაურა - კანონში არსებული ხარვეზის გამო ფიქციური რელიგიური სამსახურის მოშველიებით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას თავი აარიდა 12 ათასმა ახალგაზრდამ, მათგან 10 ათასმა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" დახმარებით. ამიტომაც, მინისტრის თქმით, ეს ხარვეზი სამართლებრივად ისე შეიცვლება, რომ ადამიანის თავისუფლების ნორმებიც არ დაირღვეს.

მეხუთე ცვლილება შეეხება იმ წვევამდელების მშობლებს, რომლებსაც ფული არ ენანებათ, ოღონდ შვილმა არ მოირგოს კამუფლირებული სამხედრო ფორმა ერთი წლითაც კი, და უეჭველად ექნებათ იგივე სურვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ორჯერ, ექვს თვემდე შემცირების შემთხვევაშიც.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადებაზე სახელმწიფო მოსაკრებელი ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაწესდა. მაშინ მთავრობამ ჩათვალა, რომ ის თანხები, რომელთაც წვევამდელების მშობლები მალულად უხდიდნენ სამხედრო კომისარიატების კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ჯობდა ოფიციალურად შესულიყო სახელმწიფო ხაზინაში.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსაკრებელი 2 ათას ლარამდე გაიზარდა, თუმცა მაინც საკმარისად დარჩნენ მისი გადახდის მსურველი მშობლები. შემდგომში ეს კანონი უფრო გამკაცრდა და წვევამდელს აღარ შეეძლო გაწვევის ფულით რამდენჯერმე გადავადება, 27 წლის ასაკის შესრულებამდე მას მაინც მოუწევდა სავალდებულო ჯარში წასვლა.

"თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტის თანახმად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადებისთვის მოსაკრებელი ოთხჯერ, 10 ათას ლარამდე იზრდება და გადავადებით წვევამდელმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება ისარგებლოს - ანუ დიდად იზრდება შანსი, რომ ის ვიღაცისთვის რთულ და არაპოპულარულ, ვიღაცისთვის კი პირიქით, ძალზე საინტერესო ნახევარწლიან ჯარისკაცურ ცხოვრებას მაინც ეზიარება.

რა კომენტარის გაკეთება შეიძლება

პირველი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საშტატო შემადგენლობა 37 ათასი კაცითაა განსაზღვრული, რაც საკმარისი არ არის იმ რეალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებიდან, მით უმეტეს, რომ ეს შტატებიც სრულად არ არის დაკომპლექტებული და ამასთან, არის კონტრაქტით მომსახურე სამხედროების (რომელთა რამდენიმეწლიან საბრძოლო მომზადებაზე დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსები იხარჯება) ჯარიდან გადინების ტენდენცია - ისინი აღარ აგრძელებენ ოთხწლიან კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან.

ეტყობა, ამითაც აიხსნება ის, რომ მომავალი წლიდან 20%-ით გაიზრდება სამხედროებისა და პოლიციელების ხელფასები და დაჩქარდება მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფაც, რათა სახელმწიფომ მათ სტიმული გაუზარდოს ქვეყნის სამსახურში დასარჩენად.

მაგრამ საქართველოს ბიუჯეტი ვერ აუვა, რომ ორ-სამჯერ გაზრდილი ქართული ჯარი (რასაც სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ახლო სამეზობლოში შექმნილი ურთულესი სიტუაცია გვკარნახობს, რადგან საქართველოს ოთხივე სახმელეთო მეზობელი საომარ მდგომარეობაშია) მთლიანად კონტრაქტით მომსახურეებით იყოს დაკომპლექტებული. ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბრძოლო მოქმედებებისთვის რეალურად მომზადებული, შედარებით მრავალრიცხოვანი რეზერვისტების არმიის ყოლას.

მეორე - ლოგიკურია, თუკი ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს (და არა მარტო მამაკაცებს) გავლილი ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება, რაც ბევრად გააადვილებს მათ ყოველწლიურ გადამზადებას რეზერვში, განსაკუთრებით კი აქტიური რეზერვის კომპონენტისთვის, რომელიც რეგულარული სამხედრო დანაყოფების პირველი შემავსებელი და ჩამნაცვლებელი უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებების დროს.

მესამე - სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ვადის ნახევარ წლამდე შემცირება შესაძლებელს გახდის, რომ სამხედრო სამსახურის ყოველი დღე ჯარისკაცმა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო თუ სხვა სპეციფიკური სახის მომზადებაში გაიაროს და დრო არ დაიხარჯოს არაფრისმომცემ მწყობრით სიარულში, ტერიტორიების დალაგება-დასუფთავებასა და მით უმეტეს, დღეგამოშვებით საგუშაგოზე დგომაში, რათა ნახევარწლიანი ინტენსიური საბრძოლო მომზადების შემდეგ აღარავის დარჩეს იმაზე საწუწუნო, მხოლოდ "ვიშკაზე" ვიდექი და სასროლეთზე ცხრა ტყვიაზე მეტი არ გამასროლინესო.

მეოთხე - გამომდინარე სწავლების პროცესით დაინტერესების იმ დაბალი დონით, რასაც დღევანდელი სტუდენტები იჩენენ (ამას ვამბობ 9-წლიანი სტაჟის მქონე ლექტორი), მათთვის პირიქით, სახალისო უნდა გახდეს წელიწადში ერთი თვე სამხედრო ფორმის მორგება, ველზე გასვლა და თავის ნამდვილ კაცად გრძნობა იარაღით ხელში, როდესაც შენი ზუსტი გასროლებით აღფრთოვანებული გვერდით მდგომები შურის თვალით შემოგხედავენ და შეგიძლია იტრაბახო, რომ მარტო "დივნის მებრძოლი" კი არა ხარ კომპიუტერის ეკრანთან, არამედ ნამდვილი ავტომატით ნამდვილი ტყვიების ზუსტი სროლით მომხდურის მოგერიებაც შეგიძლია.სამხედრო-სავალდებულო სამსახური დიდი ხანია ითხოვდა კარდინალურ რეფორმირებას და ჯობს გვიან, მაგრამ მაინც გატარდეს ცვლილებები, რათა არც წვევამდელების უფლებები შეილახოს და ქვეყანასაც გაუჩნდეს არა მარტო მოტივირებული, არამედ სამხედრო საქმის უკეთესად მცოდნე რეზერვისტი-დამცველები.