როცა ომი ამინდზეა დამოკიდებული, ვინ დაასწრებს იერიშს მიწის გამოშრობისთანავე...
რუსეთ-უკრაინის ომში მესამე მნიშვნელოვანი "მონაწილე მხარეც" - ამინდიც გამოჩნდა, რომლის ცვლილებაზე ბევრადაა დამოკიდებული, ზამთარში მხოლოდ პოზიციური ბრძოლები გაგრძელდება თუ მოწინააღმდეგე მხარეები უფრო აქტიურ მოქმედებებსა და ფართომასშტაბიან შეტევებზეც გადავლენ.
დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ხელს უშლის ატალახებული გრუნტი, რომელიც წვიმის სეზონის შემდგომ გაუვალ ტალახის მასად გადაიქცა, რომლის გადალახვა არათუ მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანებს არ შეუძლიათ, არამედ მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორები და თვით ტანკებიც ღრმად ეფლობიან მასში.
არადა, ველზე გაშლილად შეტევა ძირითადი საბრძოლო ტაქტიკაა მოწინააღმდეგის ცეცხლისგან დანაკარგის შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი შეტევა თუნდაც ტანკებით მხოლოდ ასფალტირებული გზით ხდება, ეს შეტევა, როგორც წესი, ჩაიშლება წინა, პირველივე ტანკის აფეთქების შემდეგ, რადგან მისთვის გვერდის ასავლელად დანარჩენ ჯავშანტექნიკას ასფალტირებული გზის კიდეებზე გადასვლა დასჭირდება, სადაც, დანაღმული რომც არ იყოს, ტალახში ჩაეფლობიან.
მებრძოლი მხარეები ორ-სამ კვირაში ელოდებიან, რომ ამინდი გამოკეთდება და მინდვრებს ისევ გამოიყენებენ მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადასაადგილებლად. ამისთვის გრუნტი ან უნდა გამოშრეს, ან გაიყინოს 30-50 სმ სიღრმეზე მაინც, რათა 41-ტონიანი ტანკების მუხლუხების ზეწოლით ისევ ტალახის მასად არ გადაიქცეს.
აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ იანვრის მიწურულს და თებერვლის დამდეგს რუსეთ-უკრაინის ომი ახალი ძალით გაჩაღდეს, როდესაც უკრაინელი მებრძოლები თავიანთი მიწების გათავისუფლებას შეეცდებიან, ხოლო რუსი დამპყრობლები კი დარჩენილი უკრაინული სოფლებისა და ქალაქების ოკუპაციას.
ვინ საით შეიძლება მიმართოს შეტევების ისრები ოპერატიულ რუკებზე?
უკრაინელების ოპერატიულ გეგმაში, წესით, უნდა იყოს ანექსირებული ყირიმიდან მატერიკულ უკრაინაში ორივე გადასასვლელის - არმიანსკისა და ჩონგარის ბლოკირება, რისთვისაც საჭირო გახდება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ხერსონის ოლქის დარჩენილ ოკუპირებულ რაიონზე შეტევა ჩრდილოეთიდან (ზაპოროჟიედან) მელიტოპოლზე იერიშის პარალელურად, რათა რუსეთის როსტოვის ოლქიდან ყირიმის ჩონგარისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა გადაკეტონ.
ამ ოპერაციის წარმატების შემთხვევაში უკრაინის არმია დაბლოკავს ანექსირებულ ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილს და გავა აზოვის ზღვის სანაპიროზე, ბერდიანსკის გათავისუფლების ჩათვლით, და დასავლეთიდან მიადგება მრავალტანჯულ მარიუპოლს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური დონის საბრძოლო ამოცანა დიდი ხანია ცნობილია - მათი ხუთთვიანი მუდმივი სისხლისმღვრელი შეტევები ბახმუტზე როგორმე დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ემსახურება, კრამატორსკისა და სლოვიანკის დაპყრობის ჩათვლით, რათა პუტინმა ამოისუნთქოს რუსეთის ფედერაციისთვის ამას წინათ "მიერთებული" დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების ტერიტორიების მთლიანობის აღდგენით".
ისე სასაცილო კაზუსია - თუკი საქართველო თავის ტერიტორიებს რუსეთისგან ოკუპირებულად მიიჩნევს, თურმე თავად რუსეთის ფედერაციაშიც თვლიან, რომ "რუსული მიწები" დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თურმე უკრაინელებს ჰქონიათ "ოკუპირებული" და მათი "გათავისუფლება" ყველა რუსი პატრიოტის საქმეა, ანუ რუსეთი საქართველოსავით თავს ნაწილობრივ ოკუპირებულად მიიჩნევს?!
ეს რაც შეეხებოდა თვეების წინ დასახულ კრემლის ამოცანას, მაგრამ მომავალი წლის თებერვლისთვის, ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წლისთავზე, რუსეთის არმიამ შეიძლება სცადოს ფართომასშტაბიანი შეტევების გამეორება ისევ... კიევზე!
ამ საფრთხის შესახებ გასულ კვირას ლაპარაკობდნენ უკრაინის არმიის გენშტაბში, რისი საფუძველიც გახდა 200 ათასზე მეტი რუსი რეზერვისტის მეორე თვეა ინტენსიური საბრძოლო მომზადება, მათ შორის მეზობელი ბელარუსის სამხედრო პოლიგონებზე.
ბელარუსის საზღვრიდან უკრაინის დედაქალაქამდე ჩერნობილის გავლით ყველაზე მოკლე მანძილია, პირდაპირი ხაზით მხოლოდ 90 კმ, რითაც 24 თებერვალს ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და ორიოდე დღეში ჩრდილო-დასავლეთიდან მიადგა კიევის გარეუბნებს, ირპენსა და ბუჩას.
უკრაინის გენშტაბში ამის შემდეგ ჭკუას აუცილებლად ისწავლიდნენ და იმედია, აღარ დაუშვებენ იმავეს, თუკი პუტინმა "რეპეტე" მოინდომა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ კრემლი არ აღიარებს უკრაინასთან ომში დამარცხებას, არ გაიყვანს საოკუპაციო ძალებს უკრაინის ტერიტორიიდან. პირიქით, ერთწლიანი "დამცირების" გამო სამაგიეროს გადახდას შეეცდება - აუცილებლად მოინდომებს კიევის აღებას, მანამდე კი დაუნდობლად დაბომბავს...მოკლედ, ერთ-ორ თვეში, ომის დაწყების წლისთავზე, როდესაც უკრაინის ველებზე მიწა გამოშრება ან გრუნტი ნახევარ მეტრ სიღრმემდე მაინც გაიყინება, მოსალოდნელია რუსეთ-უკრაინის ომის სერიოზული ესკალაცია ორივე მოწინააღმდეგე მხარის რიგებში დიდი საბრძოლო დანაკარგის თანხლებით.