კიევისკენ გაშვებული ორი ფრთოსანი რაკეტა რუსებს... ვოლგოგრადთან ჩამოუვარდათ - კვირის პალიტრა

კიევისკენ გაშვებული ორი ფრთოსანი რაკეტა რუსებს... ვოლგოგრადთან ჩამოუვარდათ

მეორე მსოფლიო ომიდან 80 წლის შემდგომ სტალინგრადი/ვოლგოგრადი ისევ დაბომბვის საფრთხის წინაშეა, ოღონდ ამჯერად ბირთვული ქობინების გადატანის საშუალების მქონე რუსულივე ფრთოსანი რაკეტებისგან.

16 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა ასამდე რაკეტითა და კამიკაძე-დრონით, რომელთა ნაწილს Х-101 ტიპის ის ფრთოსანი რაკეტებიც შეადგენდნენ, რომლებსაც სარატოვთან მდებარე "ენგელსი-2" სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი რუსული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენების ბორტებიდან უშვებენ უკრაინის ქალაქებისკენ.

უკრაინელმა მეზენიტეებმა ბევრი რუსული რაკეტა და კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს (პირველად დაფიქსირდა უკრაინელი მებრძოლის მიერ ПКМ-ის ტყვიამფრქვევის ჯერით რუსული Х-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდების თითქმის დაუჯერებელი ფაქტიც, რასაც ჩამოგდების ადგილზე აღმოჩენილი ამ საბჭოთა/რუსული ფრთოსანი რაკეტის ფრაგმენტები ამყარებს), ნაწილი კი მაინც აფეთქდა უკრაინულ ქალაქებში და მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა.

არადა, ამ მორიგ დაუნდობელ რუსულ სარაკეტო ზალპს მსხვერპლი თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ვოლგოგრადშიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სწორედ იმ ვოლგოგრადში, რომელსაც 80 წლის წინათ, მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადი ერქვა და ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლების ადგილად შევიდა.

samx4-1671388244.jpg
კიევში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად გაშვებული ბირთვული ქობინის გადატანის შესაძლებლობის მქონე 13-მლნდოლარიანი რუსული ფრთოსანი რაკეტა რუსი გლეხის "სარაიას" დაეცა...

ვოლგოგრადიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 დეკემბრის დილას მოსახლეობამ მოასწრო მობილური ტელეფონებით დაბალ სიმაღლეზე მფრენი ფრთოსანი რაკეტების გადაღება (როგორც ვიდეოში ჩანს, ისინი Х-101 ტიპის იყვნენ), როდესაც მალევე ორმა ფრთოსანმა რაკეტამ მოულოდნელად პიკირება დაიწყო და რუსულ დასახლებულ პუნქტთან ჩამოვარდა, ოღონდ აფეთქების გარეშე.

მინდორზე მიმოფანტული ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტებზე კარგად იკითხებოდა რუსულენოვანი წარწერები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალჯერ დაბომბილ ამ რუსულ მიწას ისევ საფრთხე ეწვია, ამჯერად თავად მშობლიური რუსული არმიისგან.

როგორც ჩანს, სარატოვის "ენგელსი-2"-ის სამხედრო აეროდრომიდან (რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინელების გაშვებული კამიკაძე-დრონი "ესტუმრა" და არანაკლებ ორი რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენი დააზიანა) აფრენილი Ту-95МС ტიპის ერთ-ერთი რაკეტმზიდიდან გაშვებული Х-101 ტიპის რვა ფრთოსანი რაკეტიდან ორმა "პროტესტი" გამოხატა უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევაზე და რუსულ მიწაზე დარჩენა "ამჯობინა". უფრო სერიოზულად თუ განვიხილავთ, დიდი ალბათობით, ამ ფრთოსანი რაკეტების მართვის სისტემაში სამიზნეები არასწორი კოორდინატებით შეიყვანეს, რადგან ორივე რაკეტაზე წმინდა ტექნიკური პრობლემის ერთდროულად გაჩენის ალბათობა ძალიან მცირეა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, შემთხვევის ადგილზე მისულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინვე სცადეს მომხდარი ფაქტის მიჩქმალვა, მაგრამ "აიფონი" დღეს ყველაზე მიყრუებულ რუსულ სოფელშიც კი აქვთ და ძალიან უყვართ გადაღებულის დადება სოციალურ ქსელებში.

საბრძოლო მოქმედებების დროს რაკეტებისა თუ ბომბების შეცდომით ჩამოვარდნისგან არც ერთი მეომარი მხარე არ არის დაზღვეული, მაგრამ უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული ბირთვული ქობინების გადატანის შესაძლებლობის მქონე რუსული ფრთოსანი რაკეტების (Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის მოდიფიკაციას, რომელსაც 400 კგ-იანი ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტის მაგივრად 250 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის თერმობირთვული მუხტი უყენდება, Х-102 ეწოდება) ჩამოვარდნა რუსულ ქალაქებთან მოსალოდნელი გახლდათ და ეტყობა, აქამდეც მომხდარა, რადგან სარატოვისა და ვოლგოგრადის თავზე საჰაერო სივრციდან გაშვებულმა ამ რაკეტებმა უკრაინამდე მისაღწევად 600-700 კმ მაინც უნდა გაიფრინონ რუსეთის ცაში, რაც ზრდის მათი შემთხვევით ჩამოვარდნის ალბათობას.