როგორ ვრცელდება  C და B ჰეპატიტები და როგორ დავიცვათ თავი მათგან? - კვირის პალიტრა

როგორ ვრცელდება  C და B ჰეპატიტები და როგორ დავიცვათ თავი მათგან?

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. იმ პერიოდის ჯანდაცვის არათუ უსისტემობამ, არამედ - კოლაფსმა, ასევე, სამედიცინო სერვისებისადმი, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომლობამ, უარყოფითი გავლენა იქონია უსაფრთხო ინიექციების, ინფექციის კონტროლისა და სისხლის უსაფრთხო დონაციაზე. ამ ფაქტორებმა, ნარკოტიკების ინიექციურად მომხმარებლებში შპრიცების გაზიარების პრაქტიკასთან ერთად, ხელი შეუწყო მოსახლეობაში ინფექციის ფართოდ გავრცელებას, თუმცა საკმაოდ ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, რომ C ან B ვირუსი და მისგან გამომდინარე - საშინლად დაზიანებული ღვიძლი ჰქონდა. ყველაფერთან ერთად, წლების განმავლობაში მკურნალობის ერთადერთი, უმძიმესი და უძვირესი გზა არსებობდა - ინტერფერონითა და რიბავერინით მკურნალობა. ამ გზაზე „სიარულმა“ კი ბევრი ადამიანი დაგვაკარგვინა... ფიზიკურად. 2015 წლიდან ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა და საქართველოს მთავრობამ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციაზე ხელშეკრულება უახლესი პრეპარატის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანია „გილიარდთან“ გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. ასე დაიწყო ელიმინაციის უნიკალური პროგრამა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის უფასო სკრინინგი და C ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში - უფასო მკურნალობა დაიწყო. დღემდე ყველა ხარჯს საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უფარავს და ეს პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას საკუთარი ოჯახის წევრებისა და, მით უფრო, უცნობი ადამიანების წინაშე, რადგან სკრინინგისა და, ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო უნებლიეტ შეიძლება სწორედ ის ადამიანები დაზარალდნენ, ვინც გამორჩეულად გვიყვარს.

319838158-949743282672935-6657200212406222441-n-1671443343.jpg

ამის მაგალითი უამრავი გვაქვს, რადგან საქართველოში ბევრმა შემთხვევით გაიგო, C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, უმრავლესობამ არ იცოდა, სად და როგორ დაინფიცირდა, ხოლო თანმდევი გაუთავებელი ვარაუდები ცალკე სტრესში აგდებდა ადამიანებს! სხვათა შორის, დღემდე ბევრმა საკუთარი სტატუსიც კი არ იცის. აბა, ჰკითხეთ თავს: გაქვს თუ არა C ან B ჰეპატიტი? თუკი ვერ გვპასუხობთ, ე.ი. არ იცით, ამიტომ სასურველია, დაუყოვნებლად ჩაიტაროთ სკრინინგი, რადგან ამ ვირუსს, რომელიც ღვიძლს ძალიან სწრაფად, მაგრამ უჩუმრად აზიანებს, ძალიან ცუდი მეტსახელი და თვისებები აქვს - მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ და ორგანიზმს ისე აზიანებს, ადამიანს წლების განმავლობაში კონკრეტული და განსაკუთრებული სიმპტომი არ უვლინდება. ხოლო როცა გამოუმჟღავნდება, ისიც სხვა ორგანის დაზიანების გამო, ხშირად მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდება ხოლმე.

ამიტომ სკრინინგის გარდა, აუცილებლად უნდა „დავუგდოთ ყური“ საკუთარ ორგანიზმს და პატარა სიგნალიც კი არ გავატაროთ უყურადღებოდ! ამას მხოლოდ ექიმები არ გვიმეორებენ, ამაზე დაუზარლად ლაპარაკობენ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთური გზა გაიარა C ჰეპატიტთან ბრძოლაში და ახლა ცდილობს, საინფორმაციო კამპანიით - „იCოდე C ჰეპატიტი არ იცდის“ სხვებს გაუზიაროს საკუთარი ამბავი და დაეხმაროს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. პაციენტთა ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მობილურ ლაბორატორიასთან ერთად ჩადიან, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, უტარებენ სკრინინგს და უამბობენ საკუთარ ამბავს ვირუსზე, რომელმაც მათ ცხოვრება გაურთულა და უახლოესი ადამიანები ფიზიკურად გამოაცალა ხელიდან; ვირუსზე, რომელიც ელიმინაციის პროგრამის წყალობით, როგორც იქნა, დაძლიეს და ახლა სურთ, სხვებსაც დაეხმარონ უხილავი მტრის დამარცხებაში. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი მცირე ინფორმაციას ჩვენი მედიასაშუალებითაც მოგაწოდებთ, რადგან უნდა იცოდეთ, რას მოერიდოთ, რას უნდა უფრთხილდეთ და იმაშიც დარწმუნდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, 6 თვეში ერთხელ გადაიმოწმოთ სტატუსი: გაქვთ თუ არა ვირუსული ჰეპატიტი?!

როგორ ვრცელდება C და B ჰეპატიტები?

ამ ვირუსების გადაცემის ერთ-ერთი გზა პირადი მოხმარების ნივთების გაზიარებაა!

დაუზიანებელი კანი და ლორწოვანი გარსი ეფექტიანი ბარიერია ვირუსის საწინააღმდეგოდ, თუმცა თუ კანი ან გარსი მაინც დაზიანდა სხვადასხვა ბასრი, მჭრელი საგნით, რომელიც დაინფიცრებულია, გადადების რისკი საკმაოდ მაღალი იქნება. ასეთი საგნებია: საპარსი, ფრჩხილების მაკრატელი, კბილის ჯაგრისი, გლუკომეტრი და სხვ.

C და B ჰეპატიტის გადაცემა ინფიცირებული ნემსების, შპრიცებისა ან სხვა აღჭურვილობის გაზიარებით ხდება!

C და B ჰეპატიტით დაინფიცირების ერთ-ერთი საშიშროება სქესობრივი ურთიერთობაცაა!

320494828-1090007728341372-2034815757284137521-n-1671443375.jpg

ასევე, C ჰეპატიტით ინფიცირების რისკი მაღალია არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებისას და ინფიცირებული სისხლის გადასხმის შედეგადაც - ამიტომ აუცილებელია, დარწმუნდე, რომ სისხლი, რომელსაც ისხამ - შემოწმებული და უსაფრთხოა.

პირსინგისა თუ სხვა სალონური პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, წინასწარ დარწმუნდე და შეამოწმო ინსტრუმენტების სტერილურობა!

ზოგადად, გადადების ყველა შესაძლო გზის ცოდნა საუკეთესო თავდაცვაა!

იCოდე - გადადების გზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება და დროულ შემოწმებას საჭიროებს! თუ აღმოჩნდა, რომ C ჰეპატიტზე ანტისხეულების სწრაფი და PCR ტესტის შედეგები დადებითია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გახსოვდეს, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები, ასევე მკურნალობა ფინანსდება და სრულად - 100%-ით უფასოა.

C ჰეპატიტის სტატუსის შემოწმება რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ!

დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ჩაიტაროთ ანტივირუსული მკურნალობა, რადგან ჰეპატიტზე დროული მკურნალობის შემთხვევაში, არათუ გაუმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, იგი სრულად განკურნება!

312470168-1399364373803792-6763109838465380177-n-1671443193.jpg

რაც შეეხება B ჰეპატიტის ვირუსს (HBV) - იგი სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს ღვიძლის ანთებით დაზიანებას. ის არის ვირუსის ტიპი, რომელსაც შეუძლია ღვიძლის ინფიცირება და თუ დაავადებიას დროულად არ უმკურნალებ, შესაძლოა განვითარდეს: ღვიძლის ციროზი; ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა; სისხლის მიმოქცევის დაქვეითება; ღვიძლის კიბო და... შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს.

თურმე, მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი, ხოლო მისგან გამოწვეული გართულებებით ყოველწლიურად 900,000-მდე ადამიანი იღუპება; სავარაუდოდ, საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 3%-მდე სწორედ B ჰეპატიტით არის დაავადებული. ამ დაავადების სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 1-6 თვის განმავლობაში.

დღეისათვის დაავადებების უმეტესობა განკურნებადია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დროულად შევძელით მისი აღმოჩენა! ამიტომ გირჩევთ, არ გადადოთ და ჩაიტაროთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ. ასე იოლად დაიცავთ თავს ინფექციისაგან.

p.s. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, C ჰეპატიტზე სკრინინგი 1,413,442 ადამიანს აქვს ჩატარებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 63%-ია!

იCოდე შენი სტატუსი, ნუ იქნები დაავადების მატარებელი!

ირმა ხარშილაძე