რუსული "ალიგატორები" სომხეთის ცაში... - კვირის პალიტრა

რუსული "ალიგატორები" სომხეთის ცაში...

დღეს სომხეთის ცა ძალიან წააგავს უკრაინისას, რადგან ორივეგან რუსული "ალიგატორები" დაფრინავენ, ქვემეხებიდან ისვრიან და რაკეტებს უშვებენ, ოღონდ იმ მთავარი განსხვავებით, რომ უკრაინაში ხალხს ესვრიან, სომხეთში კი პოლიგონზე სამიზნეებს...

მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ სომხეთში რუსული სამხედროების განკარგულებში შედარებით თანამედროვე Ка-52 «Аллигатор» -ის ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენებიც გამოჩნდნენ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ერევან-მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ფუნქციონირებს 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომლის შემადგენლობაში შედის 3624-ე რუსული საჰაერო ბაზაც, რომელიც დისლოცირებულია ერევნის სამხრეთ გარეუბანში, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე.

Google Earth-ის თანამგზავრულ ფოტოზე კარგად მოჩანს, რომ ერებუნის სამხედრო აეროდრომზე ერთმანეთის გვერდით განლაგებული 18 რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი (მათგან ოთხი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება და გამზადებულია რამდენიმე წუთში ჰაერში ასაჭრელად), 10 ერთეული Ми-24П და Ми-8МТ ტიპის საბრძოლო/სატრანსპორტო შვეულმფრენი და...სამი სადაზვერვო-დამრტყმელი Ка-52 «Аллигатор» -ი...

2-aligatori-1671445769.png
ერევნის სამხრეთით, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებული რუსული 3624-ე საჰაერო ბაზის გამანადგურებელი თვითმფრინავები და შვეულმფრენები ასე მოჩანან Google Earth-ის თანამგზავრულ ფოტოზე, სადაც სამი რუსული Ка-52 «Аллигатор» -იც (თეთრი ხაზითაა შემოხაზული) გამოირჩევა...

ერებუნის აეროდრომზე ასევე განთავსებულია სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენები და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც, თუმცა სომხეთის ავიაციის მთავარ ბაზას მაინც გიუმრის სამხედრო აეროდრომი წარმოადგენს, რომელსაც მოდერნიზაცია უტარდება და სწორედ იქაა თავმოყრილი სომხეთის ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები ოთხი ერთეული მრავალფუნქციური Су-30СМ-ის სახით, ასევე Су-25 ტიპის არანაკლებ ექვსი მოირიშე.

რუსული "ალიგატორები" თავისით არ გადაფრენილან რუსეთიდან სომხეთში (რისთვისაც ქართული ცის გადალახვა მოუწევდათ), ისინი იქ დაშლილ მდგომარეობაში რუსულმა სატრანსპორტო "ილებმა" ჩაიტანეს კასპიის ზღვისა და ირანის საჰაერო სივრცის გავლით.

რაში დასჭირდათ რუს გენერლებს დამრტმელი შვეულმფრენების დამატებით გაგზავნა სომხეთში, ნუთუ სომხეთის არმიის დასახმარებლად აზერბაიჯანთან დიდი ომის განახლების შემთხვევაში?

მაგრამ, ორი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ თითქმის პირწმინდად დაამარცხა ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთის შეიარაღებული ძალები, მაშინ რუსეთის 102-ე გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას თითიც კი არ გაუტოკებია სომხეთის არმიის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2001 წლის 1 ივლისიდან 102-ე რუსული სამხედრო ბაზა შედის რუსეთისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში და ვალდებულება აქვს აღებული დაეხმაროს სომხეთს...

სხვათა შორის, მაშინ, 2020 წლის 9 ნოემბერს, სომხეთის სახელმწიფო საზღვრის, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესაზღვრება, სიღრმეში, აზერბაიჯანელებმა საზენიტო "იგლათი" ჩამოაგდეს Ми-24П "მფრინავი ნიანგის" ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი, რომელიც მათ სომხების ეგონათ, თუმცა ერებუნიდან გამოფრენილი რუსული "მფრინავი ნიანგი" აღმოჩნდა...

აზერბაიჯანმა აღიარა რუსული შვეულმფრენის შეცდომით ჩამოგდება და ეკიპაჟის ორი დაღუპული წევრის ოჯახების დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

სომხური მხარის დიდი მცდელობების მიუხედავად ეს ინციდენტი არ გადაიზარდა რუსეთ-აზერბაიჯანს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებაში - კრემლში არ მოინდომეს სიტუციის დაძაბვა ბაქოსთან, რადგან რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დიდი ფარული პოლიტიკური გარიგება ხდებოდა, რასაც მაშინ სომხეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირა...

"ალიგატორები", რა თქმა უნდა, ჯობია "მფრინავ ნიანგებს" ტაქტიკურ-ტექნიკური საფრენოსნო და საბრძოლო შესაძლებლობებით, მაგრამ "ჩამოუგდებლის" პრიზს მაინც ვერ იმსახურებენ, პირიქით...

უკრაინაში მიმდინარე ათთვიანი ომის განმავლობაში რუსეთმა, 19 დეკემბრის მონაცემებით, დაკარგა სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის არანაკლებ 72 შვეულმფრენი, რაც ფოტოვიდეო მასალითაა დადასტურებული და მათ შორისაა 11 ერთეული Ми-24/35 და 28 ერთეული Ка-52 «Аллигатор» -ი...

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "მფრინავი ნიანგი" უფრო გამძლეა ბრძოლებში, უბრალოდ "ალიგატორებს" ეტყობა, უფრო ხშირად იყენებენ საბრძოლო მოქმედებებში და უფრო მეტი დანაკარგიც შეიძლება ამით იყოს გამოწვეული.

ასეა თუ ისე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსული საბრძოლო შვეულმფრენების რიცხვის გაზრდა მაინც დასაფიქრებელი უნდა იყოს, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს სამხედრო უწყებებისთვის, მითუმეტეს, რომ სომხეთის პოლიგონებზე, მათ შორის საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, რუსული "ალიგატორების" ეკიპაჟები ა.წ.-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ინტენსიურ მომზადებას გადიან, მათ შორის ღამით მთაგორიანი რელიეფის გაყოლებით დაბალ სიმაღლეებზე ფრენების ჩათვლით, რის ტექნიკურ საშუალებასაც "ალიგატორებზე" დაყენებული ღამის ხედვის აპარატურა და რადიოლოკაციური სადგური იძლევა...