ოთახის ნებიერა ია გვერდით სხვა მცენარეებს ვერ ეგუება - კვირის პალიტრა

ოთახის ნებიერა ია გვერდით სხვა მცენარეებს ვერ ეგუება

ოთახის მცენარეებიდან ია გამორჩეულად ლამაზი მცენარეა და ყურადღებასაც გამორჩეულს მოითხოვს. ნინო შალამბერიძე მრავალი წელიწადია იებით არის დაინტერესებული და მის კოლექციაში 1000-ზე მეტი ჯიშის იაა. შეიძლება ითქვას, ოთახის იების უბადლო მცოდნეა, მათი "ენა ესმის" და სასარგებლო რჩევებს სხვებსაც აძლევს. როგორ გავახაროთ და მოვუაროთ ამ ლამაზ, მაგრამ საკმაოდ ჭირვეულ მცენარეს? ამის შესახებ ქალბატონი ნინო მოგვითხრობს. ის სოხუმელია, აგრონომიას სოხუმის სუბტროპიკულ სასწავლებელში დაეუფლა, ახლა კი სოფელ სართიჭალაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და იების უნიკალურ კოლექციასაც უვლის.

- თავდაპირველად თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მოაშენეთ იები...

ნინო შალამბერიძე:

- კი, მაგრამ მეუღლე სართიჭალელია, სოფლად სახლი ავიშენეთ და გადმოვედით. საკუთარ სახლს არაფერი სჯობს.

მცენარეები ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ სოხუმში გვქონდა მიხაკის სათბურები, მაგრამ საბოლოოდ ჩვენს გვარში მარტო მე გავყევი მეყვავილეობას. იები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ერთხანს გამიფუჭდა და დავინტერესდი, რა არის ისეთი, რომ ამათ ალღო ვერ ავუღო-მეთქი. ამის გარკვევისას აღმოვაჩინე, რომ მათი გამრავლება, გახარება და მოვლა სულაც არ არის ძნელი. დღეს უკვე 1000-ზე მეტი ჯიშის ია მაქვს. თავიდან რუსეთიდან ჩამოვიტანე. ეს ჯიშები იქ გამოჰყავთ.

- ყველა თქვენს იას ცნობთ?

- ანბანის მიხედვით არა მაქვს დალაგებული და არც სია მაქვს ჩამოწერილი, მაგრამ ყველა ვიცი... საერთოდ, ია ფოთლით მრავლდება. როცა ამრავლებ, ჭიქას მისი სახელი უნდა მიაწერო. ის შემდეგ შვილს მოგცემს. მას რომ გადარგავ, კვლავ უნდა მიაწერო და ასე, თავისთავად გამახსოვრდება.

318121073-483695280417695-3276293806201183910-n-1671453645.jpg

- ია ვერც ერთხელ ვერ გავახარე... ლპობაა მისი პრობლემა?

- მხოლოდ ლპობა არა. მცენარეს ბევრი დაავადება (ნაცარი, ტკიპა...) ემართება. დაავადებებს იწვევს ნიადაგი, წყალი, ჰაერი - ყველაფერი ერთად. იის დაავადებები ჰაერით ისევე გადადის, როგორც ცხოველებისა და ადამიანების, ამიტომ ეტაპობრივი დამუშავებაა საჭირო. წარმოიდგინეთ, შეიძლება ფანჯარა გააღო ოთახში და ამისგანაც დაავადდეს, ან გარედან სხვა მცენარე მიიტანო და დაავადება მისგან შეეყაროს. ათასი ფაქტორია. თუმცა ყველაზე მეტად ტემპერატურის ცვალებადობა ვნებს. სულ ერთნაირი ტემპერატურა მოსწონს. ზაფხულის დიდ სიცხეს ვერ იტანს, ზამთარში - სიცივეს. თუ სახლი კარგად თბება, ზამთარში თავს კარგად გრძნობს.

- აღნიშნეთ, მოვლა არ არის რთულიო, არადა, რამდენი რამის გათვალისწინება სჭირდება.

- როცა პროფილაქტიკისთვის ეტაპობრივად გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაამუშავებთ, წელიწადში ერთხელ ნიადაგს გამოუცვლით და გექნებათ ერთნაირი ტემპერატურა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ოთახში შეშის ღუმელი გინთიათ, იის შეძენის სურვილი არ უნდა გაგიჩნდეთ. ეს ჩემთვის ბიზნესი კი არის, მაგრამ ჩემგან მცენარე რომ მიაქვთ, არ მინდა გაუფუჭდეთ, მინდა მათთანაც კარგად იხაროს. ამიტომ ყველას ვეუბნები, თუ პრობლემა შეგექმნათ, დამირეკეთ, დაგეხმარებით, რჩევას მოგცემთ. თუ არადა, სხვასთან გადაგამისამართებთ-მეთქი.

50940333-1237546879732762-8335236374147891200-n-1671453645.jpg

- პრევენციისთვის რა პროცედურებია ჩასატარებელი?

- მთავარია, კარგი განათება, ნიადაგის შეცვლა. ჯობს, თუ მცენარეს ფანჯრის რაფაზე დადგამთ. ბუნებრივ განათებაზე უკეთესი არაფერია, მაგრამ როცა კოლექცია გაქვთ, ბუნებრივ განათებაზე ვერ იქნებით, ხელოვნური განათება უნდა შეუქმნათ. ტემპერატურა იდეალურია 22ოჩ-დან 25ოჩ-მდე.

- ნიადაგი წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს?

- კი. ტორფიც უნდა შევარჩიოთ, რომ მაღალი მჟავიანობა არ ჰქონდეს, მჟავე ნიადაგი არ უყვარს. შეძენისას წარწერას აუცილებლად უნდა დახედოთ, რომ PH მაღალი არ იყოს. წესით, ყვავილობას რომ მორჩება, წელიწადში შეიძლება ორ თვეს დაისვენოს, სხვა დროს მუდმივი ყვავილობა აქვს. ნიადაგის გამოცვლიდან 1-1,5 თვე კვების დამატება არ უნდა. მათი სასუქი მცენარეთა დაცვაში იყიდება.

- გადამწვარი ნაკელი რომ მივცეთ სასუქად?

- რასაც ეზოში ნარგავებისთვის ვიყენებთ, იებს ვერ მივაწვდით. ია ტორფსა და პერლიტში უნდა იყოს გადარგული და ნიადაგი აუცილებლად ფაფუკი, ჰაეროვანი ჰქონდეს, რადგან განსხვავებული ფესვები აქვთ. დამუშავება კი უმეტესად სჭირდება სიდამპლეზე, ტკიპაზე, ნაცარზე. მე თუ ნაცარს არ შევამჩნევ, არ ვამუშავებ, ძალიან იშვიათად.

- როგორ მიიპყრო იამ თქვენი ყურადღება?

- იას არ უყვარს სხვა მცენარეებთან ახლოს ყოფნა. მხოლოდ თვითონ უნდა იყოს, ასე უკეთესად გრძნობს თავს. ამიტომ იებისთვის ცალკე ოთახი მაქვს დათმობილი, სადაც კოლექცია სტელაჟებზეა განლაგებული. ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ იხარონ და განვითარდნენ. სართიჭალის სახლში რომ გადავედით, პირველად ესენი შემობრძანდნენ, ამათი ოთახი გავაკეთეთ და მათ მოვყევით ჩვენც.

იის ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ თითქმის მთელ წელიწადს ყვავის. ზოგ მცენარეს კი არ ჰგავს, რომ იყვავილებს და მერე მის ფოთლებსა და ღეროს შეჰყურებ. თუ ნიადაგი ახალი გამოცვლილი აქვს, მაშინ სულ გაგიჟდება, თუ კვებაც მიცემულია, მაშინაც. მაგრამ პირობები აუცილებლად სჭირდება, უამისოდ არაფერი გამოვა. მორწყვაც არ უნდა გადავაჭარბოთ - არც ზედმეტი უნდა მოგვივიდეს და არც დაკლება უყვარს. ფესვი არც უნდა გამოუშრეს და არც მეტად გაიჭყიპოს. წყალი მაშინ უნდა დავასხათ, როცა ნიადაგი გამოშრება.

- ლპობას მოჭარბებული წყალი იწვევს?

- ლპობას სოკოვანი დაავადებაც იწვევს. გააჩნია, რა ნიადაგია. ზედმეტი ნესტი არ უყვარს, შეიძლება ლპობა დაიწყოს.

- ამდენი იის მოვლაში ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- ვერავინ. ჯერ ერთი, თაროზე რომ ვალაგებ, სხვადასხვა სახეობის გასაყიდი ნერგებია და ჩემ გარდა მათ ხელს ვერავინ მოჰკიდებს. მათ დაწყობილს მერე ვეღარ ვიპოვი და მთელ დღეს უნდა ვეძებო. მოკლედ, ვიცი, სად რა ჯიშის ია დევს. ამიტომაც ვერავინ მეშველება.

- ეს საქმე თქვენთვის რა არის, გარდა ბიზნესისა?

- იები ჩემთვის დადებითი ემოციის მომტანია, ერთი სიამოვნებაა ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი მცენარეების ყურება. ვინც დაიწყებს ამ საქმეს, უნდა უყვარდეს. თუმცა, თუ უყვარს, მოვლის სურვილი თავისთავად გაუჩნდება, ხოლო თუ მცენარე არ უყვარს, არც შეძენის სურვილი ექნება.

51178887-290971415106500-7359089478561955840-n-1671453645.jpg

- ბევრი ესაუბრება თავის მცენარეებს. თქვენ?

- კი, რა თქმა უნდა, ველაპარაკები და წარმოიდგინეთ, ჩემი ესმით. ჩემი გოგოები და ბიჭები-მეთქი, სულ ასე მივმართავ.

- სახელებიც აქვთ?

- კი, არის ადამი, დონ-ჟუანი, ევა, ჟანა, ალექსანდრა, ინგა, იზოლდა, - ესენი ყველა ჯიშებია. მათში გამორჩეულია ძალიან ლამაზი კოკო-შანელი, თან დიდი ხანია "მყავს", სულ თავიდანვე... სხვათა შორის, ესენი ხალხს არჩევენ...

- როგორ?

- ვთქვათ, ვინმემ წაიღო მოყვავილე ია და გაუფუჭდა, შეიძლება "თვალი აიღო" და ამიტომ. ვიღაცამ მეგობარს ფოთოლი მოუტეხა და ია გაუფუჭდა. "ხელის გაყოლაც" ახასიათებს. შეიძლება ზოგს ამაზე გაეცინოს, მაგრამ "თვალიც" არის და "ხელიც" არის. იმ მეგობართან კი მოტეხილ იას გადასარევად გაუხარია. ხდება ასეთი რაღაცები, მგრძნობიარე და ემოციური მცენარეა.

- საუბარში გამოიკვეთა, რომ ია არის ეგოისტი, ამაყი, გვერდით სხვა მცენარეებს ვერ ეგუება, მგრძნობიარე და ემოციურია...

- კი და ოთახში უყვარს ყოფნა, სახლის მცენარეა, გარეთ უჭირს. პირდაპირი მზის სხივიც არ უყვარს, რადგან წვავს. არ სიამოვნებს სიცივე, თუ ოთახი ცივია და ფანჯარასთან დევს, ვერ გაიხარებს, ერთნაირი ტემპერატურა უნდა, გამორჩეულად სითბო. თავისებურია, ყველას სხვადასხვანაირი, საოცარი ფერთა პალიტრა და გამა აქვს... იები არის მიკრო, მინი, ნახევრად მინი, სტანდარტი, გიგანტი და ტრეილერი - ასეა დაყოფილი. ნახევრად მინი რაც უნდა კვებო, გიგანტი ვერ გახდება, გიგანტიც როგორ ჭურჭელშიც უნდა მოათავსო, მაინც გიგანტი გაიზრდება. აი, ასეთი მცენარეა ჩვენი ოთახის ია.