დაუფასებელი ზღმარტლი პოპულარული ხდება
იცით, რომელია საქართველოდან ევროკავშირში ერთ-ერთი ფართოდ მოთხოვნადი ხილი? - ზღმარტლი, რომელიც ჩვენთან ჯერჯერობით რატომღაც ისე პოპულარული არ არის, რომ ბაღები გაშენდეს. ამასაც მიზეზი აქვს - ზღმარტლი შედარებით მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომაც საექსპორტოდ გასაგზავნი ნაყოფი აუცილებლად მოითხოვს მაცივარში შენახვას, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, ევროკავშირში ზღმარტლის ექსპორტირება ჯერჯერობით სტაბილურად არ ხდება, თუმცა მუდმივი ინდივიდუალური მოთხოვნის გამო ზღმარტლის ნერგები თითქმის ყველა სანერგეში შეგხვდებათ აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში.ზოგიერთ სანერგეში ადგილზე გამოყვანილი ზღმარტლია, ზოგიერთი კი იმპორტულია - თურქეთიდან შემოტანილი, რაც ზღმარტლის ფასს ზრდის. ასეა თუ ისე, ორივე ნერგი ხარისხიანია; კულტურული ჯიშების ნაყოფი ველურ ზღმარტლზე 3-4-ჯერ დიდია და შესანიშნავი ეგზოტიკური გემოვანი თვისებებიც აქვს. მაშინაც კი, როდესაც საოჯახო მაცივარში ვინახავთ.
ამჟამად 1 კილოგრამი ზღმარტლი დედაქალაქის ბაზარზე 4 ლარი ღირს. პროდუქცია აქ, ძირითადად, შიდა ქართლიდან შემოდის. დასავლეთ საქართველოს ბაზარი კი დასავლეთ საქართველოს ზღმარტლით მარაგდება, მათ შორის ზესტაფონის ზღმარტლითაც, სადაც კულტურულ ძირს უამრავ ოჯახში შეხვდებით, ველურს კი აქაურ ფერდობებზე. ზესტაფონელი შორენა გიგაშვილი ორივეს აგროვებს და ყიდის.
- ქალბატონო შორენა, როგორც წესი, იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც ბუნების ნობათით თუ შინაური ხილით ცდილობს ოჯახის ბიუჯეტის შევსებას. დიდი ხანია ზღმარტლით ვაჭრობთ?
- წლებია. ჩვენ ქალაქში, კორპუსის ბინაში ვცხოვრობთ და სოფელშიც მიწა არა გვაქვს, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონდეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა - ჩემი მეუღლის დედმამიშვილები, ჩემს მეუღლესთან ერთად, ხუთნი არიან და ყველას, რა თქმა უნდა, სოფელში მიწა არ შეხვდა, Mმაგრამ ღმერთმა შრომის უნარი გვარგუნა ყველას და შევეცადეთ საარსებო სახსარი აქვე, ჩვენივე ქვეყანაში გამოგვეძებნა ისე, რომ ოჯახები არ მიგვეტოვებინა და საზღვარგარეთ არ წავსულიყავით.
ჩემს მეუღლეს პატარა სამსახური აქვს, თავისუფალ დროს ავეჯსაც აკეთებს, მე კი, რადგან შვილები უკვე წამოზრდილი მყავს, ხან სოკოს შესაგროვებლად დავდივარ ტყეში, ხან ასკილის, ხანაც ქაცვის... გვიან შემოდგომაზე, უკვე ნოემბერ-დეკემბრიდან, კულტურულ და ველურ ზღმარტლს ვყიდი. კულტურულ ზღმარტლს სოფლებში ვიბარებ. მართალია, მთლად ზღმარტლის ბაღები არ არის, მაგრამ ბევრს უდგას კულტურული ზღმარტლის ხეები და თუ დავკრეფ, სიხარულით მომყიდიან. ზოგიერთი ოჯახი, სამწუხაროდ, დაცლილია, საზღვარგარეთ არის წასული და ხილის გაფუჭებას ხომ სჯობია თუნდაც მცირე ფასად გაიყიდოს? 1 ლარად ვყიდულობ კილოგრამ ზღმარტლს. ტრანსპორტირებაში ჩემი მეუღლე მეხმარება. პროდუქტს თავად ვყიდი, გადამყიდველებს არ ვაძლევ, თავადვე 4 ლარად ვყიდი როგორც ზესტაფონის, ისე თბილისის ბაზარზე.
- ვფიქრობ, ძვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა შრომა გიწევთ.
- სოკოს შეგროვება იქნება თუ ზღმარტლის, ძალიან დიდი დრო არ სჭირდება, უმეტეს დროს შვილებთან ვარ.
- ველურ ზღმარტლს თუ ჰყავს კლიენტი?
- ვინც ზღმარტლის გემო თუ სასარგებლო თვისებები იცის, კლიენტი როგორ არ ჰყავს! ველური ზღმარტლი დეკემბრისთვის მწიფდება, როდესაც ყინვა დაჰკრავს და მისი მოყვარულებისთვის უგემრიელესიც არის. მართლაც გემრიელია, მით უმეტეს, ყინვადაკრული. ზღმარტლში ძალიან ბევრია ვიტამინი C და შაქარი, თანაც მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება და შეგვიძლია გაზაფხულამდე მივირთვათ. რაც უფრო მეტხანს შეინახავ მკვახე ზღმარტლს, მით უფრო უკეთესად დამწიფდება, თუმცა ბუნებაშიც მწიფდება. ზღმარტლის ბუჩქებს რომ დაათოვს, სწორედ მაშინ გემრიელდება ნაყოფი.
- ზღმარტლის ნერგები ბევრ სანერგეშია, რადგან მოთხოვნა არსებობს. ზესტაფონშიც ასეა?
- სოფლებში ზღმარტლს რგავენ, თუმცა ნერგის ყიდვას ზღმარტლის დამყნობა ურჩევნიათ. ჯერ იმიტომ, რომ ნერგი ჩვენი პირობებისთვის არც ისე იაფია. მაგალითად, წელს ხალხმა ზღმარტლის ნერგში 15 ლარი გადაიხადა. მე არა მგონია, რომ ეს მაღალი ფასია, მით უფრო, რომ ნერგი თურქეთიდან შემოდის, თუმცა ჩვენს პირობებში იძულებული ხარ ყოველი თეთრი დაზოგო, თანაც ზღმარტლის დამყნობას ერთი დიდი უპირატესობა აქვს - ან თავად ველურ ზღმარტლზე, ან ჩვენს ბიაზე (კომში) ამყნობენ. ჩვენი ბიაც სანახევროდ ველურია და ამიტომ ყველაფერს უძლებს, გვალვასაც და ყინვასაც. შესაბამისად, ბიაზე დამყნობილი ზღმარტლი გამძლეა - როდესაც ნამყენი მოძლიერდება, ვერც ზაფხულის გვალვა მოერევა და ვერც ზამთრის ყინვა. ეს იცის ხალხმა და ამიტომაც დამყნობით ურჩევნია ამ მცენარის გახარება.
სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს მეც ვურჩიე, თუნდაც მიწის პაწაწინა ნაკვეთი შევიძინოთ, სადაც სანერგეს მოვაწყობთ-მეთქი. ჩემს საქმეზე სიარულში დამყნობაც ვისწავლე და ხეების გახარებაც. ეს რომ გამოგვივიდოდეს, ბევრ რამეს და მათ შორის ზღმარტლის ნერგებს თავად გამოვიყვანთ. ველურ ზღმარტლს დავთესავდი და შემდეგ მის ძირებზე დავამყნობდი კულტურულ ჯიშსაც.
- წარმატებას გულით გისურვებთ, მშრომელი ხალხით ვინარჩუნებთ ფლორასაც და ქვეყანასაც.
- გმადლობ. ყველაფრის წამალი შრომაა. მეც სწორედ შრომის უნარი მაძლევს ფეხზე დგომის ძალას.