სიასამურის მთავარი მტერი მისივე ბეწვია - კვირის პალიტრა

სიასამურის მთავარი მტერი მისივე ბეწვია

სიასამურის ბეწვი ყველა ეპოქაში ფუფუნების სიმბოლოდ იყო მიჩნეული. ის გაცილებით მაღალი ხარისხისაა შინშილას, წაულას ან კვერნის ბეწვთან შედარებით და მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. ცხოველზე, რომელიც ბუნებამ ასეთი ძვირფასი ბეწვით დააჯილდოვა, თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ვესაუბრეთ.

ზურაბ გურიელიძე:

- სიასამური კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ამ ოჯახისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება აქვს. ერთადერთი, რაც მას ყველა ცხოველისგან გამოარჩევს, განსაკუთრებული, მაღალი ხარისხის ბეწვია. სიასამურის ბეწვი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ცხოველებისა.

- როგორ გამოიყურება სიასამური?

- კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს მცირე ზომის სხეული აქვთ, ამ მხრივ სიასამურიც არ არის გამორჩეული: შეიძლება ითქვას, ის საშუალო ზომის ცხოველია. ზრდასრული სიასამურის სხეულის სიგრძე საშუალოდ 55-60 სანტიმეტრია. მას მოკლე, ლამაზი ბეწვით შემოსილი კუდი აქვს. სხეულის შეფერილობა მუქი ყავისფერია, თითქმის შავში გადასული.

- როგორ ადგილებს ირჩევს საცხოვრებლად ეს ძვირფასბეწვიანი ცხოველი?

- სიასამური სამხრეთში არ ბინადრობს, რადგან ცივი კლიმატი მოსწონს. დადგენილია, რომ ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით სიასამური ციმბირში ცხოვრობს, შემორჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ურალისა და შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ წერტილში, უმეტესწილად კი ეს ცხოველი ტაიგაში ბინადრობს. ნაპოვნია კორეის, ჩინეთისა და მონღოლეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებშიც, სადაც -40ოჩ ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ცხოველისთვის ზამთრის ტემპერატურაა მთავარი, რადგან ზაფხულში ბეწვი სცვივა. ამ პერიოდში სიასამურს ძალიან თხელი ბეწვი აქვს, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით არ გამოირჩევა და ამიტომ არავინ მოიპოვებს, ზამთარში კი სიასამურს ამშვენებს საუკეთესო ხარისხის ბეწვი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.

- ამბობენ, რომ ციმბირული სიასამურის ბეწვი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ეს ცივი კლიმატის დამსახურებაა?

- დიახ. მიჩნეულია, რომ ყველაზე ძვირფასი ბეწვი აქვს ბარგუზინულ სიასამურს, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირში, ბარგუზინში ბინადრობს, ბაიკალის ტბის მიდამოებში. იქ უკიდურესად მკაცრი, ცივი ზამთარი იცის. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია სიასამურის 17-მდე ქვესახეობა, თუმცა ეს რიცხვი პერიოდულად იცვლება.

- როგორია სიასამურის ყოველდღიური რაციონი?

- ის მცირე ზომის ცხოველებითა და ფრინველებით იკვებება, მაგრამ შეუძლია უფრო მოზრდილებზეც ინადიროს. იმავდროულად, სიასამურს შეუძლია მცენარეებითა და ხილითაც იკვებოს. თადარიგიანი ცხოველია და სპეციალური ადგილები აქვს, სადაც საკვებს საგულდაგულოდ ინახავს. სიასამური, ძირითადად, წიწვოვან ტყეებში ბინადრობს და კენკრასაც სიამოვნებით მიირთმევს. ძალიან უყვარს კედრის თესლი, ამიტომ კედრის ტყეები მისი ერთ-ერთი მთავარი საცხოვრებელი გარემოა. მისი საყვარელი საკვებია წვრილი მღრღნელები, მეტწილად ციყვები. ის ამ ცხოველებს სწრაფად და მოხერხებულად მოიპოვებს.

- როგორ ცხოვრობს სიასამურების ოჯახი და როგორ ზრუნავს დედ-მამა ნაშიერებზე?

- სიასამურს უაღრესად საინტერესო გამრავლების ციკლი აქვს: გაზაფხულზე იწყებს გამრავლებას და შთამომავლობას 250-300 დღეში აჩენს. მდედრ სიასამურს შეუძლია შეაყოვნოს(!) შვილების გაჩენა თითქმის 2 თვით, თუ საკმარისი საკვები და ხელსაყრელი პირობები არა აქვს. ის შობს 3-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ნაშიერს. პატარებს, ძირითადად, დედა უვლის, კვებავს და ზრდის. 2-3 წლის ასაკში სიასამური უკვე მომწიფებულია და ნადირობასაც სავსებით ბუნებრივად იწყებს. ტყვეობაში დაახლოებით 15 წელიწადს ცოცხლობს, იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხვევები, რომ 19 წლისთვისაც მიუღწევია.

- სიასამურის განადგურების მთავარი მიზეზი უკონტროლო ნადირობაა?

- ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა არსებობს სხვა, არანაკლებ სერიოზული მიზეზებიც. სიასამური ტყის ცხოველია, ხეტყის უკონტროლო ჭრა კი მისი საკვები არეალის შემცირებას იწვევს. ხშირად, ფუღუროიანი ხეების მოჭრაც ძალიან ცუდად მოქმედებს ამ პოპულაციაზე, რადგან ციყვები, სხვა ცხოველები თუ ფრინველები სწორედ ფუღუროებში ცხოვრობენ. მოკლედ, სიასამურის საცხოვრებელი გარემოს მოსპობა დამღუპველად მოქმედებს ამ ცხოველის რიცხოვნობაზე. ცხადია, ნადირობაც არის მრავალ ადგილას სიასამურის გადაშენების მიზეზი: Bბეწვი, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა ცხოველი დაღუპვას გადაარჩინოს, ხშირად მისი დაღუპვის მიზეზი ხდება. სწორედ ამით აიხსნება, რომ XVII საუკუნემდე სიასამური გავრცელებული იყო კარელიიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე, ახლა კი ამ ადგილებში იშვიათად გვხვდება. სიასამურების რიცხოვნობის გასაზრდელად ხელოვნურ გამრავლებასაც მიმართავენ, თუმცა ადამიანმა რაც უნდა მოინდომოს, ცხოველს ისეთ პირობებს ვერ შეუქმნის, როგორიც მას ბუნებაში აქვს. შესაბამისად, ხელოვნურად გაზრდილი სიასამურის ბეწვის ხარისხი არ არის მაღალი. ველური ცხოველის ბეწვი ყოველთვის უფრო ფასობდა და თანამედროვე მსოფლიოშიც ძვირად ფასობს.

- ცხოველთა დამცველებმა ბევრი იბრძოლეს, რომ ადამიანებს უარი ეთქვათ ბუნებრივი ბეწვის ტარებაზე. გამოდის, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს?

- ცხოველთა დამცველები კი ამბობენ უარს ბუნებრივ ბეწვზე, მაგრამ ყველა ცხოველთა დამცველი ხომ არ არის? ბევრს სიასამური მისი ბეწვის გამო აინტერესებს და ამას ჩვენ ვერ შევცვლით.

- როგორია სიასამურის სტატუსი და მისი სარეწაო მნიშვნელობა?

- სიასამურის სტატუსი დღეს ასეთია - "ნაკლებად საგანგაშო". რაც შეეხება სარეწაო მნიშვნელობას, ამ ცხოველს სარეწაო მნიშვნელობა ერთეულ ქვეყნებში აქვს, კერძოდ, რუსეთში, სადაც მისი ძირითადი პოპულაციაა შემორჩენილი. მცირე რაოდენობითაა სიასამური ჩინეთსა და იაპონიაში - კუნძულ ჰოკაიდოზე, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ კორეაშიც. ამ ცხოველს ზოოფერმებშიც ამრავლებენ, რათა მერე მისი ბეწვი გამოიყენონ, მაგრამ ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ტყვეობაში გაზრდილი ცხოველის ბეწვი გაცილებით დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ველურ ბუნებაში გაზრდილისა. - საქართველოში თუ ყოფილა სიასამური?

- საქართველოში სიასამურს არასოდეს უცხოვრია, თუმცა მისი ბეწვი ჩვენში ყოველთვის პოპულარული იყო. მე ეს ცხოველი ბავშვობაში ჩვენს ზოოპარკშიც მყავს ნანახი. სიასამურისთვის აუცილებელი სულაც არაა, რომ ტემპერატურა -50ოჩ იყოს, უბრალოდ, თბილ ქვეყანაში სიასამურს ისეთი ხარისხის ბეწვი ვერ ექნება, როგორიც ჩრდილოეთის ცივ ქვეყნებში, თუმცა, ცხადია, ამას ზოოპარკისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე