„ჯიუტი“ ხეხილი ზამთარშიც გაბედულად ყვავილობს
თუ ცივი დეკემბრის მიწურულს დასავლეთ საქართველოს ბაღებში გადაიხედავთ, ზოგ ადგილას აუცილებლად შეამჩნევთ არცთუ მაღალ მოგრძოფოთლიან ხეს, რომელიც ზამთრის სიცივეში შეუპოვრად ყვავილობს წვრილი და ლამაზი ყვავილებით. ეს მუშმალაა, რომლის დასახელება ზოგჯერ გაურკვევლობას იწვევს. საქმე ის არის, რომ ეს მცენარე, რომელსაც ჩვენ მუშმალას ვუწოდებთ, იგივე იაპონური ზღმარტლია; ამას გარდა, არსებობს გერმანული ანუ ჩვეულებრივი მუშმალა, რაც ჩვენთვის ზღმარტლია...
ჩვენებური მუშმალას, იმავე იაპონური ზღმარტლის ყვავილი ზამთრის სიცივეს უძლებს, ქარვასავით ყვითელი ნაყოფი - გაზაფხულის სუსხს და აპრილში ბაზარზე შემოდის, ზოგჯერ მარწყვზე ადრეც კი, რის გამოც პირველ სეზონურ ხილად ითვლება. ამიტომ და იმის გამოც, რომ მუშმალა დიდი რაოდენობით ვიტამინს შეიცავს, მასზე მოთხოვნა დიდია. როგორ აშენებენ მუშმალას გურიაში და როგორია მისგან შემოსავალი, ამის შესახებ ოზურგეთელი როლანდ კეჭაყმაძე მოგვითხრობს.
- ბატონო როლანდ, გურულები განებივრებული ხართ ადრეული მუშმალათი, რომელიც აპრილში შემოდის. ალბათ იცით, გურიაში ეს იაპონური ხილი როდის გაჩნდა.
- გასული საუკუნის დამდეგს. ეს ზუსტად ვიცი, ჩემს ბავშვობაში მუშმალა ოზურგეთის გარეუბანში, მხოლოდ ჩვენს ეზოში იდგა და რადგან მის შესახებაც ყველა გვეკითხებოდა, ჩვენც პასუხი უნდა გვცოდნოდა. ბაბუა ამბობდა, მუშმალა გურიაში იტალიელებმა შემოიტანეს და გააშენესო. ალბათ, ასეც იქნებოდა, რადგან ოზურგეთში იტალიელი მებაღეები გვყავდა XX საუკუნის დამდეგსაც კი. მათ გურიელები ქირაობდნენ მებაღეებად. იტალიაში მუშმალა ისე უყვართ, 45 ჯიში აქვთ გამოყვანილი. ჩვენი მუშმალა ეზოში თვალის გახელისთანავე დამხვდა. ბაბუა მას სანიმუშოდ უვლიდა, არ მახსოვს, შემოდგომით ხისთვის მიწა არ შემოებარა მცენარისთვის ვენტილაციის გასაუმჯობესებლად, მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში ზომიერი კლიმატია და ნესტიც საკმარისადაა. შემხმარ ტოტებსაც ხშირად აჭრიდა. მაშინ მუშმალას არ ვყიდდით, მხოლოდ ერთი ხე გვედგა და აბა, რა უნდა გაგვეყიდა. შემდეგ ეზოში მუშმალას კიდევ 2 ძირი თავად დავიმატე და ახლა ბაზარში გასატანად ვკრეფ. 100 კილოგრამამდე ნაყოფს ვყიდი, რაც 300 ლარია. ასეთ სასარგებლო ხილს ხომ არ დავალპობ და მთელი ოჯახი გეახლებით.
- როგორ მრავლდება მუშმალა, თესლით თუ ნამყენით?
- ჩვენ ნამყენით გავამრავლეთ. თუკი მუშმალას ვამყნობთ, საძირის დიამეტრი 1-1,5 სანტიმეტრი უნდა იყოს. საძირეები ისევ მუშმალას თესლიდან გამოგვყავს. სექტემბერში ვამყნობთ. არსებობს მუშმალას კვირტით მყნობის მეორე წესიც, როდესაც საძირის დიამეტრი 3-5 სანტიმეტრია. ასეთი წესით მარტში ვამყნობთ. მერე მცენარეს ფხვიერ მიწას ვაყრით ზედა კვირტამდე, რაც ნამყენს გამოშრობისგან იცავს. მას შემდეგ, რაც ზრდას დაიწყებს, მიწას მოვაშორებთ და ნერგს ჰაერზე თავისუფლად გავუშვებთ.
მუშმალას ბევრი უკვე თესლითაც ამრავლებს. მართალია, თესლით გამრავლებულის ნაყოფი ოდნავ წვრილია დედახის ნაყოფზე, სამაგიეროდ, ადვილად მრავლდება და ყინვაგამძლეა. თესლით გამრავლებისას არჩევენ მხოლოდ საუკეთესო თვისებების მცენარეებს. მუშმალა ივნისში ითესება, როგორც კი ნაყოფის მწიფობას მორჩება, თან ფაქტობრივად მაშინვე, 10-15 დღეში აღმოცენდება. შემოდგომაზე მუშმალას ნერგები უკვე 20-30 სანტიმეტრს აღწევენ. სხვათა შორის, ამ მცენარისგან სარგებელი მხოლოდ ნაყოფი არ არის. აბა, რომელი მცენარე ყვავილობს ისე გაბედულად ზამთარში, როგორც მუშმალა? ჰოდა, მას დეკორატიულ მცენარედაც იყენებენ, ეზოების, ღობეების გასალამაზებლად რგავენ. და კიდევ ერთი საინტერესო საქმისთვისაც - მუშმალა ლიმონის ბაღს ქარისგან იცავს, ამასთან, არომატს ანიჭებს, ისევე როგორც, მაგალითად, ვენახის ატამი ზვარს.
- ნამდვილად კარგი რამ ყოფილა. როგორც ვიცი, საკმაო რაოდენობით შაქარსა და ვიტამინ C-ს შეიცავს.
- ნამდვილად ასეა. მუშმალას ტკბილი და წვნიანი ნაყოფი აქვს. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ ნაზია და ტრანსპორტირებისას ადვილად ზიანდება, თუმცა ყუთით შეიძლება დაცულად წავიღოთ ბაზარში. მეც ასე ვაკეთებ. წლეულს მუშმალა ოზურგეთის ბაზარში 3 ლარი ღირდა. ეს ჩემთვის არცთუ ცოტაა - ან რას ვაგებ, საკუთარ პროდუქციას ვყიდი. ბაზარიც ახლოს მაქვს, ტრანსპორტში ფულს არ ვხარჯავ, არც საწვავს. ისე, აპრილში ბაზარზე მუშმალა ჩემ გარდა ბევრს შემოაქვს. ზოგიერთმა, ვინც იაფად მოახერხა ტრანსპორტირება, თბილისშიც წაიღო გასაყიდად.
- ალბათ, დიდი ყინვა მუშმალასაც ვნებს, როგორც ციტრუსს.
- მუშმალა -14C ყინვასაც უძლებს. სხვათა შორის, რამდენჯერ მიფიქრია, რომ მუშმალას ბაღის გაშენებაც არ იქნებოდა ურიგო. მისგან ისეთი ჯემი მზადდება, დიდისა და პატარისთვის დელიკატესია, მაგრამ ბაღების გაშენება არ გამოდის. დიდი ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული მუშმალას კონსერვების წარმოებით, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს.
- დასასრულ, სამედიცინო თვალსაზრისით თუ გამოგიყენებიათ მუშმალას თუნდაც ფოთლები? მასზე ინფორმაციაში წერია, რომ შეუდარებელია სხვადასხვა დაავადებისთვის, მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ანთებისას.
- კარგი გამახსენეთ, ზამთარში ჩვენს ბავშვობაში "ფეჩზე" სულ იყო ქვაბი შედგმული და მუშმალას ფოთლები იხარშებოდა. ნახარშს უფროსები თავადაც სვამდნენ და ჩვენც გვასმევდნენ. მუშმალას ნახარშის სარგებლიანობა რომ არ სცოდნოდათ, ჩემი წინაპრები თავს მისი დამზადებითაც არ შეიწუხებდნენ.