როგორ შევქმნათ შინ საახალწლო სამშვენისი - კვირის პალიტრა

როგორ შევქმნათ შინ საახალწლო სამშვენისი

საახალწლო სამზადისს განსაკუთრებული სიხარული ახლავს. სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად ყოველ წელს ნაძვის ხეს, საახალწლო სათამაშოებს, ბრჭყვიალა განათებებს, გირლანდებსა და სხვადასხვა სამშვენისს ვყიდულობთ, თუმცა მათი საკუთარი ხელით გაკეთებაც არის შესაძლებელი. ზოგჯერ ვერც წარმოგვიდგენია, რომ სხვადასხვა ნივთის კომბინაციით შეგვიძლია საახალწლო სამშვენისი შევქმნათ სადღესასწაულო განწყობისთვის. თუ დავფიქრდებით, შეიძლება ესა თუ ის იდეა თავადაც მოგვივიდეს, მაგრამ ამ საქმეში კარგია გამოცდილი სპეციალისტის დახმარებაც. ფლორისტ ქეთი ჯანხოთელს ჩვენთან მასტერკლასი ადრეც ჩაუტარებია. ის ამჯერადაც დაგვეხმარება და საახალწლო სამაგიდო სანათურს გაგვიკეთებს, რისთვისაც ბუნებრივთან ერთად, ხელოვნურ მასალასაც გამოიყენებს.

- დღეს ვაკეთებთ საახალწლო სამაგიდო კომპოზიციას, რომლისთვისაც ლედ-ნათურები უნდა გამოვიყენოთ, ისინი ელემენტებზეა და კომპოზიცია ამ ილუმინაციური ეფექტით იქნება შექმნილი. დაგვჭირდება წიწვებიც (ვერცხლისფერი ნაძვის), ტუიის, ზეთისხილისა და იასამნის ხმელი ტოტები. შესაძლებელია ბუნებრივთან მიახლოებული ფერის ნაძვის ტოტების გამოყენებაც, ასევე ხელოვნური ყვავილები და სხვადასხვა ნაყოფი. დეკორაციებად მომზადებული გვექნება წითელი ნაძვის ხის პატარა სათამაშოები და ლოლიპოპი - ჯოხიანი კანფეტები. სასურველია, ყველაფერი ერთი ფერის რამდენიმე გამა იყოს.

- ბუნებრივი მასალიდან კიდევ რა უნდა მოვიმარაგოთ?

- დავამატოთ კოჭას, იგივე ჯანჯაფილის მშრალი ფესვები და გირჩები. რაც შეეხება სამაგრს, ეს სველი ოაზისია. სველი იმიტომ, რომ რაც მასში დამაგრდება, კერძოდ, ნაძვის ხის, ტუიისა და ზეთისხილის ტოტებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს და გაუხანგრძლივოს.

dsc-6307-1671455278.jpg

- კომპოზიციის გაკეთებას როგორ ვიწყებთ?

- დაგვჭირდება გამჭვირვალე ლარნაკი, რომელშიც მოვათავსებთ ნაძვის ხის რამდენიმე სათამაშოს, შემდეგ ლედ-ნათურების გირლანდას. მეტი ეფექტისთვის კოჭასა და გირჩებსაც დავამატებთ. გამჭვირვალე ლარნაკის ამ ყველაფრით ამოვსების შემდეგ ლარნაკს დავადგამთ ლამბაქზე დადებულ სველ ოაზისს და დავიწყებთ მისი პერიმეტრის ნაძვის წიწვებით დაფარვას (თუ ნაძვის ტოტებს ძირებს წავუთლით, ოაზისში უფრო ადვილად დამაგრდება). კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: მთელ პერიმეტრზე მწვანე მასალა ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ წონასწორობა დავიცვათ, რათა რომელიმე მხარეს არ გადაყირავდეს.

dsc-6337-1671455278.jpg

- ამასობაში წიწვებით უკვე შეივსო მთელი პერიმეტრი...

- კი, და თანაბრადაც გადანაწილდა. ახლა შეგვიძლია ზეთისხილის ტოტებიც გამოვიყენოთ, სადმე ტუიაც შეიძლება ჩავამაგროთ. სურვილისამებრ ხელოვნური წიწვებიც დავამაგროთ. უნდა გვქონდეს რომელიმე ხის ფოთოლგაცვენილი ხმელი ტოტიც, რომელზეც ნაძვის ხის პატარა სათამაშოებს დავკიდებთ და ამ ტოტსაც სველ ოაზისში ჩავამაგრებთ.

- ლოლიპოპის კანფეტები?

- მთავარია, ყველაფერი, რასაც ოაზისზე დავამაგრებთ, ისე განვალაგოთ, რომ დავიცვათ როგორც ოპტიკური წონა, ასევე ფიზიკური ბალანსი. კანფეტებიც ასეთი პრინციპით უნდა განლაგდეს. მათ შორის ხელოვნური და დეკორატიული ნაყოფები უნდა ჩავსვათ, რათა კომპოზიცია უფრო ინტენსიური გახდეს. ფერის ინტენსივობისთვის ბოლო შტრიხი ხელოვნური ყვავილებია, თუმცა მათი უხვად გამოყენებაც არ არის საჭირო. ეს ზამთრის კომპოზიციაა და მხოლოდ ელფერისთვის გვჭირდება. მთავარია, ეს ყველაფერი მოვიმარაგოთ და გავითვალისწინოთ, რომ თითოეული დეკორატიული დეტალი ერთი ფერის, მაგრამ სხვადასხვა ტონალობის უნდა იყოს.

dsc-6351-1671455279.jpg

- ლედ-ნათურები ელემენტებზეა და ჩამრთველს ლარნაკის გარეთ ვტოვებთ?

- კი, რათა სასურველ დროს მისი ჩართვა-გამორთვა შევძლოთ. შეიძლება რაიმე გადავაფაროთ და დავმალოთ. მთავარია, ჩართვა-გამორთვაზე ხელი ადვილად მიგვიწვდებოდეს.

- რამდენ ხანს გაძლებს ეს კომპოზიცია?

- დაახლოებით 2 კვირას. თუ შევატყობთ, რომ გამოშრობა დაიწყო, შეიძლება ოაზისის დასველება, წყლის დამატება, და დეკორატიული ეფექტი გახანგრძლივდება. ამ შემთხვევაში ქვემოდან შესხურებაა საჭირო, ვინაიდან ნამდვილი კანფეტები გვაქვს გამოყენებული. ფრთხილად უნდა მოვრწყათ ქვემოდან, რათა არ დავასველოთ.

- სად მოვაგროვოთ ეს ნივთები?

- ამ კომპოზიციაში გამოყენებული წიწვები, ტოტები ხელმისაწვდომია გარე ვაჭრობებზე. ბევრგან იყიდება საახალწლო სათამაშოები და კანფეტებიც, ელემენტის ჩამრთველზე აწყობილი ლედ-ნათურები საახალწლო ილუმინაციის მაღაზიებში უნდა მოვიკითხოთ. ყოველივე ამით მივიღებთ ლამაზ საახალწლო სამაგიდო კომპოზიციას, რომელიც სადღესასწაულო განწყობას მოუხდება. გარშემო შეგვიძლია შემოვუწყოთ გირჩი, კოჭა, ტოტები, სათამაშოები, რათა ამ ელემენტებით სრულვყოთ.

dsc-6392-1671455279.jpg

- ესე იგი, თუ მოვინდომებთ, კომპოზიცია ყველას გამოგვივა?

- კი, ასეა... ერთ საახალწლო ამბავს გავიხსენებ. მე და ჩემს მეუღლეს არ გვქონდა ჩვენი სახლი, რომელიც ძალიან გვინდოდა. ამიტომ ჩემს შემოქმედებაში სულ სახლებს, ბუდეებს ვაკეთებდი. ქვეცნობიერად ამასთან დაკავშირებული ვიყავი - სახლი იყო მთავარი ოცნება, სადაც ვიცხოვრებდი და რომელსაც მოვრთავდი. ერთხელაც შევედი მაღაზიაში, სადაც ნაირ-ნაირი საახალწლო სათამაშო და სხვადასხვა დეკორაცია ეკიდა. უცებ მათში თეთრი გასაღები შევნიშნე. მაშინვე ხელში ავიღე და მოლარეს ვუთხარი, შემიფუთეთ. ჩაფიქრებული მაქვს, ეს გასაღები სახლს მომიტანს-მეთქი. იმ წელიწადს ჩემმა ქმარმა კარგი პირობებით მიიღო სესხი და სახლი ვიყიდეთ. ცოტა ხნის წინ ჩემმა დამაც მითხრა, მეც ასე გავაკეთეო, და სახლი მანაც შეიძინა. ვუთხარი, ხომ ხედავთ, როგორი ჯადოსნური წესია-მეთქი, რეალურად კი რა ხდება - თუ მოინდომებ, მთავარია, მატერიალიზება გაუკეთო სურვილს და ოცნება აგიხდება.

ახალი წელი ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ძალიან ადრე იწყება სამზადისი, ნაძვის ხეს ზოგი 17 დეკემბერს დგამს, ზოგი უფრო გვიან ან ადრე. დღემდე მოუთმენლად ველოდები მას და ჩემი პროფესიაც ხელს მიწყობს, რომ მონაწილეობა მივიღო ამ ყველაფერში. კომპოზიციების შექმნას ბევრად ადრე ვიწყებ. ახლა ამ საქმეში შვილებიც მყავს ჩართული. მთელი ოჯახი ვჟრიამულობთ.

dsc-6412-1671455279.jpg

ახალი წელი ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია და დიდი სიამოვნებით რთავენ ნაძვის ხეებს. მეც ასე ვარ, ოღონდ მე გაძლიერებული ეფექტი მაქვს, პროფესია, ოჯახი და ამ დღესასწაულის სიყვარული მიათმაგებს სიხარულს.

მკითხველს, რომელიც ჩვენს სამაგიდო საახალწლო სანათურის გაკეთებას გადაწყვეტს, ვურჩევ - მაქსიმალურად ჩართონ ოჯახის ყველა წევრი. თუ ბავშვებსაც დაიხმარენ, უფრო მეტი ჟრიამული და მხიარულება იქნება. ერთად ლამაზად გამოუვათ და თავსაც მოიწონებენ, რომ სანათურის შექმნაში წვლილი შეიტანეს.

როგორც წესი, საახალწლოდ დიასახლისები სხვადასხვა საახალწლო კერძს ამზადებენ, მაგრამ არანაკლებ ემოციებს იწვევს ამგვარი ნამუშევრების გაკეთებაც. ისე, თუ რამეს დაამზადებენ, საინტერესო იქნება, შემდეგ რედაქციას საკუთარი ნამუშევრების სურათები გამოუგზავნონ.