დაიყოლია თუ არა პუტინმა ლუკაშენკო უკრაინასთან ომში ბელარუსის არმიის უშუალო ჩართვაზე?
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 19 დეკემბერს თავის "დესანტთან" - თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად მინსკში ჩაფრინდა და ბელარუს კოლეგასთან ლუკაშენკოსთან ძალზე სერიოზული მოლაპარაკებები გამართა, რამაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე, უახლოეს ორ-სამ თვეში...
თავად პუტინის სტუმრობის დეტალები, ბელარუსის დედაქალაქში, დიდი საიდუმლოებით იყო მოცული - რუსეთის, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტების საავტომობილო კორტეჟებით გადაადგილებისას, როგორც წესი, გამოიყენება ორი, აბსოლუტურად იდენტური შეჯავშნული ლიმუზინი, რომლებიც მოძრაობისას მუდმივად ადგილებს იცვლიან კორტეჟში, რათა პოტენციურ თავდასხმელებს გაუჭირდეთ იმ კონკრეტული ლიმუზინის ამოცნობა, რომელშიც, იმ მომენტში, სამიზნე ნომერი ერთი - პრეზიდენტი იმყოფება.
ანალოგიურ მეთოდს იყენებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური პრეზიდენტის თვითმფრინავის, "ბორტი ნომერი ერთის" სტუმრობისას სხვა ქვეყნების აეროპორტებში - ერთმანეთის მიყოლებით ეშვება ორი ერთნაირი უზარმაზარი "ბოინგი-747", რათა "იგლათი" თუ "სტინგერით" აეროპორტთან ჩასაფრებულმა პოტენციურმა ტერორისტმა ვერ გამოიცნოს პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.
მინსკში სტუმრობისას კი პუტინის უსაფრთხოების სამსახურმა ყველას "გადაუჯოკრა" და ერთდროულად ჰაერში სამი ერთნაირი ოთხძრავიანი "ილ-96" ააფრინა, როგორც მოსკოვიდან, ისე სანკ-პეტერბურგიდან, რათა ყველა დაებნია, თუ რომელი თვითმფრინავით აპირებდა პუტინი ლუკაშენკოსთან მინსკში ჩაფრენას, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ კრემლის მთავარ ბინადარს მართლაც სერიოზულად ადარდებს პირადი უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ამის საბაბიც აქვს, რადგან უკრაინელმა დივერსანტებმა უშუალოდ რუსეთის ყველაზე დაცულად მიჩნეულ ობიექტებზეც კი მოაწყვეს თავდასხმები...
რა გახდა ცნობილი პუტინ-ლუკაშენკოს მორიგი "ჩახუტების" (რასაც დიდი შიშით აკვირდებოდნენ, როგორც უკრაინაში, ისე დასავლეთში) შემდეგ?

აი, ის ძირითადი შედეგები, რაც ამ ორმხრივი შეხვედრის მონაწილეებმა თავად გააჟღერეს:
- პირველი - რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონალური დაჯგუფების ძალები კვლავ მუდმივად გააგრძელებენ საერთო სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებს, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზეც.
- მეორე - რუსეთის მიერ გადაცემული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერ-მ"-ის სარაკეტო კომპლექსები და "ს-400" ტიპის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები ბელარუსის არმიამ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენა.
- მესამე - ბელარუს სამხედრო პილოტებს რუსეთში გადაამზადებენ იმისთვის,რომ მათ შეეძლოთ "სპეციალური საბრძოლო მასალის" ანუ ბირთვულქობიანიანი რაკეტებისა და საავიაციო ბომბების საბრძოლო გამოყენება.
სამხედრო საკითხებში სამი გახმოვანებული მიღწეული შეთანხმებიდან არცერთი არ იყო მოულოდნელი - რუსეთ-ბელარუსის საბრძოლო დანაყოფები, ისედაც წლებია მართავენ ერთობლივ სამხედრო მანევრებს, რუსული "ისკანდერები" და "ს-400"-ები მეორე წელია, ისედაც ბელარუსის მიწაზეა, ხოლო ბირთვული იარაღის ბელარუსი პილოტების მიერ გამოყენების სწავლებაზე გაჟღერებული ინფორმაცია, უფრო დასავლეთის მორიგი "ბირთვული დაშინებისკენაა" მიმართული, ვიდრე რეალური ქმედებისკენ...
ანუ გამოდის, რომ პუტინი სამწლიანი პაუზის შემდეგ მინსკში მხოლოდ იმიტომ ჩაფრინდა, რომ ლუკაშენკოსთან ეს, არც თუ ისე პირველხარისხოვანი საკითხები განეხილა?
რა თქმა უნდა, არა, რადგან ყველა ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს - დაიყოლია თუ არა პუტინმა ლუკაშენკო იმაზე, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე სახმელეთო თავდასხმის განმეორების შემთხვევაში, შეტევაზე გადასულ რუსულ არმიას გვერდში ამოუდგება თუ არა ბელარუსის არმიაც?
ამაზე პირდაპირი პასუხის გაცემას, არც მოსკოვში და არც მინსკში არ აპირებენ, თუმცა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ცოტა უცნაური და ამასთან დამაფიქრებელი წინადადება წარმოთქვა ჟურნალისტებთან საუბრისას - მე ვფიქრობ, რომ ხალხი შეაფასებს ჩვენ გადაწყვეტილებას, რომელიც აქ მივიღეთ და ჩვენს სტრატეგიას...
მაგრამ ნიშნავს კი ეს მინიშნება იმას, რომ ბელარუსის არმიაც ფიზიკურად ჩაერთვება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში?
ფაქტია, რომ ორ-სამ თვეში რუსეთის ხელისუფლება შეეცდება გაიმეოროს 2022 წლის 24 თებერვლის რამდენიმე მიმართულებიდან თავდასხმა უკრაინაზე, რათა კვლავ შეეცადოს უკრაინის დედაქალაქის - კიევის დაპყრობას და უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებას, ამასთანავე, უკრაინის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო კომინიკაციების ბლოკირებას, რათა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ პოლონეთის, სლოვაკეთისა თუ რუმინეთის საზღვრებიდან უკრაინაში შეტანილმა შეიარაღებამ ფრონტის ხაზამდე ვერ ჩააღწიოს...
ამ ორივე ოპერატიული ჩანაფიქრის წარმატებით განსახორცილებლად რუსეთის გენშტაბს აუცილებლად დასჭირდება სახმელეთო შეტევების გამეორება, ბელარუსის ტერიტორიიდან, საიდანაც კიევამდე ასიოდე კმ-იც კი არ არის, ისევე როგორც ლვოვიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო კომუნიკაციებიც შედარებით ადვილად მისაწვდენია...
ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქებს არ დაჰკლებით სარაკეტო და საავიაციო დარტყმები, რომელსაც რუსი სამხედროები ახორცილებდნენ, მაგრამ თუკი სახმელეთო იერიშის ერთი წლის შემდეგ, გამეორებისას, ბელარუსის საზღვრიდან კვლავ შეჭრილ რუსულ ტანკებს, ამჯერად ბელარუსის დროშიანებიც გვერდში ამოუდგებიან, ეს მძიმე დარტყმა გახდება უკრაინის დამცველებისთვის, ისევე როგორც თავად ბელარუსებისთვის, რადგან გამოვა, რომ პუტინის მიერ "დაჩოქებულმა" მათმა ლუკაშენკომ, პრეზიდენტის სკამის შენარჩუნების მიზნით, ერთმანეთს წაკიდა საუკუნოვანი მეგობრობის მქონე უკრაინელი და ბელარუსი ერი, რაც მანამდე დიდი "წარმატებით" მოახერხა რუს და უკრაინის ხალხებს შორის კრემლის მთავარმა ბინადარმა...