"ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირში რომ გადაასახლეს, იქ გაიცნო ნადეჟდა კალოევი, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ" - კვირის პალიტრა

"ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირში რომ გადაასახლეს, იქ გაიცნო ნადეჟდა კალოევი, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ"

"...გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სოხუმისა და თბილისის მერის, ბათუმის ოლქის გუბერნატორის და უბრალოდ, "გურიის მეფის" - ბენია ჩხიკვიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის... რეჟისორი და მწერალი, წიგნის - "ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი" ავტორი - ირაკლი მახარაძე ამ თემაზე უნიკალურ ცნობებს გვაწვდის...

...ჩხიკვიშვილი გადაასახლეს ციმბირში, იაკუტსკის გურბერნიის კირენსკის მაზრაში. იქ გაიცნო ნადეჟდა კალოევი, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. იმის მიუხედავად, რომ იდეურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ - ქმარი მენშევიკი, ცოლი კი - მემარცხენე ესერი, მათ შორის სიამტკბილობა სუფევდა.

ერთხელ, თურმე, თბილისის მერობისას, ჩხიკვიშვილი სახლში დაბრუნდა და იქ ესერების მთელი ხელმძღვანელობა დახვდა - მისი ცოლი ნადია სახლში აწყობდა ესერების შეკრებებს. ეს რომ დაინახა, აიღო ტელეფონის ყურმილი და ვალიკო ჯუღელს დაურეკა - ყველა ესერი აქანე მყავს, სახლში შეკრებილი და მოი, დააპატიმრეო...

foto-1672044896.png
ბენია მეუღლესთან, ნადია კალოევთან ერთად

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოსვლის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ოჯახის გარეშე ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინოპოლში. იქ ნოე ჟორდანიას 1921 წლის 28 მარტის განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური საკითხების მომწესრიგებელი „მთავრობის ეკონომიკური კომისია“, რომლის თავმჯდომარე – ფინანსთა მინისტრი კ.კანდელაკი გახლდათ, კომისიის წევრები კი იყვნენ: მომარაგების მინისტრი - გ.ერაძე, ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე კი - ბენია ჩხიკვიშვილი, გენერალი ა.ზაქარიაძე, კონსული ი. გოგოლაშვილი (მდივანი).

ცოტა ხანში ჩხიკვიშვილი საფრანგეთში ჩავიდა. ერთხანს გერმანიაში ცხოვრობდა.

თუ როგორ განიცდიდა ის ოჯახთან იძულებით დაშორებას, კარგად ჩანს მეუღლესა და შვილებისადმი გამოგზავნილ ღია ბარათებში:

,,19/IX 23 წელი. ჩემო ძვირფასო ბიჭუნა გრიშა. საყვარელო, გიკრავ გულში და გკოცნი უთვალავს. გახსოვდეს, შვილო, რომ მამაშენის გული უთქვენოთ მუდამ მკვდარია, გელის თქვენ და თქვენი ნახვის იმედით სცოცხლობს. როცა გაიზდები მაშინ გაიგებ, რომ მე არაფერი ბრალი მიმიძღვის თქვენს ასეთ განწარებაში... შვილო, იყავი ჭკუით და დედის დამჯერე. სლავკას მუდამ ეფერებოდეთ და დედას დაუჯერეთ. შენი ბენია”.

აქვე ვიტყვი, რომ ჩხიკვიშვილებს სამი შვილი ჰყავდათ - ვიქტორი, გრიშა და სლავა. გრიშა ქუჩაში ვიღაცას გამოესარჩლა, თურმე და ჩხუბში მოკლეს. ვიქტორი იმ დროს ციხეში იჯდა - ციგისთვის მეზობლად მშენებარე სახლიდან ფიცარი წამოიღო, ის დაასმინეს და როგორც ხალხის მტრის შვილი, ორი წლით გამოკეტეს ციხეში. ციხიდან გამოსულმა, ძმის მკვლელს ვერის სასაფლაოზე, გრიშას საფლავზე მოუღო ბოლო. ისევ ციხეში დააბრუნეს. სლავა დარჩა მარტოდმარტო. ამასობაში, დედა ინფარქტით გარდაიცვა, როცა გაიგო, რომ შესაძლოა, ისიც დაეპატიმრებინათ. სლავამ, მომავალმა ცნობილმა ექიმმა, დაუძლურებული ძმა, რომელმაც ლამის მთელი სიცოცხლე საპატიმროში გაატარა, სახლში მიიყვანა და შეიფარა....

მალე ბენია ჩხიკვიშვილი საფრანგეთში დაბრუნდა და იქ სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის, მონაწილეობდა რეიმსის საკათედრო ტაძრის აღდგენაში, როგორც მღებავი, ასევე, სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და მძღოლადაც მუშაობდა. საფრანგეთში ბენია ნიკოლოზ ჯაყელთან ერთად სოფელ ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელის ფორმალური მეპატრონე გახდა.

319396092-1184361972182681-350591655157444905-n-1671522790.jpg
ფოთის ციხიდან ბენიას მიერ დისთვის გაგზავნილი ფოტოსურათი1907 წლის 6 დეკემბერი. ირაკლი მახარაძის კოლექცია

1922 წლის 24 ივნისს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, ლევილის მამულის მფლობელებად ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი არიან წარმოდგენილნი. ამ დოკუმენტის პირველსავე პუნქტში აღნიშნულია:

,,მამული, რომელიც შეძენილია ჩვენ ორის სახელზე კომუნა ლოვილში, დეპარტამენტი სენ–უაზი, საფრანგეთში და აღნიშნულია ნოტარიულ აკტში, შედგენილში ქ.მონლერიში, ნოტარიუს პოპლენის მიერ, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს”.

ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი. უამრავი მითქმა-მოთქმა და ჭორი ტრიალებდა ლევილის მამულის შეძენის თაობაზე, თითქოსდა საქართველოს მთავრობამ გატანილი ქართული საგანძურის ნაწილი გაყიდა და ამით იყიდა ლევილი. სინამდვილეში, დოკუმენტების მიხედვით, მთავრობამ თან გაიტანა ფინანსთა სამინისტროს, ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც - 112 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამის გაყიდვის შემდეგ შეისყიდეს ლევილის მამული 130 ათას ფრანკად და - არა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების გაყიდვით.

ის დიდი მონდომებით მუშაობდა ,,მამულის წარმოების ყოველ დარგში: რეპარაციის, ფრინველის მოვლის, სადურგლო საქმისა და სხვა... რისთვისაც ლევილის მამულის სამეურნეო კომიტეტმა 1923 წლის 21 თებერვლის ოქმის მიხედვით, მას გასამრჯელოდ გამოუყო 1400 ფრანკი. კომისიის თავმჯდომარის - ნ.ჩხეიძის ხელმოწერილ ამ დოკუმენტში გამოთქმულია სინანული, რომ ,,ჩხიკვიშვილის მუშაობა ბევრად მეტი ღირს და კომიტეტი დიდათ აფასებს ამ მუშაობას, მაგრამ იძულებულია ამ ჟამათ უფულობის გამო ამ მცირე თანხით განისაზღვროს მისი ჯილდო”.

შემორჩენილია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია, თუ რა ნივთებს ფლობდა ჩხიკვიშვილი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში:

მაგიდა - 2; დივანი - 1; საწოლი - 1; კარადა - 1; კომოდი - 1; სავარძელი - 1; სკამი - 4; საკიდი - 1; ,,ეტაჟერკა” - 1; მატრაცი - 1; ლეიბი - 1; ზეწარი - 4; ბალიშის პირი - 4; პირსახოცი - 3; საბანი - 1; პატარა საბანი - 1; საზაფხულო საბანი - 1; მუთაქა - 1; სარკე კედლის - 1; დივანზე გადასაკრავი - 1; სალამანდრა - 1; სანაგვე ვედრო - 1; ნავთის ლამპა - 1; ნოხი - 6; ფარდაგი - 1.

ნოე ჟორდანია ერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის ჩხიკვიშვილის შესახებ:

,,ერთხელ პარიჟის ვოგზალზე გამაცილა ბენია ჩხიკვიშვილმა. დაინახა ქალი ჩემოდნით, გამოართვა ხელში და ჩაუტანა ვაგონში, რამაც გამოიწვია საერთო განცვიფრება, პირველ ყოვლისა, ჩემოდნის პატრონის. ბენიას ქართული ჟესტი გაუგებარი დარჩა (ეს იყო 1923 წელს)".

ჩხიკვიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ემიგრანტული მთავრობის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩართული იყო პარტიათაშორის მოლაპარაკებების პროცესში, საოკუპაციო რეჟიმთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით.

1924 წელს, აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად, უკან ფარულად დაბრუნდა. მასთან ერთად ჩამოსული ვალიკო ჯუღელი დღიურში წერდა:

,,9 თებერვალი 24 წ. შაბათი საღამო. მარსელი. მინდა, რომ ეს სადღი[უ]რო წიგნაკი ჩვენზე ბედნიერი იყოს: რომ იგი იყოს უკანასკნელი უცხოეთისთვის... დღეს დილით ჩამოვედი მარსელში... თითქმის ამ სამი წლის წინათ სწორედ აქ ვიყავი: მარსელით შამოვედი საფრანგეთში და მარსელითვე გავდივარ. მაშინ მე და ბენია შამოვედით ერთად და ახლაც ერთად გავდივართ... უთუოდ არსებობს რაღაცა წერა, რაღაცა განგება!.. მაშინ, ამ სამი წლის წინათ, მძიმე და გაურკვეველ გუნებაზე ვიყავი... ახლა კი სრულიად დამშვიდებული, მხნე და იმედიანი ვარ... მაშინ არ იყო პერსპექტივა, ახლა კი მაქვს ნათელი და შეურყეველი რწმენა...”[2]

ჩხიკვიშვილს შეეძლო უარის თქმა, რადგან მძიმედ იყო ავად, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა, ქვეყნის დასახმარებლად დაბრუნებულიყო, თუმცა აჯანყების სისწორეს არ იზიარებდა. შალვა ამირეჯიბის სიტყვებით ,,ჩხიკვიშვილთან ერთად ზოგი მენშევიკიც არ იზიარებდა აჯანყების საკითხს”.[3]

ჩხიკვიშვილი, გასაგები მიზეზების გამო, ოჯახის სანახავად ვერ მივიდა. ამიტომ უმცროსი, ოთხი წლის შვილი მიიყვანეს კონსპირაციულ ბინაზე. უფროს შვილებს არ გააგებინეს, რათა უცაბედად სადმე არ ეთქვათ. ბავშვი რომ წამოიზარდა, თურმე, იხსენებდა, ბუნდოვნად მახსოვს, რომ ვიღაც წვერებიანი კაცი მეფერებოდა, მკოცნიდაო და განუწყვეტლივ იძახდა - ჩემო შვილო, შვილოო... ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს 1924 წლის 25 ივნისს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს იმავე წლის 11 ივლისს. ჩხიკვიშვილი კატეგორიულად უარყოფდა დაპატიმრებისას ბინაში აღმოჩენილ ნოე ჟორდანიას წერილთან და სოციალ-დემოკრატთა პარტიის არალეგალურ ცეკასთან რამე კავშირს. ის განუმარტავდა გამომძიებლებს, რომ ჩამოსული იყო ოჯახის წასაყვანად, რომელიც იმჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, რადგან ჩეხოსლოვაკიაში აპირებდა გადასახლებას, რომ ის მხოლოდ ამ მიზნით იყო ჩამოსული საქართველოში და არავითარი პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

მისი დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ:

ფურცელი 6 - ჩამორთმეული ნივთები: თერმომეტრი - ერთი, ქიმიური ფანქრის ნაჭერი, საყელო ორი. შარვლის სამაგრი ერთი. ნაჭრის ქამარი ერთი, საათი... უბრალო ძეწკვი და პატარა ლექსიკონი - ერთი.

ფურცელი 8 - შევსებული ანკეტა - გვარი: ჩხიკვიშვილი, სახელი და მამის სახელი: ბენიამინ გრიგორის ძე.

მოქალაქეობა: საქართველოს.

ჩაწერის ადგილი: ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის ოლქი, სოფელი ციხე.

ეროვნება: ქართველი

ასაკი: 45 წელი; დაბადების თარიღი, 1879.

განათლება: სასოფლო სამეურნეო სკოლა ქუთაისში

ოჯახის წევრები: დედა - გოგოლი კაციას-ას ჟღენტი, ასაკი - 70, ოზურგეთის ოლქი; ძმა - დავით გრიგორის-ძე, ასაკი - 45, და - მარია, ასაკი - 25, მუშაობს - სახლში; ცოლი - ნადეჟდა ევსტათის-ას კალოევა, ასაკი - 36, თბილისი; შვილები - ვიქტორი, გრიგორი, სვიატოსლავი, ასაკი - 10, 7, 4;

პარტიულობა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1900 წლიდან.

სამუშაო ადგილები:

ირკუტსკი (1917 წლამდე) - კოოპერაცია, კერძო გაკვეთილები, აგრონომია

სოხუმი - ქალაქის თავი; ქუთაისის გუბერნიის კომისარი; ბათუმის კომენდანტი; თბილისის ქალაქის თავი; თბილისის ოლქის გენერალური გუბერნატორი.

ნასამართლეობა: მეფის რუსეთის დროს

სამხედრო სამსახური: არასოდეს მსახურობდა

როდის დააკავეს: 1924 წლის 25 ივნისს

სად დააკავეს: თბილისი, დუშეთის ქუჩა N18

საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: თბილისი

1924 წლის 30 ივლისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილების რწმუნებულმა ჯალაღანიამ საქმის განხილვის შემდეგ მოითხოვა ჩხიკვიშვილის საქართველოდან გადასახლება და რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში, სასტიკ იზოლაციაში მოთავსება ხუთი წლის ვადით.

ჩხიკვიშვილმა მოახერხა და ციხიდან პერანგის ნაჭერზე ქიმიური ფანქრით დაწერილი წერილი გაუგზავნა ცოლს, სადაც იუწყებოდა, რომ სადღაც, რუსეთში მივყევართო და მას აწყნარებდა. სხვა ქართველებთან ერთად, ის სუზდალის ციხეში ჩასვეს. 1924 წლის 30 აგვისტოს ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ - ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, გიორგი წინამძღვრიშვილის და ვასო ნოდიას დახვრეტის სანქცია გასცა.

ქართველები სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, სადღაც, რუსეთის ტერიტორიაზე დახვრიტეს...[4]

ისინი, "როგორც ამბობენ, ვაჟკაცურად შეხვდნენ სიკვდილს.”[5]

მათი საფლავების ადგილი უცნობია.

(სპეციალურად საიტისთვის)