"გავრცელებული ინფომაცია სიცრუეა, გუშინ ესპანეთში გაფრინდა თავის შვილთან" - რას აცხადებს თამარ გვერდწითელის მეგობარი?
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მომღერალი - თამარ გვერდწითელი თითქოს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავს ცუდად გრძნობს. ამის შესახებ მისმა ყოფილმა პროდიუსერმა მოსკოვში - სერგეი პუდოვკინმა ისაუბრა, თუმცა, თამარ გვერდწითელის თბილისში მცხოვრები მეგობრები და მისი მენეჯერი "კვირის პალიტრასთან" საუბარში საპირისპიროს ამბობენ - რომ მომღერალი თავს კარგად გრძნობს და გუშინ შვილთან გაემგზავრა:
"თამრიკოს შესახებ ეს ინფორმაცია მოსკოვში მისმა ყოფილმა პროდიუსერმა - სერგეი პუდოვკინმა გაავრცელა, რომელთანაც თამრიკო აღარ თანამშრომლობს. თითქოს ამით გამართლება მოუძებნა იმ ფაქტს, რომ თამარა იმის გამო არ მღერის და არ გამოდის კონცერტებზე, რომ ცუდადააო.
სიმართლე ის გახლავთ, რომ თამარ გვერდწითელი გუშინ ესპანეთში გაფრინდა თავის შვილთან, დასასვენებლად. გავრცელებული ინფომაცია სიცრუეა და მისი გულშემატკივარი ტყუილად ნუ ინერვიულებს", - გვითხრა მომღერლის მეგობარმა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში თამარ გვერდწითელს დედა გარდაეცვალა, რომელიც ცხადია, მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყო:
"83 წლის ინა კოფმანმა ხერხემალზე თიაქრის ოპერაცია გაიკეთა, სიარულში უშლიდა ხელს და ტკივილები ჰქონდა... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ იგი თრომბოემბოლიით გარდაიცვალა... დილით კარგად იყო და საღამოს დარეკეს, გარდაიცვალაო... ცხადია, როდესაც ეს ამბავი თამარმა გაიგო, განიცადა და ემოციურად ცუდად იყო, კლინიკაში მართლაც მოხვდა, თუმცა ეს იმ ერთ საღამოს, მეორე დღეს კი უკვე სახლში იყო და პანაშვიდებსა და დაკრძალვას ჩვეულებრივად დაესწრო", - ამბობს თამარის მეგობარი.
პუდოვკინის თქმით, თამარმა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა დედის გარდაცვალება და სტრესის გამო, ორჯერ იყო კლინიკაში.
გთავაზობთ ციტატას პუდოვკინის ინტერვიუდან:
"სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება. მასთან ერთი მთლიანი იყო: მისით ცხოვრობდა, შინ დაბრუნებული მას წარუდგენდა ყველა მიღწევას. ხომ არის შემთხვევები, როცა დედა-შვილი ვერ ძლებს უერთმანეთოდ? ეს ის შემთხვევაა. ძალიან ცუდად არის და არ ვიცი, რიტ დავეხმარო. გუშინაც ვისაუბრეთ და გაუჩერებლად ტირის", - ამბობს პროდიუსერი და შიშობს, რომ მომღერალი თავს ინადგურებს. "არ მომწონს ის, რაც ხდება. არადა, საშინელება ხდება. მასთან მისვლა, ჩაის დალევა, ადამიანურად მოფერება არ შემიძლია, რადგან ის საქართველოშია, საკმაოდ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დედამისია დაკრძალული. მე კი მოსკოვში ვარ"...