"პუტინის "ქორები" ერთმანეთს დაერივნენ" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინის "ქორები" ერთმანეთს დაერივნენ" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული ჟურნალის "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საინტერესო სტატია სათაურით "პუტინის "ქორები" ერთმანეთს დაერივნენ" (ავტორი - მარკ გალეოთი), რომელშიც განხილულია რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის გაჩენილი უთანხმოება, უკრაინასთან ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსი "ქორები" ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ "ბუმბული ქარს მიაქვს": რაც უფრო დამარწმუნებელი და აშკარა ხდება კრემლის შეცდომა უკრაინაში შეჭრის თაობაზე, უთანხმოება "ქორებში" მით უფრო ფართოვდება და ღრმავდება. ეს არის საკმაოდ ძლიერი მინიშნება იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს მთავარი საფრთხე ლიბერალებისაგან კი არ ემუქრება (რომლებიც მან ძირითადად უკვე ციხეებში ჩაყარა და საზღვარგარეთ გააძევა), არამედ სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო ნაციონალისტებისაგან.

სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი, ომის დაწყების ჟამს, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდა, ზოგიერთები კი შეჭრას მიესალმებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უნდა შეჩერებულიყო. ისინი უკრაინას "მოღალატედ" მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსეთს ზურგი აქცია. ამასთან, ბევრმა ნაციონალისტმა აღშფოთება გამოხატა იმ დილეტანტიზმის, არაკომპეტენტურობასა და კორუფციაზე, რომლის გამოც რუსეთის არმიამ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია.

შესაბამისად, ნაციონალისტთა თვალსაზრისი სინამდვილეში, გარკვეულწილად, ჩვენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციად უნდა ჩავთვალოთ: ისინი ერთი შეხედვით პატრიოტული მოწოდებით კი გამოდიან, მაგრამ, ფაქტობრივად, ამით აკრიტიკებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ნაციონალისტები ჯერ-ჯერობით ცოტანი არიან, მაგრამ მათ იმავდროულად დიდი გავლენა აქვთ ძალოვანი უწყებების და სპეცსამსახურების ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებზე, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურშიც. ამით აიხსნება ის, რომ მათ ძველებურად ნებადართული აქვთ თავიანთი აზრი გამოხატონ სოციალურ ქსელებსა და ტელეარხების ეკრანებზე. ეს, როგორც ჩანს, ხდება იმ შიშის გამო, რომ თუ მათთვის "პირის ამოკერვას" შეეცდებიან, ისინი უფრო სახიფათონი გახდებიან, რადგან ბევრი თანამგრძნობი ჰყავთ.

მათგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებას წარმოადგენს იგორ გირკინი, სამხედრო ფსევდონიმით "სტრელკოვი". სწორედ ის იყო დონბასში სეპარატისტული ანტიუკრაინული გამოსვლების ინციატორი 2014 წელს. იგორ გირკინი მონარქისტი და ნაციონალისტია, ამას წინათ ჰააგის სასამართლომ იგი დამნაშავედ აღიარა სამოქალაქო ავიალაინერ MH17-ის ჩამოგდების გამო.

ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ იგორ გირკინი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს, მისი მმართველობის მონარქიული სტილის გამო, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება. უკრაინაში შეჭრის შემდეგ იგორ გირკინს მოულოდნელად სატირიკოსის ტალანტიც აღმოაჩნდა - მისი კომენტარები სოციალურ ქსელში სატირულია და ირონიულიც, კრიტიკული ხასიათისაა და საკმაოდ ზუსტად ასახავს სიტუაციას. მაგალითად, ვლადიმერ პუტინს იგი უწოდებს "ჩვენს უნიკალურ სტრატეგიულ უპირატესობას", თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს - "ფანერის მარშალს", "სულელს", "ქურდს" და "ავაზაკს". ასეთივე ეპითეტებით ამკობს მთავრობასაც.

ოქტომბერში იგორ გირკინმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში, მაგრამ მოგვიანებით იგი ისევ მოსკოვში გამოჩნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი ადგილი ფრონტზე არ არის, სადაც გირკინის ვარსკვლავი ხელახლა გაბრწყინდებოდა, ან შეიძლება უკრაინელებს ტყვედაც ჩაეგდოთ, რითაც დიდი პოლიტიკური კონფუზი მოხდებოდა.

ის, რომ გირკინი საშიშ პიროვნებაა, აშკარაა იმითაც, რომ ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, კრემლის ერთ-ერთი ქოფაკი, რომელიც შავი ფერის ჩაცმულობით და შხამიანი კომენტარებით გამოირჩევა, მას პირდაპირ "გაავებული უყეფს": სოლოვიოვის აზრით, გირკინი "ფსევდოპატრიოტია" და სამშობლოსადმი მისი სიყვარული გულწრფელი არ არის. "იგი ომში წავიდა, მაგრამ ჩაისვარა და უკან დაბრუნდა", - თქვა მან ბოლო კვირის გადაცემაში და გირკინს ურჩია, - "იქნებ ვაგნერის ბიჭებთან წახვიდე, ბრძოლას მიგაჩვევენო" (თვითონ ვლადიმერ სოლოვიოვს, სხვათა შორის, ჯარში არცერთ თანამდებობაზე არ უმსახურია. ტელეწამყვანის სამიზნეებად ჩვეულებრივ ხდებიან უცხოელები, ლიბერალები და სხვა იოლი ნადავლი).

იგორ გირკინის პასუხს არ დაუგვიანია: მან ტელეწამყვანს ღია დებატები შესთავაზა, რომ რაიმე ფარული რედაქტირება არ მოხდესო. "მოხარული ვიქნები, რომ ვლადიმერ რუდოლფოვიჩთან მისთვის სასურველ ყველა თემაზე ვისაუბრო, გარდა პირადი ცხოვრებისა. თუ იგი, სიღარიბის გამო, დებატების ორგანიზებას ვერ შეძლებს, მე მზად ვარ, მისივე თანხმობით, შესაბამისი პლატფორმა შევთავაზო". ეს უკვე "წელს ქვემოთ" განხორციელებული ეშმაკური დარტყმა იყო: ყველამ კარგად იცის, რომ ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელიც დასავლეთში მყოფ რუს "სპეკულიანტებს" და "კორუფციონერებს" ლანძღავს, თვითონ არის მილიონერი და ფლობდა ორ ვილას კომოს ტბის ნაპირზე იტალიაში. იგი ძალიან გაბრაზდა, როცა იტალიის პოლიციამ ამ შენობების კონფისკაცია მოახდინა.

"კაცმა რომ თქვას, მე ამ მშიშარა და მატყუარა არსებისაგან, ყველა შემთხვევაში, რაიმე სერიოზულს არაფერს ველოდები", - დაამატა იგორ გირკინმა.

ერთი მხრივ, ეს არის უსიამოვნო საჯარო შეხლა-შემოხლა სამხედრო დამნაშავესა და კრემლის პროპაგანდისტს შორის, მაგრამ მეორე მხრივ, იმ დროს, როცა ამერიკის ციხიდან გამოშვებული იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი თავის პირველ ტელეინტერვიუში ამბობს, რომ იგი ამაყობს თავისი ქვეყნის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით ("ოღონდ უფრო ადრე უნდა ჩარეულიყო უკრაინის საქმეებშიო"), ნათელი ხდება, რომ რუსეთში არსებობს დისიდენტების ახალი სახის აჯანყების შესაძლებლობა - "ქორი" ნაციონალისტებისა, რომელთა აღმასვლა დასავლეთს ნამდვილად არ სურს, მაგრამ რომლებიც, იმავდროულად, ვლადიმერ პუტინისათვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენენ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ