"ხანდახან წყალი დამარცხებულის წისქვილზეც უნდა დავასხათ..." - რას ფიქრობს ნანა ცინცაძე თანამედროვე საქართველოზე
ქვეყანაში არსებული პრობლემები ყველას ერთნაირად გვტკივა და გვაწუხებს, თუმცა, ამ პრობლემებს პოეტური სულის მქონე ადამიანები სულ სხვაგვარად განიცდიან და აღიქვამენ. გთავაზობთ ამონარიდებს ნანა ცინცაძის სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"როდესაც ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც ჯანმრთელობა აქვს შერყეული და დახმარება სჭირდება, მე, როგორც ექიმი, სხვას ვერაფერს გეტყვით - მას უნდა დავეხმაროთ! გამოგიტყდებით, არ მინახავს კლინიკაში გადაღებული კადრები და არც ვნახავ, რადგან მგონია, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვავნებ. არსებობს ტერმინი - "საექიმო საიდუმლო", რომლის გაცემის უფლება, წესითა და კანონით, არავის აქვს..."
"ყველა ექიმი შეგუებულია იმ აზრს, რომ გაღიზიანებული ავადმყოფი უნდა დაამშვიდოს - ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ავად ყველა ყოფილა, მე მაგალითად, როცა კარგად ვარ, მზად გახლავართ, მთები გადავდგა, მაგრამ ცუდად მყოფი ისეთი მშიშარა და უძლური ვხდები, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ამიტომ, ამ კადრების გამოქვეყნება არ იყო მისაღები..."
"ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ხალხი საქართველოდან გადის. ადრე ვხედავდი, რომ გაჭირვებული ადამიანები მიდიოდნენ, ახლა კი ისეთი ხალხი მიდის, რომელსაც აქ არაფერი უჭირს. ქვეყანა იცლება და უკან არავინ ბრუნდება: ჩვენი ემიგრანტები იქ ოჯახებს ქმნიან და მათი ქართველობა თანდათან იკარგება. ისედაც მცირერიცხოვანი ერის შვილები ვართ და თუ ერთმანეთს არ გავაძლიერებთ, ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე