"მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან ამის კარგი მაგალითი მაქვს" - 21 წლის ანა ჯიშკარიანის წარმატებები ჰოლანდიაში - კვირის პალიტრა

"მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან ამის კარგი მაგალითი მაქვს" - 21 წლის ანა ჯიშკარიანის წარმატებები ჰოლანდიაში

ამსტერდამის უნივერსიტეტმა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, ანა ჯიშკარიანი აირჩია უნივერსიტეტის ელჩად და თავისი სამაგისტრო პროგრამების სახედ ბანერებზე, სადაც ასეთი ტექსტი ეწერა: „დედა, შეხედე, მე გარეკანზე ვარ“. ასე გაიგეს ჰოლანდიაში, კონკრეტულად ამსტერდამში ქართველი გოგონას წარმატების შესახებ. ანა ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, სწავლობს საერთაშორისო ბიზნესის პროგრამაზე ამსტერდამის უნივერსიტეტში. იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია წარმატებებს, თავად მოგვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობაში რა პროფესიაზე აღარ მიფიქრია - ხან მომღერლობა მინდოდა და სიმღერის წრეზე შემიყვანეს, მერე მოცეკვავეობა მომინდა და ცეკვის სტუდიაში დავიწყე სიარული. მიხარია, რომ მშობლების მხრიდან თანადგომას ვგრძნობდი. იურისტობა რომ გადავწყვიტე, იმიტირებულ სამიტებში ვმონაწილეობდი. რამდენჯერმე წავედი და მივხდი, ჩემი არ იყო. ბოლოს ტურიზმით დავინტერესდი..."

"ადვილი არ არის, მარტო წამოხვიდე უცხო ქვეყანაში და თავი დაიმკვიდრო. ყველაფრის კეთება შენ გიწევს - საცხოვრებლის მოწყობა, სწავლა, სამსახური, მეგობრები. თავიდან, ცოტა არ იყოს, სტრესულია ეს ყველაფერი, მაგრამ პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში იმდენად გეხმარება, რომ ნამდვილად ღირს. ადგილობრივები ძალიან რაციონალურები არიან, თბილი ხალხია..."

314668342-10222327701886715-7843490798597069223-n-copy-1671691696.jpg

"სტუდენტისთვის საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვარ. რაც უფრო მეტი მაქვს გასაკეთებელი, მით უფრო პროდუქტიული ვარ. ასევე ვარ ჩემი უნივერსიტეტის ელჩი და ღონისძიებებსა და მარკეტინგულ აქტივობებში ვარ ჩართული. ბანერებზეც ამ მიზეზით მოვხვდი. სამაგისტრო პროგრამებისთვის გამიზნული ამ მარკეტინგული კამპანიის იდეა ის იყო, რომ თუ მაგისტრატურაში კარგად ისწავლი, ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე დაიბეჭდები..."

"შესაძლებლობებს არ ვუშვებ ხელიდან. მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან ამის კარგი მაგალითი მაქვს, მათ ჩამინერგეს სწავლისა და შრომის სიყვარული. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო და შევუთავსო ერთმანეთს - სწავლა, მუშაობა, მოგზაურობა, დასვენება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი