"აშშ-სგან უკრაინისათვის გადაცემულ Patriot-ის რაკეტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება კი შეუძლია, მაგრამ ეს სარისკო ნაბიჯიც იქნება"
ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "აშშ-სგან უკრაინისათვის გადაცემულ Patriot-ის რაკეტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება კი შეუძლია, მაგრამ ეს სარისკო ნაბიჯიც იქნება" (ავტორი - ჯეკ უოტლინგი, ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი).
"როცა დასავლეთი უკრაინას რუსეთისაგან თავდასაცავად მნიშვნელოვან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აძლევს, ამით სარისკო ნაბიჯს დგამს - ასუსტებს საკუთარ პოზიციას, "შიშით შეკავებაზე" დაფუძნებულს, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ტექსტს, მცირე შემოკლებით, აქვე გთავაზობთ:
"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ახალ სიმაღლეზე ადის: თეთრი სახლი აცხადებს, რომ მზად არის, კიევს ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსი "ფეთრიოთი" (Patriot) გაუგზავნოს - სისტემა, რომელიც მოიცავს საჰაერო სამიზნის დამჭერ მძლავრ რაკეტებს და რადარს, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან ეფექტიანი იქნება უკრაინელების დასახმარებლად, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ თავდაცვით ომში.
მაგრამ ამ სისტემის მიცემა ნატოს გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის.
თავდაპირველად ჯო ბაიდენი გამორიცხავდა უკრაინისათვის Patriot-ის კომპლექსის გაგზავნას, თუმცა რუსეთის სამხედრო მოქმედებების სტრატეგიაში მომხდარი ცვლილების კვალობაზე, რაც კრემლის მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებაში გამოიხატება, ამერიკამ პოზიცია შეიცვალა. ამჟამად რუსეთი ცდილობს, ირანისაგან ბალისტიკური რაკეტები შეიძინოს თავისი რეზერვების შესავსებად, რომელიც, ბუნებრივია, გამოულევი არ არის და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი თვითონაც აწარმოებს მსგავს რაკეტებს, ეს ნიშნავს, რომ სარაკეტო შეტევები ხანგრძლივი დროით გაგრძელდება. ესე იგი, ამიერიდან აშშ-ის პრიორიტეტსაც სარაკეტო დარტყმებისაგან უკრაინის დაცვა წარმოადგენს ანუ "ჰუმანურობა უპირველეს ყოვლისა".
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ "ფეთრიოთი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემაა: ბოლო ხუთ წელიწადში საუდის არაბეთმა Patriot-ებით ირანული წარმოების ასობით რაკეტა ჩამოაგდო, იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული. უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვის პარალელურად, "ფეთრიოთები", ასევე, გამოათავისუფლებენ უკრაინული წარმოების სარაკეტო სისტემებს - С-300-ებს, რომლებიც შემდეგ ფრონტის ხაზზე თავიანთი ნამდვილი დანიშნულებით იქნებიან გამოყენებულები, სამოქალაქო ობიექტების დაცვისგან განსხვავებით.
მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ Patriot-ების სისტემა რუსული დარტყმებისაგან დაუყოვნებლივ დაცვას არ უზრუნველყოფს, ამიტომ, უკრაინის ენერგოსტრუქტურის ობიექტების დაბომბვა, უახლოეს პერსპექტივაში, სავარაუდოდ, მაინც გაგრძელდება. "ფეთრიოთი" რთულ სარაკეტო-საზენიტო კომპლექსს წარმოადგენს, მის ექსპლოატაციას ღრმა ცოდნა და მაღალი დონის მომსახურება სჭირდება. იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ქვეყანას Patriot-ები ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ "მკვდარი ტვირთის" სახით, რადგან ექსპლოატაციასთან დაკავშირებული პრობლემები ვერ იქნა დაძლეული. უკრაინელებმა რომ სტაბილურად ისარგებლონ ამ სისტემით, მათ მოსამზადებლად მნიშვნელოვანი დრო დასჭირდებათ.
რამდენადაც კიევს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი შეუმცირდა, ქვეყანა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე. ასეთივე სიტუაციაა საარტილერიო ჭურვებთან მიმართებით და ჯავშანტექნიკის საკითხშიც. იქმნება სიტუაცია, როცა შეიძლება გარკვეული რისკი გაჩნდეს რეზერვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იგულისხმება იარაღი, რომლის მარაგი უკრაინის პარტნიორებსაც შეზღუდული აქვთ.
ზოგიერთები შიშობენ, რომ Patriot-ებით დაუყოვნებლივი სამხედრო დახმარების გაწევას ომის ესკალაციის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ამერიკისათვის ეს (ანუ ესკალაცია და მეტი ადამიანის დაღუპვა) ის მიზეზი არ არის, თუ რატომ არ აძლევდა უკრაინას ამ კომპლექსს. საქმე ისაა, რომ ამერიკას "ფეთრიოთების" ბატარეები იმდენად ცოტა აქვს, რომ ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში განთავსებული თავისი ძალების დასაცავადაც არ ჰყოფნის. გარდა ამისა, ამ რაკეტებზე დიდი მოთხოვნაა უკვე არსებული მომხმარებლებისაგან - შვედეთით დაწყებული, საუდის არაბეთით დამთავრებული. საუდიტები ყოველთვიურად უამრავ რაკეტას ხარჯავენ თავიანთი ნავთობმოპოვების და გადამუშავების კრიტიკული ობიექტების დასაცავად. საბოლოო ჯამში, Patriot-ების წარმოება დაბალია და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
საერთოდ, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხი უკრაინაში მწვავე პრობლემად ითვლება. არმიის მიერ ყოველდღიურად გახარჯული საბრძოლო მასალები მნიშვნელოვნად აღემატება მის წარმოებას და რეზერვებს. უკრაინელი არტილერისტები ისე ინტენსიურად იყენებენ ამერიკული და გერმანული წარმოების ქვემეხებს, რომ მათი ლულები მუდმივად "გავარვარებულია" და სწრაფად ცვდება, გამოცვლას კი დრო სჭირდება. გამოდის, რომ ნატოს ქვეყნების თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის მიწოდება მოთხოვნას ბევრად ჩამორჩება, რაც, თავის მხრივ, მაღალინტენსიური სამხედრო ოპერაციების განხორციელებასაც აყოვნებს.
Patriot-ების შემთხვევაში, ჭურვებისა და ჯავშანტექნიკისაგან განსხვავებით, ამოცანა ძალიან გართულებულია: ჭურვი შეიძლება შედარებით სწრაფად დაამზადო, ტანკი შეიძლება მეტ-ნაკლებად მალე ააწყო, "ფეთრიოთი" კი მთელი სარაკეტო კომპლექსია, ურთულესი თანამედროვე სისტემა - რადიოლოკაციური სადგურის, მართვის პულტისა და რაკეტის გამშვები დანადგარის ერთობლიობა.
მოსალოდნელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნატოს სამრეწველო ბაზის აღდგენასაც ხელს შეუწყობს - სამხედრო კომპანიების ინვესტირებას და კრიტიკულად აუცილებელი დარგის - ჩარხმშენებლობის განვითარებას, მაგრამ ამასაც დრო დასჭირდება. მანამდე კი, დღეს არსებული მოთხოვნის კვალობაზე, აწვდის რა Patriot-ებს უკრაინას, დასავლეთი იძულებულია, ეს ჩინეთთან თავისი პოზიციების დასუსტებით განახორციელოს - როგორც ცნობილია, "ცისქვეშეთი" ტაივანს ოკუპირებით ემუქრება და იქ აშშ-ის ყოფნა აუცილებელია.
დადგნენ რა ასეთი კონკურირებადი ზეწოლის წინაშე, ამერიკამ და უკრაინის სხვა პარტნიორებმა ყურადღებით უნდა დააბალანსონ კიევისადმი აღმოჩენილი დახმარება იმ სისტემებით, რომელთა წარმოება ნატოს ქვეყნებს შეუძლიათ და რომლებიც მათვე სჭირდებათ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ Patriot-ები კარგი საშუალებაა უკრაინის ენერგოობიექტებზე დამიზნებული რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად, კიეველ ოფიცრებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ Patriot-ები აუცილებლად ეკონომიურად უნდა გამოიყენონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა გააცნობიერონ: მათ რაკეტები მხოლოდ პრიორიტეტული სამიზნეების გასანადგურებლად უნდა გამოიყენონ.
Patriot-ებისათვის ირანული რაკეტების - Shahed-136-ების ჩამოგდება, რასაკვირველია, "გემრიელ ლუკმას" წარმოადგენს, მაგრამ თუ უკრაინელები მიცემულ იარაღს არ გაუფრთხილდებიან და ეკონომიურად არ გამოიყენებენ, რაკეტები მალე გამოელევათ, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, GMLRS-ების შემთხვევაში, ხერსონთან განხორციელებული ოპერაციის დროს, როცა [ძვირად ღირებული] რაკეტები ერთბაშად გაუშვეს. უკრაინელებმა სრულიად დაივიწყეს უფროსი პარტნიორის დარიგება: GMLRS-ების გამოყენების ზღვარს არ უნდა გადააჭარბოთო.
რა თქმა უნდა, "ფეთრიოთი" პანაცეა არ არის. ეს სისტემა უკრაინის მხოლოდ კონკრეტული საფრთხისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ კიევს დასჭირდება ნოვატორული აზროვნება და ინვესტიციები თავისი ენერგოსისტემის დასაცავად. გლობალური სტაბილურობისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ Patriot-ების მიწოდების პარალელურად, ამ იარაღით ნატოს რეზერვების სწრაფი შევსებაც მოხდეს. ასევე, აუცილებელია, რომ "ჩინეთსაც შიში არ გაუქრეს" - პეკინს უნდა ახსოვდეს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში დასავლეთი ამ რაკეტების სტაბილურ წარმოებას სწრაფად უზრუნველყოფს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ