ომის 300 დღე, 100-ათასიანი დანაკარგი რუსეთის არმიაში და ერთი მილიონი ამერიკული ჭურვი საჩუქრად უკრაინის დამცველებს... - კვირის პალიტრა

ომის 300 დღე, 100-ათასიანი დანაკარგი რუსეთის არმიაში და ერთი მილიონი ამერიკული ჭურვი საჩუქრად უკრაინის დამცველებს...

ციფრებს ყოველთვის ენიჭება დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს - ომების დროს, მაშინაც კი, თუკი, ეს ციფრები ხელოვნურად გაბერილიცაა...

2022 წლის (რომელიც ისტორიაში შევა, როგორც 21-ე საუკუნის პირველი პერიოდის ყველაზე დიდი ომის დაწყების წელი) მიწურულს რამდენიმე დამრგვალებული რიცხვი ერთმანეთს დაემთხვა - შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 300 დღე-ღამე, უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს 100 ათასი კაცის ოდენობის საბრძოლო დანაკარგი მიაყენა და აშშ-მა ერთ მილიონ ერთეულზე მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიაწოდა უკრაინის არმიას...

ამ სამი რიცხვიდან უტყუარია და ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ომი მართლაც უკვე 300 დღე-ღამეზე მეტხანს მიმდინარეობს, ამერიკელების მიერ უკრაინელი არტილერისტებისთვის მიწოდებული მარტო საარტილერიო ჭურვების (105 და 155 მმ კალიბრის, მათ შორის - მართვადი „ექსკალიბურებიც“) რაოდენობა უკვე გადაცდა ერთ მილიონ ერთეულს („ჰაიმარსებისთვის“ გადაცემული რაკეტები ამ სიაში არ შედის) და ესეც შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ წლის მიწურულისთვის რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების რაოდენობის დამრგვალება 100 ათასამდე, შეიძლება მეტ-ნაკლებად გაბერილი იყოს და უფრო პროპაგანდის სფეროში გადადიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების (თავის დონბასელ სეპარატისტებთან, „კადიროველებთან“ და „ვაგნერებთან“ ერთად) საბრძოლო დანაკარგები დაღუპულების, დასახიჩრებულების (ვინც ვეღარ დაბრუნდება საბრძოლველად), ტყვეებისა და დეზერტირების ჩათვლით, ბევრად აღემატება უკრაინული მხარის ანალოგიური სახის დანაკარგებს და შეიძლება 75-80-ათასამდე ადიოდეს...

მაგრამ ამ რიცხვებში მალე მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანს აშშ-ის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და, საერთო ჯამში, 1,85 მლრდ დოლარს აღწევს, რის შემდეგაც ამერიკული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა, რომელიც თეთრმა სახლმა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 2014 წლიდან გაიღო, 20 მლრდ დოლარს გადააჭარბებს, რომლის ლომის წილს მხოლოდ წელს გაწეული დახმარება შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს ჯერ არ აუმოქმედებია „ლენდ-ლიზის“ პროგრამა, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი 9 მაისს მოაწერა.

1-churvi-1671715071.jfif
სანამ უკრაინის არმიის შეიარაღებაში რჩება საბჭოთადროინდელი „დ-30“ ტიპის ჰაუბიცები, მანამდე უკრაინელ არტილერისტებს ყოველთვის დასჭირდებათ 122 მმ კალიბრის ჭურვები...

ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ბოლოსდაბოლოს ითვალისწინებს უკრაინელებისთვის „პეტრიოტის“ ტიპის შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი საზენიტო ბატარეის გადაცემას...

ყინული დაიძრა, პრეცედენტი შედგა - კიევის მრავალთვიანი ხვეწნის შემდეგ ვაშინგტონი დაჰყაბულდა „პეტრიოტების“ თუნდაც ერთი საზენიტო ბატარეის გადაცემაზე (რომელშიც ოთხი ან რვა გამშვები სარაკეტო დანადგარი შეიძლება იყოს, თითოულ დანადგარზე კი ოთხი საზენიტო რაკეტაა განთავსებული, ხოლო, თუკი პენტაგონი უკრაინის ცის დამცველებისთვის „პეტრიოტის“ თანამედროვე მოდიფიკაციასაც გაიმეტებს, მაშინ თითოეულ დანადგარს 16 მოდერნიზებული საზენიტო რაკეტის გაშვება შეეძლება...). ამის გაკეთება თეთრ სახლს ჯერ კიდევ თვეების წინ აუღელვებლად შეეძლო, კრემლის დამუქრებების მიუხედავად, რადგან „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა წმინდა სახის თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების სახეობას წარმოადგენს და ის საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავადაა განკუთვნილი და არა - სარაკეტო დარტყმების მისაყენებლად მშვიდობიან ქალაქებზე, როგორც ამას რუსი აგრესორები აკეთებენ...

„პეტრიოტის“ ერთმა საზენიტო ბატარეამ შეიძლება ამინდი ვერ შექმნას, მაგრამ, სამაგიეროდ, უკრაინის ცაში უკვე ისახება ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის „აშენებისთვის“ ფუნდამენტის შექმნის მცდელობა, როდესაც შორსმოქმედ „პეტრიოტებს“ საშუალო სიშორის „ნასამსები“ და „ირისები“ დააზღვევენ, მათ კი თავის მხრივ - „ავენჯერები“, „მისტრალები“ და „სტინგერები“ დაიცავენ ახლო მანძილიდან და ეს ყველაფერი ინტეგრირებული იქნება ნატოს საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში...

2-churvi-1671709048.png
ჩეხეთის მიერ გადაცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან „ვამპირიდან“ უკრაინელი სამხედროები 20 წამში სრულ პაკეტს-„გრადის“ 40 რაკეტას უშვებენ. ასე რომ ახალი ამერიკული „საჩუქარით-50 ათასი „გრადის“ რაკეტით მათ 1 200-ზე მეტი სრული პაკეტის ზალპის შესაძლებლობა ეძლევათ...

„პეტრიოტების“ გადაცემის გარდა, ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 45 ათასი 152 მმ-იანი, 20 ათასი 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის, 50 ათასი ერთეული 122 მმ-იანი „გრადის“ რაკეტისა და 100 ათასი 125 მმ-იანი ტანკის ჭურვის გადაცემა, რადგან ესენი წმინდა საბჭოთა სტანდარტის საბრძოლო საჭურველია და გამორიცხულია, რომ პენტაგონს თავის რომელიმე საწყობში ისინი ამ რაოდენობით გამოეძებნა...

22122022-1454-1671709106.29_REC.png
125 მმ კალიბრის სატანკო ჭურვები ძვირად ფასობს და მისი დიდი მარაგი საჭიროა იმ არმიისთვის, რომელიც სამშობლოს მიწების გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებას გეგმავს მომავალი წლის გაზაფხულიდან...

უფრო რეალურია, რომ ასეთი გრანდიოზული რაოდენობის საბჭოთა სტანდარტის კალიბრის ჭურვები და რაკეტები ამერიკელებმა იმ მესამე ქვეყნების არსენალიდან იყიდეს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში საბჭოთადროინდელი არტილერია და მისთვის თავადაც აწარმოებენ საბრძოლო მასალას, მაგალითად, პაკისტანი, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაც და თვით აღმოსავლეთ ევროპის ჩეხეთი, ბულგარეთი თუ სლოვაკეთი, რომელთა იარაღის ქარხნებმა ამერიკელებისგან, სავარაუდოდ, ახალი დიდი შეკვეთები მიიღეს საბჭოთა სტანდარტის ჭურვებისა და რაკეტების დასამზადებლად - უკრაინის არმიას ფრონტის ხაზზე მართალია შემორჩა საბჭოთადროინდელი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, მაგრამ „ჭურვების შიმშილს“ განიცდის და ჰაერივით სჭირდება ამ კალიბრის საბრძოლო მასალა...

„ჰაიმარსები“ და „ექსკალიბურები“ ძალიან კარგია და თავისი სიზუსტით ისინი უკრაინელ არტილერისტებს დიდ უპირატესობას აძლევენ რუს ოკუპანტებთან კონტრსაბატარეო ორთაბრძოლებში, მაგრამ ამ მასშტაბის ომებში რაოდენობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც უკრაინის არმიას მაინც სჭირდება უმართავი და ნაკლებად ზუსტი, მაგრამ სამაგიეროდ - დიდი რაოდენობის „გრადის“ რაკეტები და „მსტას“ 152 მმ-იანი ჭურვები...