"ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდებაო" - რას ჰყვება სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი - ელენე ქებაძე, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქართველი სამბისტი გოგონა ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის განმავლობაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - პირველად ეს ტიტული 2018 წელს მოიპოვა.
ყირგიზეთიდან დაბრუნებულმა ელენემ, რომელსაც აეროპორტში მხოლოდ ოჯახის წევრები დახვდნენ, "ფეისბუქ-გვერდზე" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააკრიტიკა და უწყება მის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა:
"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს "ფეისბუქზე" და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს. არა უშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"
ელენეს ამ პოსტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეხმაურა და სპორტსმენს პუნქტობრივად შეახსენა ის ფინანსური მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია. (წაიკითხეთ ფედერაციის განცხადება)
ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ambebi.ge მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა, გვითხრა, რომ თავისი სათქმელი უკვე თქვა და მისი განვრცობა აღარ სურს. სამაგიეროდ, ელენე უფრო ახლოს გვაცნობს თავს და გვიამბობს, როგორ მოვიდა დღემდე და რა დაეხმარა მიზნის მიღწევაში.
"ქალს რა უნდა ამ სპორტშიო“- ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთიდან ვარ და იქვე დავიწყე ვარჯიში. ძალიან მომწონდა ეს სპორტი, ჩემი ძმა დადიოდა სამბოზე და მეც მომინდა. მერე ჩემმა ძმამ გამოაცხადა, ელენე თუ შევა სამბოზე, მე აღარ ვივლიო და მართლაც ასე მოიქცა. იმხანად საზოგადოებაში იყო ასეთი განწყობა - "ქალს რა უნდა ამ სპორტში“ და რა გასაკვირია, ისიც თუ ასე ფიქრობდა. მახსოვს, როცა ჩემი ძმა აპროტესტებდა, დედ-მამა დამიდგა გვერდში და მხარი ამიბეს - 11 წლისა ვიყავი, სამბოზე რომ შემიყვანეს და დავიწყე ვარჯიში ჯიმშერ მუმლაძესთან, რომელიც დღემდე ჩემი მწვრთნელია. დღეს ჩემი ძმა უკვე ამაყობს ჩემით. სხვათა შორის, წლების შემდეგ, ძმა ბევრჯერ დამეხმარა, ყველანაირად მიწყობდა ხელს, იყო რაღაც დაბრკოლებები, რასაც მის გარეშე ვერ გადავლახავდი...
"ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდება“
- ჩემს გადაწყვეტილებას თანატოლებიც არაერთგვაროვნად შეხვდნენ. სხვათა შორის, ჩემამდე რამდენიმე გოგო უკვე დადიოდა ამ სპორტზე, მერე სხვებმა მეც მომბაძეს.. ვერავინ ვერაფერს მიბედავდა, ბიჭები ხშირად მეუბნებოდნენ, - ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდებაო და მისთანები. ისე, ძალის გამოყენება დღემდე არსად დამჭირვებია, არავინ დამიგდია (იცინის). მერე ნაკრებშიც დამიძახეს, იყო შეჯიბრება-შეჯიბრებაზე და ეტაპობრივად მოვიდა ყველაფერი. ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ადამიანი გავიცანი, მქონდა გასვლითი ტურები, ამ ყველაფერმა მიმიზიდა და "ჩამითრია“. დღეს უკვე ვხვდები, რომ ჩემი თავი ამ სპორტში ვიპოვე და კმაყოფილი ვარ... გააგრძელეთ კითხვა