"პუტინის უსაფუძვლო ოცნება უფრო ძლიერ არმიაზე" - რას წერს The Spectator?
ბრიტანული ჟურნალის - „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „პუტინის უსაფუძვლო ოცნება უფრო ძლიერ არმიაზე“ (ავტორი - მარკ გალეოთი), რომელშიც განხილულია რუსეთის პრეზიდენტის ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრა არმიის სარდლობასთან და, ამასთან დაკავშირებით, საუბარია შეიარაღებული ძალების პერსპექტივაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ვის სჭირდება სანტა, როცა ვლადიმერ პუტინი ასრულებს მის როლს? რუსეთის პრეზიდენტი შობის წინ რუსეთის არმიის სარდლობას შეხვდა და ყველაფრის მიცემას დაჰპირდა, რაც მათ სურთ, პლუს, დამატებით, აღუთქვა ნახევარი მილიონი ჯარისკაცი. ერთი მხრივ, ეს სახელმწიფოს შემდგომ მილიტარიზაციას ნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინის გეგმის რეალიზება მიუღწეველია: იგი არასწორად აცნობიერებს უკრაინის ომის მნიშვნელობას და გაკვეთილად არ მიიჩნევს.
იმ დროს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ოვაციით ხვდებოდნენ, ვლადიმერ პუტინი თავის სამხედროებს შორის იყო ჩამჯდარი და გულუხვად არიგებდა დაპირებებს: „არმიის დაფინანსებაში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს - სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს მოგცემთ, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს“.
უწოდა რა, რუს ჯარისკაცებს „გმირები“, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მობილიზაციის შედეგად გაწვეულთა ნახევარი, დაახლოებით, 150 ათასი ჯარისკაცი, ჯერ კიდევ არ გაგზავნილა ბრძოლის ველზე, ისინი წვრთნის პროცესში იმყოფებიან და საგაზაფხულო შეტევისთვის ემზადებიან. თუმცა, როგორც ჩანს, გაწვეულთა რაოდენობა არასაკმარისია, რადგან პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის - სერგეი შოიგუს წინადადებას, არმიის 500 ათასი სამხედრო მოსამსახურით გაზრდის თაობაზე (კონტრაქტების საფუძველზე).
ფაქტობრივად, სერგეი შოიგუმ თავის გამოსვლაში სამხედრო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა - მან აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს ახალწვეულთა ასაკობრივი დიაპაზონი მისი გადიდების თვალსაზრისით. მინისტრს სურს, სამომავლოდ 22 ახალი დივიზია შექმნას, ადრე კი უპირატესობა ბრიგადულ სისტემას ეძლეოდა. ალბათ, ამ რეფორმაში არის გარკვეული აზრი: ბრიგადული სტრუქტურა იმ დროის გამოძახილია, როცა რუსეთი „დიდი ომებისათვის“ არ ემზადებოდა, ახლა კი უკრაინის ომი „დიდ ომშია“ გადაზრდილი.
მართალია, რეფორმა ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ კითხვები მაინც იბადება: სად და როგორ იპოვიან ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ ახალწვეულთა დამატებით რაოდენობას? „კონტრაქტით 290 ათასი მსურველის გაწვევა საოცრად ოპტიმისტური ამოცანაა. როგორც ცნობილია, „კონტრაქტნიკებმა“ უკრაინის ომში ძალიან დიდი დანაკარგები განიცადეს. ომამდე ჯარში სამსახურისთვის კონტრაქტებს, ძირითადად, რუსეთის ღარიბი რეგიონების ახალგაზრდები აფორმებდნენ - ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა დაღესტანი, ბურიატეთი და ა.შ. მათ სამხედრო კარიერა მიმზიდველ ვარიანტად მიაჩნდათ. მაგრამ ეს იყო, ვიმეორებ, ომამდე. დღეს, მასშტაბური სარეკლამო კამპანიისა და აგიტაცია-პროპაგანდის მიუხედავად, ახალგაზრდების საჭირო რაოდენობის მოძებნა უკვე პრობლემად იქცა.
არმიაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა მასობრივი გაწვევით ხორციელდება, მაგრამ ჯარში ორწლიანი სამსახური არმიის ძლიერებისათვის არასაკმარისია: სანამ ახალწვეული თანამედროვე ტექნიკას შეისწავლის, სანამ ჯარისკაცად ჩამოყალიბდება, დიდი დრო გადის და ამასობაში მისი დემობილიზაციის დროც დგება. ალბათ, ამიტომ ვრცელდება ხმები, რომ არმიაში გაწვეულთა სამსახურის ვადა გახანგრძლივდება.
ვლადიმერ პუტინი დღემდე თავს იკავებდა ახალწვეულთა ფრონტზე გაგზავნისაგან, რადგან საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას ერიდებოდა, მაგრამ მისი განცხადებების მიუხედავად, რომ „ჩვენ ქვეყნის მილიტარიზებას არ ვცდილობთო“, რუსეთი, უკრაინასთან ომის შედეგად, სულ უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ავტორიტარულ სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის ინტერესების იგნორირების ფონზე, საბრძოლო მოქმედებებს აბსოლუტური უპირატესობა ეძლევა.
მოკლედ, ისეთი წინადადებები, როგორიცაა ორ ათეულამდე დივიზიის შექმნა, მათ შორის - ორი-სამი სადესანტოც (სწორედ სადესანტო ჯარებმა განიცადეს კატასტროფული დანაკარგები ომის პირველ თვეებში), ანდა თანამედროვე სარაკეტო კომპლექსების შექმნა და მათი სწრაფი განლაგება, როცა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს მიკროინტეგრალური სქემები (ე.წ. მიკროჩიპები) აღარ ჰყოფნის, ნდობას არ იმსახურებს. ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავისთვის იფიქროს, რომ მისი არმია გაძლიერდება ისე, როგორც არასდროს და ამას, უეჭველია, კრემლში ყველა დაეთანხმება. მაგრამ უკრაინის ჯარების მოქმედება ბრძოლის ველზე მოწმობს იმას, რომ ვლადიმერ პუტინის ოცნება არ ასრულდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ