როგორ იქცნენ "სამხრეებიანი ჟურნალისტები"  - "სამხრეებიან ბიზნესმენებად"? - კვირის პალიტრა

როგორ იქცნენ "სამხრეებიანი ჟურნალისტები"  - "სამხრეებიან ბიზნესმენებად"?

1950-1980-იან წლებში დიდ ბრიტანეთში (ისევე, როგორც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში), სამეცნიერო მივლინებით ჩასული საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც კონტაქტობდნენ ადგილობრივ ქართველ თუ რუს ემიგრანტებთან, ავტომატურად ხვდებოდნენ ადგილობრივი კონტრდაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პროფესორ გურამ შარაძის ურთიერთობა ნოე რამიშვილის ვაჟთან - აკაკი რამიშვილთან, ასევე, ინგლისელ ქართველოლოგთან - დევიდ ბარეტთან, რომელიც სულ რამდენიმე წლით ადრე დიდი სკანდალით (როგორც ბრიტანეთის აგენტი!) გააძევეს საბჭოთა კავშირიდან, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვას არ გამოეპარებოდა. მეორე მხრივ, არც საბჭოთა დაზვერვის საგარეო კონტრდაზვერვის სამმართველოს ოფიცრები, რომლებიც ლონდონის რეზიდენტურაში საკმაოდ იყვნენ, მოაკლებდნენ მეთვალყურეობას გ.შარაძეს, რასაც, სავარაუდოდ, კობალაძე-მაისურაძის ტანდემი ახორციელებდა.

უცხოეთში მივლინებულ საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლებს, რომლებიც „დიპლომატის“ ან „ჟურნალისტის“ საფარქვეშ მოქმედებდნენ, სასტიკად ეკრძალებოდათ არასანქცირებული კონტაქტები ემიგრანტებთან. მათთან შემთხვევითი შეხვედრა და გამოლაპარაკებაც კი, მზვერავის კარიერის დასასრულის მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო. იმავდროულად, საბჭოთა მზვერავები განსაკუთრებული აქტივობისა და საეჭვო კონტაქტების გამო ადგილობრივი კონტრდაზვერვის არეალში მოხვედრას და გაშიფვრასაც უფრთხოდნენ. საზღვარგარეთ საბჭოთა მოქალაქეების მაქსიმალური გაკონტროლების მიზნით, საბჭოთა ხელისუფლებამ შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი: "საზღვარგარეთ წამსვლელ საბჭოთა მოქალაქეთა ქცევის ძირითადი წესები". ეს უმკაცრესი დირექტივები ითვალისწინებდა მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა საბჭოთა კავშირიდან ჩასულებს არ ჰქონოდათ უშუალო კონტაქტები ადგილობრივ მოქალაქეებთან, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირიდან გახიზნულ ემიგრანტებთან.

განსაკუთრებით გამკაცრდა საზღვარგარეთ წამსვლელთა კონტროლი გასული საუკუნის 70-იან წლებში. 1979 წლის 17 ივლისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დაამტკიცა სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიერ შემუშავებული სრულიად საიდუმლო დადგენილება: "საზღვარგარეთ მიმავალ საბჭოთა მოქალაქეთა ქცევის ძირითად წესებში ზოგიერთი დამატების შესახებ". ცალკე დამტკიცდა "სოციალისტურ" და ცალკე - "კაპიტალისტურ და განვითარებად" ქვეყნებში წამსვლელთა ქცევის წესები. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ეს უკანასკნელი დოკუმენტია. ქვემოთ გავეცნოთ, რამდენიმე პუნქტს ამ დებულებიდან. ცალკე პუნქტში აღწერილი იყო, თუ რა საფრთხე ელოდათ საბჭოთა მოქალაქეებს კაპიტალისტურ ქვეყნებში:

"პუნქტი 4.

უცხოეთში ყოფნისას მუდმივად უნდა გამოიჩინოთ პოლიტიკური სიფხიზლე. გახსოვდეთ, რომ კაპიტალისტური ქვეყნების სადაზვერვო ორგანოები და მათი აგენტურა ცდილობენ საბჭოთა მოქალაქეებისგან ხელში ჩაიგდონ მათთვის საინტერესო ცნობები საბჭოთა ადამიანების კომპრომეტირებისთვის... რათა სამშობლოს ღალატზე დაითანხმონ. ამ მიზნით, კაპიტალისტური ქვეყნების სადაზვერვო ორგანოები იყენებენ თანამედროვე ტექნიკას, მოსმენის, ფარული თვალთვალისა და ფოტოგადაღების მეთოდებს, აგრეთვე, მოტყუების, შანტაჟის, გაყალბებისა და მუქარის მეთოდებს. კაპიტალისტური ქვეყნების დაზვერვის აგენტები ხშირად მოქმედებენ: გიდების, თარჯიმნების, ექიმების, მასწავლებლების, მკერავების, გამყიდველების, ტაქსის მძღოლების, ოფიციანტების, პარიკმახერების და სხვა მომსახურე პერსონალის ნიღბით".

ამგვარი გაფრთხილების შემდეგ, საიდუმლო დოკუმენტში მოცემული იყო მთელი რიგი აკრძალვები:

"პუნქტი 14.

საზღვარგარეთ საბჭოთა მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებათ: იმ რაიონების მონახულება, სადაც ცხოვრობენ საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილი ემიგრანტები; იმ კაფეებსა და რესტორნებში შესვლა, სადაც იკრიბებიან ემიგრანტული, რეაქციული და სხვა ორგანიზაციების წევრები".

უცხოეთში მიმავალ ყველა დელეგაციას (ტურისტულს, სპორტულს, თუ ხელოვნების მუშაკების), მათი რაოდენობიდან გამომდინარე, ერთი ან რამდენიმე სუკ-ის ოფიცერი მიჰყვებოდა. ისინი დელეგაციის რიგით წევრებად ინიღბებოდნენ და დანარჩენების მუდმივი კონტროლი ევალებოდათ, რათა საბჭოთა მოქალაქეები უცხოეთში არ დარჩენილიყვნენ, არ შემოეტანათ კონტრაბანდა და რაც ყველაზე საყურადღებოა - "ანტისაბჭოური ლიტერატურა".

ზემოაღნიშნული „დადგენილებით“, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებდა კაპიტალისტურ ქვეყნებიდან დაბრუნების დროს: " კატეგორიულად ეკრძალებათ: სამშობლოში დაბრუნებისას ამანათებისა და წერილების გამორთმევა საბჭოთა კავშირში მცხოვრებლებისთვის გადასაცემად; ანტისაბჭოური და პორნოგრაფიული შინაარსის ლიტერატურის... ღია ბარათების და სხვა ბეჭდური პროდუქციის შეძენა და საბჭოთა კავშირში შემოტანა".

ანტისაბჭოური ლიტერატურის არალეგალური შემოტანა და გავრცელება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა.

რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 7-წლამდე და გადასახლებას 2-დან 5-წლამდე, ან გადასახლების გარეშე.

ამიტომ საკითხავია, რატომ უნდა გაეწირათ საკუთარი კარიერა „სამხრეებიან ჟურნალისტებს“ კობალაძესა და მაისურაძეს, გურამ შარაძის „ძველი წიგნების“, რეალურად კი ანტისაბჭოთა ლიტერატურის არალეგალური შემოტანისთვის?

რაღა თქმა უნდა, ისინი არანაირი „პატრიოტული“ გრძნობებით არ მოქმედებდნენ: კობალაძე და მაისურაძე ერთიანი სპეცოპერაციის მონაწილენი იყვნენ, რომლის მიზანი ქართული ემიგრაციის დაშლა–დაქუცმაცება ან ემიგრანტების გადაბირება იყო. აქ კი ნამდვილად გამოადგებოდათ ემიგრაციის არქივი და ემიგრანტული ლიტერატურა, რადგანაც ორივე მოიცავდა დოკუმენტებს, რომლებიც არა მარტო XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურ პერიპეტიებს, არამედ, 1970-1980 იანი წლების ქართული ემიგრაციის მეორე და მესამე თაობებს შორის შიდა დაპირისპირებასაც ასახავდა. ბევრი ქართველი ემიგრანტის შთამომავლობა იმ პერიოდში ცოცხალი იყო და მათზე ზემოქმედების მიზნით ამ დოკუმენტების გამოყენება მოსკოვის მიერ სავსებით რეალური იყო. თუმცა იური კობალაძეს არ დასცალდა ამ ოპერაციის დასრულება.

1980-იანი წლების დასაწყისში, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობას ამწვავებდა ჯაშუშური სკანდალები. 1983 წელს, ინგლისიდან გააძევეს საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი არკადი გუკი, 1984 წლის გაზაფხულზე, ამერიკელი სტუდენტის გადაბირების მცდელობისთვის გააძევეს "პოლიტიკური დაზვერვის" სექტორის ხელმძღვანელი იგორ ტიტოვი. მათი ბედი გაიზიარა იური კობალაძემაც, გაშიფრული და გაძევებული “სამხრეებიანი ჟურნალისტების” შემდგომი ცხოვრება სხვადასხვაგვარად ვითარდება. უმრავლესობამ პენსიაზე გასვლის შემდეგ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მემუარების წერას მიჰყო ხელი. თუმცა არიან “ბედნიერი” გამონაკლისებიც, რომლებმაც საბჭოთა დაზვერვიდან რუსეთის დაზვერვაში გადაინაცვლეს, ხოლო იქიდან უმტკივნეულოდ გადაბარგდნენ დიდ ბიზნესში.

იური კობალაძე სამართლიანადაა აღიარებული ძალზე კომუნიკაბელურ პიროვნებად. თუმცა ეს რა გასაკვირია, მზვერავს ხომ მუდამ ღიმილი უნდა ეფინოს სახეზე. “სამხრეებიან ჟურნალისტებს” დამატებით კიდევ ერთი თვისება აქვთ, ესაა ძველი პიროვნული კონტაქტების გამოყენება ბიზნესში. ძნელია ზუსტად იმის თქმა, სად გადაიკვეთა პირველად იური კობალაძის და ვლადიმერ პუტინის გზები (სავარაუდოდ ეს 1984-1991 წლებში უნდა მომხდარიყო, როდესაც კობალაძე საბჭოთა დაზვერვის ცენტრალურ აპარატში მუშაობდა, ხოლო პუტინი დრეზდენში იგზავნებოდა და შემდეგ რამდენიმე წელი იმყოფებოდა სადაზვერვო მისიით), მაგრამ დღეს არავისთვისაა დაფარული მათი ურთიერთკეთილგანწყობა.

ამის დადასტურება იყო თუნდაც 2009 24 ივნისს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პუტინის “მოულოდნელი” ვიზიტი х5 retail group ერთ-ერთ სუპერმარკეტ “პერეკრიოსტოკში”. ამ ბიზნეს–სტრუქტურის ერთ–ერთი ხელმძღვანელი იური კობალაძე გვერდიდან არ მოსცილებია გაჭირვებულ ხალხზე “მზრუნველ” “რუსეთის იმპერატორს”, რომელიც ყველაზე მეტად გაყინული ღორის ხორცის ფასმა გამოიყვანა წყობიდან.

put2-1671779015.jpg

ორი მზვერავი სუპერმარკეტში

გაირკვა, რომ სუპერმარკეტი ხორცს 5 დოლარად იღებდა, ხოლო 11 დოლარად ჰყიდდა. გენერალ-მაიორმა კობალაძემ თავი მორცხვად დახარა პოდპოლკოვნიკ პუტინის წინაშე და ფასების სასწრაფო შემცირება აღუთქვა. მართლაც, მეორე დღიდან, სუპერმარკეტში ხორცპროდუქტების გაიაფება დაიწყო. პუტინის ვიზიტი ყველამ კობალაძის სუპერმარკეტის შეფარულ რეკლამად ჩათვალა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთის მაშინდელი პრემიერის თვითრეკლამა და პიარიც არანაკლები იყო. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ორი „პენსიონერი მზვერავი“ პიარში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

pageputt-1671779015.jpg

კობალაძე და პუტინი: საინტერესოა რომელი რომელს ჰბაძავს?

დღეს იური კობალაძე პრესტიჟული „მგიმო“–ს პროფესორი და ვითომდა რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ წევრია. დღესაც, რუს–საბჭოთა გენერალი, იური კობალაძე რუსი „ველიკოდერჟავნიკების“ შეხედულებებს იმეორებს და აცხადებს: „ საქართველო რუსეთისგან ბევრითაა დავალებული : რუსეთის მეშვეობით საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე. რუსეთი ის ლოკომოტივია, რომელმაც საქართველო, დიდი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა, სიბნელიდან გამოიყვანა. ვინ იცოდა მანამდე საქართველოს შესახებ?..“

რაც სიბერე შეეპარა, კობალაძეს „გაახსენდა“, რომ თურმე ქართველია. ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო ვბერდები, მით უფრო ქართველად ვგრძნობ თავსო“. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებასაც ახლა უთვლის შეცდომად რუსეთის ხელისუფლებას. 2008 წლის აგვისტოს კი მდიდრულ აპარტამენტებში მოკალათებული ბატონი იური შოტლანდიურ ვისკის მიირთმევდა და ერთი სიტყვაც არ დასცდენია ისტორიული სამშობლოს დასაცავად.

p.s. ვიცი, რომ ბლოგის მკითხველთა შორის საქართველოს სსრ სუკ-ის ვეტერანი თანამშრომლებიც არიან, არაა გამორიცხული რომელიმე მათგანი პირადად მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ ისტორიულ მოვლენებში, ან აქვს საკუთარი შეხედულება მათთან დაკავშირებით. მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას, ვისაც კი სურს, წვლილი შეიტანოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ კიდევ არსებული „შავი ლაქების“ აღმოფხვრაში.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)