ავღანეთიდან ასე სწრაფად რომ არ გამოვსულიყავით, დღეს უკრაინას ამ დონის სამხედრო დახმარებას ვერ აღმოვუჩენდით... - კვირის პალიტრა

ავღანეთიდან ასე სწრაფად რომ არ გამოვსულიყავით, დღეს უკრაინას ამ დონის სამხედრო დახმარებას ვერ აღმოვუჩენდით...

"კარგად იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის" - ამ ანდაზის სისწორეში კიდევ ერთხელ შეიძლება დავრწმუნდეთ შემდეგ მაგალითზე:

2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების (მათ შორის, საქართველოს) სამხედრო კონტინგენტების უსწრაფესად გამოსვლის დაჩქარებული ოპერაციის გამო, მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტულმა საინფორმაციო საშუალებებმა დასავლეთის დაცინვით გული ბოლომდე იჯერეს - ნახეთ, ასე ნაქები ამერიკელი სამხედროები რა თავქუდმოგლეჯილები გამორბიან ავღანეთიდან და ყველაფერს თალიბებს უტოვებენო...

ერთი შეხედვით, მართლაც ძალზე უცნაურად მოჩანდა ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ასეთ ავრალურ რეჟიმში ავღანეთის ტერიტორიის დატოვება - ნატოსა და მის პარტნიორებს უსაშველოდ გაუგრძელდათ ავღანეთის ოპერაცია და ის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტათ, მაგრამ ამ მრავალტანჯული ქვეყნის ასეთი სწრაფი ტემპებით დატოვებაც, რაც გამოქცევასაც წააგავდა, ბევრში დიდ გაოცებას იწვევდა...

თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა იმალებოდა, ვიდრე - ავღანეთის პრობლემის მოგვარების მრავალწლიანი უშედეგო მცდელობები...

აშშ და მისი ალიანსელი პარტნიორები მიზანმიმართულად ახდენდნენ ავღანეთში მობილიზებული რამდენიმე ათეულ ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტების, ათასობით სამხედრო ტექნიკისა და მილიონობით საბრძოლო საჭურვლის სასწრაფოდ გადასროლას ავღანეთიდან ევროპის მიმართულებით, იმის შიშით, რომ ევროპაშიც შეიძლებოდა გაჩენილიყო ახალი შეიარაღებული დაპირისპირების კერა და ნატო ვეღარ უზრუნველყოფდა ერთდროულად ორ, ერთმანეთისგან ასე დაშორებულ საბრძოლო მოქმედებების თეატრებზე წარმატებულ მოქმედებას...

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ნათელი გახდა, თურმე, რას უფრთხოდა აშშ და მთლიანად ნატო - მართლაც, ახლაც რომ ავღანეთში ყოფილიყო განთავსებული ასი ათასამდე ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და ფრანგი სამხედრო, ამ ქვეყნების ხელისუფალთ ბევრად ნაკლები შესაძლებლობა ექნებოდათ, ამ მასშტაბების სამხედრო დახმარება აღმოეჩინათ უკრაინის დამცველებისთვის...

უეჭველია, რომ დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებმა დროულად მოიპოვეს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კრემლმა საბოლოოდ გადაწყვიტა თავდასხმა უკრაინაზე, უბრალოდ, არ იყო დაზუსტებული რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი, რომელიც 2021 წლის შემოდგომა-ზამთარიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, რის გამოც, ასე დაჩქარდა ავღანეთიდან ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების გადასროლა ევროპაში...

და აი, ეს ვარაუდი გუშინ საღამოს თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა - ენტონი ბლინკენმაც საბოლოოდ დაადასტურა, როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა - აშშ-ს დროულად რომ არ გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან, დღეს ამ მოცულობის სამხედრო დახმარებას უკრაინას ვეღარ აღმოვუჩენდითო...

ასე რომ, „ამერიკელების სამარცხვინო გამოქცევას ავღანეთიდან“, თურმე, ტყუილად ზეიმობდნენ კრემლში და ათასი ჯურის რუსი პოლიტოლოგები თუ ექსპერტები ტყუილად დასცინოდნენ ამერიკელებს - ნატოს წევრი ქვეყნები უკვე იმ პერიოდიდან ემზადებოდნენ უკრაინისთვის არა მარტო პოლიტიკური და ფინანსური, არამედ - სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ ჩამოიშლებოდა რუსეთის მრავალრიცხოვანი არმიის თავდასხმის შემდეგ და უკრაინის დამცველები ერთ თვეს მაინც შეაკავებდნენ რუს მომხდურებს...

უკრაინელებმა ეს შეძლეს, პირიქით, კონტრიერიშებზეც გადავიდნენ და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაც დაიწყეს, შესაბამისად, დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება უკრაინისთვის კიდევ უფრო გაიზრდება (პოლიტიკური ისედაც არის), რადგან ეს უკვე იმავე ნატოს მსოფლიო პრესტიჟის საქმეც გახდა - ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს და მთლიანად დატოვოს უკრაინის ტერიტორია ოკუპირებული და ანექსირებული დონბასისა და ყირიმის ჩათვლით...