"კრიშტიანუ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. არასოდეს მინახავს ასეთი სიმპათიური და ყურადღებიანი მამაკაცი" - 5 შვილი, თავბრუდამხვევი კარიერა და ყველაზე სევდიანი მომენტი წყვილის ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

"კრიშტიანუ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. არასოდეს მინახავს ასეთი სიმპათიური და ყურადღებიანი მამაკაცი" - 5 შვილი, თავბრუდამხვევი კარიერა და ყველაზე სევდიანი მომენტი წყვილის ცხოვრებაში

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისში, გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მუნდიალი კრიშტიანუ რონალდუსა და მის ნაკრებს, პორტუგალიის გუნდს უნდა მოეგო, თუმცა 2022 წელს ყატარში მსოფლიოს თასი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ვერ აიღო.

ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში ფენომენალური სპორტსმენი, რომელიც ისეთ წარმატებულ კლუბებში თამაშობდა, როგორიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, "რეალ მადრიდი“, „იუვენტუსი“ და „სპორტინგი“, 1985 წლის 5 თებერვალს, კუნძულ მადეირას საპორტო ქალაქ ფუნშალში დაიბადა. მომავალი ფეხბურთელის მამა ერთ-ერთ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში მუშაობდა, დედა კი მზარეული იყო. რონალდუს ორი და და ერთი ძმა ჰყავს.

როცა ფეხბურთელზე საუბრობენ, ყველა ფიქრობს, რომ რონალდუ მისი გვარია, თუმცა ფეხბურთელის ნამდვილი გვარი ავეირუა - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუს ავეირუ.

რონალდუ მომავალ ფეხბურთელს მეტსახელად მამამ საყვარელი მსახიობის, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტის - რონალდ რეიგანის პატივსაცემად შეარქვა. როგორც ცნობილია, კრიშტიანუს მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ შვილები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ. თუმცა, როგორც შემდეგ სპორტსმენმა დანანებით აღნიშნა, მამა თითქმის ყოველ დღე ნასვამი იყო, რაც მასთან ურთიერთობას ართულებდა. ფეხბურთელის თქმით, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მას ცხოვრებაში მიუღია, ის ბურთია, რომელიც ახალფეხადგმულ ბიჭს მამამ აჩუქა. ჟოზე ავეირუ 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა ვაჟის წარმატებებს ვერ მოესწრო, თუმცა სწორედ მისი დამსახურებაა, რასაც მოგვიანებით კრიშტიანუმ მიაღწია. მცირე ასაკიდან ჟოზემ ასწავლა შვილს ფეხბურთის თამაში და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბშიც ატარებდა, პატარა ბიჭის ნათლია კი კლუბის კაპიტანი - ფერნაო სოუზა იყო.

მომავალი ფეხბურთელის დედა ამჩნევდა, რომ ბავშვი ძალიან ნიჭიერი იყო, მას ჰქონდა მონაცემები, გამხდარიყო კარგი მოცეკვავეც და კარგი მომღერალიც, თუმცა ბავშვს ბურთის თამაში განსაკუთრებულად უყვარდა და 6 წლის ასაკში ჟოზემ შვილი საფეხბურთო კლუბში მიიყვანა.

პირველი ნაბიჯები კარიერაში

1995 წელს დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, როცა კლუბ „მერცხლებიდან“ იგი კუნძულის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბში - „ნასიონალში“ გადაიყვანეს. ახალ კლუბში პატარა, დამწყები ფეხბურთელი დიდი მონდომებით სწავლობდა, როგორ ეთამაშა კარგად ახალ თანაგუნდელებთან ერთად, 12 წლის ასაკში კი იგი მადეირას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

1997 წელს კრიშტიანუ დედის თანხლებით საფეხბურთო კლუბ „სპორტინგის“ შესარჩევ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან თვითმფრინავით იმგზავრა, თუმცა ამ ამაღელვებელ მომენტზე მეტად იგი იმ შანსზე ფიქრობდა, რომელიც პორტუგალიის საუკეთესო კლუბ „სპორტინგის“ ახალგაზრდულ გუნდში მოხვედრა იყო. მან მართლაც გამოიყენა ეს შანსი და ლისაბონის საფეხბურთო აკადემიამ 22,5 ათას ევროდ შეიძინა.

original-1671783239.jpg

12 წლის ბიჭისთვის ლისაბონში მარტო ცხოვრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა პირველობისა და წარმატების სურვილმა ყველა წინააღმდეგობა გადაალახვინა. მთელი დღეების განმავლობაში იგი ხან დარბაზში ვარჯიშობდა, ხან - სტადიონზე, გაკვეთილების მომზადება კი ღამით უწევდა, ასეთმა გადატვირთულმა გრაფიკმა მის ხასიათზეც იმოქმედა და ერთხელ, 14 წლის ასაკში, ერთ-ერთ მასწავლებელს სკამიც კი ესროლა. როგორც შემდეგ თავად ახსნა, მასწავლებელი მას „უპატივცემულოდ“ მოექცა. იყო შემთხვევებიც, როცა ის წაგებას ვერ ეგუებოდა და ნერვებმოშლილი, გასახდელში ყველაფერს ამტვრევდა...

15 წლის ასაკში მომავალ ვარსკვლავს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მას არითმიის გამო, ოპერაცია გაუკეთეს. ექიმები ურჩევდნენ, რომ პროფესიონალური ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა, თუმცა მიზანდასახულმა ბიჭმა ოპერაციის ჩატარებიდან მესამე დღეს ვარჯიში განაახლა.

„სპორტინგში“ მისი სადებიუტო მატჩი 2001 წელს გაიმართა, როცა ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა და თავი მაყურებელს პირველივე თამაშით დაამახსოვრა. ამავე წელს მან ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა და 17 წლის ასაკში სუპერთასის მფლობელიც გახდა.

ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელით დაინტერესდნენ ისეთი წამყვანი კლუბები, როგორებიცაა: „ბარსელონა“, „მილანი“ „ჩელსი“ და სხვა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი ინგლისური „ლივერპული“ იყო , თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით მოიხიბლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც კრიშტიანუს თამაში 2003 წლის ზაფხულში იხილა. მათ კრიშტიანუსთვის "სპორტინგს" 15 მლნ. ევრო გადაუხადეს, 700-ჯერ მეტი, ვიდრე 6 წლით ადრე "სპორტინგმა" ფეხბურთელისთვის გადაიხადა.

699910-618x350-1671783238.jpg

„მწვრთნელმა მკითხა, რომელი ნომრით ვითამაშებდი, მე ვუთხარი რომ 28 ნომერს ავირჩევდი, მაგრამ ფერგიუსონმა თქვა: „არა, შენ მიიღებ ნომერ შვიდს“. ეს ცნობილი მაისური ჩემთვის დამატებით მოტივაციად იქცა. ასეთი პატივისცემის შემდეგ, ვალდებული ვიყავი მოლოდინები გამემართლებინა“, - იხსენებს ფეხბურთელი იმ პერიოდს, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

2003 წლიდან პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერა ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მისი ხელფასი კი, თუ ადრე თვეში 2 ათასი ევრო იყო, სულ მალე კვირაში 20 ათას ევრომდე გაიზარდა. ფულს ის ოჯახის კეთილდღეობისთვის ხარჯავდა. მისი წყალობით, დედამ სამსახურს თავი დაანება, ძმა კი, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, განიკურნა და მხატვარ-დეკორატორი გახდა ერთმა დამ მაღაზიათა ქსელი გახსნა, მეორემ კი - მუსიკალური კარიერა შეიქმნა.

2009 წელს რონალდუ ესპანური კლუბის - მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდა. მისი ოცნება იყო „რეალში“ ეთამაშა, თუმცა ინგლისის დატოვებისას განაცხადა, რომ ფერგიუსონი სპორტის სამყაროში მისი მამობილი იყო.

orig-606996-1671783239.jpg

კრიშტიანუმ მადრიდის "რეალის” რიგებში საოცარი შედეგი აჩვენა - 394 მატჩში 406 გოლი - ეს კი რეკორდული შედეგია.

ამ წლების განმავლობაში, მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა - წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო, ასევე, პრემიერ ლიგის "ოქროს ბუცი" და სხვა.

0d309e175abfd4063525cfd598bb3716584eff04eeb94858151269-1671783238.jpg

2019 წლის მონაცემებით, რონალდუ ევროპაში ყველაზე მდიდარ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილს იკავებდა. ფეხბურთის გარდა, ის უამრავი წამყვანი ბრენდის სახეცაა, Nike-თან კი მას სამუდამო კონტრაქტი აქვს დადებული.

მას ძალიან უყვარს ძვირად ღირებული მანქანები და მის ავტოფარეხში ათობით ძვირფასი მანქანაა, მათ შორის, ექსკლუზიური მოდელები Ferrari GTB 599, Bugatti Chiron Lamborghini Aventador, Maserati Gran Cabrio.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი უდიდესი მეცენატია, ის „იუნისეფის“ მშვიდობის ელჩია და საქველმოქმედო საქმიანობაში 10 მლნ. ევროზე მეტი აქვს გადარიცხული. რონალდუ წითელ ჯვართან თანამშრომლობს და სისხლისა და ძვლის ტვინის დონორია, რის გამოც, მან სხეულზე ტატუების გაკეთებაზე უარი თქვა. 2015 წელს კი ნეპალში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად მან 5 მლნ. ევროზე მეტი გადარიცხა.

პირადი ცხოვრება

წარმატებული ფეხბურთელი ყველა გოგონას მოსწონდა. მის გვერდით ხშირად ჩნდებოდნენ მოდელები, მათ შორის კი რუსი მოდელი - ირინა შეიკი. ისინი ერთად 2010-2015 წლებში იყვნენ, თუმცა ერთმანეთს მოულოდნელად დაშორდნენ. ზოგიერთი ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა უფრო გარიგება იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარულიო.

photo-147073-1671783239.jpeg

დაშორების შემდეგ, კომენტარი რონალდუმაც გააკეთა და ირინა შეიკმაც:

„თავიდან მეგონა, რომ ვნახე ის ერთადერთი მამაკაცი, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ეს ძალიან უსიამოვნოა. არ ვგრძნობდი თავს თავდაჯერებულად“, - აღნიშნა შეიკმა.

„ცხოვრებაში არის წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები, ასევე, არის პერიოდი, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი“, - ასე შეაფასა ფეხბურთელმა შეიკთან ურთიერთობა.

2018 წელს „იუვენტუსის“ ვარსკვლავი ესპანელ მოდელზე - ჯორჯინა როდრიგესზე დაინიშნა, რომელმაც 1 წლით ადრე ფეხბურთელს მეოთხე შვილი აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ პირველად მამა ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა, მას კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი სუროგატმა დედამ გაუჩინა, 7 წლის შემდეგ სუროგაციით გაჩნდა ტყუპიც - მეთიუ და ევა.

2021 წელს წყვილი ისევ ელოდა ტყუპ შვილს და მათ ჯორჯინას ორსულობის ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს, თუმცა 2022 წლის აპრილში ერთ-ერთი ტყუპი გარდაიცვალა, ბიჭუნა ძალიან სუსტი ჯანმრთელობით დაიბადა და მშობიარობიდან მალევე დაიღუპა. წყვილს 5 შვილი ჰყავს.

img-5523-640x470-1671783238.jpg

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯორჯინა როდრიგესმა, Elle-თან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. როგორც ფეხბურთელის მეორე ნახევარმა აღნიშნა, რონალდუ პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა.

"ჩვენმა ურთიერთობამ შესაძლებლობა მომცა, ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ მე ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულება მქონდა ცხოვრების მიმართ, მაშინაც, როცა დამლაგებელი ვიყავი, მაღაზიის კონსულტანტი ან მოდელი.

კრიშტიანუ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. როდესაც ის დავინახე, მივხვდი, რომ დრო გაჩერდა. არასოდეს მინახავს ასეთი სიმპათიური, ასეთი ყურადღებიანი მამაკაცი… ის არის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ოდესმე უნახავს ჩემს თვალებს.".

25beb172c4a5ebad1d55dc78deb0ab59-1671783238.jpg

ჯორჯინამ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ტყუპიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

"ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი წელი იყო. ყველაზე ბედნიერი მომენტი ყველაზე სევდიანი გახდა. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება და რომლის დავიწყებასაც ვერ შევძლებთ. ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში რაც გამაჩნია. ყოველ ნაბიჯს, რასაც ვდგამ, მათთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნა მან გამოცემასთან საუბრისას.

The Sun-თან ინტერვიუში მძიმე პერიოდზე ისაუბრა ფეხბურთელმაც:

„როცა ჯორჯინა სახლში დაბრუნდა, ბავშვები გვეკითხებოდნენ, სად იყო მეორე ბავშვი. ერთი კვირის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებთან სიმართლეს ვიტყოდით, რომ ანხელი - ასე დავარქვით ჩვენს ვაჟს - სამოთხეში მოხვდა“.

„ალბათ, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, პირველ რიგში კი - ჯორჯინასთვის“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

„ამ ტრაგედიამ მე, ჯორჯინა და ბავშვები უფრო დაგვაახლოვა. უფრო ყურადღებიანი და მეგობრული მამა გავხდი. შეუძლია მწუხარებას ოჯახის დანგრევა? ასეც ხდება, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში. ამ ამბის შემდეგ, ჩვენი ოჯახი უფრო მყარი გახდა, მე კი ჩემი მეუღლისა და შვილების მიმართ უფრო დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ახლა ჩემს ცხოვრებას სხვაგვარად ვხედავ“, - აღნიშნა ფეხბურთელმა The Sun-თან ინტერვიუში.