"ახალ წელს ჩემს ყველა ყოფილ ცოლს ვულოცავ ხოლმე და ძალიან უხარიათ"
არქივი, 2022 წელი
"... გუნდას ნაზი, ახალი ჩამოცვენილი ფიფქებისგან ვკრავდით და გოგოებს ისე ვესროდით, ამას თავის ლაზათი და ცოდნა უნდა! ახლა ზოგი აიღებს დასველებულ თოვლს და გოგოს შეიძლება თავი გააძროს, ისე ესროლოს. სიამოვნების, სიყვარულის გამოხატვის უნდა იყოს გუნდაობა, არავის არაფერი დაუზიანდეს და ეტკინოს. სირცხვილიც კია, მაგარი გუნდა სახეში გაარტყა ვინმეს, დიდი უკულტურობა!", - ცნობილი მსახიობი და კოლორიტი - გეგე სულხანიშვილი განვლილ წელზე, ბავშვობასა და საახალწლო ტრადიციებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს...
- ბატონო გეგე, 2022 ძალიან დაძაბული წელიწადი იყო... რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ თქვენთვის კიდევ უფრო რთულია, რადგან თქვენი ვაჟი, რომელიც დედით უკრაინელია, იქ ცხოვრობს...
- დიახ... ახლა რადგან უკვე ასაკშია, 50 წელს გადაცილებული, ოჯახი გამოარიდა და ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა. უკვე კიევიც ხშირად იბომბება, არავინ იცის, რა მოხდება და ასე ამჯობინა... უკრაინა გმირობას იჩენს, ომი ისეთ ფაზაში შევიდა, უკან დახევა და დათმობა აწი გამორიცხულია!
- თქვენს შვილს არ შესთავაზეთ, საქართველოში ჩამოსულიყო?
- რა თქმა უნდა, შევთავაზე. თუმცა მას თავისი ანსამბლი ჰყავს, საქართველოში კი რუსულ, უკრაინულ სიმღერებს საკმაო მსმენელი არ ეყოლებოდა, პოლონეთსა და გერმანიაში კი კონცერტებს ატარებენ და ოჯახებს ასე არჩენენ.
- ქართული იცის?
- დიახ, სალაპარაკო ენა იცის. საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე და ძალიან უყვარს... მე უკრაინის გარდა, მეგობრები რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც მყავს. რუსი მეგობრები ახლა ჩუმად არიან. უფრო სპორტსმენებთან მაქვს კავშირი, ისინი სხვანაირი ხალხია, სხვანაირად აზროვნებენ, მაგრამ თავისუფალი აზრის გამოხატვის ახლა ეშინიათ. თავიანთ დანაშაულს გრძნობენ, მაგრამ რაღას გახდებიან?! ვერ მოაბეს თავი, მათი ხელისუფლებისთვის ეჯობნათ...
- თქვენ ალა პუგაჩოვას პირადად იცნობდით, მასთან აგარაკზეც არა ერთხელ ყოფილხართ სტუმრად და ხომ არ გქონიათ ამ ბოლო დროს მცდელობა, დაკავშირებოდით?
- არა, უკვე ძალიან დიდი დროა გასული 1980-იანი წლებიდან და აზრიც აღარ ჰქონდა დაკავშირებას... ის პერიოდი ულამაზესად მახსენდება, ალაც, ალბათ, ყველაზე ლამაზი მაშინ იყო.
- მასთან, მის კონცერტზე ახალ წელსაც ხომ არ მოხვედრილხართ?
- არა, ახალ წელს ყოველთვის ვცდილობდი, სახლში შევხვედროდი. ახლაც ასე ვარ, შეუძლებელია ახალ წელს სადმე გავიდე.
- თელავში ხვდებით?
- ამ ბოლო დროს თბილისში, ოქროყანაში... თელავში 7 იანვრისთვის მივდივართ და იქ ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ... ეგ ტრადიცია გვაქვს, ახლით ახალ წელს აქ ვხვდებით, ძველით - თელავში. ხშირად ამბობენ, არიქა, ჩვენს ბავშვობაში იყო ახალი წლის აღნიშვნა უფრო ლამაზიო, მაგრამ წინა დღეებში რუსთაველზე გავიარე და პირდაპირ გავგიჟდი! თავი ზღაპარში მეგონა, იმდენად ულამაზესი იყო ყველაფერი! ვის არ მოეწონება? ვერც წარმომიდგენია ასეთი ვინმე! ადამიანი სულ ფიქრობს, ამდენი ხარჯის გაწევა თუ ღირდაო, მაგრამ ღირდა! აგერ, მე მიხარია, ამხელა კაცს და წარმოიდგინეთ, ბავშვებს როგორ უხარიათ! ამიტომაც, მომხრე ვარ და ძალიანაც მსიამოვნებს! ჩემს დროს ასე არ იყო, მარტო თოფებს ისროდნენ და ისიც გვიხაროდა ბავშვებს. ახლა სასწაულებია "კაროჩე"!
- თქვენს ბავშვობაში კახეთში რა უნდა ყოფილიყო აუცილებლად საახალწლო სუფრაზე?
- საცივი და გოზინაყი. საცივი ზოგს ქათმის ჰქონდა, ზოგს - ინდაურის, ოჯახის შეძლებიდან გამომდინარე.
- მეკვლე?
- მეკვლე ყველგან იყო და ამ სახელს ამართლებდა კიდეც. ახალ წელს თოვლი აუცილებლად მოდიოდა და მეკვლე თოვლზე პირველ ნაფეხურებს ტოვებდა, სიხარული მოჰქონდა. ახლა იძახე მეკვლე და ასფალტზე გინდა ყოფილა, გინდ - არა, თავისი ხიბლი დაკარგა.
- თქვენც ყოფილხართ მეკვლე?
- დიახ... მეზობლად რამდენიმე ოჯახი სულ მეუბნებოდა, შარშან შენ რომ იყავი, ჩვენი საქმე კარგად წავიდა და ახლაც მოდიო. სიხარულით მივდიოდი, კანფეტები, ტკბილეული მიმქონდა, მათ კარს შევაღებდი და შევყრიდი, ვიძახდი, ბარაქა, სიტკბო, სიხარული გქონდეთ-მეთქი!..
- ახალ წელს სხვა ქვეყანაში არასოდეს შეხვედრიხართ?
- რუსეთში შევხვდი, ერთხელ მოსკოვში, ერთხელ - ლენინგრადში (ასე ვეძახდით მაშინ პეტერბურგს)... იქ უფრო მაღალ დონეზე, უშველებელ რესტორნებში აღინიშნებოდა ახალი წელი. არ მინანია, შემთხვევით რომ დავრჩი იქ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
- საიდუმლო არ არის თქვენი პირადი ცხოვრება, ევროპულად ცხოვრობთ და ყოფილ მეუღლეებთან ისევ კარგად ხართ. მათ ახალ წელს ულოცავთ?
- დიახ, იძახიან, ევროპულად იცხოვრეო, მე მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი... ჩემი ყოფილი მეუღლეებიდან აბსოლუტურად ყველას ვულოცავ ხოლმე ახალ წელს. ტელეფონით ვულოცავ და უხარიათ, დიდ მადლიერებას გამოთქვამენ. ასეც უნდა იყოს, ცივილიზებულ სამყაროში სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.
- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ?
- ორი ვაჟი და შვიდი შვილიშვილი... ვერ ვიტყვი, რომ თითით საჩვენებელი ბაბუა ვარ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. უფროსი შვილიშვილი 36 წლის ხდება... უმცროსმა ვაჟმა ადრე მოიყვანა ცოლი და 19 წლისა უკვე მამა გახდა... შვილიშვილები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, სულ ცდილობენ, ჩემთან ხშირად იყვნენ, ოქროყანაში. ახალ წელს აუცილებლად ამოვლენ.
- თქვენ თუ ხართ საახალწლო სამზადისში ჩართული?
- სხვათა შორის, მამაჩემს იშვიათად კარგი ხელი ჰქონდა. დედაჩემს ეუბნებოდა, შენ სამზარეულოში რა გინდაო, არ უშვებდა. ამბობდა, ქალმა საჭმლის გაკეთება არ იცისო... მე ცოტა ზარმაცი ვარ, კი შემიძლია რაღაცები გავაკეთო, მაგრამ ვამბობ, რომ არ ვიცი. ასეც უნდა იყოს, ახლა საცივს ხომ ვერ გავაკეთებ?! კარგი კატლეტის შეწვა კი შემიძლია... რეცეპტს რომ მეკითხებიან, სულ ვამბობ, ყველაფერი იდეალური რომ გამოვიდეს, მთავარი და აუცილებელია პროდუქტი! ცინცხალი ხორცისგან ყველაფერი საუკეთესო გამოდის.
აქებენ, აქ და აქ კარგ ხინკალს აკეთებენო, წავალ გავსინჯავ და ვფიქრობ, რამ მოაწონათ-მეთქი... თელავში მთიულები, მოხევეები ჩამოდიოდნენ და საუკეთესო ხინკალს აკეთებდნენ. ძალიან სასიამოვნო საყურებელია, ნამდვილი სპეციალისტები წამებში როგორ ახვევენ...
საინტერესო რამეს გეტყვით მათგან, ვინც ხინკლის ფასი იცოდა. ხინკალი ქვაბში რომ იხარშება, შემდეგ ხომ სინზე გადმოაქვთ და ისინი სინზე გადმოლაგებულს არ ჭამდნენ. ქაფქირით იღებდნენ ქვაბიდან და პირდაპირ იქიდან ჭამდნენ, სინზე გადატანამდე უკვე გაცივებულიაო... ეს მამაჩემისგანაც გამიგია და სულ მიკვირდა, პირი როგორ არ ეწვოდათ. მე თუ არ გავაცივე და "ვენტილიატორი" არ დავუდგი, ისე ვერ ვსინჯავ... იმ ხალხს ვერავინ შეეკამათებოდა, ეს საქმე უბრწყინვალესად იცოდნენ...
თქმა იციან, კახეთში საუკეთესო მწვადი იწვებაო... იმიტომ, რომ საკლავი იქვე იკვლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვადის და ხაშლამის საჭირო ხორცის დაჭრას. კახეთში ხორცთან შენობით არიან, იმერეთში - თქვენობით...
- საუბრის დასასრულს... ყველაზე განსაკუთრებულად რომელი ახალი წელი გახსენდებათ?
- რა ვიცი, თითქოს სულ ასე ვხვდები - ახლობლებთან მოფერება, ჩახუტება, ბუხართან და ასე შემდეგ... ახლა თოვლია გამოცხადებული და მიხარია, მაგრამ იმედი არ მაქვს, ახდეს. თოვლი ახალ წელს ძალიან უხდება!
ახლა არავინ დაიჯერებს და ჩემს ბავშვობაში ახალ წელს რუსთაველზე ერთ მეტრამდე თოვლი იდო. სასწაული ხდებოდა, მთელ თბილისს არ ეძინა. ეს სულ მახსოვს და არ მავიწყდება. ციგებით გავდიოდით და კიბეებით... დიახ, ჩვეულებრივ ხის კიბეებზე რამდენიმე ვსხდებოდით და დაღმართზე მივქროდით. თოვლის ქვეშ ყინვა იყო და მოკლედ, ნაღდი ზამთარი იყო. ბავშვი, გოგო, ბიჭი, კაცი, მოხუცი, ყველა იქ იყო... გუნდას ნაზი, ახალი ჩამოცვენილი ფიფქებისგან ვკრავდით და გოგოებს ისე ვესროდით, ამას თავის ლაზათი და ცოდნა უნდა. ახლა ზოგი აიღებს დასველებულ თოვლს და გოგოს შეიძლება თავი გააძროს, ისე ესროლოს. სიამოვნების, სიყვარულის გამოხატვის უნდა იყოს გუნდაობა, არავის არაფერი დაუზიანდეს და ეტკინოს. სირცხვილიც კია, მაგარი გუნდა სახეში გაარტყა ვინმეს, დიდი უკულტურობა! ახლა გუნდაც კი დაიკარგა, მარტო ტრადიცია კი არა. ოქროყანაში თოვლი ახალ წელს არ მოდის და 8 მარტს ჩემს დაბადების დღეზე კი.
- 8 მარტს რომ დაიბადეთ, ამას ხომ არ აბრალებთ ქალბატონების მიმართ დამოკიდებულებას?
- უფრო ჰოროსკოპს... თევზები ვარ ზოდიაქოს ნიშნით და ბევრ რამეს ვპოულობ, რაც ჩემშია.
(სპეციალურად საიტისთვის)