"ეს ბიჭი "ქართული ოცნების" წევრი იყო. რაღაც ძველი ხელფასების გამო დაწყებულა კონფლიქტი" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ეს ბიჭი "ქართული ოცნების" წევრი იყო. რაღაც ძველი ხელფასების გამო დაწყებულა კონფლიქტი" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე?

დღეს ჯავის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ბონდო კისიევი. ის დამნაშავემ საკუთარ სახლთან ახლოს მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამნაშავის ვინაობა უბანში უკვე იციან. ის იქვე, მეზობლად ცხოვრობს და დამნაშავემ მიმალვა შეძლო. თავად მსხვერპლი, თურმე, ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზეა გარდაცვლილი...

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

"აქვე, ახლოს ცხოვრობდა ეს ბიჭი. უბანში ისიც იციან, ვინ ესროლა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ამბობენ, რაღაც ძველი დაპირისპირება იყო მათ შორისო. სამწუხაროა, ასე უმოწყალოდ რომ ხოცავენ ადამიანებს ქუჩაში", - ამბობს ადგილობრივი.

"მომხდარის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, მოკლული მისი მეგობრის ბიძაშვილია.

"მე პოლიტიკური განცხადებით მინდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს პოლიტიკურ ნიადაგზე. ზუსტად, ჯავის ქუჩაზე ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა, პოლიტიკურ ნიადაგზე", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.

ჩვენ ბატონ მამუკას დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ მეტი დეტალი მისთვის ცნობილი არ არის.

"სხდომაზე ვიყავი, ეს ამბავი რომ მითხრეს, დეტალები არ ვიცი. ახლა ყველა იქ არის და მიზეზს არკვევენ. როგორც ვიცი, ეს ბიჭი "ქართული ოცნების" წევრი იყო და იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავეც იციან, ისიც იმ პარტიაში იყოო. რაღაც ძველი ხელფასების გამო დაწყებულა კონფლიქტი. ზუსტად არ ვიცი, შეცდომაში ვერ შეგიყვანთ, დაუზუსტებელ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ვიცი, რომ შეკამათება იყო და მოუკლავს.

სააკაძის და ჯავის ქუჩის კვეთაზე მოხდა მკვლელობა. ბონდოც იქვე ახლოს ცხოვრობს ", - გვითხრა მამუკა გუგეშაშვილმა.

ჩვენ ბონდო კისიევის რამდენიმე ახლობელსაც დავუკავშირდით, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მომხდარის დეტალები არ იციან და კომენტარს ვერ გააკეთებენ. მოკლულს ყველა დადებითად ახასიათებს. ბონდო დაოჯახებული იყო. ჰყავს მეუღლე და შვილები. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. იქ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება და ალბათ, მეტ დეტალს სამართალდამცველები გაარკვევენ.

ჯერჯერობით უწყებას ოფიციალური განცხადება მომხდარზე არ გაუვრცელებია.

(სპეციალურად საიტისთვის)