"როდესაც შეტყობინება მომივიდა, წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავრწმუნდი" - წარმატებული ქართველი მეცნიერი - კვირის პალიტრა

"როდესაც შეტყობინება მომივიდა, წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავრწმუნდი" - წარმატებული ქართველი მეცნიერი

მსოფლიო მეცნიერებას ახალი ქართველი ვარსკვლავი ჰყავს - სოხუმში დაბადებული 35 წლის ზურაბ გუგუჩია, ფიზიკოსი, რომელსაც შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 1,8 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადასცა სამეცნიერო მუშაობისათვის. თუ რა დამსახურებისთვის მიიღო მხოლოდ ზურაბ გუგუჩიამ 1,8 მილიონი ფრანკი ფიზიკურ მეცნიერებაში და რას აპირებს მომავალში, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- გილოცავთ, ბატონო ზურაბ. თქვენი ჯილდო საქართველოს ჯილდოც არის. აქამდე რა გზით მიხვედით?

- სოხუმში დავიბადე, სკოლა კი ზუგდიდში დავამთავრე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, 2009-2013-ში შვეიცარიის უნივერსიტეტის დოქტორანტი გავხდი და პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი.­ 2016-18 წლებში ამერიკაში, ნიუ-იორკისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში ვმუშაობდი. პრინსტონში დღემდე ვმუშაობ მიწვეულ მეცნიერად. ჩემი ძირითადი სამსახური კი შვეიცარიაშია, სადაც ქვეყნის მასშტაბურ სამეცნიერო ცენტრში, პაულ შერერის­ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ. მაღალტემპერატურულ ზეგამტარებზე ვმუშაობ. დღეს ეს თემა მეცნიერების წინა ხაზად ითვლება. ყველასთვის ცნობილია, რას მიაღწია მეცნიერებამ ამ დარგში, თუნდაც მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფია დავასახელოთ მედიცინაში. თუმცა მე გაცილებით მეტის მიღწევა მსურს.

ზოგადად, ვირჩევ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს. კვლევები ეხება ფუნდამენტური და გამოყენებით თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა. სამივე მიმართულებით მუშაობას, შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები მოჰყვა. მაგალითისათის ორ ნაშრომს გამოვყოფ. ერთი გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ და პრესტიჟულ ჟურნალში Nature-ში (იმპაქტ ფაქტორი 50). მეორე ამერიკულ მაღალ-რეიტინგულ ჟურნალში Science Advance-ში (იმპაქტ ფაქტორი 14). აღმოვაჩინეთ თვისობრივად ახალი მაღალ-ტემპერატურული კვანტური ფაზა, სადაც მიკროსკოპული ელექტრული ორბიტალური დენები სპონტანურად ჩნდებიან ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე და ცირკულირებენ ნივთიერებაში.

ჩემი აღმოჩენები და მომავალი კვლევები მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ მკვეთრი ტექნოლოგიური ცვლილებები. მაგალითად, გადავიდეთ ჩვეულებრივი გამტარებიდან ზეგამტარებზე, ჩვეულებრივი ელექტრონიკიდან გადავიდეთ სპინურ ელექტრონიკაზე, და კლასიკური კომპიუტერებიდან გადავიდეთ კვანტურ კომპიუტერებზე. ზეგამტარი იმით არის უკეთესი, რომ მასში ერთხელ გატარებული ელექტრული დენის მილევა არ ხდება. სპილენძში გატარებული დენი მიილევა, ამიტომ მისი მუდმივად მიწოდებაა საჭირო. ზეგამტარში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ერთხელ რომ გაატარებ დენს, მილიონი წელიც რომ გავიდეს, ელექტრული დენი არ დაიკარგება. ანუ, ამ გზით ენერგიას ვზოგავთ. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. და თუ ეს მოხდა ყველა ტექნოლოგია ჩანაცვლდება. ენერგიის ერთ-ერთი წყარო სინათლე გახლავთ. ახალი ნივთიერებების გამოყენებით, რომელზეც ვმუშაობ, შესაძლებელი იქნება მზის უფრო მეტი ენერგია გარდავქმნათ ელექტრულ ენერგიად. შედეგად, მზის ენერგიას მაქსიმალური ოდენობით გამოვიყენებთ, რისი დანერგვაც პრაქტიკაში მალე მოხდება და შესაძლებლობებს ძალიან გაზრდის

- სასწაულს მეუბნებით. მთელი დედამიწა შფოთავს გიგანტური ჰესების აგების გამო. ნუთუ ჰესების რიცხვიც შემცირდება? სად აპირებთ ასეთი ელექტროენერგიის მოპოვებას?

- ამ თემაზე უამრავი მეცნიერი მუშაობს და მათ შორის მეც ჩემი მიმართულებით, რომელიც ასეთია: მოგეხსენებათ, ბუნებაში არსებობს კვანტური ნივთიერებები, იგივე კვანტური კრისტალები, რომლებშიც დიდი რაოდენობით ელექტრონებია. ისინი კი ერთმანეთზე ზემოქმედებენ. ჩემი მიზანია დავადგინო, როგორ გადავიყვანოთ ახალ მდგომარეობაში კვანტური კრისტალები ისე, რომ მათში მივიღოთ დედამიწაზე არარსებული კვაზინაწილაკი, რომელსაც გარედან ვმართავთ, ის კი კვანტურ კრისტალებში ახალი ტიპის ენერგიას შექმნის. ბევრად უფრო სწრაფსა და ეკონომიურს, ვიდრე ახლა მუშაობს მსოფლიოს ელექტროხელსაწყოები.

- დარწმუნებული ვარ, კონკურსი ძნელი­ იყო, თანხაც, რომელიც მომავალი მუშაობისათვის მიიღეთ, ნამდვილად არ იყო ადვილი მისაღები.

- ამ კონკურსისთვის შვეიცარიის სამეცნიერო ფონდი ევროპელ მეცნიერებთან ერთად მუშაობს და 600-მდე კონკურსანტს არჩევს. შემდეგ მათ პროექტებს უგზავნის ევროპის ქვეყნების 30 მეცნიერისაგან შემდგარ კომისიას, რომელიც პროექტებს ქულებს უწერს, კონკურსანტებს ფილტრავს და მათგან საუკეთესოებს, დაახლოებით 15%-ს, გასაუბრებაზე იწვევს. გასაუბრებისთვის 30 წუთია დათმობილი, საიდანაც 15 წუთი კონკურსანტმა უნდა ისაუბროს თავისივე აღმოჩენებსა და გეგმებზე. დანარჩენ 15 წუთში კი ოცდაათივე პროფესორი კონკურსანტს კითხვებს აყრის მისი სამეცნიერო მუშაობის შესახებ. კონკურსანტის პროექტს ასევე განიხილავს მსოფლიოს ოთხი უხუცესი პროფესორი, რომლებიც კონკურსანტებისთვის ინკოგნიტოდ რჩებიან­.

- ალბათ, თქვენც კი არ გჯეროდათ, რომ ამხელა თანხას მოიპოვებდით სამეცნიერო მუშაობისათვის.

- როდესაც შეტყობინება მომივიდა, წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავრწმუნდი, რომ პასუხი დადებითი იყო. ამიტომ ჩემს მეგობარსა და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან გავედი სიმართლის დასადგენად, მან კი მითხრა, პასუხი დადებითიაო და ერთმანეთს გადავეხვიეთ.

- თქვენ პირველი "მილიონერი" ქართველი მეცნიერი ხართ. თქვენთან ერთად წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინც წვლილი შეიტანეს თქვენს ამ გამარჯვებაში.

- პირველ რიგში ჩემმა მეუღლემ. გააგრძელეთ კითხვა