პარადოქსი - რუსების ირანული კამიკაძე-დრონების საზენიტო რაკეტებით ჩამოგდება უკრაინელ გენერლებს არ ახარებთ, ანუ ამერიკულ 4 მლნ-იან „პეტრიოტს“ 40 ათასიან ირანულ „შაჰიდზე“ ვერ გაიმეტებენ...
მართალია აშშ-მა ბოლოს და ბოლოს გაიმეტა შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემის „პეტრიოტის“ ერთი საზენიტო ბატარეის გადაცემა უკრაინის ცის დამცველებისთვის, მაგრამ ამან შეიძლება ახალი პრობლემა წარმოქმნას უკრაინელი გენერლებისთვის - როგორ გაიმეტონ 4 მლნ დოლარად ღირებული „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა მოტოცოკლეტის ძრავიანი ირანული კამიკაძე-დრონის „ჰაშიდ-136“-ის ჩამოსაგდებად, რომლის ფასი მხოლოდ 40-50 ათას დოლარს თუ შეადგენს?
ეს არც თუ უმნიშვნელო პრობლემა უკრაინის გენშტაბს მას შემდეგ შეექმნა, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძვირადღირებული ფრთოსანი რაკეტების პარალელურად ბევრად იაფი ირანული კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენება დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ...
ერთია, როდესაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენიდან თუ საზღვაო ფრეგატიდან გამოშვებულ რამდენიმემილიონიან ფრთოსან რაკეტას ჩამოაგდებ და სულ სხვა, როდესაც ასევე ძვირადღირებული საზენიტო რაკეტების გახარჯვა 150 კმ/სთ სიჩქარით მფრენი ირანული „შაჰიდების“ გამო გიწევს, რომლის „ჩამოხსნა“ მომზადებულ მებრძოლებს ტყვიამფრქვევების გადამღობი ცეცხლითაც კი შეუძლიათ...

მაგრამ ეს მხოლოდ...დღისით, როდესაც ცაში დაბალ, ორ-სამ ასეულ მეტრზე ნელა მფრინავი „შაჰიდის“ ვიზუალურად აღმოჩენა და ინტენსიური ცეცხლის გახსნა დამიზნებით შეგიძლია, მაგრამ რას იზამ ღამით, როდესაც მოტოციკლეტის ძრავის სპეციფიკური ხმით ამავე „შაჰიდის“ ფრენას 10 კმ სიშორიდანაც კი დააფიქსირებ, მაგრამ ღამის ცაში მას ვერ გამოარჩევ?
ასეთ დროს ამ სახის კამიკაძე-დრონებთან ბრძოლის ორი ძირითადი გზა არსებობს...
პირველი: ღამის ხედვის მოწყობილობებითა და თბოვიზორებით „შაჰიდის“ შიდაწვის ძრავის სითბური სიგნატურის დაფიქსირება და ცეცხლის გახსნა...
მეორე: რადიოლოკაციური სადგურის გამოყენებით მფრინავი ობიექტის აღმოჩენა და მისკენა საზენიტო რაკეტის გაშვება...

რუსი გენერლებიც მთლად უჭკუოები როდი არიან, ისინიც სწავლობენ თავისსავე შეცდომებზე და ამიტომაც ბოლო დროს უკრაინულ ობიექტებზე მასიური საჰაერო თავდასხმებისას ასეთ ტაქტიკას მიმართავენ-ჯერ ღამით უშვებენ ათეულობით ირანულ კამიკაძე-დრონებს „შაჰიდებს“,რაც იწვევს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მუშაობის გადატვირთვას და ამ „შაჰიდების“ ჩამოსაგდებად გაშვებული,ისედაც შეზღუდული რაოდენობის საზენიტო რაკეტების მომატებულ ხარჯს (როგორც წესი მეზენიტეები „დუბლის გასროლას“ ახორციელებენ ანუ ერთ საჰაერო სამიზნეზე ორ რაკეტას უშვებენ ერთმანეთის მიყოლებით,რათა გაზარდონ სამიზნის ჩამოგდების ალბათობა),რის შემდეგაც საჰაერო შეტევაში უკვე ბევრად ძლიერი და სწრაფი ფრთოსანი რაკეტები ერთვებიან...
ამიტომაცაა, რომ ამერიკულ-ნორვეგიული „ნასამსისა“ და გერმანული „ირისის“ ძვირადღირებული საზენიტო რაკეტებით ათჯერ უფრო იაფი ირანული „შაჰიდების“ ჩამოგდების ფაქტი შეიძლება უკრაინელ პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს ახარებთ, მაგრამ უკრაინელი გენერლები მხოლოდ იღუშებიან, რადგან საზენიტო რაკეტების მარაგი ელევათ ირანულ „შაჰიდებზე“ ბევრად უფრო საშიში რუსული 6 მლნ დოლარიანი „კალიბრების“ მოსაგერიებლად...
მეორე მხრივ, რომელ ეკონომიაზეა ლაპარაკი, თუკი იმავე „შაჰიდმა“ოდესისა თუ კრივოი როგის რომელიმე საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა იერიში და თავისი 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინით დიდი ტრაგედია დაატრიალა? ან კიდევ რამდენიმე ათეული „შაჰიდით“ მიზანმიმართული ერთდროული საჰაერო შეტევა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქის-კიევის ცენტრში,სტრატეგიული მნიშვნელობის სამთავრობო შენობებზე?
სიტუაცია ამ მხრივ კიდევ უფრო პარადოქსული შეიქმნება, როდესაც ერთი-ორი თვის შემდეგ უკრაინელი მეზენიტეები ბოლოს და ბოლოს მიიღებენ ამერიკული „პეტრიოტის“ ერთ შეპირებულ საზენიტო-სარაკეტო ბატარეას-როგორ უნდა გაიმეტონ უკრაინელმა გენერლებმა 4 მლნ დოლარიანი „პეტრიოტის“ რაკეტის გაშვება 100-ჯერ უფრო იაფი ირანული „შაჰიდის“ ჩამოსაგდებად?