პირველი საადგილმამულო აღწერა ევროპაში
შუა საუკუნეების ევროპაში პირველი საადგილმამულო აღწერა ინგლისში, 1085-1086 წლებში მოეწყო უილიამ I დამპყრობლის ბრძანებით. აღწერის მონაცემები წარმოადგენს უნიკალურ წყაროს XI საუკუნის ინგლისის შესახებ. დოკუმენტს უწოდებენ ვინჩესტერის წიგნს, ასევე საშინელი სამსჯავროს წიგნს - განკითხვის დღის ანალოგიით, როცა ყველა ადამიანს თავისი საქმეების სრული სია უნდა წარედგინა.
ინგლისის საყოველთაო აღწერის მიზანი, როგორც ჩანს, იყო მეფისთვის ამომწურავი სურათის შექმნა დაპყრობილი და უკვე შემომტკიცებული ქვეყნის რესურსების შესახებ. ნორმანებმა ინგლისი 1066 წელს დაიპყრეს, სწორედ ნორმანდიის ჰერცოგ უილიამ II-ის მეთაურობით, რომელმაც იმ წელსვე დაიდგა ინგლისის გვირგვინიც და აქაური რიგითობით, უილიამ I ეწოდა. ის 1087 წლამდე, სიკვდილამდე მეფობდა და აღწერის დასრულებასაც მოესწრო. მეფეს სურდა სცოდნოდა ინგლისის შესახებ, „როგორ იყო იგი დასახლებული და რა ხალხით“.
აღწერის ჩატარება დიდი სამეფო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა 1085 წელს. მეფის წარმომადგენლები სასწრაფოდ დაგზავნეს ინგლისის ყველა საგრაფოში. ყველგან მოიწვიეს საგანგებო შეკრებები, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: შერიფი, ბარონები და მათი რაინდები, რომლებსაც ამ საგრაფოში მამულები ჰქონდათ, სასამართლო კოლეგიების წევრები, აგრეთვე მღვდელი, მამასახლისი და ექვსი ვილანი თითოეული სოფლიდან.
შეკრებები ფიცით ადასტურებდნენ აღწერისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ზოგჯერ შესაძლოა მათ წარმოქმნილი მიწის დავებიც მოეგვარებინათ. ნაკვეთების შესახებ მონაცემები აღირიცხებოდა ყოველ ე.წ. ასეულში (ასე ეწოდებოდა ადმინისტრაციულ დანაყოფს - Hundred), მიწის მესაკუთრეების მიერ შექმნილ კომისიებში. მაგალითად, კემბრიჯშირში, ასეულის კომისიაში ანგლოსაქსები და ნორმანები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი - ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწის მფლობელობის შესაბამისად.
არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ წარიმართა აღწერა. ერთ-ერთის თანახმად, მეფის წარმომადგენლები ესტუმრნენ თითოეულ ასეულს და მათ კომისიებს უსმენდნენ. მეორე, უფრო სანდოდ მიჩნეული ვერსიით, საგრაფოებში ყველა კომისია იკრიბებოდა და ანგარიშს ერთად აბარებდა.
აღწერა 1086 წლის ბოლოს დასრულდა და მისი შედეგები, სიებისა და მოხსენებების უზარმაზარი მასივის სახით, მეფეს წარუდგინეს. მოგვიანებით ის ინახებოდა ვინჩესტერში, სამეფო ხაზინაში. უკვე 1088 წელსვე შეადგინეს ორტომეული, სადაც კომპაქტურად იყო გადმოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სამკვიდროების მესაკუთრეთა სახელები როგორც აღწერის ჩატარების დროს, ისე 1066 წელს; სახნავი მიწის ფართობი; რვახარიანი სახნავი ბრიგადების რაოდენობა მესაკუთრის სამფლობელოსა და გლეხების მიწებზე; სამკვიდროს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის გლეხების რაოდენობა (ვილანები, ყმები, თავისუფალი გლეხები); სამკვიდროს კუთვნილი საძოვრების, მდელოებისა და ტყეების ზომა; წისქვილებისა და თევზაობის ადგილების რაოდენობა; სამკვიდროს მეურნეობის ფულადი ღირებულება როგორც აღწერის თარიღისთვის, ასევე 1066 წლისთვის და სხვ.
საშინელი სამსჯავროს ეგრეთ წოდებული “პატარა წიგნი” აღწერს ნორფოლკის, საფოლკისა და ესექსის საგრაფოებს, ხოლო “დიდი წიგნი” დანარჩენ ინგლისს - ზოგიერთი ჩრდილოეთი რეგიონის, ლონდონის, ვინჩესტერისა და კიდევ რამდენიმე ქალაქის გამოკლებით. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილებში აღწერის ამოცანა ძალიან რთული იყო. რეალურად პატარა წიგნი უფრო დიდია, რადგან უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს თითოეული ქონებრივი ერთეულის შესახებ. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად სწორედ ასე გულდასმით ცდილობდნენ მიღებული შედეგების სისტემატიზაციას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მეტისმეტად დეტალური ცნობების შეკრება შეუძლებელიც იყო და თუკი მაინც გროვდებოდა, გამოსაყენებლად იყო მოუხერხებელი.

საერთო ჯამში, წიგნში 268 984 კაცია აღრიცხული, რომლებიც ოჯახის უფროსებს წარმოადგენდნენ. ზოგიერთი საოჯახო მეურნეობა, მაგალითად, ქალაქებში მცხოვრებნი, არ იყო შეტანილი აღრიცხვაში. ზუსტი პარამეტრები ისტორიკოსთა კამათის საგნად რჩება. სხვადასხვა მეთოდით დათვლის შედეგად ასკვნიან, რომ მოტანილი ოჯახების რაოდენობა მიუთითებს ინგლისის მთლიან მოსახლეობაზე 1,2-დან 1,6 მილიონამდე დიაპაზონში. ამას გარდა, წიგნში სულ დასახელებულია 13 418 ადგილი, აქვეა ჩანაწერები სამხედრო სამსახურის, ბაზრების, ზარაფხანის შესახებ და კიდევ მრავალი სხვა მონაცემი.
წიგნი ინახებოდა ვინჩესტერში, ანგლონორმანული მონარქიის დედაქალაქში ჰენრი II-ის მეფობამდე (1175-1188), რომელმაც სამეფო ხაზინა ვესტმინსტერში გადაიტანა. დედოფალ ვიქტორიას დროს, XIX საუკუნეში, წიგნი ბრიტანეთის ეროვნულ არქივს გადაეცა. პირველად იგი 1773 წელს დაიბეჭდა. 1986 წელს, წიგნის 900 წლის იუბილეს აღსანიშნავად, BBС-მ სხვა კომპანიებთან ერთად შექმნა მულტიმედიური პროექტი “ახალი საშინელი სამსჯავროს წიგნი”. 2006 წლის აგვისტოში კი გამოიცა წიგნის ელექტრონული ვერსია ინგლისურ ენაზე - დედანში წიგნი ლათინურად იყო შედგენილი.
საშინელი სამსჯავროს წიგნი ინგლისის უძველესი “საჯარო ჩანაწერია” და ალბათ ევროპის ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო სტატისტიკური დოკუმენტიც. ევროპაში არც არსებობს მსგავსი დოკუმენტი შესადარებლად, რომელიც დეტალურად აღწერს ვრცელ ტერიტორიას. შეუძლებელია გულგრილი დარჩეს ადამიანი, როდესაც ფურცლავს ძველ ფოლიანტებს მოსახლეობის, სახნავი მიწის, ტყის, მდელოსა და სხვა რესურსების შესახებ დეტალებით, ზღვა ინფორმაციით, რომელსაც ეს წიგნი შეიცავს.
history.com-ის მიხედვით
"ისტორიანი" .#125