პეტრე შარია და მისი დღიურები
მაღალი რანგის საბჭოთა მოღვაწეს სისტემამ არ აპატია ნაწარმოები სულის უკვდავების შესახებ, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ დაწერა
ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, პეტრე შარიას მუშაობამ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მაღალ თანამდებობებზე, აგრეთვე ლავრენტი ბერიასთან სიახლოვემ, მის მიმართ ეჭვები გააჩინა. ადრეულ წლებში პეტრე შარია საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში იყო მეცნიერებისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე (1936-1938 წწ.), შემდეგ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში (1943-1948 წწ.), მოსკოვში მუშაობდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აპარატში (1938-1943 წწ.). კაცს, რომელსაც “რკინის მუშტში ჰყავდა მომწყვდეული ქართველი ინტელიგენცია”, ბევრი მოშურნე, მოწინააღმდეგე და მტერიც კი ჰყავდა როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე პარტიულ აპარატში. ისინი ცდილობდნენ მის იგნორირებას, ან აქტიურად ებრძოდნენ. თუმცა ერთი რამ ცხადია: ის იყო ფართო ერუდიციის ფილოსოფოსი და რუსთველოლოგი. მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა სულაც არ არის უსარგებლო, ხოლო რუსთველოლოგიური ძიებანი უდავოდ საინტერესოა. ამასთანავე, მთელი ცხოვრება გულწრფელად სწამდა საბჭოთა წესწყობილებისა და უთუოდ გულმართალი გახლდათ მისი იდეოლოგიური დაცვა-გამართლებისას.უაღრესად საინტერესოა მისი მოგონებები (“აღსარება”) და დღიურები, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლის მონაწილეც თვითონ იყო.
დაიბადა სოხუმის ოლქის სამურზაყანოს უბნის სოფელ თაგილონში, ღარიბი გლეხის ოჯახში, 1904 წლის 20 აპრილს. მისი დაბადების თარიღი გამოიკვლია ახლო ნათესავმა, ისტორიკოსმა გრიგოლ შარიამ, მანამდე ყველა დოკუმენტში პეტრე შარიას დაბადების თარიღად 1902 წელი იყო მითითებული. 1915 წელს დაამთავრა თაგილონის ორკლასიანი სკოლა. ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ერთხანს სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა, მაგრამ შემდეგ ზუგდიდის უმაღლესი დაწყებითი სკოლა დაამთავრა. 1919-1920 წლებში სწავლობდა სოხუმის საოსტატო სემინარიაში, რომელიც ვერ დაამთავრა ისევ და ისევ ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გამო. 1920 წლის სექტემბრიდან მუშაობდა სამურზაყანოს მაზრის სოფლების - მუხურის, ქვემო ჭუბურხინჯის, თაგილონის სკოლებში მასწავლებლად. 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავდროულად, 1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილებაში. იგი “ახალგაზრდა მარქსისტთა” ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი ყოფილა და 1924 წელს დაუკავებიათ კიდეც. აღმოჩნდა, რომ ხვდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (1919-1921 წწ.) წევრ ალექსანდრე ჩიქავას, რომელიც 1922-1924 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. ალექსანდრე ჩიქავა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და დახვრიტეს. პეტრე შარია ამჯერად გადარჩა. 1924 წელს ის მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლობდა ნ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემიაში, ხოლო 1926 წლიდან - რუსეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციასთან არსებულ ასპირანტურაში. სწავლის პარალელურად, ფილოსოფიურ დისციპლინებს ასწავლიდა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1929 წლიდან, იყო მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; იმავდროულად, მოსკოვის პირველი უნივერსიტეტის (ასე იწოდებოდა ერთხანს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დოცენტი. 1930 წლის იანვარში პეტრე შარია სამშობლოში დაბრუნდა და გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 1932 წლიდან - ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 1932 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, ხოლო 1934 წელს - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.1934 წლის მარტიდან პეტრე შარია პარტიულ სამუშაოზე გადავიდა. იგი დაინიშნა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისა და კულტურის განყოფილების გამგედ, 1936 წელს - საქართველოს კპ ცკ მეცნიერებისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ. ამ პერიოდში, 1937-1938 წლებში, იგი იყო აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, ქართულ გრაფიკაზე გადაყვანამ აფხაზური ენა გადაარჩინა დამანგრეველ ცვლილებებს, შეუნარჩუნა მას ბუნებრივი სახე და გარკვეული ხნით (1938-1954 წწ.) შეაჩერა რუსიფიკაციის პროცესი. იმავე ხანებში, 1937-1938 წლებში, ის იყო ჟურნალ “ბოლშევიკის” რედაქტორი და საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობისას მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ლავრენტი ბერიასთან.

მოსკოვში, შს სახალხო კომისარიატში1938 წლის აგვისტოში ლავრენტი ბერია სსრ კავშირის შს სახალხო კომისარ ნიკოლოზ ეჟოვის პირველ მოადგილედ, ხოლო ნოემბერში - შს სახალხო კომისრად დაინიშნა. იმავე წლის მიწურულს ბერიამ პეტრე შარია მოსკოვში გადაიყვანა. იგი დაინიშნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეცნიერებისა და საგარეო საქმეთა სამმართველოს უფროსად. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი (1938-1952 წწ.) მოგონებების წიგნში “განცდილი და ნააზრევი” მის შესახებ წერდა: “შარია იმ მუშაკთა რიცხვში შედიოდა, რომლებიც ბერიამ მოსკოვში გადასვლისას თან გაიყოლა. პეტრე შარია ჩეკისტი არ იყო. ბერიას ის როგორც სწავლული და ლიტერატორი ესაჭიროებოდა”. ჩარკვიანის ცნობით, “აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პეტრე შარია იყო სსრ კავშირის შინაგან საქმეთა ყოფილი სახალხო კომისრის - ნიკოლოზ ეჟოვისგან საქმეების ბერიასთვის გადაბარების კომისიის მდივანი”.1942 წელს პეტრე შარია აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან მირ ჯაფარ ბაგიროვთან (1933-1953 წწ.) და ამიერკავკასიის ფრონტის სარდალთან, არმიის გენერალ ივან ტიულენევთან (1942-1945 წწ.) ერთად ირანში იმყოფებოდა. შარიას მოგონების თანახმად, ამ მისიის მიზანი იყო ომის შემდეგ აზერბაიჯანის სს რესპუბლიკასთან ირანის აზერბაიჯანის გაერთიანება, რომლის შემდეგაც საქართველოსთვის ზაქათალის ოლქის დაბრუნების გზა გაიხსნებოდა. თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.1942 წელს პეტრე შარიას მიენიჭა შინსახკომის დამსახურებული მუშაკის წოდება, 1943 წელს გახდა სახელმწიფო უშიშროების III რანგის კომისარი. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ლენინის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენებით, მედლებით: “კავკასიის დაცვისათვის” და “1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის”.
უკან, თბილისში1943 წლის მიწურულს პეტრე შარია საქართველოში გადმოიყვანეს. ის დაინიშნა საქართველოს კპ ცკ მდივნად იდეოლოგიის დარგში; იმავდროულად - საკავშირო კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად. მიუხედავად უაღრესად დატვირთული გრაფიკისა, იმავე წლებში პეტრე შარია სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი 1946-1948 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.1945 წლის თებერვალში მისი ხელმძღვანელობით პარიზში გაემგზავრა დელეგაცია, რომელსაც საქართველოში უნდა ჩამოეტანა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ქართული ეროვნული საგანძური. მკვლევარი გელა სულაძე წერს: “მას, გარდა იმისა, რომ უნდა მოეგვარებინა ქართული ეროვნული ფასეულობების და თვით განძის მეჭურჭლეთუხუცესის ექვთიმე თაყაიშვილის საბჭოთა კავშირში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეული სამუშაოები უნდა ეწარმოებინა რეპატრიაციის პრესის იდეოლოგიური უზრუნველყოფის მიმართებითაც”. პარიზში ის შეხვდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს - ევგენი გეგეჭკორს, სპირიდონ კედიას, სამსონ ფირცხალავასა და სხვებს. გელა სულაძის აზრით, პეტრე შარიას ძალისხმევის შედეგი უნდა ყოფილიყო 1945 წლის ბოლოს საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილის მიერ პროსაბჭოური “ქართველ პატრიოტთა კავშირის” შექმნა.1945 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” შესაქმნელად. განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული სამართლიანად ითვლება ქართული მეცნიერების, საერთოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვან მიღწევად. განმარტებითი ლექსიკონის გამოცემის დაფინანსების მიზნით პეტრე შარიამ სსრ კავშირის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვს მიმართა და საკითხი დადებითად გადაწყდა. ამ ფაქტის შესახებ არა თუ ფართო საზოგადოების, არამედ სამეცნიერო წრეებისთვისაც უცნობია. 1947 წლის ივნისში, მოსკოვში, იოსებ სტალინის ინიციატივით გაიმართა დისკუსია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატის გიორგი ალექსანდროვის (1908-1961 წწ.) წიგნზე “დასავლეთევროპული ფილოსოფიის ისტორია”, რომელიც 1946 წელს გამოვიდა. გიორგი ალექსანდროვი იმავდროულად პარტიული ფუნქციონერი იყო, საკავშირო კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი, ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო ბიუროს წევრი. საქართველოდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე და პეტრე შარია. ეს უკანასკნელი დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვიდა. გიორგი ალექსანდროვის ეს წიგნი გააკრიტიკეს იოსებ სტალინმა და ანდრეი ჟდანოვმა, რამაც გამოიწვია მისი ავტორის პარტიული აპარატიდან წასვლა.

სისტემისგან მოკვეთა 1943 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა პეტრე შარიას უფროსი შვილი დაზმირი. პირადი ტრაგედიის, 14 წლის ვაჟის დაკარგვის განცდების ფონზე მან რუსულ ენაზე დაწერა ფილოსოფიურ-ლირიკული პოემა “დაზმირი”, სადაც მარადიულ ცხოვრებასა და სულის უკვდავებას აღიარებდა. ამ ფაქტიდანაც ჩანდა, რომ პეტრე შარია იყო ფართო მასშტაბის მოაზროვნე, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ვერ ეტეოდა და ეს პოემა მისგან გათავისუფლების მცდელობას წარმოადგენდა. პოემა სულ რამდენიმე ათეული ცალი დაიბეჭდა და მხოლოდ ახლობელთა ვიწრო წრე გაეცნო. პეტრე შარიას მოწინააღმდეგეებმა მასში, არცთუ უსაფუძვლოდ, მისტიციზმი დაინახეს, არ დაახანეს და სათანადო ინსტანციებში დააბეზღეს. პოემა, როგორც იდეოლოგიურად მავნე ნაწარმოები, აიკრძალა, მაგრამ მან ავტორის პოლიტიკური და სამეცნიერო კარიერა შეიწირა. პეტრე შარიას საკითხი საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროსა და (ბ) ცკ პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილეს. როგორც აღნიშნავენ, სტალინს უთქვამს, “ჩვენ აქამდე ვიცოდით ერთი შარია, აღმოჩნდა, რომ ორი ყოფილა - ერთი მარქსისტი, მეორე - იდეალისტი და სწამს ღმერთი”.1948 წლის ივნისში პეტრე შარია გაათავისუფლეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობიდან, გამოიყვანეს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს შემადგენლობიდან, თუმცა პარტიის რიგებიდან არ გაურიცხავთ. მოგვიანებით ვიაჩესლავ მოლოტოვი აღნიშნავდა, “შვილის სიკვდილთან დაკავშირებით დაწერა ღრმა პესიმიზმით და რელიგიურ-მისტიკური განწყობებით გამსჭვალული იდეოლოგიურად მავნე ნაწარმოები ლექსად, რის გამოც პარტიიდან უნდა გაეგდოთ”. თვითონ დაზარალებული დასჯის უმთავრეს მიზეზს ანდრეი ჟდანოვსა და ნიკოლაი ვოზნესენსკიში ხედავდა. ორივე პოლიტბიუროს წევრი იყო, ერთი ცენტრალური კომიტეტის მდივანი, რომელიც იდეოლოგიის საკითხებს განაგებდა, ხოლო მეორე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. როგორც პეტრე შარია მოგონებაში წერს, საქართველოდან სწორედ ჟდანოვს მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია, რადგან მასში მოკავშირეს ხედავდნენ. ამდენად, იგი იმ სისტემის მსხვერპლი გახდა, რომლის აპოლოგეტიც თვითონ იყო. იმავდროულად, იგი გაათავისუფლეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორობიდან, გამოიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან.პრობლემებს პრობლემები დაემატა. 1952 წლის თებერვალში პეტრე შარია დააპატიმრეს ე.წ. მეგრელთა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბერიას წინააღმდეგ შეიქმნა. შევიწროებას ვერ გადაურჩა მისი ცოლ-შვილიც. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, “მეგრელთა საქმის” გამო დაპატიმრებულები გაათავისუფლეს. 13 თვის პატიმრობის შემდეგ, 1953 წლის მარტში, პეტრე შარიაც გაათავისუფლეს და რეაბილიტირებულ იქნა. როგორც ის “აღსარებაში” წერს, გათავისუფლებისას ბერიას მისთვის მადლობა გადაუხდია, რომ არ გატყდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნებოდა დაპატიმრებულთა სიკვდილით დასჯაო. 1953 წლის აპრილში პეტრე შარია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბერიას თანაშემწედ დაინიშნა. მაგრამ მალევე, ივნისის ბოლოს, ბერიას გარემოცვის წმენდის დროს, კვლავ დააპატიმრეს. 1954 წლის 28 სექტემბერს, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელს ვლადიმირის ციხეში იხდიდა. იმავდროულად, პარტიიდანაც გარიცხეს. 1956 წლის თებერვალში პარტიის XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის დაგმობასთან დაკავშირებით, უცდიათ პეტრე შარიას ავტორიტეტი გამოეყენებინათ. ამ უკანასკნელის აზრით, ალბათ ნიკიტა ხრუშჩოვის დავალებით, მისთვის მიუგზავნიათ გენერალი, რომელიც შეპირებია, თუ გაზეთ “პრავდაში” ბელადის კრიტიკას გამოაქვეყნებდა, პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ და სოციალურ-პოლიტიკურადაც აღაზევებდნენ, მაგრამ მან ეს შეთავაზება უარყო. ციხეში ყოფნა პეტრე შარიამ გამოიყენა ფრანგული, გერმანული, იტალიური და ესპანური ენების შესასწავლად. იმ დროს ვლადიმირის ციხეში იჯდა ცნობილი ჩეკისტი პაველ სუდოპლატოვი, რომელსაც თავის წიგნში “სპეცოპერაციები - ლუბიანკა და კრემლი - 1930-1950 წლები”, რამდენიმე ცნობა აქვს დაცული მის შესახებაც. კერძოდ, პეტრე შარიას ციხიდან გათავისუფლებისას მისთვის უთქვამს, “გადაწყვეტილი მაქვს ახალი ცხოვრება დავიწყოო”. ამასთანავე, სუდოპლატოვის თხოვნა შეუსრულებია და მოსკოვში ჩასვლისას მისი მეუღლე მოუნახულებია.საპატიმროდან 1963 წლის 23 ივნისს გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნდა. მორალურად და ფიზიკურად ის უკვე გატეხილი იყო, მაგრამ მაინც მონახა ძალა სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. “აღსარების” მიხედვით, სანამ ნიკიტა ხრუშჩოვი იდგა ქვეყნის სათავეში, სამუშაოზე მის მოწყობას ვერავინ ბედავდა, ამიტომ ერთხანს უმუშევარი იყო. ასეთ ვითარებაში მან გერმანულიდან თარგმნა იმანუილ კანტის “მსჯელობის უნარის კრიტიკა”, იტალიურიდან თარგმნა იტალიელი მხატვრის, მწერლისა და ისტორიკოსის ჯორჯო ვაზარის (1511-1574 წწ.) “ყოვლად ბრწყინვალე მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი” (შემოკლებით “შემოქმედთა ცხოვრებანი”), რომელიც ერნსტ გომბრიხის შეფასებით ითვლება “ყველაზე ცნობილ და დღესაც ყველაზე პოპულარულ ლიტერატურად ხელოვნების შესახებ”; ინგლისურიდან თარგმნა ცნობილი ამერიკელი რომანისტის, მაინ რიდის “ოცეოლა, სემინოლების ბელადი”. 1966 წელს აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღო. ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და მთარგმნელი, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი რამაზ კობიძე პეტრე შარიას შესახებ წერდა: “მისი მსოფლმხედველობა და ფსიქიკა ბანაკმა ძირფესვიანად შეცვალა. მანამდე სტალინისა და ბერიას ერთგული მეაბჯრე, რომელსაც რკინის მუშტში ჰყავდა მომწყვდეული ქართველი ინტელიგენცია, ბანაკის მერე სულ სხვა კაცი იყო. “სოციალისტური რეალიზმი” - ეს უაზრობააო, ამ სიტყვებში არავითარი აზრი არ არისო, - ასე განაცხადა მწერალთა კავშირის ტრიბუნიდან”.

დღიურებში პეტრე შარია ერთგან აღნიშნავს, რომ ჭაბუკობაში საწუთრომ იგი გაანებივრა, მაგრამ შემდეგ უმოწყალოდ გაწირა. ჯერ საყვარელი ვაჟი დაკარგა, რომლის შესახებ დაწერილი პოემა, მოშურნეთა წყალობით, პოლიტბიუროზე განხილვის საგანი გახდა და საბედისწერო როლი შეასრულა მის ცხოვრებაში, შემდეგ ერთგული მეგობარი და თანამეცხედრე გამოეცალა ხელიდან, მაგრამ ამ განაჩენს მხნედ იტანდა, სულით არ ეცემოდა და საყვარელ საქმეს განაგრძობდა - მეცნიერებას ემსახურებოდა. 1979 წლის 25 აპრილს პეტრე შარია გარდაიცვალა. იგი ვერის სასაფლაოზე მეუღლისა და შვილის გვერდით დაკრძალეს. 2004 წლის 12 ნოემბერს აღინიშნა 100 წლისთავი მისი დაბადებიდან. იმავე დღეს, ილია ჭავჭავაძის პროსპექტის #24 სახლის კედელზე, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში პეტრე შარია ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.პეტრე შარიას დღიურებში საინტერესო ცნობებია დაცული XX საუკუნის 20-70-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებზე, იმ პიროვნებებზე, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონია. საინტერესოა მცირე მოგონება ივანე ჯავახიშვილზე. 1922 წელს ივანე ჯავახიშვილმა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომა მოინდომა, მაგრამ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი ძალისხმევით გადაიფიქრა. პეტრე შარიას თბილი ურთიერთობა ჰქონდა გრიგოლ წერეთელთან, ილია ვეკუასთან. ამას ვერ ვიტყვით შალვა ნუცუბიძესთან დამოკიდებულებაზე, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ახლო ურთიერთობა აკავშირებდა გამოჩენილ ფილოსოფოს მოსე გოგიბერიძესთან, რომელიც 52 წლის ასაკში რეპრესიებს შეეწირა. მისი სიკვდილის გარემოებები საზოგადოებისთვის უცნობია. ამ ნაკლს ავსებს პეტრე შარიას მოგონება. საერთოდ, პეტრე შარიას დღიურები კიდევ მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს.დღიურების ფრაგმენტების გამოქვეყნებისას, დაცულია ავტორის სტილი და პუნქტუაცია, რაც შეეხება სათაურებს, ისინი ავტორისეული არ არის.

როგორ გადაათქმევინეს გადადგომა ივანე ჯავახიშვილს1922 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნები. მე სწორედ იმ წელს ჩავირიცხე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. საუნივერსიტეტო საბჭოში, გარდა პროფესორ-მასწავლებლებისა, შედიოდა ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა თითო წარმომადგენელი. მე წარმოვადგენდი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტობას.იმ დღეს პირველად ვნახე ახლოს (შორიდან ბევრჯერ მყავდა ნანახი) ივანე ჯავახიშვილი, გარეგნობითაც უაღრესად მიმზიდველი იყო, ხოლო მისი ლაპარაკი, როგორც სიტყვის დახვეწილობით, ისე განსაკუთრებული დიქციით, პირდაპირ აჯადოვებდა მსმენელს! ივანე ჯავახიშვილი მესამე წელი იყო რექტორად და არც მომდევნო ვადისათვის იყო წარდგენილი ახალი კანდიდატურა, ყველანი მომზადებული ვიყავით მისი ხელახალი ბალოტირებისათვის. მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად (დამსწრეთა რეაგირების მიხედვით მე ასე მომეჩვენა, თორემ ალბათ რამდენიმე დამსწრეს მაინც ეცოდინებოდა წინასწარ), ივანე ადგა და ბალოტირებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მე საიდან გავიგებდი ამის მიზეზს? თვით ივანემ მოტივად გამოაცხადა: მეწვიაო სტიქიური უბედურება, დავბერდიო!ჩემი განუვითარებელი შეგნებითაც გასაგები იყო, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი. გამოვიდა რამდენიმე ცნობილი პროფესორი, მათ შორის კორნელი კეკელიძეც, თხოვნით ივანესადმი, უარი ეთქვა გადადგომაზე, მაგრამ ის იმეორებდა თავის კატეგორიულ უარს.რატომღაც ისე მეჩვენებოდა, რომ ივანეს გადადგომით უნივერსიტეტი დაიღუპებოდა. ვერ დავიოკე გამოსვლის სურვილი, თუმცა მაშინ ქართული ძალიან ცუდად ვიცოდი. სხდომის თავმჯდომარეს (თუ არ ვცდები, ფილიპე გოგიჩაიშვილს) მივწერე თხოვნა, მოეცა სიტყვა (ხელის აწევა მეუხერხულა). მან მაშინვე მომცა სიტყვა, ოღონდ გვარს კარგად არ დაკვირვებია და გამოაცხადა “შარაია”. მე ავდექი ყურებამდე გაწითლებული, მოვიბოდიშე ცუდი ქართულის თაობაზე, სამურზაყანოელი ვარ და რუსულად ვსწავლობდი-მეთქი და დიდი რუდუნებით შევაკოწიწე რამდენიმე წინადადება: “სტუდენტების წარმოდგენაში უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელი განუყოფელია და მე ასე მგონია, რომ უნივერსიტეტი ვერც იარსებებს მისი რექტორობის გარეშე”. რამდენიმე პროფესორმა გაიცინა, თვით ივანემ მეტად სერიოზული სახით მოისმინა. უცებ გაისმა კიდევ ორი წარმომადგენლის ხმა (ერთი ქალი იყო), ჩვენც ასე ვფიქრობთო.რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ივანე ადგა და განაცხადა: “რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უზომოდ აჭარბებენ, მაგრამ რახან მათ გულწრფელობაშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ზნეობრივი უფლება არა მაქვს ცოტა ხნით მაინც არ დავთანხმდე”.მერე დაიწყო ბალოტირება, ასე ვთქვათ, “ნატურალურად”: უჯრაში ეწყო თეთრი და შავი პაწია ბურთულები და აქვე კუთხეში იდგა ცარიელი ყუთი, რომელშიც უნდა ჩაგვეგდო ბურთულები და ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გამოაცხადეს, რომ ყუთში ორი შავი ბურთულაც აღმოჩნდაო.ივანემ დიდი მადლობა გადაგვიხადა ყველას ნდობისათვის და პირველმა დატოვა სხდომათა დარბაზი.მოულოდნელად ჩემთან მოვიდა პროფესორი გრიგოლ ნათაძე, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: “ყოჩაღ, კაი ყმაწვილი ყოფილხარ!” ძალიან გამიხარდა. თითქმის მთელი თვე ცოცხლობდა ჩემს სულში ამ სხდომით გამოწვეული შთაბეჭდილებები.... მას შემდეგ უნივერსიტეტში ბევრი რექტორი გამოიცვალა, უმრავლესობა მათგან ღირსეული პიროვნება იყო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეულია ამ საპატიო რიგში.
(გაგრძელება იქნება)
ბეჟან ხორავაისტორიის დოქტორი
"ისტორიანი" .#125