რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობისას - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობისას

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

1956 წლის 9 მარტს დაუნდობლად გაჟლიტეს თბილისის ქუჩებში გამოსული მშვიდობიანი მომიტინგენი, რომლებიც აპროტესტებდნენ სტალინის სიკვდილის შემდეგ კრემლში მოკალათებულ ახალ ხელისუფალთა მიერ წამოწყებულ პოლიტიკას. თბილისში დატრიალებულ სისხლისღვრას საკავშირო მასშტაბით ადრევე წამოწყებული ქართველთა დევნა-შევიწროების გაძლიერება მოჰყვა. ძალოვანი სტრუქტურებიდან მასობრივად დაითხოვეს დამსახურებული გენერლები და ოფიცრები, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქართველები იყვნენ. დაშალეს ქართული დივიზიებიც, რომლებიც სტალინის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა. ასეთ უსამართლობას ქართველობამ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებით უპასუხა, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. სსრ კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მიმდინარე ბრძოლისას, ჩვენი სამშობლო მწვავედ განიცდიდა პროფესიონალ სამხედროთა სიმცირეს.

1956 წლის მარტის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების მონაწილე რევაზ გივის ძე ჟორდანია (1934-2011), რომელიც შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი გახდა, იხსენებდა: “ჩემი სტუდენტობისას თბილისში მოხდა ის საშინელება, რასაც 1956 წლის 9 მარტი ჰქვია! ჯერ კიდევ სტალინის გარდაცვალების დღიდან, 5 მარტიდან ხალხმა შეგროვება იწყო სანაპიროზე, სადაც სტალინის დიდი ძეგლი იდგა. ამკობდნენ მას უამრავი გვირგვინით და სახელდახელოდ გამართულ ტრიბუნაზე გამოდიოდნენ სიტყვებით, რომელთა აზრი შემდეგში მდგომარეობდა: “თუ რუსეთმა ვერ დააფასა ადამიანი, რომელმაც სოციალიზმი ააშენა, ღარიბ-ღატაკი ქვეყანა მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნად გადააქცია, დაამარცხა გერმანელი ფაშისტები, საქართველომ უნდა ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებით და გავიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან” (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია. - ნ.ჯ.).

7 მარტიდან უკვე სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოსული დელეგატებიც გამოდიოდნენ და გვირგვინებით ამკობდნენ ძეგლს.

9 მარტს, თერთმეტის ნახევარზე, დაიწყო გაბმით, ჯერებით სროლა. მივხვდი, რაც მოხდა... რუსთაველის პროსპექტზე, სასტუმრო “თბილისის” პირდაპირ შლანგით რეცხავდნენ სისხლიან ლაქებს. გავიგეთ, რომ მოკლული და დაჭრილი იყო 800 კაცი, 2 ათასი კი დაეპატიმრებინათ. ასე დასრულდა ეს უბედური დღე...

ცოტა ხანში ხრუშჩოვმა გამოგზავნა თავისი ემისარი - გორკინი, რომელმაც ბრძანა, რომ სტალინის ყველა ძეგლი და სურათი უნდა განადგურებულიყო (გარდა გორში არსებული ძეგლისა), რაც შესრულდა კიდევაც. სასტუმრო “თბილისი” მოაბათქაშეს, ნატყვიარი ნაწილები ძირს ეყარა... მოსწავლეთა სასახლის შესასვლელში, ეზოდან ჩიტაძის ქუჩაზე - ეყარა სტალინის მრავალი ძეგლი. მათ შორის ზოგიერთი პირდაპირ ხელოვნების ნიმუში იყო. ალბათ მინისტრებს ედგათ მაგიდაზე. ვიფიქრე კიდეც, რომ ერთი ლამაზი პატარა სკულპტურა ამეღო, მაგრამ მილიციელებმა არ მიმიშვეს! მერე ყველა ძეგლი დაამტვრიეს და სადღაც გადაყარეს, სურათები კი დაწვეს” (რევაზ ჟორდანია, მოგონებათა კონა “ქართველი ინტელიგენტის ცხოვრება XX საუკუნეში”, თბილისი, 2007).

იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა 17 წლის ჯუმბერ პატიაშვილიც, რომელიც 1985-1989 წლებში საქართველოს კომპარტიას ხელმძღვანელობდა. მის მემუარებში “ოცდასამი წლის შემდეგ” (2013) ვკითხულობთ: “ჩემს ცნობიერებაში სტალინი ყოველთვის იყო გმირი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა და მის გმირობას ხიბლს ისიც მატებდა, რომ იგი ჩვენი, ქართველების თანამემამულე იყო. სტუდენტობისას სტალინური სტიპენდიატი გახლდით. ეს იმ დროისთვის უმაღლესი შეფასება იყო და ბუნებრივია, მეამაყებოდა. ბოლო კურსზე, “პიროვნების კულტის მხილების” შემდეგ, სტალინური სტიპენდია ლენინურით შემიცვალეს და მანაც დაკარგა ის ფასი, რომელიც ფულად ერთეულებში არ გამოიხატება.

როცა ხრუშჩოვის ბრძანებით “პიროვნების კულტის” მსხვრევის სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, დამამთავრებელ კლასში ვსწავლობდი. საქართველოში ძნელად მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც ამ ყველაფერზე მძაფრი პროტესტის გრძნობა არ გასჩენია. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. ჩვენც, მთელი კლასი, სრული შემადგენლობით შევუერთდით პროცესს. ქართველმა ხალხმა პიროვნების კულტის მსხვრევა არა მხოლოდ სტალინის, არამედ ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკად აღიქვა და შესაბამისად, პროტესტიც გაცილებით მძლავრი იყო, ვიდრე კულტის მსხვრევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მარტო ჩვენი უბნიდან სამი ბიჭი დაიღუპა”.

მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი რევაზ თვარაძე (1928-2006) იხსენებდა: “სტალინის სიცოცხლეში, განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში, ბელადის თანამემამულეთა უმრავლესობა რაღაც ფატალურ მნიშვნელობას ანიჭებდა მის ქართველობას. თითქოს აღარავის სურდა იმის გახსენება, რომ ოცდაერთ წელს დამოუკიდებლობის დაკარგვაც ჯუღაშვილის ბოროტი ნების აღზევების შედეგი იყო (ალბათ, მართალნი არიან ისინი, ვინც ამბობს - უამისოდ სტალინი ელემენტარული ემიგრანტი იქნებოდა და რუსეთის იმპერიის სათავეში მისი მოქცევის შანსები ლამის ნულს უტოლდებოდაო), შემდეგ ამ ციცქნა რესპუბლიკაში სამი დაყოვნებული მოქმედების ნაღმის - სამი ავტონომიის შექმნაც, ოცდაჩვიდმეტში - ერის უმჯობესი ნაწილის მოსპობაც, მრავალი და მრავალი სიავკაცეც.

ოღონდ, საკუთარი ერის უღმერთოდ გამწირველმა ამ ბოროტმა გენიამ სხვა ხალხს გაუწია უდიდესი სამსახური - რუსეთის იმპერია აღაზევა. და თუმცა მიამიტი და გულარხეინი ქართველნი მისი სიკვდილის შემდეგ მცირე ხანს იმის იმედად იყვნენ - ახლა მთელ ძალაუფლებას ბელადის მარჯვენა ხელი - მეორე ქართველი მოიხვეჭსო, იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო - ბუნებით უმადური რუსები სტალინის ამაგსაც მალე დაივიწყებდნენ და იმ მეორე ქართველსაც არასგზით არ გაახარებდნენ. სამი თვეც არ დასჭირვებიათ შოვინიზმით გონებადაბნელებულებს ბერიას მოსაშთობად, თანაც რანაირი უტვინო ლოგიკით - იმპერიალიზმის აგენტი იყოო!

ამას უმალვე მოჰყვა საერთოდ ქართველთა წინააღმდეგ ჯერ ფარული, შემდგომ უკვე ლამის შეუნიღბავი მძულვარების ტალღათა აგორება. მთელ სახელმწიფოში ავრცელებდნენ ხმებს - ქართველნი ნაციონალისტები და მოღალატენი არიან, ომის დროს, რაკი სტალინი მფარველობდათ, ხალხი ჯარში არ მიჰყავდათო (არადა, გამოანგარიშებულია: პროცენტული მაჩვენებლებით საბჭოთა კავშირის სხვა ერთა შორის ომში ყველაზე მეტნი ქართველნი გაწყდნენ), რაკი სტალინი მფარველობდათ, მათთან კოლმეურნეობები თითქმის არც არსებობდა, ყველანი მდიდრულად ცხოვრობდნენ, თავიანთი ციტრუსებით, ხილით, ღვინით სპეკულანტობენ, რუს ხალხს ატყავებენო.

«Пусть убираются длинноносые грузины и пьют свою кислятину», - ამგვარი ფრაზა ამოვიკითხე იმხანად რომელიღაც ცნობილი რუსი მწერლის მოთხრობაში, მოსკოვის ერთ უმთავრეს სალიტერატურო ჟურნალში რომ იყო დაბეჭდილი” (რევაზ თვარაძე, მოგონებათა წიგნი, ნაკვეთი მეორე, წერილები, თბილისი, 2008).

აქვე განვმარტავთ, რომ ავტონომიური ერთეულები საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, კერძოდ, 1921-1922 წლებში. ამ პროცესზე სტალინი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან იგი სსრ კავშირის მესვეური მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ამ ქვეყნის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე - ვლადიმირ ლენინი (1870-1924) გარდაიცვალა. ამასთან, სტალინს თუნდაც გამოეჩინა “ზედმეტი მზრუნველობა” თავისი სამშობლოსადმი, ამას ხელზე დაიხვევდნენ და ნაციონალისტად გამოაცხადებდნენ კონკურენტები - ლევ ტროცკი და სხვანი, რითაც სტალინის კარიერა შეიძლებოდა განუსაზღვრელად შეეფერხებინათ.

3-5-1671890262.jpg
ჯუმბერ პატიაშვილი

მოკლედ გავიხსენოთ საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომიური ერთეულების ფორმირების ისტორიაც.

1921 წლის 4 მარტს გამოცხადდა “აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის” შექმნის შესახებ. იმავე წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე, აფხაზეთის სსრ გაერთიანდა საქართველოს სსრ-სთან და ერთად შევიდნენ ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში. ხოლო 1931 წლის 19 თებერვალს აფხაზეთი ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. ამიერკავკასიის სფსრ კი 1936 წელს დაიშალა. მიაჩნიათ, რომ ეს დათმობა აფხაზ კომუნისტთა ლიდერ ნესტორ ლაკობას მხრიდან შესაძლებელი მხოლოდ სტალინის ფაქტორის გათვალისწინებით გახდა.

1921 წლის 16 ივლისს გამოცხადდა “აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის” შექმნის შესახებ. ქართველი ერის ერთ-ერთი შემადგენელი ეთნოგრაფიული ჯგუფისთვის ავტონომიური ერთეულის შექმნა განაპირობა მუსტაფა ქემალ-ფაშას, იმავე ათათურქის მთავრობის მოთხოვნამ - დაცული ყოფილიყო ბათუმის ყოფილ ოკრუგში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმთა რელიგიური უფლებები.

1922 წლის 20 აპრილს გამოცხადდა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნის შესახებ. შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსებისთვის ავტონომიური ერთეულის შექმნა განაპირობა მათი ექსტრემისტულად და სეპარატისტულად განწყობილი ნაწილის ძირგამომთხრელმა საქმიანობამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, კერძოდ, იმ არაერთმა აჯანყებამ, რომელიც მათ 1918-1920 წლებში მოაწყეს.

ასე რომ, ავტონომიური ერთეულების შექმნა საქართველოში ე.წ. ლენინურმა ეროვნულმა პოლიტიკამ განაპირობა, სტალინი კი იმხანად ჯერ კიდევ არ იყო ერთპიროვნულ ხელისუფლად აღზევებული და თუნდაც სურვილი ჰქონოდა, ლენინის გეგმას ვერ შეეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით, როდესაც სტალინმა საბოლოოდ მოახერხა თავისი პოლიტიკური ოპონენტების დამარცხება-განადგურება და ხელისუფლება გაიმყარა, ზემოხსენებული ავტონომიების ხელმძღვანელებად ინიშნებოდნენ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების ერთგული კადრები და სიტუაცია მთლიანად თბილისიდან კონტროლდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვითარება საქართველოს საზიანოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში ხრუშჩოვი მოექცა.

* * *

საბჭოთა კავშირსა და საქართველოში 1956 წლის მარტიდან განვითარებულ მოვლენებს ქართველი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ.

1957 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამომავალ გაზეთ “ქართული აზრში” (#8) გამოქვეყნებულ ალექსანდრე ცომაიას (1907-1956) სტატიაში “საქართველო - 1956 წლის მარტი” ვკითხულობთ: “თბილისში ადგილი ჰქონდა მოსკოვის წინააღმდეგ გამოსვლებს. დასავლეთის პრესამ ეს მოვლენები აღწერა, როგორც ქართველი ხალხის სიმპათიის გამოხატვა სტალინის მიმართ...

მოსკოვში უცხოელი დიპლომატი ესაუბრა ქართველს, რომელმაც თქვა, რომ “ქართველთა ახლანდელი მდგომარეობა ცოტათი თუ განსხვავდება ებრაელთა მდგომარეობისგან ჰიტლერულ გერმანიაში”. მარტის დემონსტრაციები ამ საშინელი სიტუაციის შედეგია. ხალხს აღარ შეეძლო რუსეთის მხეცური პოლიტიკის ატანა. ყველანაირ ადამიანურ უფლებას მოკლებულნი, ისინი შეეცადნენ შემთხვევის გამოყენებას და საკუთარი ცხოვრების წესისა და ეროვნების დაცვას.

უეჭველია, რომ სტალინს გულწრფელი მხარდამჭერებიც ჰყავდა საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, სტალინის სურათი უბრალო დეკორაცია იყო იმისთვის, რომ დემონსტრაცია წარმატებული ყოფილიყო. საგანთა დიდი უმრავლესობა ქართულ უნივერსიტეტებში რუსულად ისწავლებოდა. ამას უპასუხეს ბოიკოტით და აუდიტორიები დაცარიელდა. სტუდენტები აცდენდნენ მარქსიზმ-ლენინიზმ-სტალინიზმის ლექციებსაც... “ზარია ვოსტოკა” აღიარებს შემდეგს: “სტუდენტები ზედმეტად დაკავებულნი არიან საქართველოს უძველესი ისტორიის შესწავლით”, ესე იგი, იმ დროის შესწავლით, როცა საქართველო თავისუფალი იყო. თბილისის დემონსტრაციები კიდევ ერთი გამბედავი და ძლიერი პროტესტი იყო მოსკოვის მხეცური იმპერიალიზმის წინააღმდეგ”.

3-3-1671890262.jpg
რევაზ ჟორდანია

* * *

ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში გააქტიურდა მცირერიცხოვან ერთა რუსიფიკაციის პოლიტიკა, რომელსაც იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია შეძლებისდაგვარად აფერხებდნენ.

ამ პოლიტიკის გააქტიურების ერთ-ერთ გამოვლინებად იქცა ხელისუფლების სათავეში მოკალათებულ ველიკოდერჟავულ ძალთა ცდა, მოკავშირე რესპუბლიკებში არსებული ეროვნული ისტორიის სახელმძღვანელოები ჩაენაცვლებინათ საერთო-საკავშირო ისტორიის სახელმძღვანელოებით, რომლებშიც ეროვნულ ისტორიებს მოკრძალებული ადგილი ეთმობოდა. იმავდროულად, ისინი ხელს არ იღებდნენ ქართველი ერის დაქსაქსვის ძირძველ იმპერიალისტურ პოლიტიკაზეც, რაც სტალინის სიცოცხლეში არ გამოუვიდათ. ყოველივე ეს სსრ კავშირის მცირერიცხოვანი ხალხებისა და მათ შორის, ქართველთა ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების წინააღმდეგ მიმართული ვერაგული გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

სწორედ იმ დროს გამომუშავდა დევიზი - “საბჭოეთის საერთო ენა, ისტორია და ერთიანი ხალხი”.

ვინაიდან სტალინის მოწონებულ “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოს 1953 წელს საკავშირო ხელისუფლების რისხვა დაატყდა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ახალი სახელმძღვანელოს შექმნა დაავალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტს, რომელსაც ეს სახელი 1941 წელს, დაარსებისთანავე მიენიჭა.

აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე (1922-2018), რომელიც შვიდ ათეულ წელიწადზე მეტხანს მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იგონებდა: “50-იანი წლების შუა ხანები იყო. მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია სახელმძღვანელოს კრიტიკით, ვინმე ბურჯალოვის ხელმძღვანელობით. ძალიან მძიმე სხდომა ჩატარდა. ითქვა, რომ ეს არის მეფეების, დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა ისტორია, რომ არ არის სოციალური, ეკონომიკური, კლასთა ბრძოლის ისტორია წარმოჩენილი. დაეთვალათ რომელ გვერდზე რამდენჯერ იყო სიტყვა მეფე ნახსენები, არ იყო ჯეროვნად შეფასებული რუსეთის ფაქტორი და სხვა. ამ კრიტიკას რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი გამოეხმაურა. დაიწერა რეცენზიები რუსულ და ქართულ პრესაშიც. დაისვა ახალი სახელმძღვანელოს დაწერის საკითხი. შეიქმნა ავტორთა კოლექტივი ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

1958 წელს გამოვიდა ახალი სახელმძღვანელო წინ წამოწეული სოციალური და ეკონომიკური ისტორიით, მაგრამ რომ “კაცობრიობის ისტორია კლასთა ბრძოლის ისტორიაა” მაინც ვერ იქნა მასში წარმოდგენილი” (წიგნიდან: “საქართველოს დიდი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე”, ავტობიოგრაფიული მონათხრობი, წერილები, ინტერვიუები, შეადგინა ლია მელიქიშვილმა, თბილისი, 2013).

* * *

პარტიული მუშაკისა და მეცნიერის დევი სტურუას (1930-2001) წიგნში “სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი” (1995) ვკითხულობთ: “ხრუშჩოვის ისტორიული დამსახურებაა სტალინის პიროვნების კულტის მხილება და უდანაშაულოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ ხრუშჩოვი შეჩერდა არათუ შუა გზაზე, არამედ გზის დასაწყისშივე. იმის მაგივრად, რომ საფუძვლიანად შეერყია ერთმმართველობის ტახტი, იგი სტალინის მხილებით გულშეჯერებული, კმაყოფილებით ჩაესვენა ამ ტახტზე. ცნობილია, რაც ერთ ეპოქაში ტრაგიკულია, მეორეში შეიძლება ფარსად იქცეს. ხრუშჩოვმაც მოიწადინა ემეფა, რადგან ალბათ თვითონვე ვერ გაიგო ხეირიანად, რომ პირადი დიქტატურის საფუძვლები ძირფესვიანად შერყეულია. “სუბიექტივიზმი და ვოლუნტარიზმი”, როგორც მონათლავენ შემდგომში “#1 კომუნისტის სახელოვან ათწლეულს”, სხვა არაფერი იყო, თუ არა თავნებობა შეზღუდული, ნაკლებკულტურული კაცისა, რომელიც, მართალია, კოლორიტული პიროვნება გახლდათ, თანაც გლეხური ფხიანობით აღჭურვილი. ეს თავნებობა მაშინ გახდა განსაკუთრებით შესამჩნევი, როცა ხრუშჩოვმა ბოლო მოუღო საკმაოდ ძლიერ შინაგან ოპოზიციას, გაუსწორდა თვით ჟუკოვს, ხოლო თავისი მმართველობის დასაწყისში - ბერიას. 60-იან წლებში, როცა მას არაერთგზის შევხვედრივარ, ის იყო თვითდაჯერებული ფეოდალი, რომელიც ვერ ითმენდა ვერავითარ საწინააღმდეგო აზრს; დაიჯერა, რომ უნაკლო და უზადოა, თუმცა შეინარჩუნა მდაბიური დემოკრატიზმი და ასეთივე მდაბიური იუმორი. სხვათა შორის, ამ თვითდაჯერებამ საბედისწერო როლი შეასრულა მის ბედ-იღბალში. მას ჰქონდა მრავალრიცხოვანი სიგნალები იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ რაღაცას აწყობდნენ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ვინმე გაბედავდა მასზე ხელის აღმართვას. “სახელოვანი ათწლეული” იყო კიდევ ერთი დადასტურება საბჭოთა ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის არასრულფასოვნებისა. სტალინის დროს ამაზე ერთეულები თუ ფიქრობდნენ, მაგრამ ხრუშჩოვის, ბრეჟნევისა და ჩერნენკოს ხანაში სოციალიზმის რყევა აშკარა იყო.

ხრუშჩოვმა არაფერი თქვა საკუთარი როლის შესახებ რეპრესიებსა და სტალინის გაღმერთებაში. ხრუშჩოვის სიტყვებით გამოდიოდა, რომ ყველა იყო დამნაშავე, - სტალინიც, მოლოტოვიც, ბერიაც, ვოროშილოვიც, კაგანოვიჩიც და მხოლოდ ხრუშჩოვი იყო მამა აბრამის ბატკანი. რაღა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა. ხრუშჩოვი ისევე აგებს პასუხს, როგორც პოლიტბიუროს სხვა წევრები.

ხრუშჩოვი არ იყო ჭკვიანი ხელმძღვანელი, მის ნოვაციებს არ ჰქონდა მყარი მეცნიერული საფუძველი. მან ვერ შემოიკრიბა გარშემო ნიჭიერი, მოქმედი კადრები, ან, რაც უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, არ მოისურვა ამის გაკეთება. მას გარს ეხვივნენ უსახო და ნაკლებად ნიჭიერი ადმინისტრატორები”.

სტალინის მიერ შემჩნეულ და ხელისუფლებაში მიყვანილ იმ სახელმწიფო და პარტიულ მოღვაწეთა შორის, რომლებიც შემდგომში ხრუშჩოვმა დააწინაურა, კომპე­ტენტურობითა და უნარიანობით გამოირჩეოდა ალექსეი კოსიგინი (1904-1980), რომელიც პოლიტბიუროს წევრი გახლდათ. იგი სხვადასხვა დროს მსახურობდა სსრ კავშირის საფეიქრო მრეწველობის სახალხო კომისრად (1939-1940), რუსეთის სფსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ (1943-1946), სსრკ ფინანსთა მინისტრად (1948), მსუბუქი და კვების მრეწველობის მინისტრად (1948-1953), სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ (1953-1960), პირველ მოადგილედ (1960-1964).

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნიკიტა ხრუშჩოვის გადაყენების (1964 წლის 14 ოქტომბერი) მეორე დღესვე, ამ პოსტზე ალექსეი კოსიგინი დაადგინეს. ის მთავრობას 16 წელიწადს ხელმძღვანელობდა.

ალექსეი კოსიგინის ერთადერთი ასული - ლუდმილა კოსიგინა (1928-1990) 1948 წელს ცოლად გაჰყვა ჯერმენ გვიშიანს (1928-2003), ფილოსოფოსსა და სოციოლოგს, რომელიც შემდგომში აკადემიკოსად აირჩიეს. ამ უკანასკნელის მამა, გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ გვიშიანი (1905-1966) სხვადასხვა დროს მსახურობდა: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ, ჩინეთისა და კორეის მოსაზღვრე ზღვისპირა მხარის უშიშროების განყოფილების უფროსად, კუიბიშევის ოლქის უშიშროების განყოფილების უფროსად და ლავრენტი ბერიას პირადი დაცვის უფროსად. იყო სსრკ უზენაესი საბჭოს დეპუტატი. მიხეილ გვიშიანის შვილობილი - ლაურა ვასილის ასული ხარაძე (1930-1987) ცოლად გაჰყვა აღმოსავლეთმცოდნე ევგენი პრიმაკოვს (1929-2015) - სსრ კავშირისა და რუსეთის ფედერაციის გავლენიან სახელმწიფო მოღვაწეს.

ლავრენტი ბერიას დაღუპვის შემდეგ, როდესაც სსრ კავშირის ძალოვან სტრუქტურებში დაიწყო მისი ერთგული კადრების დევნა-შევიწროება, მიხეილ გვიშიანი თადარიგში გადაიყვანეს და გენერლის სამხედრო წოდება ჩამოართვეს. ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მსახურობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოში ინჟინერ-ეკონომისტად და მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტში. იგი გადაარჩინა მისივე მძახალმა - ალექსეი კოსიგინმა, რომელიც იმხანად საკავშირო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ალექსეი კოსიგინი ქართველებისა და საქართველოსადმი კეთილად განწყობილი გახლდათ. ამას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა როგორც მისი ხელისუფლებაში მომყვანი სტალინის ქართველობა, ასევე მისი შვილიშვილებიც - ალექსეი და ტატიანა, რომლებიც გვიშიანის გვარს ატარებდნენ.

აქვე დავამატებთ, რომ ალექსეი გვიშიანი (დაბადებული 1948 წელს) არის მეცნიერ-გეოფიზიკოსი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იმავე აკადემიის გეოფიზიკური ცენტრის ხელმძღვანელი, წევრი უცხოეთის არაერთი საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიისა. მისი ქალიშვილი - ეკატერინა ალექსეის ასული გვიშიანი - კულტურის ფონდ “ეკატერინას” ხელმძღვანელობს.

3-7-1671890262.jpg
ნიუ-იორკში გამომავალი გაზეთი „ქართული აზრი“ (N12, 1957 წ.)

* * *

კრემლში მოკალათებულ რუსიფიკატორული პოლიტიკის მესვეურებს ქართველი ერის დაქუცმაცებისა და ეროვნული თვითშეგნების მოშლის მცდელობაზე ხელი არასდროს აუღიათ. ეს კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა 1959 წელს, როდესაც სსრ კავშირის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა მომხდარიყო.

აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე (1922-2018) იხსენებდა: “მცდელობას იმისას, რომ მეგრული და სვანური სამწერლობო ენებად გამოეცხადებინათ, მეგრულად და სვანურად ეთარგმნათ საღვთისმეტყველო ლიტერატურა, სვანეთსა და სამეგრელოში წირვა-ლოცვა და განათლების სისტემა მეგრულსა და სვანურზე გადაეყვანათ და შეექმნათ საფუძველი მათ არაქართველებად გამოსაცხადებლად და ცალკე ერებად ჩამოსაყალიბებლად, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ჰქონდა ადგილი. რა პროტესტი გამოაცხადა ამაზე იმდროინდელმა ინტელიგენციამ, ესეც ვიცით. მაშინ ეს ვერ განხორციელდა.

ერთ-ერთ ასეთ ცდას საბჭოთა იმპერიაშიც ჰქონდა ადგილი. ემზადებოდნენ მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის. 1959 წელს საქართველოს სსრ უმაღლეს პარტიულ ორგანოში გამოიგზავნა მოსკოვში შემუშავებული ანკეტის ნიმუში, რომელიც აქ აღწერამდე საიდუმლოდ უნდა დაცულიყო. საქართველოში არსებულ სხვა ეროვნებებთან ერთად, მითითებული იყო: “სვანი”, “მეგრელი” და, შესაბამისად, მშობლიურ ენად სხვა (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური) ენებთან ერთად, “მეგრული”, “სვანური”. მიზანი იყო ისედაც დაქუცმაცებულ საქართველოში ცალკე მეგრული და სვანური ერთეულების შექმნა. გაცოცხლდა რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ ვერმიღწეული გეგმა.

3-4-1671890262.jpg
მიხეილ გვიშიანი

საიდუმლოდ მოსული დოკუმენტაციის შესახებ ცენტრალური კომიტეტიდან ხმა გამოვიდა. ვიღაცამ (იქაც იყვნენ პატრიოტები) დოკუმენტაციის ასლი მიაწოდა აკადემიკოს გიორგი წერეთელს.

შედგა ქართველ აკადემიკოსთა საპროტესტო წერილი, სათანადოდ დასაბუთებული. გაიგზავნა ჩვენს მთავრობაში და მოსკოვში, ხელი მოაწერა თითქმის ყველა აკადემიკოსმა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. აღწერისთვის შესავსები ანკეტიდან ეროვნება “სვანი” და “მეგრელი” და შესაბამისად, ენაც ამოიღეს. ჩვენმა აკადემიკოსებმა კომუნისტური რეჟიმის უმკაცრეს პირობებში ღირსეულად დაიცვეს ერის ერთიანობის იდეა” (წიგნიდან: “საქართველოს დიდი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე”).

3-6-1671890262.jpg
მარიამ ლორთქიფანიძე

ამდენად, ხრუშჩოვის მმართველობისას ქართველი ერის ინტერესებს გამუდმებით ემუქრებოდა საფრთხე, რისგანაც ღირსეულ მამულიშვილთა თავდადება გვიცავდა.

(გაგრძელება იქნება)

ნიკო ჯავახიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

"ისტორიანი" .#125