“ადამიანი, ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო” - კვირის პალიტრა

“ადამიანი, ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო”

ვოიცეხ გურეცკი გიორგი ანჩაბაძის შესახებ ნაწილი II. დასასრული

მთარგმნელისგან: წინამდებარე სტატია წარმოადგენს ამონარიდს ცნობილი პოლონელი პოლიტოლოგის, რეპორტიორისა და მწერლის ვოიცეხ გურეცკის წიგნიდან “ყირგიზი კვლავ ჯდება ცხენზე”, რომელიც გამოსაცემად გვაქვს მომზადებული. ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ვოიცეხ გურეცკის წიგნებს: “წინაპართა სადღეგრძელო”, “აფხაზეთი” და “პლანეტა კავკასია”. ამონარიდი ეხება აფხაზური წარმოშობის ცნობილ ქართველსა და აფხაზ ისტორიკოსს, პროფესორ ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძეს (დაბ. 22.04.1920 წ. გაგრა - გარდ. 28.01.1984 წ. სოხუმი). წიგნის ეს პარაგრაფი გასაცნობად და შესაფასებლად გადავეცით მის ვაჟს, ასევე ცნობილ ისტორიკოსს გიორგი ანჩაბაძეს, რომელსაც ეკუთვნის სქოლიოში მოტანილი შენიშვნები.

ორი წლის განმავლობაში გიორგი ანჩაბაძე თბილისსა და სოხუმს შორის ტრიალებდა. ელაპარაკებოდა, არწმუნებდა... მალე თავისი თავი იმაში დაიჭირა, რომ ქართველს, როგორც აფხაზი, ხოლო აფხაზს - როგორც ქართველი, ისე ელაპარაკებოდა.ლიხნის შეკრებას გიორგი ანჩაბაძე არ დასწრებია. იქ 1989 წლის მარტში 30 ათასი აფხაზი - აფხაზი ხალხის თითქმის მესამედი - შეიკრიბა და საკუთარი რესპუბლიკის შექმნა მოითხოვა. დაახლოებით ისეთის, როგორიც სსრ კავშირის დროს საქართველოს ჰქონდა, - სახელმწიფოებრიობის სუროგატი. მოსკოვში გაგზავნილ პეტიციაზე არა მხოლოდ დისიდენტები ან ინტელექტუალები, არამედ კომუნისტები, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აწერ­დნენ ხელს.ეს ქართველებისთვის ღალატი, ზურგში ხანჯლის ჩარტყმის ტოლფასი იყო. თბილისში გამართულ აღნიშნულის საწინააღმდეგო მიტინგზე - მაშინ პოლიტიკა ქუჩაში იქმნებოდა - ხალხი აფხაზეთისთვის ავტონომიის წართმევას მოითხოვდა. მოხუცი ფილოლოგი პავლე ინგოროყვა ალბათ საფლავში გაიცინებდა.გიორგი ანჩაბაძე კვლავ მოლაპარაკებებს განაგრძობდა. თბილისში აფხაზებს იცავდა. საჯარო გამოსვლებსა და ჟურნალ-გაზეთებში ცდილობდა დამტკიცებას, რომ აფხაზებს თავისი ერის მომავალი აღელვებდათ. XX საუკუნეში ხომ აფხაზეთში იმდენი ქართველი ჩასახლდა, რომ თავად უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეშინოდათ იმიტომ, რომ რამდენჯერმე შეუცვალეს ანბანი. იმიტომ, რომ ქართულ ყაიდაზე გადააკეთეს ადგილობრივი ტოპონიმიკა. სოხუმში კი ქართული ეროვნული მოძრაობის შესახებ ყვებოდა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა და რომელიც თავიდან სრუ­ლიადაც არ იყო მტრულად განწყობილი აფხაზებისადმი.აფხაზეთში ესწრებოდა ასევე ყველა მიტინგსა და საჯარო თავყრილობას - აფხა­ზურსაც და ადგილობრივი ქართველების მიერ მოწყობილსაც (მათაც ეშინოდათ. ეს იყო კოლონისტების შიში მკვიდრი მოსახლეობის წინაშე) [ასე არ ყოფილა, ქართველი მოსახლეობის თვალთახედვით, ისინი ცხოვრობდნენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, რომელსაც ყოფილი მეტროპოლია სეპარატისტების ხელით ართმევდათ. - რედ.].

როგორც ისტორიკოსი, გრძნობდა, როგორ აჩქარდა ისტორია და საპყრობილიდან გამოსვლას ცდილობდა. აქტიურად მონაწილეობდა სერიოზულ პოლიტიკურ მისიებში. საქართველოს მთავრობის რწმუნებით ხვდებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას, ხოლო სოხუმიდან იმ მხარის შეთავაზებები მოჰქონდა. საქართველოს კომპარტიის პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილთან შეკრებაზე გიორგი ანჩაბაძემ ტელეხიდის მოწყობა, ასევე ახალგაზრდების გაცვლა შესთავაზა.1 მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე გვიან იყო, ომი უნდა დაწყებულიყო.საქართველოს მორიგი მმართველები - ნაციონალისტი ზვიად გამსახურდია და დემოკრატად გარდაქმნილი ედუარდ შევარდნაძე (ჯუმბერ პატიაშვილამდე კომპარტიის მდივანი, ხოლო შემდეგ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი) - ვერ თუ არ ჩაუღრმავდნენ პრობლემის არსს და დიდად არც მისი გადაჭრის გზები უძებნიათ. მათ უფრო ქართველი აქტივისტებისთვის მოსმენა ამჯობინეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აფხაზეთში ქართველებს ჩაგრავდნენ. როგორც კი თანამემამულეთა დაცვით გამოვიდოდნენ, პოლიტიკოსებსა თუ ცალკეულ პარტიულ მოღვაწეებს დაუყოვნებლივ რეიტინგი ეზრდებოდათ. ქართველებს, ამბობს წლების შემდეგ გიორგი ანჩაბაძე, დააკლდათ წინდახედულება. მათ ჰქონდათ მეზობლების მიერ აღიარებული საზღვრები და დასავლეთის მხარდაჭერა. ისინი 4 მილიონი იყვნენ, ხოლო აფხაზები - ორმოცჯერ ნაკლები. მაგრამ არ სურდათ აფხაზებთან ფედერაციის შექმნის თაობაზე, რომელსაც ეს უკანასკნელნი სთავაზობდნენ, სიტყვის გაგონებაც კი. ისინი თავისთვის თავისუფლებას ითხოვდნენ, ხოლო სხვები მორჩილებაში უნდა ყოფილიყვნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. აფხაზებს კი, რომლებიც თავიდან სულაც არ ფიქრობდნენ გამოყოფას, მოთმინებამ უღალატა. თბილისისგან თავის დაცვისას, მოსკოვზე აიღეს ორიენტაცია, რომელიც საკუთარ თამაშს თამაშობდა. მას აფხაზეთი იმიტომ სურდა, რომ მისი საშუალებით საქართველოსა და მთელ კავკასიაზე მოეხდინა გავლენა. გაყავი და იბატონე - ეს ხომ ელემენტარული პოლიტიკაა. ომი ქართველებმა დაიწყეს. 1992 წლის აგვისტოში ქართულმა არმიამ ენგური გადაკვეთა და სოხუმში შევიდა. მომავალი წლის სექტემბერში აფხაზებმა, რუსების დახმარებით, ისინი მდინარის იქით უკუაგდეს. ჯართან ერთად 200 ათასამდე ქართველმა მოქალაქემ - თითქმის ყველამ, დატოვა აფხაზეთი. უმეტესობა უკან აღარ დაბრუნებულა. კავკასიაში მიწას გამარჯვებული ეპატრონება. მაგრამ ისინი, ამბობს გიორგი ანჩაბაძე, საქართველოში მაინც არიან, აფხაზები კი მთელ რუსეთს, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს მოედვნენ. ამან შესაძლოა, მათი გაქრობა გამოიწვიოს.გიორგი ანჩაბაძეს ომის შემდეგაც სწამდა მოლაპარაკებების. ამის გამო ჩაერთო კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ ქართულ-აფხაზური მუდმივი კონფერენციის მუშაობაში.

2 რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც დააარსა. სტატიებს წერდა, მოხსენებებს კითხულობდა, კამათობდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლო. ქართველებმა უარყვეს წინადადება კონფედერაციის, ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. აფხაზები ლტოლვილთა უკან დაბრუნების წინააღმდეგ წავიდნენ. ხოლო როდესაც თითქოს ისე ჩანდა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, ყოველთვის ისეთი რაღაც ხდებოდა, რაც მისი დაწყების საშუალებას არ იძლეოდა. ორივე მხარე დარწმუნებული იყო, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა. მორიგი, რუსულ-ქართული ომის შემდეგ (2008 წელი) ქართველთა და აფხაზთა შორის კონტაქტები თითქმის შეწყდა. დასრულდა ოფიციალური მოლაპარაკებები და საჯარო დიპლომატია. კიდევ კარგი, რუსეთმა არ შეიერთა აფხაზეთი, როგორც ეს შემდგომ ყირიმთან დაკავშირებით გააკეთა. ახლა რუსეთის გავლენის საზღვარი ენგურთან გადის. - ინგლისელები და ფრანგები შერიგდნენ, ასწლიან ომს უკვე აღარავინ იხსენებს, - გიორგი ანჩაბაძე ანალოგიებს ევროპის ისტორიაში ეძებს, - ქართველები და აფხაზებიც შერიგდებიან. მაგრამ ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით. ჩვენი მატარებელი უკვე წასულია. ...

4-2-1671892554.jpg
ლიხნის შეკრება (1989 წლის 16 მარტი). ამ შეკრებაზე შემუშავებულ მიმართვას მოჰყვა აქციები თბილისში, რომლებიც საბოლოოდ 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა

სოხუმის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა 1984 წელს დაიწყო. შეიძლება ითქვას, მამისგან გადმოეცა ესტაფეტა. მაგრამ მაშინ აფხაზეთში რომ არ გამოჩენილიყო, მამის ხელნაწერებით რომ არ დაკავებულიყო, ნამდვილად არავინ არ იფიქრებდა მისთვის ლექციების შეთავაზებას. უნივერსიტეტში მუშაობდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, შემდეგ ომი დაიწყო და რამდენიმე წელიწადი სასწავლებელმა მუშაობა შეწყვიტა. ახლა აფხაზეთში წელიწადში ორჯერ ჩადის. იქ ერთ კვირას, ათ დღეს რჩება და ლექციების კურსს “აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფია” კითხულობს.3 სტუდენტებისთვის საგანი სავალდებულოა და ჩათვლით მთავრდება. ლექციებზე ისეთ რამეებს ამბობს, რაც აქამდე სტუდენტებს გაგონილიც არ ჰქონდათ: რომ მეგრელები აფხაზეთში უკვე შუა საუკუნეებში ჩასახლდნენ და არა უკანასკნელ საუკუნეში, რომ აფხაზეთისა და საქართველოს კავშირი ძალზე მჭიდრო და სამართლიანი იყო. ეს ყველაფერი სტუდენტებს უკვირთ, თუმცა არ აპროტესტებენ. ხედავენ, რომ პროფესორი სულაც არ ცდილობს აგიტირებას, მათი ძალით დარწმუნებას. ახალგაზრდებთან ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ თემის კარგად ცოდნაა საჭირო, არც ერთი ადგილი ბუნდოვანი არ უნდა რჩებოდეს. თუ ეს ყველაფერი წესრიგშია, მაშინ მათთან ურთიერთობა პრობლემას ვერ შექმნის. მხოლოდ ის აწუხებს, რომ აფხაზები ბოლო დროს თანდათან უფრო იშვიათად ინტერესდებიან საქართველოთი - მთავრობის შემადგენლობით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკით. არც დასავლეთი ანაღვლებთ, რომელსაც აფხაზეთი არასოდეს არ აინტერესებდა. თბილისის უნივერსიტეტში არ ატარებს ლექციებს აფხაზეთის შესახებ, თუმცა სტუდენტები ზოგჯერ სთხოვენ მას ამ თემაზე დამატებით ლექციას. ერთხელ კავკასიური ნაციონალიზმის შესახებ უნდოდათ მოსმენა. ძალიან ცდილობს ხოლმე, მეტისმეტად არ გააკრიტიკონ აფხაზები. ეს გამართლებული არ იქნებოდა. თბილისში თავს ნებას აძლევს, გააკრიტიკოს ქართული პოლიტიკა, სოხუმში ამას არასოდეს არ აკეთებს.გიორგი ანჩაბაძის გარდა, სოხუმში მისი თანატოლი ზურაბ შენგელიაც დადის. მან იმ ომის გამო, 90-იანი წლების დასაწყისში, მიატოვა უნივერსიტეტი, მათემატიკოსის კარიერა და სეპარატისტებთან საბრძოლველად გაემართა საქართველოსთვის. უკან დაბრუნებული თავის თავს არ ჰგავდა. პარლამენტში მოხვდა, მხოლოდ ერთ მოწვევას გაუძლო. მასში რაღაც ძალიან ჩაკვდა.

ძალიან. - ომში ყველას თავისი სიმართლე აქვს, - ამბობს ის, - აი, სარდაფი. შედის ქართველი გვარდიელი. მას სარდაფში დამალული აფხაზი ესვრის, რადგან ის თავის თავსა და შინაურებს იცავს. და მართალიც არის, ჭეშმარიტება მის მხარესაა. გვარდიელსაც აქვს თავისი სიმართლე: ის შესაძლოა გასაძარცვად მივიდა, მაგრამ შესაძლოა, ცუდი განზრახვაც არა ჰქონია. იქნებ რაღაც უნდა ეკითხა, იქნებ ძველ ნაცნობს ეძებს. მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა. მაგრამ თუ იმ აფხაზს ქართველებმა ძმა მოუკლეს და ახლა შემთხვევა მიეცა, შური იძიოს?! მაგრამ თუ გვარდიელი უფრო სწრაფი და მოხერხებულია?! დამნაშავე ისაა, ვინც ეს ომი დაიწყო. მე ასე ვფიქრობ. ეს ჩვენ მოვედით მათთან ომით. მათ მიწაზე ვიბრძოდით.

ზურაბ შენგელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი უწოდა. ღმერთო ჩემო, მშვენიერი ინსტიტუტია: ერთი ოთახი, ორი კაბინეტი, ორიოდე ნებაყოფლობით მომუშავე. ცხოვრება გრანტიდან გრანტამდე. დაიწყეს აფხაზურ ენაზე საბავშვო ალბომების, ადამიანის უფლებებზე წიგნების, ქართული სასაუბროს გამოცემა. ისინი სოხუმშიც გაგზავნეს (“რათა მას არსებობაში დახმარებოდნენ. გლობალიზაცია ჩვენნაირ პატარა ერებს ანადგურებს”). აფხაზური რადიოც დააფუძნეს და ჩართეს. როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ აფხაზებისთვის რაღაც მიეცა და განკარგა, მათთვის უფასოდ ემკურნალათ, ზურაბი ლოგისტიკით დაკავდა. წელიწადში 30-40 ავადმყოფი მაინც გადმოჰყავთ თბილისში. ბევრი არაა. იქითა მხარე ამის ნებართვას ძნელად იძლევა (თუმცა რუსეთში წასვლას არავითარი ნებართვა არ სჭირდება). ზურაბის გუნდი ფილმებსაც თარგმნის, თუ მათში რაიმე აფხაზურადაა. სხვა სახის ტექსტებსაც თარგმნიან. არ არის ეს ბევრი საქმე. ქართულ კინოში ერთგვარი მონანიების გრძნობები იკითხება. კრიტიკოსები წერენ, რომ ნამდვილ მონანიებამდე ჯერ კიდევ ადრეა. გიორგი ოვაშვილმა აფხაზეთზე ორი ფილმი გადაიღო. “გაღმა ნაპირის” გმირს, 12 წლის თედოს მობეზრდა დამცირება, სხვა ლტოლვილებთან ერთად სიღატაკეში არსებობა, დედის ბოზობა და აფხაზეთში მიდის, სადაც მამამისი დარჩა. თავის Via Dolorosa-Si4 ხედავს ინტერესს, ძალადობას, მკვლელობას. ეს არის მოგზაურობა მოზრდილ ასაკში, მაგრამ ასევე წარსულში, დაკარგულ სამოთხეში. ოვაშვილის მისი მეორე ფილმი “სიმინდის კუნძული” ანტიკურ დრამას მოგვაგონებს. ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ყოველ გაზაფხულს წარმოიქმნება მდინარე ენგურზე, მოხუცი აფხაზი სიმინდს თესავს - იმედი აქვს, მოსავალი ზამთარს გაატანინებს. კუნძულზე ის მოაწყობს ქოხს და შვილიშვილსაც იქ ჩაიყვანს. ორივე უვლის სიმინდის ნათესს, იჭერენ და ახმობენ თევზს. ირგვლივ ომი მძვინვარებს, დროდადრო სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. ხანდახან ახლოს, ენგურზე ხან აფხაზების, ხანაც ქართველების პატრული ცურავს. როდესაც დაჭრილი ქართველი გამოჩნდება, აფხაზი მას შეიფარებს და თავის თანამემამულეებს არ გადასცემს. მოსავლის აღებისას ამოვარდება ქარიშხალი, ქალიშვილი ნავში აფარებს თავს, მოხუცი კი იკარგება. მოუტეხავ სიმინდს, ქოხს სტიქია იმსხვერპლებს. ის გაქრება, როგორც გაქრა ძველი აფხაზეთი. გიორგი ოვაშვილმა ამ ფილმით თქვა, რომ ქართველიცა და აფხაზიც მსხვერპლნი არიან:

“როდესაც ორი ძმა ერთმანეთს ებრძვის, გამარჯვებული არ არსებობს”. ამას რეჟისორი უმატებს, რომ ძმების შერიგება ძალზე ძნელია. ბოლოს და ბოლოს, მეზობელს აპატიებ, ხელს ჩაიქნევ. ძმის მიერ მოყენებულ წყენას კი წლობით გულით ატარებ. 2015 წელს ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე იყო წარდგენილი. თუმცა მან პაველ პავლიკოვსკის “იდასთან” წააგო. მოქმედება ომის დროს მიმდინარეობს, ესტონელი მცხოვრებლების მიტოვებულ სოფელში. ერთ-ერთ უკანასკნელ მკვიდრ, ივოს, ბინაში შეჰყავს დაჭრილი ჯარისკაცები - ქართველი და აფხაზთა მხარეს მებრძოლი ჩეჩენი. როდესაც ისინი გამოჯანმრთელდებიან და ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთზე სასიკვდილოდ გაიწევენ, მაგრამ ოჯახის უფროსი მათ შერიგებისკენ მოუწოდებს. გარემოების გამო იძულებული ხდებიან ერთმანეთში ისაუბრონ, შემდეგ ერთი მეორეს სიკვდილისგანაც კი იხსნის.

4-4-1671892555.jpg
ჟიული შარტავა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე) სოხუმში

დასკვნა: შერიგება შესაძლებელი ყოფილა! 2013 წელს შესაძლებელი იყო საქართველოს პრეზიდენტი აფხაზი გამხდარიყო. ქვეყანას უკვე რამდენიმე თვე მართავდა კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელმაც არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა. პრემიერის ფუნქციას ასრულებდა “ქართული ოცნების” შემქმნელი და ხელმძღვანელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერს ის წყვეტდა. პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო, მაგრამ მისი მეორე ვადა იწურებოდა, ხოლო მესამედ აღარ შეეძლო კენჭისყრა. ნათელი იყო, რომ მოახლოებულ არჩევნებში ის გაიმარჯვებდა, ვისაც ივანიშვილი დაასახელებდა. მილიარდერი გიორგი ანჩაბაძეზე აპირებდა ფსონის დადებას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც განაცხადა. საზოგადოების რეაქცია უარყოფითი არ ყოფილა, მაგრამ ბოლოს არჩევანი მასზე ოცი წლით უმცროს გიორგი მარგველაშვილზე გაკეთდა. გიორგი ანჩაბაძემ ეს მშვიდად მიიღო. მთელი სიცოცხლე პოლიტიკით იყო დაკავებული, მაგრამ არასოდეს პოლიტიკოსი არ ყოფილა. ეს იქნებ უკეთესიც იყო, რომ იძულებული არ გახდა, ხანშესულს ახალი როლი ეთამაშა. უფრო იმას ნანობდა, რომ 1992 წელს ედუარდ შევარდნაძეს არ შეხვდა და ესაუბრა. მაშინ ამაზე დიდხანს ყოყმანობდა. იმედი ჰქონდა, რომ შევარდნაძე, რომელიც მამამისს დიდად აფასებდა, თავად მოისურვებდა მასთან შეხვედრას. გიორგის სურდა მისთვის აეხსნა, თუ სინამდვილეში აფხაზებს რა აწუხებდათ. ეკარნახა, მათთან როგორ სჯობდა საუბარი. გაეფრთხილებინა. იცოდა, რომ სახელმწიფოს მეთაური სრულ ინფორმაციას არ ფლობდა. მაგრამ მიწვევა არ მოდიოდა. ივლისისა და აგვისტოს მიჯნაზე გიორგი ანჩაბაძე სოხუმში წავიდა. თბილისის ტელევიზიის ჯგუფი წაიყვანა, იმედი ჰქონდა, რომ პატიოსანი და ობიექტური რეპორტაჟი სიტუაციის დარეგულირებას ხელს შეუწყობდა. ადგილზე სწრაფად იგრძნო, რომ მშვიდობა ბეწვზე ეკიდა. ლოდინის დრო აღარ იყო. უკან დაბრუნებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ვახტანგ გოგუაძეს შეხვდა, რათა შევარდნაძესთან შეხვედრაში დახმარებოდა. მხოლოდ მას - და ეს პირველი შეცდომა იყო. სხვა სახელმწიფო მოღვაწეებსაც იცნობდა, შეეძლო მათთვისაც ეთხოვა დახმარება. მით უმეტეს, რომ გოგუაძეს, ფილოსოფიის პროფესორს, აჩქარება არ უყვარდა. ამასთან, გიორგის ისიც არ უთქვამს მისთვის, თუ რაზე სურდა სახელმწიფოს მეთაურთან საუბარი, აფხაზეთის შესახებო, მხოლოდ ეს უთხრა. ეს მეორე შეცდომა იყო. მეორე დღე ტელევიზიის სამონტაჟოში გაატარა. შესვენებაზე განაგრძო აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების ჩამოწერა. სურდა შევარდნაძისთვის წერილობითი დოკუმენტიც დაეტოვებინა, მაგრამ ამას სწრაფად ვერ აკეთებდა, რადგან დროის უმეტესი ნაწილი სოხუმში გადაღებული მასალის დალაგებას მიჰქონდა.

4-1-1671892554.jpg
კადრი ფილმიდან „გაღმა ნაპირი"

ამიტომ არ აჩქარებდა გოგუაძეს, თავს არ ახსენებდა. ეს მესამე შეცდომა იყო. გადაცემის მზადება პარასკევს, 14 აგვისტოს, დილით დაასრულეს. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გულდასმით ნახა რეპორტაჟი. შუადღემდე, გიორგის თვალწინ, ჩაწერეს ის სატელევიზიო ჩარჩოში მომავალი ოთხშაბათის პროგრამაში. ერთი საათის შემდეგ კი აფხაზეთში ომი დაიწყო.- არ ვიცი, რას მივაღწევდი შევარდნაძესთან შეხვედრით, - პროფესორი ხე­ლებს შლის, - მაგრამ დარწმუნებული მაინც ვიქნებოდი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. მას შემდეგ სამი ათწლეული გავიდა, მაგრამ ეს ფიქრი მაინც აწუხებს.

პოლონურიდან თარგმნა

ამბროსი გრიშიკაშვილმა

"ისტორიანი" .#125