ფეხბურთის როლი ახალი იტალიის შექმნაში - კვირის პალიტრა

ფეხბურთის როლი ახალი იტალიის შექმნაში

ფაშიზმი და ოქროს მედლები დუჩეს არსენალიდან

დასავლეთის სამეცნიერო სივრცეში ფეხბურთის, როგორც ეროვნული ერთიანობის კატალიზატორის კვლევა საკმაოდ გავრცელებულია და ამ საკითხის პირველსაწყისად ხშირად მიიჩნევენ ბენიტო მუსოლინის “მოგებულ” ორ მსოფლიო თასს. 2022 წლის შემოდგომის მიწურულს (20 ნოემბერი - 18 დეკემბერი) ყატარი მსოფლიოს რიგით 22-ე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თითქმის არც ერთ მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩაუვლია ისე, რომ შემდგომ რაიმე კუდი არ გამობმოდა და შეთქმულების თეორიები არ გაჩენილიყო. ეს ყველაფერი კი დასაწყისს 1934 წლიდან იღებს, როდესაც ფაშისტურმა იტალიამ რიგით მეორე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლა.

იტალიას, რომელიც რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო არ ყოფილა, სანამ 1861 წელს არ გაერთიანდა რისორჯიმენტოს შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში ბენიტო მუსოლინიმ ახალი იდეა შესთავაზა. ის ახალი იტალიის შექმნას ითვალისწინებდა. ახალი იტალია კი უნდა შეექმნა ახალ იტალიელს, რომელიც იქნებოდა ენერგიული, ჯანმრთელი, სპორტულად აქტიური. თავადაც მუდმივად ამის მაგალითი იყო, ხშირად ჩნდებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული, ან მოვარჯიშე, მოჯირითე, რათა მაგალითი მიეცა მოსახლეობისთვის. ცხადია, მეორე მომენტი იყო ახალი იტალიის, რომის იმპერიის საზღვრებში აღდგენილი სახელმწიფოს ლიდერობაც. ქვეყანას ისეთი გამარჯვება სჭირდებოდა, რომელიც იტალიელ მოსახლეობას დაარწმუნებდა, რომ “მუსოლინის იდეები ამად ღირს”, ჩაუნერგავდა მათ გამარჯვების სულს და გააღვიძებდა სხვა, გაუაზრებელ, ქვეცნობიერ იმპულსებსაც. “მუსოლინის სჭირდებოდა სახალხო მხარდაჭერა, იტალიაში კი სახალხო მხარდაჭერა ფეხბურთზე გადიოდა” - ფრანგი ისტორიკოსი პიერ ლანფრანჩი.

5-1-1671893087.jpg
ფაშისტური მისალმება

“ახალი იტალიელები”საუკუნეთა განმავლობაში იტალია ქალაქ-სახელმწიფოებად იყო დაშლილი. მისი გაერთიანება მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხერხდა. მაშინ განაცხადეს, L’Italia è fatta, რესტანო და ფარე გლი იტალიანი - “ჩვენ შევქმენით იტალია. ახლა უნდა შევქმნათ იტალიელები”. თუმცა XX საუკუნის 20-იანი წლებისთვის ეს პრობლემა ჯერაც გადასაჭრელი იყო. როდესაც ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია იტალიის ხელისუფლებაში მოვიდნენ, მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ იყო. 1914-1918 წლების პირველმა მსოფლიო ომმა დიდი კვალი დაატყო მსოფლიო ეკონომიკას. ქვეყანაში დიდი კრიზისი იყო. ინფლაცია, უმუშევრობა, გაჩერებული საწარმოები. ამასთან, იტალიას ეკისრებოდა ვალი 19,2 მილიარდი ლირის ოდენობით (1 ამერიკული დოლარი 1914 წლისთვის დაახლოებით 5 იტალიურ ლირას უდრიდა).1925 წლის დასაწყისში მუსოლინიმ შეძლო დაეძლია ოპოზიციური პარტიების მრავალმხრივი წინააღმდეგობა. თუმცა, ოპოზიციის მოშორებისა და ნეიტრალიზაციის გარდა, უმთავრესი საკითხი, რომლის წარმატებით დაძლევაც ალბათ მეორე პლანზე გადაიყვანდა ოპოზიციას, ეკონომიკური პრობლემის მოგვარება იყო. დუჩეს ეკონომიკური კურსი მიმართული იყო ქვეყნის პრესტიჟისა და სამხედრო ძლიერების ამაღლებისკენ. უმუშევრობის აღმოსაფხვრელად დაიწყო გზებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამ უკანასკნელმა იტალიას იაფი ელექტროენერგიაც მისცა. ამასთან, აიკრძალა გაფიცვები, რამაც იძულებით აამუშავა რიგი სამეურნეო და სამრეწველო დარგები. დუჩეს მოღვაწეობას უკავშირდება იტალიელ მაფიოზთა მასობრივი მიგრაცია ამერიკაში. 20-იან წლებში წარმატებები იყო საგარეო პოლიტიკაშიც. ევროპის ლიდერებისთვის ის ჯერ კიდევ არ იყო ჰიტლერთან გაიგივებული მმართველი. არც ჰიტლერთან ჰქონია მუსოლინის იმ პერიოდში ახლო ურთიერთობა და მის მიმართ ერთგვარად, დამცინავ დამოკიდებულებასაც კი ამჟღავნებდა. წარმატებით მოაგვარა მუსოლინიმ რეგიონალური კონფლიქტი იუგოსლავიასთან (რომელთანაც ასევე ჰქონდა საფეხბურთო მატჩები იტალიის ნაკრებს იმავე 20-იან წლებში). მოკლედ, მისი პოლიტიკით იმხანად ფინანსთა მინისტრი ჩერჩილიც კი აღფრთოვანებული იყო. მოგვიანებით, განსაკუთრებით 1936 წლიდან, იტალიის საგარეო პოლიტიკამ პირდაპირ დამპყრობლური სახე მიიღო. ეთიოპიის ოკუპაციამ განაპირობა ევროპული ქვეყნების მხრიდან იტალიის მიმართ ანტიპათია და საქმე საბოლოოდ იტალიის სანქცირებამდე მივიდა. მომდევნო წელს მუსოლინიმ ალბანეთზე დაიწყო შეტევა (რაც 1939 წელს დაასრულა), ხოლო იმავე 1936 წლიდან ის და ადოლფ ჰიტლერი აქტიურად იყვნენ ჩართული ესპანეთის სამოქალაქო ომში ფრანკოს მხარეს. “დუჩეს არ ავიწყდებოდა არც ძველი რომაული გამოთქმის: “პური და სანახაობის” შემადგენელი მეორე ნაწილი, - წერს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი, - ის ყოველმხრივ ახალისებდა თავის მომხრეებს. ფაშისტები ხშირად აწყობდნენ სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს, საზღვაო გასეირნებებს, რაც ძალიან პოპულარული იყო ხალხში. სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, წარმატების მიღწევა იქცა იტალიელების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. როგორც შედეგი, ისინი ორჯერ ზედიზედ, 1934 და 1938 წლებში გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები”. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადატანითი მნიშვნელობით ფაშიზმი ერთიანობას ნიშნავდა, ფეხბურთი კი გუნდური სპორტია.

5-6-1671893087.jpg
იტალიელები ზეიმობენ ფინალში გამარჯვებას. ცენტრში ვიტორიო პოცო

მუსოლინი და ფეხბურთიმუსოლინი და საერთოდ, ტოტალიტარული სახელმწიფოები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სპორტულ წარმატებებს. ცხადია, მუსოლინი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ფეხბურთის გამოყენება სცადა ნაციონალური იდენტობისა და საერთაშორისო წარმატების მოსაპოვებლად. გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ იოსებ სტალინი, რომელიც სსრ კავშირის ფეხბურთელებს თავისი მმართველობის პირველ წლებში არ უშვებდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ საფეხბურთო საქმე ჯერ საკუთარ, 15 რესპუბლიკისგან შემდგარ ქვეყანაში უნდა მოეგვარებინა. დუჩეს მიერ ფეხბურთზე ყურადღების გამახვილება იმითაც იყო განპირობებული, რომ იტალიას მანამდე ხელშესახები წარმატება ფეხბურთში არ ჰქონია. 1900 წლიდან 1936 წლამდე იტალიას ოლიმპიური მედალიც არ მოუგია (თუ არ ჩავთვლით 1928 წლის ბრინჯაოს მედალს, რაც რომის იმპერიის აღდგენის მოსურნე ქვეყნისთვის საშინელი შედეგი იყო). ამასთან, იტალია საერთოდ არ მონაწილეობდა 1930 წლის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში ურუგვაიში. თუ იტალიელები გაერთიანდებოდნენ თავიანთი სამფეროვანი დროშის ქვეშ ფეხბურთის სახელით, ისინი ამას სხვა მიზეზითაც გააკეთებდნენ. მუსოლინიმ იცოდა, რომ სპორტული მიღწევები ახალ პატრიოტულ სულისკვეთებას გამოიწვევდა და სახელმწიფოს მოქალაქეებში უფრო საზოგადო, კოლექტიური და ნაციონალისტური მენტალიტეტის წარმოშობას შეუწყობდა ხელს. 1934-1936-1938 წლებში კი იტალიამ მოახერხა ზედიზედ წარმატებების მიღწევა, ორჯერ მიყოლებით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და მათ შორის ოლიმპიური საფეხბურთო ოქრო. ერთი წლის შემდეგ კი, 1939 წელს, მსოფლიო ომი გაჩაღდა... თუმცა გავყვეთ ქრონოლოგიურად. სკანდალები ჯერ კიდევ ჩემპიონატამდე დაიწყო. 1932 წელს მიმდინარეობდა ბჭობა, რომელ ქვეყანაში უნდა ჩაეტარებინათ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ფიფამ გადაწყვეტილება იტალიის სასარგებლოდ მიიღო. მაშინვე დაიწყო საუბარი დაშინებებზე, ქრთამებსა და კორუფციაზე. რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად, როდესაც იტალიამ განაცხადა, რომ ხარჯებს სრულად დაფარავდა, კონკურენტ შვედეთს შანსი აღარ დარჩა და გადაწყდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იტალიაში ჩატარება. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან, ჯერ ერთი, გუნდს შინ მოუწევდა თამაში, იტალიელი გულშემატკივრების ოვაციებისა და მხარდაჭერის ფონზე, რაც დამატებითი სტიმული იქნებოდა მათთვის. მეორეც, ფაშისტურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლებოდა იმ ღონისძიებების გატარება, რომლებითაც გუნდს დაეხმარებოდა და მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებდა. 1930-იან წლებში იტალიაში ფაშიზმი პიკში იყო. რთულია, დღევანდელი გადმოსახედიდან უშუალოდ ფაშიზმს მივაწეროთ საფეხბურთო ოსტატობის მაღალი დონე, თუმცა ფაქტია, რომ იმ მზადებამ, რაც 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარეობდა, განაპირობა იტალიის შემდგომი საფეხბურთო ცხოვრების დაწინაურება; სტადიონებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის შენება, კოლექტიურ მეხსიერებაში ფეხბურთის, როგორც ეროვნული სპორტის დამკვიდრება. დაიბეჭდა დაახლოებით 300 ათასი პოსტერი, მარკა და სიგარეტის ბრენდი - “კამპიონატო დელ მონდო” (მსოფლიო ჩემპიონატი). იტალია მით უფრო მონდომებით ემზადებოდა, რომ ქვეყანაში ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების გულშემატკივრებიც ჩამოვიდოდნენ, მათ კი უნდა ენახათ დიდებული იტალია. თვით იტალიური ფეხბურთის ლოზუნგი Forza Azzuri Seicvala da Forza Duce გახდა. თავად მუსოლინის ფეხბურთი უყვარდა. გავრცელებული ვარაუდით, საფეხბურთო კლუბ “ბოლონიას” ფანი უნდა ყოფილიყო, ეს იმ რეგიონის გუნდი იყო, სადაც ის დაიბადა. მუსოლინის ფეხბურთით დიდ დაინტერესებასა და ბოლონიის გულშემატკივრობაზე შეიძლება კარგად მეტყველებდეს ისიც, რომ 1922-1943 წლებში ბოლონია ექვსჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ხუთჯერ დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო 1943 წლიდან მოყოლებული დღემდე, ბოლონიას ანგარიშზე მხოლოდ 1 ოქრო და 1 ვერცხლია. იტალიელებისთვის ფეხბურთი არც ყოფილა უცხო და იქ მას კალჩოს (ცალციო) ეძახდნენ და თანამედროვე ფეხბურთის წინაპრადაც იხსენიებენ. ამას უსვამდა ხაზს მუსოლინიც, რათა დაემტკიცებინა არგუმენტი, რომ ფეხბურთი იტალიელების სპორტია. კალჩო დღევანდელი რაგბისა და ფეხბურთის სინთეზს უფრო წარმოადგენდა (სხვათა შორის, კალჩოს კარგ მოთამაშეებად ითვლებოდნენ ანტიპაპები კლიმენტ VII და კლიმენტ VIII, აგრეთვე ლეო XI). იტალიის საფეხბურთო ლიგა - “სერია ა”, რომელიც დღეს მსოფლიოს ტოპ-5 ქვეყნის ჩემპიონატს შორისაა, 1929 წელს შეიქმნა.

5-3-1671893087.jpg
იტალიის ნაკრები სრული შემადგენლობით, 1934 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ

ოქროს მედლების ელვარებითამ პერიოდიდან იწყება ფეხბურთელთა ე.წ. ნატურალიზაციის პროცესი, რაც არაიტალიელთა გაიტალიელებას გულისხმობს. მაგალითად, დღეს შეგვიძლია დავასახელოთ ჟორჟინიო, რომელიც ეროვნებით ბრაზილიელია, თუმცა იტალიის ნაკრებში თამაშობს. მანამდე შეგვიძლია გავიხსენოთ მაურო კამორანეზი. უშუალოდ ჩვენი განსახილველი პერიოდისთვის კი ლუიჯი მონტი, ენრიკე გუაიტა და რეიმუნდო ორსი, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ნაკრების გამარჯვებებში. ნატურალიზაციის ერთ-ერთი მთავარი წესი იყო, რომ კონკრეტულ ფეხბურთელს არ უნდა ეთამაშა არც ერთ ნაკრებში და ქვეყანაში სამ წელიწადზე ნაკლები არ უნდა ჰქონოდა გატარებული. მონტის არგენტინის ნაკრებში ვერცხლის მედალი ჰქონდა (მონტი დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ნათამაშები აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფინალური შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში), გუაიტას კი ორი წელიწადი აკლდა სამი წლის შესრულებამდე. მიუხედავად ამისა, ფიფამ ამ დარღვევებზე რეაგირება არ მოახდინა. რეაგირება არ მოჰყოლია არც შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთთან გამართულ მატჩს, სადაც იტალიელებმა ზედმეტი ცვლილებები განახორციელეს. ცვლილებაზე შემოსულმა ფერარიმ კი გოლიც გაიტანა (თუმცა, მისი გოლი მაინც არაფერს ცვლიდა თამაშის საბოლოო შედეგისთვის - 4:0). 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 27 მაისს გაიხსნა. მონაწილეობდა 16 ნაკრები. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, რომლის საფეხბურთო მატჩებიც რადიოთი გადაიცემოდა. მუსოლინის მხრიდან საკმაოდ პოპულისტური ნაბიჯი იყო პირველ თამაშზე ბილეთის საყიდლად რიგში დგომა, რითიც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დუჩე ხალხის გვერდით დგას. მიუხედავად ცდებისა, ტრიბუნები ვერ გაივსო, ასეთი რამ კი დაუშვებელი იყო. იტალიური უწყებები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხი სტადიონზე მიეყვანათ. ამასთან, მაქსიმალურად აცხადებდნენ ყველა შესაძლო გზით, რომ სტადიონები ხალხს ვერ იტევდა. პირველივე რაუნდის შემდეგ, რომელიც იტალიის 8 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა, ყველა არაევროპული გუნდი გამოვარდა: აზიიდან ეგვიპტე, ამერიკიდან - აშშ (იტალიამ დაამარცხა 1:7), ბრაზილია და არგენტინა. მსოფლიო ჩემპიონატი, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატად გადაიქცა. ყველაზე რთული მატჩი ყველა თვალსაზრისით გამოდგა მეოთხედფინალი - იტალია-ესპანეთი, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, მაშინდელი წესების მიხედვით კი მეორე დღეს გადათამაშება დაინიშნა. ამ მატჩში იტალიამ 1:0 სძლია მეტოქეს, გამარჯვების გოლი ჯუზეპე მეაცამ გაიტანა. როგორც ამბობენ, წესების დარღვევით. დიდხანს დადიოდა ჭორები, რომ მატჩის შედეგზე ზეგავლენა არსებობდა, თუმცა რამის დამტკიცება, ცხადია, შეუძლებელი იყო. ერთი კია, ამ მატჩის შვეიცარიელ არბიტრ რენე მერსეს შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ზეგავლენა ხდებოდა არა მხოლოდ იმ მატჩებზე, რომელშიც იტალია თამაშობდა. მაგალითად, ამბობენ, გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიას შორის გამართულ მატჩში იტალიელი არბიტრი მაქსიმალურად ცდილობდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გაყვანას. რადგან მომდევნო ეტაპზე მსაჯი იტალიელი არ იქნებოდა, ამიტომ ის ზრუნავდა, რომ იტალიისთვის უფრო იოლი მეტოქე შეეხვედრებინა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც ჩეხოსლოვაკიის ნაკრები იყო სუსტი. ამ მატჩს დუჩეც ესწრებოდა. როდესაც სტადიონზე პარალელური მატჩის შედეგი გამოცხადდა (იტალიამ ავსტრია დაამარცხა 1:0, ამბობენ, მსაჯი იტალიელთა რიგებში მე-12 მოთამაშე იყოო), მაყურებლები ფეხზე წამოდგნენ და ტაში მუსოლინის დაუკრეს. თუმცა რინალდო ბარლასინის (მატჩის არბიტრის) ამ მეცადინეობებმა საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ფინალში ერთმანეთს ფაშისტური იტალია და პროკომუნისტური ჩეხოსლოვაკია შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა სწორედ ფინალის დღეს მიიღო დადგენილება პროსაბჭოური კურსის მიღებისა. ფინალმა ფაშიზმისა და კომუნიზმის დაპირისპირების სახე მიიღო. თანაც, ფინალი ქალაქ რომში იმართებოდა. ახალი იტალიის დედაქალაქში. ცხადია, ფინალში გამარჯვება იტალიისთვის გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. მსაჯად იტალია-ავსტრიის არბიტრი ივან ეკლინდი დაინიშნა. ასეც მოხდა - 2:1 აძურას სასარგებლოდ. იტალიის გამარჯვების შემდეგ, ფაშისტური გაზეთის “ილ პოპოლო დ’იტალიის” პირველ გვერდზე წაიკითხავდით: “დუჩეს სახელითა და თანდასწრებით აძურა მსოფლიოს ახალ ტიტულს იგებს”. მსოფლიო თასმა თითქოს შედეგი გამოიღო. ეთიოპიაში ომის წარმატებით წარსამართავად (იტალია ეთიოპიაში ომის გამოუცხადებლად 1935 წლის 3 ოქტომბერს შეიჭრა) მუსოლინიმ იტალიელებს მოუწოდა, სახელმწიფოსთვის ოქრო და სხვა ძვირფასეულობა ჩაებარებინათ. “მდიდართა ძვირფასეულობისა და უბრალო ადამიანების ნიშნობის ბეჭდების წყალობით ქვეყნის რეზერვები ისევ შეივსო”.

5-5-1671893087.jpg
ბენიტო მუსოლინის სახელობის სტადიონი ქალაქ ტურინში. აიგო საგანგებოდ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გასამართავად. სახელი გადაერქვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

იტალია და ფეხბურთი1936 წელს გერმანიაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე იტალიელები უფრო რთული ამოცანის წინაშე დადგნენ. მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ორი წლის წინ თასი თავად მოიპოვეს და ამაში არავინ დახმარებიათ. ამის დამტკიცებაში მათ ხელი დუჩემაც შეუწყო, რომელმაც მათ ტელეგრამა გაუგზავნა: “მოიგეთ ან მოკვდებით”. თუმცა აღნიშნულს უარყოფს პიეტრო რავა, იტალიის ნაკრების მცველი, რომელიც აცხადებდა, რომ დუჩემ მხოლოდ და მხოლოდ წარმატება უსურვა ფეხბურთელებს. მუქარა შედეგიანი გამოდგა და იტალიელებმა 1936 წელსაც მოიპოვეს გამარჯვება. 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე საფრანგეთში ჩატარდა. საინტერესოა, რომ ამ წლის 13 მარტს მოხდა ანშლუსი, გერმანია ავსტრიაში შევიდა. მსოფლიოში ამას რეაგირება თითქმის არ მოჰყოლია. გამონაკლისად მხოლოდ საბჭოთა კავშირი გვევლინება. გრძელდებოდა იტალიის დაპყრობითი პოლიტიკაც. ამ ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები უფრო მეტად პოლიტიზებული იყო, ვინაიდან მათ შავი ფორმები ეცვათ, მსგავსად ფაშისტების შავი პერანგებისა. სტადიონზე გამოსვლისას კი, პირველ მატჩში, მათ ტრიბუნებს ფაშისტური სალამი მისცეს. ამის გამო ფრანგული აუდიტორია ხშირად უსტვენდა მათ. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ფაშისტური სალამი იყო საპასუხო ქმედება ფაშისტურ ჰიმნზე მაყურებელთა უარყოფით რეაქციაზე და რომ იტალიელთა მთავარ მწვრთნელ ვიტორიო პოცოს დაუვალებია მათთვის, იქამდე არ ჩამოეწიათ ხელი, ვიდრე ჰიმნი და შესაბამისად, სტვენაც არ დასრულდებოდა. საინტერესოა, რომ ორიოდე კვირით ადრე ფაშისტური სალამი მისცეს ინგლისელებმაც (ისინი 1934-1938 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე არ იყვნენ ბოიკოტის გამო) საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რომელიც ბერლინში ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. ინგლისში ამ ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ჰიტლერი სტადიონზე საერთოდ არ ყოფილა. ინგლისელთა ეს ქმედება ალბათ იმ საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობასაც გამოხატავდა, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი ატარებდა გერმანიის მიმართ. იტალიამ გამარჯვებების სერია უნგრეთთან დაიწყო, შემდეგ საფრანგეთი დაამარცხა მეოთხედფინალში 3:1 და ბრაზილია 2:1 ნახევარფინალში. ფინალში იტალია უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებს შეხვდა. უნგრეთის მეკარეს, რომელსაც იტალიამ 4 გოლი გაუტანა და ფინალი იტალიელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა, თამაშის შემდეგ უთქვამს, რომ მართალია 4 გოლი გავუშვი, მაგრამ 11 სიცოცხლე გადავარჩინეო. ღმერთმა უწყის, დაისჯებოდნენ თუ არა მართლაც ფეხბურთელები დამარცხების შემთხვევაში, მაგრამ გამარჯვებულები ნამდვილ გმირებად შეირაცხნენ. ყველა ფეხბურთელმა 8.000 ლირა (დაახლოებით 3 თვის ხელფასი) და ფაშისტური ოქროს მედალი მიიღო. მუსოლინის მსოფ­ლიო ჩემ­პიონატის თასის ზედიზედ მესამედ აღებაზეც ეჭირებოდა თვალი, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1 სექტემბერს დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეოთხე გათამაშება 1950 წლამდე გადადო. ამგვარად, დუჩემ შეძლო, რომ ერი, რომელმაც არ იცოდა გამარჯვების გემო, დაერწმუნებინა მათ უპირატესობაში, უძლეველობაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სპორტისა და პოლიტიკის განუყოფლობა დაადასტურა და ეს შემდეგში არაერთხელ დამტკიცებულა.

5-4-1671893087.jpg
დუჩე ხმალში იწვევდა კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. 1915-1922 წლებში მან ხუთ დუელში იბრძოლა და ყველა მოიგო (მარცხნივ). დუჩე - ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზატორი (მარჯვნივ)

ნიკოლოზ სარაჯიშვილი უახლესი ისტორიის ცენტრი

"ისტორიანი" .#125