ეთერ ფაღავა - ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ქართული ფესვებით
ბალეტზე, ხელოვნების ამ არისტოკრატიულ დარგზე, სხვადასხვა შეხედულება დომინირებს: ერთნი ამბობენ, რომ იგი აზრსაც იმორჩილებს და გონებასაც, ან თავად გადაიქცევა აზრად, ფიქრად, მაგრამ არა ანალიტიკურად, არამედ ემოციურად. მეორენი კი ფიქრობენ, რომ “ბალეტი ანტიკური ბერძნული ცეკვის რეინკარნაციაა, ამიტომ მოცეკვავეები ფილოსოფიურად უნდა მიუდგნენ და ფილოსოფიურადაც იაზროვნონ”.ზემოთქმულთან ერთად, ემიგრანტ ეთერ ფაღავას მომავალი ბედიცა და პროფესიაც ქართულმა ფესვებმა და ბავშვობიდანვე მშობლიურმა მუსიკალურმა გარემომ განსაზღვრა.
მომავალი პრიმაბალერინას დედა ასმათ ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ქალიშვილი გახლდათ, ხოლო მამა ლევან ფაღავა - 1924 წლის შეთქმულების მონაწილე. პატარა გოგონას შატოში, სადაც დედის მშობლები და საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ბინადრობდა, ყოველდღე უცნაური მუსიკის ჰანგები ესმოდა. პარიზის ქართულ ემიგრაციის მუსიკალური მოთხოვნილებანი ქართული ქალაქური სიმღერებით იყო გამოხატული, რომელსაც უნიკალური ხალხური მრავალხმიანობით გამორჩეული “კრიმანჭული” ემატებოდა. მის უბადლო შემსრულებელ ვალოდია გოგუაძეს მთელი უფროსი თაობა აეყოლიებინა სოფლური სიმღერების შესრულებაში. მრავალრიცხოვან ქალაქურ სიმღერებსა და ორიგინალურ სასოფლო მრავალხმიანობას ავსებდა რეჯებ ჟორდანიას მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკაც. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ვაჟი პროფესიონალი მუსიკოსი გახლდათ. პარიზის კონსერვატორიაში ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კურსდამთავრებული, საკუთარ კომპოზიციებსაც ქმნიდა. იგი ემიგრანტთა შვილებს ქართულ ხალხურ ცეკვებს ფორტეპიანოზე შესრულებული საცეკვაო მელოდიებით ასწავლიდა. ამ მუსიკალურმა ფონმა, ბუნებრივია, ქართველი ემიგრანტი გოგონას მომავლის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი შეასრულა: “როდესაც პატარა ვიყავი, ვცეკვავდი, დედა მღეროდა და ბიძაჩემი რეჯები პიანინოზე უკრავდა...
მე შინაგან რიტმს აყოლილი ვცეკვავდი ყველგან, სახლსა თუ ქუჩაში. ერთხელ სამოენსში ვისვენებდით. როგორც ყოველთვის, ქუჩაში ვცეკვავდი. ჩემით დაინტერესებულ სოფლის მღვდელს დედაჩემისთვის უთხოვია, მონაწილეობა მიმეღო მის მიერ ორგანიზებულ დღესასწაულში. ალბათ, შემთხვევითობამ თუ ბედისწერამ განაპირობა, რომ აქ, ჩვენთან ერთად ისვენებდა მოცეკვავე სერჟ ლიფარის კონცერტმეისტერი, რომელმაც დედას ურჩია, წავეყვანე ცნობილ პარიზელ პედაგოგ ლიუბოვ ეგოროვასთან. ადრე იგი პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის ბალერინა იყო. ეგოროვა ლაროშფუკოს ქუჩაზე, პარიზის მე-9 რაიონში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, პრინც ტრუბეცკოისთან ერთად. მათი დიდი დარბაზი გამოყოფილი იყო ცეკვის კლასებისთვის, სადაც მხოლოდ მოზარდებს იღებდნენ. როდესაც მივედით, მან დედას უთხრა: “მეტისმეტად პატარაა! მაგრამ რადგან აქ ხართ, მაჩვენოს, რას ახერხებს. ვიცეკვე, ქალბატონ ეგოროვას მოეწონა და მოწაფედ მიმიღო. აქედან დაიწყო ჩემი ჩართვა ბალეტში”. პატარა ეთერ ფაღავას სცენური ნათლობა 1944 წელს მოხდა და გაგრძელდა 1945 წლიდან ახალი “შანზ-ელიზეს ბალეტის” სცენაზე. 13 წლისამ მონაწილეობა მიიღო ბორის კოხნოს ლიბრეტოს მიხედვით კომპოზიტორ ანრი სოგეს, ქორეოგრაფ როლან პეტისა და მხატვარ ქრისტიან ბერარდის ერთობლივი ძალებით შექმნილ სპექტაკლში “ბაზრის კომედიანტები” (Les Forains). ამ სპექტაკლში შესრულებულმა პატარა აკრობატის როლმა სათავე დაუდო ეთერ ფაღავას ბრწყინვალე არტისტულ კარიერას. პარიზული პრესა მას სხვადასხვა ეპითეტით - “ბავშვი საკვირველება” და “პატარა ფაღავად” იხსენიებდა.
1948 წელს როლან პეტიმ ნორჩი ბალერინა თავის მეორე ბალეტში „იუპიტერის სიყვარული” (Les Amours de Jupiter) გამოიყვანა.მალე სერჟ ლიფარის მიწვევით 15 წლის ეთერ ფაღავა გაემგზავრა მონტე-კარლოში, სადაც მარკიზ დეკუევას რუსულ საბალეტო დასში იცეკვა ბალეტებში: „რომეო და ჯულიეტა” და „სომნამბულა”. ეთერს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ჯულიეტას როლმა, რომელიც სერჟ ლიფარის მიერ პიოტრ ჩაიკოვსკის სიმფონიურ პოემა “რომეო და ჯულიეტას” მუსიკაზე დადგმულ ქორეოგრაფიულ პოემა-დუეტში შეასრულა. ნაყოფიერი გამოდგა ამავე დასში დიდ ქართველ ბალეტმეისტერთან, ჯორჯ ბალანჩინთან შემოქმედებითი თანამშრომლობა. 1948 წელს, ბელინის მუსიკაზე ჯორჯ ბალანჩინის მიერ “სომნამბულას” ახალ დადგმაში ეთერ ფაღავას ხელოვნებამ ლონდონში საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ფერმკრთალი, თითქმის გამჭვირვალე სახის, შავი, მეტყველი თვალებისა და ჰაეროვანი ტექნიკის გამო, ახალგაზრდა ბალერინას „პატარა ბრილიანტი” შეარქვეს.”ბალანჩინმა პირველად რომ მნახა, არ იცოდა, ქართველი თუ ვიყავი. დიდ საპრემიერო სპექტაკლს დგამდა და ბალერინას არჩევდა მთავარი პარტიისთვის. ჩვენს რეპეტიციას დაესწრო. რეპეტიციის შემდეგ შემატყობინეს, რომ მე ამირჩია. იმდენად გამიხარდა, ლამის გავგიჟდი...ჩემს სიცოცხლეში ძალიან ბევრი მიცეკვია, მაგრამ საუკეთესო გამოსვლა ბალანჩინის ბალეტში იყო. ორივე რომ ქართველი ვიყავით, ეს ძალას მაძლევდა, კარგად რომ მეცეკვა. მასაც უხაროდა, ქართველი რომ აღმოვჩნდი. რატომღაც ქართულად არ მესაუბრებოდა. მე 15 წლის ვიყავი, ის კი 40-ის. ძალიან მერიდებოდა მისი, როგორც უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნების”. მალე ეთერ ფაღავა პარიზის “გრანდ ოპერაში” მიიწვიეს, სადაც პირველად გამოვიდა ბალეტში “ატლანტიდა”, რასაც მოჰყვა გასტროლები იტალიაში. აქ ორი ემიგრანტი ქართველი ბალერინის - “პატარა ბრილიანტად” წოდებულ ეთერ ფაღავასა და “შავ მარგალიტად” აღიარებულ თამარ თუმანიშვილის გზები “ლა სკალას” სცენაზე გადაიკვეთა. მათ რამდენიმე სეზონი ერთად იცეკვეს მილანში. 1950-იან წლებში ეთერ ფაღავა ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა გახდა, მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა და “ეტუალის” (ვარსკვლავის) წოდება მიიღო. ნორჩი ბალერინა თანდათან ცნობილი შეიქნა და მალე მან გასტროლებით შემოიარა ინგლისი, იტალია, ამერიკა, ესპანეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ეგვიპტე, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია.პრიმაბალერინას მიაჩნდა, რომ საკუთარი თავი, შემოქმედებითი ხასიათი, ცეკვის სტიქია “ჯულიეტას” როლის შესრულებისას და “სომნამბულაში” ცეკვისას იპოვა. “ეთერის უდიდესი კონცენტრირება და ღრმა შინაგანი განწყობა ისეთ ემოციას გადმოსცემდა, რომ საკონცერტო დარბაზში ცხარე ცრემლებით ავტირდი, - იგონებს მისი და ქრისტინე ფაღავა, - მე არ ვიყავი ერთადერთი აუდიტორიაში, ვინც ცრემლებს იმშრალებდა. ეს ფენომენი ყოველ წარმოდგენაზე მეორდებოდა. მსგავსი რამ არასდროს არ მინახავს სხვა მოცეკვავეებთან. “სომნამბულა” დაუყოვნებლივ იქცა “მონტე-კარლო გრან ბალეტის” წამყვან ბალეტად და ეთერი ამ როლის შეუცვლელ შემსრულებლად. ყველგან იცეკვა ეს პარტია. ლონდონში “კოვენტ-გარდენის” სამეფო თეატრში აღფრთოვანებულმა მაყურებელმა, მქუხარე აპლოდისმენტებით ცხრაჯერ მოიხმო სცენაზე. ეს იყო არნახული წარმატება, რომელმაც მგონი, არა მარტო ყველა მანამდე არსებული რეკორდი მოხსნა, არამედ შემდეგშიც არ განმეორებულა მსგავსი რამ”.
ეთერ ფაღავამ, ფრანგული ბალეტის პრიმაბალერინამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ მშობლიური ფესვების განცდა ყოველთვის თან ახლდა. მისი უდიდესი ოცნება იყო, ქართულ სცენაზე თანამემამულეთათვის ეცეკვა. “ეს დღე, 1966 წლის ოქტომბერში დადგა, - წერს ეთერ ფაღავა თავის მოგონებებში, - პირველად აღმოვაჩინე ჩემი ქვეყანა საქართველო! თვითმფრინავმა ძალიან დააგვიანა, ღამის 4 საათზე ჩამოვედი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დავინახე, რომ აეროპორტი სავსე იყო ჩემს დასახვედრად მოსული ადამიანებით, რომლებსაც ხელში ყვავილები ეჭირათ. ამ ზღვა ხალხს შორის მყოფი ჩემი ნათესავები, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, რომელთა გაცნობამაც გული ამიჩუყა, მეხვეოდნენ და გულში მიკრავდნენ (მოგვიანებით ჩემი ბებიაც გავიცანი, მამის დედა, რომელიც მამას იმის მერე, რაც 17 წლის ასაკში საფრანგეთში გადაიხვეწა, აღარ ენახა). იქ მყოფ ცნობილ ადამიანთა შორის გამოჩენილი მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანიც დავინახე, დიდი თაიგულით ხელში”. ეთერ ფაღავა სამ კვირას იმყოფებოდა სამშობლოში.”წარმოდგენებისას დარბაზი გაჭედილი იყო და ისეთი ოვაციები ისმოდა, როგორიც პრემიერის დროს იცის. სპექტაკლის შემდეგ სამადლობელ სიტყვას ქართულად წარმოვთქვამდი... მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომ ქართული მასწავლეს და ვიცხოვრე საფრანგეთში, ქართულ ატმოსფეროში და ქართული წეს-ჩვეულებების შესაბამისად”.ეთერ ფაღავა თბილისში გამართულ გასტროლებზე მაყურებლის წინაშე ადოლფ ადანის “ჟიზელსა” და ლუდვიგ მინკუსის “დონ კიხოტში” წარდგა. ორივე ამ პარტიას თავისი ტრადიციები აქვს. ბუნებრივია, მაყურებელი როცა ნაცნობი პარტიების ახალ შემსრულებელს ხვდება, ისინი მასში უნებურად ეძებენ რაღაც ახალს, თავისებურს, განუმეორებელს, რის წყალობითაც თეატრი დღესასწაულად იქცევა. ეთერ ფაღავამ ორივე პარტიაში საკუთარი შთაგონება ჩააქსოვა.
საქართველოში ეთერ ფაღავას გასტროლების თვითმხილველი ეთერ გუგუშვილი წერდა: “ჟიზელი - ფაღავა ეფემერული როდია. იგი მიწიერია, მგზნებარეა, აღფრთოვანებულია. მისი აღფრთოვანების წყაროა არა ბავშვური ინფანტილობა, არამედ სიცოცხლის აქტიური შეგრძნება. მსახიობს კარგად გამოუდის გადასვლები ლაღი მგზნებარებიდან ღრმა სულიერ ძვრებზე, ხოლო შემდეგ, მეორე აქტში - გამჭვირვალე, იმქვეყნიურ უწონობასა და აჩრდილისებრ, მაგრამ მომხიბლავ ქალურ სინაზეზე, რომლებშიც ცოცხლობს სულის სიწმინდე, უმანკოება და სიდიადე”.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოდგენილ ორივე სპექტაკლში ეთერ ფაღავას პარტნიორი გახლდათ ცეკვის დიდებული რაინდი ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელიც მასთან ერთად განიცდიდა დიდ სიხარულს.”რამდენიმე დღის განმავლობაში ვვარჯიშობდით “ჟიზელსა” და “დონ კიხოტს”. ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელიც 60 წლის იყო, არაჩვეულებრივი აღმაფრენა და ტექნიკა ჰქონდა. მისი უბადლო და დაუშრეტელი საცეკვაო აზარტი, სწრაფი, აჟურული მოძრაობა, მსუბუქი ნახტომები, საოცარი პირუეტი, მთელი მისი განუმეორებელი საცეკვაო ბუნება და თავისთავად მისი გამოსვლა სცენაზე უკვე ნიშნავდა ცეკვის დღესასწაულს”, - იგონებს ეთერ ფაღავა.ორ დღეს ზედიზედ იდგა ცეკვის ნამდვილი დღესასწაული თეატრის სცენაზე. ეს დღესასწაული საერთო ძალებით შეიქმნა, რომელსაც ქმნიდა ორივე სპექტაკლის ყველა მონაწილე. “დონ კიხოტში” ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალე ნიმუშის, “სამაიას” ცეკვის გამოძახილი იგრძნობოდა მთავარი პარტიის სამივე მონაწილის - ვერა წიგნაძის, ლილიანა მითაიშვილისა და ეთერ ფაღავას შესრულებაში. ეს იყო თავისებური შეჯიბრება, რომელშიც თითოეული მოცეკვავე უჩვენებდა მაღალ ოსტატობასა და ცეკვის ნატიფ ხელოვნებას. “დონ კიხოტის” პრემიერის წინ, - იხსენებს ეთერ ფაღავა, - ვახტანგ ჭაბუკიანმა ეს სიტყვები მომაწია: “ეთერ, ეს ბალეტი უნდა იცეკვო ქართული ცეცხლით, ორჯერ მეტი ალით ჩვეულებრივზე”.”ჟიზელის” პრემიერის შესახებ ეთერ ფაღავას მოგონება დიდი მღელვარებით იკითხება: “რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, ჩვეულებრივზე მეტად, რადგან ჩემს სამშობლოში ვიყავი. თეატრის გადატვირთულმა ტრიუმფმა იქამდე მიმიყვანა, რომ მაყურებელს რამდენიმე სიტყვით ქართულად მივმართე: “ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ პირველად აღმოვჩნდი საქართველოსა და თქვენ წინაშე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ყველა მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ”.ყურადღებას იქცევს ეთერ ფაღავას სტატია “პერსონა ნონ გრატა”, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს: “1965 წლის ბოლოს, ჩემმა პარიზელმა იმპრესარიომ მაცნობა, რომ “გოსკონცერტი” საქართველოსა და უკრაინაში მეპატიჟებოდა მრავალრიცხოვანი წარმოდგენის ჩასატარებლად, როგორც მიწვეულ პრიმაბალერინას.ეს იყო გასაოცარი და სრულიად მოულოდნელი ახალი ამბავი, რადგან ცნობილი მოცეკვავე ვიყავი, აგრეთვე, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევან ფაღავას ქალიშვილიც გახლდით...
საქართველოში ჩემდამი თაყვანისცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ როდესაც ტელევიზიაში მიმიწვიეს და მკითხეს: “რას უსურვებდით საქართველოს?”, მე სპონტანურად ვუპასუხე: “დამოუკიდებლობას”.ამ წამოძახებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ოფიციალურმა პირებმა აღარ იცოდნენ, სად წასულიყვნენ... მეორე დღესვე იძულებით ჩასვეს თვითმფრინავში, საბჭოთა კავშირიდან გამოაძევეს და სპექტაკლები გააუქმეს.ეთერ ფაღავა წერს: “საფრანგეთში ჩასულმა, რუსეთის “გოსკონცერტისგან” წერილი მივიღე, რომელიც მაფრთხილებდა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ვეღარ დავბრუნდებოდი და ეს მაშინ, როცა თბილისის ოპერაში მომავალი სპექტაკლების ჩასატარებლად მელოდნენ... და, ასე, ვარსკვლავი და პრიმაბალერინა გადავიქეცი პერსონა ნონ გრატად.საქართველოში მხოლოდ 1990 წელს დავბრუნდი. ამჯერად უკვე ჩემი საცეკვაო დასის სათავეში, სახელწოდებით: “ეთერ ფაღავას ბალეტი”.
* * *
1970-იან წლებში საფრანგეთის განათლების მინისტრის მიერ შექმნილი ხელოვნების აღორძინებისა და განვითარების მუდმივ კომისიაში მიწვეულ ეთერ ფაღავას საზოგადოების ფართო ფენებში ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია მიენდო.იგი საზოგადოების წინაშე ჯერ თვითონ გამოდიოდა, აცნობდა ქორეოგრაფიის მნიშვნელობასა და ტექნიკას, შემდეგ კი პროფესიონალ მოცეკვავეთა ჯგუფი ასრულებდა მის მიერ დადგმულ საბალეტო სპექტაკლებს. 1980-იან წლებში პედაგოგობას მოჰკიდა ხელი. ფართო იყო მისი საქმიანობის არეალი - ცეკვას ასწავლიდა პარიზის თეატრებში, უნივერსიტეტში, პომპიდუს ცენტრში. გარდა ამისა, 1980-იანი წლების ბოლოს თავის მეორე მეუღლესთან, ცნობილ მომღერალ ჟაკ დუესთან ერთად, ხელმძღვანელობდა თეატრს ბულონის ტყის მიმდებარე ბაღში Lე თჰეატრე დუ ჟარდინ პარიზში. მისი საბალეტო სპექტაკლები აქ ხშირად იდგმებოდა ბავშვებისთვის ნაშუადღევს და მოზრდილებისთვის საღამოს, რომლებიც წარმატებით სარგებლობდა.ამ თეატრში მიწვეული გახლდათ თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომლის შესახებ თავის პირად წერილში ეთერ ფაღავა ხაზგასმით აღნიშნავს: “ქართველებს გენში აქვთ ცეკვისა და სიმღერის ხელოვნება. თქვენ უნდა ნახოთ პატარა ქართველები, რომლებიც განსაკუთრებული აღფრთოვანებითა და რიტმით ცეკვავენ.მე და ჩემმა მეუღლემ ჟაკ დუემ ჩვენს თეატრში, გასტროლებზე მოვიწვიეთ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. საფრანგეთის საზოგადოება მოხიბლა მათმა ტრიუმფალურმა შესრულებამ. სწორედ, ამას ვხვდებით ქართველ კლასიკურ მოცეკვავეებშიც. ამ თეატრში 250 ათასი მაყურებელი მივიღეთ”.1990 წელს ეთერ ფაღავა მეუღლესა და შვილთან ერთად, ასევე ბიძის, რეჯებ ჟორდანიას თანხლებით მეორედ ეწვია სამშობლოს. რეჯებ ჟორდანია წერდა: “საქართველოში ჩამოსვლის იდეა ჩემმა დისშვილმა, ცნობილმა ქორეოგრაფმა ეთერ ფაღავამ და მისმა მეუღლემ, ფრანკოფონურ წრეებში სახელგანთქმულმა თანამედროვე და ხალხური სიმღერების შემსრულებელმა, ჟაკ დუემ მომაწოდეს. მე მაშინ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი... ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ჟაკმა დამირეკა.- გახსოვს, როგორ ვერთობოდით მუსიკას რომ ვთხზავდით? შენ ფორტეპიანოზე უკრავდი, მე - გიტარაზე და თანაც ვმღეროდი. კარგად გამოგვდიოდა, იმპროვიზაციასაც არა უშავდა, არა? ხომ არ გაგვეახლებინა, ოღონდ ამჯერად საგასტროლო მოგზაურობაში. შემდეგ ამიხსნა, რომ მან და ეთერმა გადაწყვიტეს, ეთერის საბალეტო დასისა და ჟაკის სიმღერების ერთობლივი კონცერტები მოეწყოთ მოსკოვში, თბილისში, ქუთაისსა და ერევანში... სექტემბერში პარიზში ჩავედი ჟაკის სიმღერების შესასწავლად და რეპეტიციების გასავლელად. იმჟამად ეთერი და ჟაკი “ტეატრ დიუ ჟარდენის” დირექტორები იყვნენ... საქართველოში წასვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. თუ მათთვის ეს ძირითადად შემოქმედებითი ტურნე იყო, ჩემთვის, ეთერისა და მისი ვაჟიშვილის - ტარიელისთვის, რომელიც დასის რეჟისორი გახლდათ, ეს მოგზაურობა დიდ განცდებს უკავშირდებოდა. ...როგორც კი მოსკოვიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, ტარიელმა შესძახა: “აი, უკვე სახლში ვართ!”მართლაც ასე იყო: თვითმფრინავის კარი ჯერ არ გაეღოთ, რომ კაბინაში ჰაერი უეცრად შემსუბუქდა, ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს საბჭოთა კავშირი დაგვეტოვებინოს (თავისი ეჭვებით, აკრძალვებით, ბიუროკრატიული ზღუდეებით) და სულ სხვა ქვეყანაში - საქართველოში აღმოვჩენილიყავით, რომელსაც, მართალია, არ ვიცნობდით, მაგრამ სამივეს - პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას შვილს, შვილიშვილსა და შვილთაშვილს სამუდამოდ გულში გვქონდა ჩამარხული”.თბილისსა და ქუთაისში ჩატარებულ სპექტაკლებს არნახული წარმატება ხვდა წილად - თეატრი მაყურებლით მუდამ გაჭედილი იყო.ეთერის ფრანგმა მეუღლემ თურმე ისე ემოციურად შეასრულა ქართული სიმღერა “სულიკო”, რომ მთელი საქართველო აღაფრთოვანა. საცეკვაო დასი “ეთერ ფაღავას ბალეტი” საქართველოდან ერევანში გაემგზავრა ორი კონცერტის ჩასატარებლად, რის შემდეგაც პარიზში დაბრუნდნენ.
* * *
78 წელიწადი შესრულდა, რაც პრიმაბალერინა პროფესიულ სცენაზე მოღვაწეობს. “ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ ვვარჯიშობ ყოველდღე, ვატარებ მასტერკლასებს და ვდგამ ბალეტს ჩემი ჯგუფისთვის. ჩემ გვერდით დგას ჩემი ვაჟი ტარიელი, სცენოგრაფი, რომელიც ქართულად არაჩვეულებრივად საუბრობს. რომ მეკითხებიან, ამ ასაკში როგორ ცეკვავო, ვპასუხობ, იმიტომ, რომ ქართველი ვარ-მეთქი... ჩემი პატარა შვილიშვილი თეა ამბობს, ბებიაჩემი ცეკვით დაიბადა და ამ ქვეყნიდანაც ცეკვით წავაო”.ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი და ქორეოგრაფი ეთერ ფაღავა მომავალ თაობას ბალეტის საიდუმლოებაში აოსტატებს. იგი წლების მიუხედავად, მაინც ჰაეროვანი, გრაციოზული, ნაზი და მოქნილია.სწორედ ქართული ჯიშისა და გენის გამოძახილია ეთერ ფაღავას ქორეოგრაფიისადმი უსაზღვრო ლტოლვა, შესრულებული ცეკვების შინაგანი სიწმინდისა და სულიერი სამყაროს მაყურებლის წინაშე წარმოჩენა.
მარიამ მარჯანიშვილი
ფილოლოგიის დოქტორი
"ისტორიანი" .#125