ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან
ჰოდა, როგორც ცნობილია, ელიზაბეთმა ზეობის ყველა რეკორდი მოხსნა და 2022 წლის ივნისში თავისი გადედოფლების 70-ე წლისთავი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა! დედოფლის პლატინის იუბილესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ლონდონსა და მთელ ქვეყანაში 2 ივნისს დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდა, თუმცა სინამდვილეში დედოფლის აღტახტების 70 წელიწადი 6 თებერვალს შესრულდა, რადგან სწორედ იმ ღამეს გარდაიცვალა ელიზაბეთის მამა - დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI. “მეფე-მოკვდა-გაუმარჯოს-მეფეს” პრინციპით, ელიზაბეთი მამის სიკვდილისთანავე გამეფდა, თუმცა მან ამის შესახებ კარგა ხანს არაფერი უწყოდა. თავის მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან ერთად სამეფო მოგზაურობაში იყო წასული დიდი ბრიტანეთის რამდენიმე კოლონიაში სავიზიტოდ და იმ მომენტში, როცა მამამისი მიიცვალა, კენიაში იმყოფებოდა. მართლა საოცარი ფაქტია! - ელიზაბეთი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც საკუთარი გადედოფლების ამბავი შეიტყო, მაშინ როცა ბრიტანეთის ვეება იმპერია და მთელი მსოფლიო დილიდანვე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა. მამის გარდაცვალება ელიზაბეთს მისმა მეუღლემ გააგებინა, კენიის დროით დღის 2 საათზე.
ჰოდა, კენია-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ეს ერთი სიტყვა ზუსტად ვერ ასახავს ელიზაბეთის ადგილსამყოფელს მამის გარდაცვალების მომენტში. საქმე ის არის, რომ მან ის ღამე თავის მეუღლესთან ერთად ფიკუსის ხეზე გაატარა! წინა დღეს ავიდა ამ ხეზე, როგორც პრინცესა, და მეორე დილას ხიდან უკვე დედოფლად ჩამოვიდა. კენიაში ვიზიტის ფარგლებში სამეფო წყვილი იმ ღამეს ვეება ხეზე მდებარე უნიკალურ სასტუმროში დააბინავეს, რომელსაც “ტრიტოპსი” - “ხეთა კენწეროები” ერქვა. ერქვა და დღესაც ჰქვია. თუმცა სახელის გარდა იმ დროიდან აღარაფერი შემორჩა, გარემომცველ პეიზაჟსა და ეგზოტიკურ ფლორა-ფაუნას თუ არ ჩავთვლით. 1932 წელს გახსნილი მსოფლიოში სახელგანთქმული ის ძველი სასტუმრო 1954-ში მთლიანად დაუწვავთ მაუ-მაუს აჯანყების სახელით ცნობილი მოვლენებისას, მაგრამ სამი წლის შემდეგ აღუდგენიათ, გაუფართოებიათ, გაუმშვენიერებიათ და მსოფლიოს ერთ ყველაზე მდიდრულ სასტუმროდ უქცევიათ.ჰოდა, რომელი მდიდარი მე ვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი ღამე ამ სასტუმროში მეც მაქვს გათეული ჩემს მეუღლესთან - ნინო სხირტლაძესთან ერთად. თუმცა ის ჩემი ღამე - 2019 წლის 25-26 ნოემბრის ღამეს ვგულისხმობ - სულაც არ იყო ისეთი რეზონანსული მთელი მსოფლიოსთვის, როგორიც 1952 წლის 5-6 თებერვლის ღამე აღმოჩნდა, მაგრამ არასოდეს წაიშლება ჩემი და ჩემი მეუღლის მეხსიერებიდან. ისევე როგორც სამუდამოდ დარჩება ის ღამე ჩვენი მეგობრების, სოსო ჟორდანიასა და მისი მეუღლის - ნინო ციციშვილის ხსოვნაში. კენიაში ჩვენ კორბეტმა ჩაგვიყვანა, ჯიმ კორბეტმა, უფრო სწორად - მისმა კვალმა თუ ნაკვალევმა. ჩემი თაობის ბიჭებისთვის ჯიმ კორბეტი კარგად არის ცნობილი იმ თავისი “კუმაონის კაციჭამიებით”, “ტაძრის ვეფხვით” თუ “რუდრაპრაიაგის ავაზით”. ამ წიგნებით სახელგანთქმული ეს მამაცი, კეთილი და კაცთმოყვარე მონადირე, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ინდოეთში, ჰიმალაის სამხრეთ კალთებზე გაატარა, სიცოცხლის მიწურულს, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სხვა მრავალ თეთრკანიანთან ერთად კენიაში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა 1955 წლის 19 აპრილს 79 წლისა.ჰოდა, ჯიმ კორბეტი კენიაშია დაკრძალული, პატარა ქალაქ ნიერიში, ეკვატორთან ახლოს. ჩვენ ვინახულეთ მისი საფლავი წმინდა პეტრეს სასაფლაოზე, ნიერის ეკლესიის უკან. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ სწორედ ამ საფლავის მოსანახულებლად ჩავედით კენიაში. ჩემმა ძველისძველმა მეგობარმა სოსო ჟორდანიამ 10 Tu 12 wlis წინ კორბეტის თაყვანისმცემელთაგან კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელმაც რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო ინდოეთში - გამოწვლილვით გამოიკვლია კორბეტის მიერ მოკლული თითოეული კაციჭამია ვეფხვის ავანჩავანი da 2016 და 2020 წლებში თავისი კვლევის შედეგები ინგლისურ ენაზე ორ ტომად გამოსცა თბილისში. სოსო ჟორდანიასთან ერთად ამ წიგნებში გაერთიანებული გამოკვლევების ავტორები არიან: პრიტუმ გეერავო, იგივე კოტეჩა კრისტოფი (მავრიკი), მანფრედ ვალტლი (გერმანია), ალი ახტარი (ინდოეთი), პრივრატ გადვი (ინდოეთი) და ფერნარდო კევედო დე ოლივეირა (ბრაზილია). დღეს ისინი ჩემი მეგობრებიც არიან.
2019 წელს მეც ვმონაწილეობდი კუმაონის ჯერჯერობით ბოლო ექსპედიციაში და შევეურთდი კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ჩემი წინადადებით მეორენაირად კორბეტჰუდი ეწოდა.ჰოდა, ამ კორბეტჰუდის, ინდოეთის ექსპედიციისა და კენიის ამბები კოხტად აღვწერე ჩემი “ვეფხვისტყაოსნის” პირველ ნაწილში, რომელიც გაგრძელებებით გამოქვეყნდა 2019, 2020 და 2021 წლებში “ლიტერატურულ გაზეთში”. ეს გახლავთ ერთი მცირე ფრაგმენტი სარეკორდო უწერტილო ტექსტისა, რომელიც მხატვრულ-დოკუმენტურ რომანად მაქვს ჩაფიქრებული. აი, ამ მცირე ფრაგმენტის, ერთი პატარა, უკეთ - პაწაწა, უპაწაწესი მონაკვეთი, რასაკვირველია, - უწერტილო: “და აი, მე და სოსო ჩვენ-ჩვენი ნინოებით, როგორც კორბეტის მიერ ნავარაუდევი ახალი თაობის წარმომადგენლები, ახალი ტრიტოპსის ახალ ვერანდაზე ვდგავართ და ენით აუწერელ სიამოვნებას ვღებულობთ აქაურ ფრინველთა თუ ცხოველთა ხილვით, და არა მარტო სიამოვნებას ვღებულობთ, ფოტოზე თუ ვიდეოზე ვიღებთ და ვიღებთ და ვიღებთ და ვიღებთ და ვიღებთ და ვიღებთ ყველაფერს, რომ უკვე შინ დაბრუნებულებმა სხვებსაც განვაცდევინოთ ამ სიამოვნების რაღაც ნაწილი მაინც და ამასობაში ჩრდილები დაგრძელდა და მზე გადაიწვერა და სპილოებიც უფრო გავარდისფრდნენ, სწორედ ისე, როგორც იმ დღეს, 67 წლის წინ, როცა იმ პირველი აივნიდან პრინცესა ბინოკლით უყურებდა, როგორ კვდებოდა დაჭრილი ანტილოპა, რომელიც ცალს მხარს მიწაზე მიითრევდა და რომელსაც გულისპირს სისხლი სცხებოდა და როცა მას სამი სპილო მიუახლოვდა და ხორთუმებით ყნოსვა თუ მოსინჯვა დაუწყეს და რაკი დარწმუნდნენ, რომ მკვდარი იყო, გულგრილად გაშორდნენ, ხოლო”... ჩემი ამ ტექსტის მეორე ფრაგმენტი უკვე ჟურნალ “ახალ საუნჯეში” დაიბეჭდა. თითქმის მზად არის და საბოლოო რედაქციაღა სჭირდება მომდევნო თავებს, რომლებშიც სხვათა შორის, კორბეტჰუდის აქტივობებიც იქნება აღწერილი.
ჰოდა, პანდემიის წლებში, როცა ექსპედიციების მოწყობა შეუძლებელი გახდა, კორბეტჰუდმა სავსებით ოფიციალური სახე მიიღო, მოხდა მისი ინსტიტუციონალიზაცია და, რაც ჩემთვის და სოსო ჟორდანიასთვის ყველაზე სასიხარულოა, მან ბინა თბილისში დაიდო. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, არაერთი კარგი საქმის ინიციატორისა და მხარდამჭერის, პროფესორ მამუკა თავხელიძის აქტიური ხელშეწყობით ამ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, რომელიც უკვე შეუდგა ინტენსიურ მუშაობას “კუმაონის კაციჭამიების” ანოტირებულ გამოცემაზე და რომელიც 2023 წლის ზაფხულში (ივნისში) დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვასაც გეგმავს. კორბეტის ცენტრის დირექტორი, რა თქმა უნდა, სოსო ჟორდანიაა, ხოლო მისი მოადგილე, რასაკვირველია, მე გახლავართ.ჰოდა, სოსო ჟორდანია-მეთქი კი გავიძახი, მაგრამ ამას მხოლოდ მასთან მრავალწლიანი მეგობრობა მაბედვინებს, თორემ სინამდვილეში იოსებ, იგივე ჯოზეფ ჟორდანია საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერია - მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ტიტულისა თუ პრემიის მფლობელი, მუსიკოლოგი, ბუნებისმეტყველი, ფილოსოფოსი. იმის მიუხედავად, რომ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ავსტრალიაში ცხოვრობს, იოსებ ჟორდანია თბილისელია, ქართველი მეცნიერია - სახელოვანი ქართველი მეცნიერი, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც მსოფლიო სამეცნიერო პროცესში, ისე საქართველოს სამეცნიერო ცხოვრებაში. თავისი ფართო სამეცნიერო ინტერესების ფონზე იგი, როგორც ავტორიტეტული მკვლევარი და გამოცდილი ლოტბარი, მრავალი წელიწადია დაუღალავად ემსახურება ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას, - სრულიად უნიკალურს მსოფლიო მასშტაბით და ესოდენ საამაყოს ქართველთათვის. მრავალხმიანობა - მრავალხმიანობად და, აი, რას წერს ცნობილი ესპანელი ევოლუციონისტი ბიოლოგი და ვირუსოლოგი ვლადიმირ ალონსო იოსებ ჟორდანიას ერთ-ერთ პირველ მონოგრაფიაზე “ვინ დასვა პირველი შეკითხვა”: “ესაა ყველაზე რევოლუციური ევოლუციური თეორია ათწლეულების განმავლობაში”. ორი წლის წინ პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება - ანთროპოლოგები, ისტორიკოსები, ეთნომუსიკოლოგები, ფილოსოფოსები, ბიოლოგები, ფსიქოლოგები, ლინგვისტები, ბუნებისმეტყველები... ცნობილი ამერიკელი ეთნოლოგი, პროფესორი ელიზაბეთ მარშალ ტომასი მის ბოლო წიგნზე, რომელიც 2020 წელს გამოიცა თბილისში ინგლისურ ენაზე, წერს: “იოსებ ჟორდანიას “ადამიანის ისტორია სამეცნიერო აღმოჩენის მიღმა” გახდება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. ესაა მრავლისმომცველი, მომნუსხველი და უზადო ნაშრომი, რომლის სათქმელიც იმდენად ახალი და მოულოდნელია, რომ მკითხველთა უმეტესობაში ის გამოიწვევს შოკსა და ცუნამის მსგავს ემოციებს. ეს წიგნი შეცვლის ზოგიერთ ჩვენგანს და ახალ გეზს მისცემს სხვებს”.
შემთხვევითი არ იყო, რომ 2021 წლის 14 აპრილს მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ჟორდანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს.ჰოდა, სწორედ ეს აკადემიკოსი ჯოზეფ ჟორდანია გახლავთ ჩემი ამ წერილის სათაურში ნახსენები სოსო ჟორდანია. ხოლო ამავე სათაურში ნახსენები დედოფალი, რაღა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს იუბილარი მონარქი ელიზაბეთ II გახლავთ. თუმცა, სანამ სათაურში გამოტანილ მათ მიმოწერაზე გადავიდოდე, ისევ კორბეტზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. და თუ რომელიმე სულსწრაფი მკითხველი იკითხავს, რა შუაშია ლეგენდარული მონადირე ჯიმ კორბეტი ქართველ-ავსტრალიელი მეცნიერისა და დიდი ბრიტანეთის დედოფლის მიმოწერასთანო, ვუპასუხებ, რომ სწორედაც კორბეტია შუაში, თანაც ძალიან შუაში! სოსო ჟორდანიას ჯიმ კორბეტით სერიოზული დაინტერესების შესახებ ზემოთ უკვე დავწერე, ხოლო რაც შეეხება დედოფალს, დღეს, მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, იგი შეიძლება ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ცოცხალი ჯიმ კორბეტი ახსოვს! და არა მარტო ახსოვს, მისი ცხოვრების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე სწორედ ჯიმ კორბეტთან არის დაკავშირებული.ჰოდა, სწორედ იმ ღამეს, როცა ნადირობიდან ლონდონში მიბრუნებულმა ჯორჯ VI-მ დაიძინა და დილას ვეღარ გაიღვიძა, აფრიკაში, აბერდეირის ტყეში, ტრიტოპსში დაბინავებული პრინცესა ელიზაბეთისა და მისი მეუღლის მშვიდ ძილსა და უსაფრთხოებას სწორედ ჯიმ კორბეტი იცავდა - იმხანად უკვე ნიერიში მცხოვრები მამაცი და გამოცდილი მონადირე. ჯიმ კორბეტი ერთ-ერთი პირველი იყო კენიაში, ვინც ბრიტანეთის მეფის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი შეიტყო. სწორედ კორბეტს ეკუთვნის დღეს უკვე ფრთიან გამოთქმად ქცეული სიტყვები: “პირველად მსოფლიო ისტორიაში ახალგაზრდა გოგონა ერთ დღეს, როგორც პრინცესა, ხეზე ავიდა და მისივე თქმით, ყველაზე ამაღელვებელი განცდების შემდეგ, მეორე დღეს იმ ხიდან დედოფლად ჩამოვიდა - ღმერთმა დალოცოს იგი”. ჩემეული თარგმანით, ასე აღწერა ჯიმ კორბეტმა იმღამინდელი ამბავი თავის ბოლო წიგნში “ტრიტოპსი”, რომელიც პირველად 1956 წელს გამოსცა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, რომელიც მას შემდეგ მრავალჯერ გამოიცა და რომელიც იმითac გამოირჩევა კორბეტის იმ მთავარი წიგნებიდან, რომ კაციჭამია ვეფხვებსა თუ ლეოპარდებს და ნადირობას არ ეხება. ჰოდა, სოსო ჟორდანიასა და დედოფლის მიმოწერა კი სწორედ ჯიმ კორბეტს ეხება.
ჯოზეფ ჟორდანიამ სამი წერილი გაუგზავნა დედოფალს და სამივეზე მიიღო პასუხი. მერე სოსო ადგა და, მთელი ეს მიმოწერა ერთმანეთის მიყოლებით გამომიგზავნა გამოქვეყნების უფლებით. მანამდე კი, 2020 წლის 9 აპრილს, სოსომ კორბეტჰუდის წევრებს ასეთი წერილი გამოგვიგზავნა ელექტრონული ფოსტით: “მინდა გაგიზიაროთ საინტერესო სიახლე, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ. ჩვენ მივიღეთ წერილი კორბეტის ყველაზე ცნობილი ფანისგან, რომელიც ჯიმს პირადად შეხვდა და მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, ვისთან შეხვედრაზეც კორბეტმა წიგნი დაწერა. თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, ვის ვგულისხმობ და დიახ, თქვენი ვარაუდი სწორია! ჩვენ მივიღეთ წერილი დედოფალ ელიზაბეთ II-ისგან! მოვლენის მოკლე ისტორია: 2020 წლის 6 თებერვალს (ძალიან განსაკუთრებული დღე დედოფლისთვის, როგორც გახსოვთ) მე გავუგზავნე ჩვენი 2016 წლის წიგნის ერთი ეგზემპლარი მის ოფიციალურ მისამართზე. გარდა წიგნისა, დავურთე წერილი ჩვენი კვლევითი ჯგუფის, ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და ასევე მივამაგრე ბარათის ტექსტი, რომელიც კორბეტმა მისწერა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელს, ჯეფრი კამბერლიჯს პრინცესის 1952 წლის 6 თებერვალს ტრიტოპსში ვიზიტის შესახებ. მან მიიღო წერილი და ცოტა ხნის შემდეგ, 12 მარტს, სთხოვა თავის ერთ-ერთ სეფექალს, გამოეგზავნა მადლობის წერილი, რომელიც ასევე შეგიძლიათ იხილოთ დანართებში. მე ძალზე აღელვებული ვარ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მივიღეთ წერილი დედოფლისგან (რაც თავისთავად შესანიშნავი, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა!), არამედ სხვა მიზეზითაც და მინდა ჩემი მომავალი აღფრთოვანება გაგიზიაროთ: მე მინდა ვკითხო დედოფალს (რა თქმა უნდა, ძალიან მორიდებით), აქვს თუ არა მას რაიმე ფოტო (ან თუნდაც მოკლე ვიდეოკადრები) გადაღებული ჯიმთან შეხვედრის დროს. ვინაიდან იგი მისი წიგნების დიდი გულშემატკივარი იყო, ბუნებრივია იმის მოლოდინი, რომ მან ან მისმა ქმარმა გადაიღო ფოტო ლეგენდარულ მონადირესა და მწერალთან. თქვენ არ გჭირდებათ ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება დადებითი პასუხი დედოფლისგან! მე ვაპირებ, დედოფალს ვკითხო ფოტოს ან ვიდეოს შესახებ, როდესაც ჩვენს მეორე ტომს გავუგზავნი. მისი წერილიდან თქვენ შეგიძლიათ იგუმანოთ მისი ინტერესი ჩვენი მე-2 ტომის მიმართ. ასე რომ, როგორც კი ის გამოვა, გავუგზავნი ერთ ეგზემპლარს ახალ წერილთან ერთად”.
ჰოდა, აი, სოსოს წერილიც და დედოფლის პასუხიც ამ პირველ წერილზე:”თქვენო უდიდებულესობავ,მე გახლავართ ჯოზეფ ჟორდანია მელბურნის უნივერსიტეტიდან, “ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფის” წევრი. ჩვენს ჯგუფში არიან მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, აშშ, ინდოეთი, მავრიკი, საქართველო, ბრაზილია, ავსტრალია) და ჯგუფის მიზანია ლეგენდარული მონადირის, ბუნების დაცვის პიონერისა და ავტორის, ჯიმ კორბეტის მემკვიდრეობის კვლევა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვსწავლობთ საარქივო მასალებს, ვსტუმრობთ კუმაონს და ვიკვლევთ კორბეტის ისტორიულ ნადირობათა გარემოებებს, ჩავდივართ კენიაში ტრიტოპსის სანახავად და პატივს მივაგებთ ჯიმ კორბეტის სამუდამო განსასვენებელს ნიერიში. დასასრულ, ჩვენ ვიკვლევთ და ვაქვეყნებთ სამეცნიერო ნაშრომებს კორბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის კორბეტის მოთხრობებში აღწერილი იდუმალი მოვლენების ახსნა-განმარტებებს.მაქვს პატივი, გამოგიგზავნოთ ჩვენი წიგნი “ჯიმ კორბეტის მონათხრობს მიღმა”, რომელიც 2016 წელს გამოიცა. ვიცი, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თუ კვლავაც გახსოვთ “კუმაონის კაციჭამიების” პირველი წაკითხვისას განცდილი აღელვება და თუ იპოვით ორიოდე თავისუფალ წუთს, შესაძლოა დაინტერესდეთ კორბეტის მოთხრობებში ნახსენები რამდენიმე იდუმალი მოვლენის მეცნიერული ახსნით:1. რა მოხდა ჩამპავატის ბუნგალოში ღამით, როცა კორბეტი ნადირობდა თავის პირველ კაციჭამია ვეფხვზე? es aris მოვლენა, რომელსაც კორბეტი მხოლოდ გაკვრით ახსენებს მოთხრობაში, როგორც რაღაც “ბუნების კანონების მიღმურს” (განმარტება - 104-114 გვერდებზე);2. ვინ ყვიროდა განწირული ადამიანის ხმით მიტოვებულ სოფელ ტაკაში 1938 წელს, როცა კორბეტი ხეზე ჩასაფრებული ელოდა კაციჭამიას გამოჩენას? (ახსნა - 90-103 გვერდებზე);გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეცნიერული ახსნა კიდევ ერთი ცნობილი მოვლენისა: იდუმალი შუქების გამოჩენა, რომლებიც კორბეტმა და მისმა ხალხმა ნახეს პურნაგირის ტაძარში 1929 წლის 5 აპრილს, როდესაც კორბეტი ტალადეშის კაციჭამია ვეფხვზე სანადიროდ იყო გასული. ეს ახსნა არ არის წიგნში, რომელსაც ამ წერილთან ერთად გიგზავნით, რადგან ის ჩვენი შრომის მეორე ტომშია შესული. ეს ტომი ამ წლის ბოლოს გამოიცემა და ჩვენთვის დიდი სიამოვნება და პატივი იქნება, გამოგიგზავნოთ იგი, თუ თქვენ ინებებთ.მომავალი ტომი შეიცავს აგრეთვე მრავალ უცნობ წერილს, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება და კორბეტის მიერ სხვადასხვა ადრესატის სახელზეა გაგზავნილი. იქ არის ერთი კონკრეტული წერილიც, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ: იმ წერილში ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელს, ჯეფრი კამბერლიჯს კორბეტი ტრიტოპსში თქვენი ისტორიული ვიზიტის შესახებ წერს. წერილი დაწერილია თქვენი ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ, 1952 წლის 10 თებერვალს.გთავაზობთ წერილის ტექსტს:”ჩემო ძვირფასო კამბერლიჯ,...პრესიდან და რადიოდან თქვენ იცით, რომ პრინცესა, ახლა - დედოფალი, მოკლე ვიზიტით იმყოფებოდა ნიერიში. აქ ყოფნის სამი ღამიდან ერთი მან ტრიტოპსში გაატარა, ხის ტოტებში, ტყის შუაგულში. მე, თქვენს თავმდაბალ მეგობარს, პატივი დამდეს და მთხოვეს, ვყოფილიყავი მასთან და მის მეუღლესთან იმ ოცი საათის განმავლობაში, მათ ხეზე rom გაატარეს. როდესაც ხეზე ავაცილე, ის პრინცესა იყო, ხოლო როდესაც ჩამოვაცილე - უკვე დედოფალი. არ მგონია, მთელ აფრიკაში იმ ღამეს პრინცესასა და ჰერცოგზე ბედნიერი ორი სხვა ადამიანი ყოფილიყო. და წლების განმავლობაში, რაც ტრიტოპსი არსებობს, არასდროს ყოფილა უკეთესი დრო ცხოველთა სამზერად, ვიდრე იმ ღამეს. 2:30 საათზე ავედით ხეზე და 4:30 საათზე, როდესაც პრინცესას უთხრეს, რომ ჩაი მზად იყო უკანა ოთახში, მან თქვა: “ოჰ, გთხოვთ, აქ მომიტანოთ, - ის აივანზე იყო, - არ მინდა თუნდაც ერთი წუთის გამოტოვება”. ამ ორი საათის განმავლობაში ის უყურებდა და იღებდა კინოკამერით სპილოების ჯოგს, 47 სპილოს, რომელთაგან ზოგი აივნის ქვეშ იყო თითქმის სათევზაო ჯოხის მანძილზე. ცოტა ხნის შემდეგ ორი კამეჩი დაეჭიდა ერთმანეთს, რაც იმით დასრულდა, რომ დამარცხებულმა ჩვენ თვალწინ გუბურა წითლად შეღება სისხლით. ხოლო მოგვიანებით ორი მარტორქა დაერია ერთმანეთს.ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი და ჩემი თხოვნის პრელუდიას წარმოადგენს. პრინცესას წაკითხული აქვს “კუმაონის კაციჭამიები” და წიგნი თავიდან ბოლომდე იცის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ჩამოვედით ტრიტოპსიდან და როდესაც მან დატოვა ნიერი შინისკენ გასაფრენად, ამბობენ, რომ წაიღო ლეოპარდის წიგნი (“რუდრაპრაიაგის კაციჭამია ლეოპარდი”. - პ. ნ.). მითხრა, რომ ერთი სული ჰქონდა, წაეკითხა. ჩემი თხოვნაა, დედოფლისთვის სპეციალურ ყდებში ჩაასმევინოთ თითო ეგზემპლარი ჩემი სამივე წიგნისა “კუმაონის კაციჭამიები”, “რუდრაპრაიაგის კაციჭამია ლეოპარდი” (ეს წიგნი საქართველოში გამოქვეყნდა “რაპრაპრაიაგის ავაზის” სახელწოდებით, რაც არასწორია, რადგან ავაზა სხვაა და ლეოპარდი - სხვა. - პ. ნ.) და “ჩემი ინდოეთი”. გთხოვთ აგრეთვე, სპეციალურად პრინც ჩარლზისთვის ააკინძვინოთ “კუმაონის კაციჭამიების” ილუსტრირებული საბავშვო გამოცემის ერთი ეგზემპლარი. მე გთავაზობთ, რომ ოთხივე წიგნი ჩასმული იყოს რბილ მწვანე ტყავის ყდაში, ოქროთი ამოტვიფრული სათაურებითა და ვეფხვის თავით. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ ჩემთვის ჩემივე ხარჯით, გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნები, როგორც კი მზად იქნება. მე ავტოგრაფებს გავუკეთებ მათ და შევთხოვ მის უდიდებულესობას, მიიღოს ისინი”...ხელმოწერა: ჯიმ კორბეტივიმედოვნებ, რომ ეს ძველი წერილი სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ!უდიდესი პატივისცემით და აღტაცებით,ჯოზეფ ჟორდანია”.ჰოდა, აი, ბაკინგემის სასახლიდან გამოგზავნილი პასუხიც ჯოზეფ ჟორდანიას პირველ წერილზე:”ძვირფასო ბატონო ჟორდანია,დედოფალს სურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელშიც ამბობთ, რომ ეკუთვნით ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფს და რომელსაც დაურთეთ თქვენი წიგნი “ჯიმ კორბეტის მონათხრობს მიღმა”. კარგი იყო, რომ ისურვეთ, მის უდიდებულესობას ჰქონოდა ეს გამოცემა.დედოფალი დაინტერესდა, რომ მეორე წიგნში, რომლის გამოცემასაც თქვენ გეგმავთ, შევა ბატონ კორბეტის წერილები და მათ შორის ის, რომელიც ეხება 1952 წელს მისი უდიდებულესობის ტრიტოპსში ყოფნას.დიდად დასაფასებელია თქვენი კეთილი აზრი დედოფლის მიმართ და მე კიდევ ერთხელ მადლობა უნდა მოგახსენოთ იმისათვის, რაც თქვენ მოიწერეთ.პატივისცემით,რიჩარდა ელტონისეფექალი”.
ჰოდა, ამ ყველაფრის გაგრძელება დაიბეჭდება ჟურნალის მომდევნო ნომერში.
პაატა ნაცვლიშვილი
"ისტორიანი" .#125