ოპერაცია “ატამანის” კრახი - კვირის პალიტრა

ოპერაცია “ატამანის” კრახი

“ტიმოფეი - ცენტრს:ოპერაცია “ატამანის” გეგმა შემუშავებულია. აქციას ძია შურა განახორციელებს. ტიმოფეი”.ასეთი რადიოგრამა გაგზავნა ცენტრში კადრის ჩეკისტმა, პოლკოვნიკმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც რუსეთის ჩეკისტური სპეცრაზმის “გამარჯვებულების” მეთაური იყო. რაზმი მტრის ღრმა ზურგში, როვენშჩინაში (როვნოს ოლქში) მოქმედებდა. ძია შურა იყო დაზვერვის დარგში მედვედევის მოადგილის, პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ ლუკინის ოპერატიული ფსევდონიმი. ატამანი - ასე მოიხსენიებდნენ ჩეკისტები ფორმირება “უპა-პოლესიეს სეჩის” მეთაურ ტარას ბოროვეცს (ბულბა). ოპერაციაც მის წინააღმდეგ იყო მიმართული.იდგა 1943 წელი.

პარტიზანული არმიის შემქნა1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 30 ივნისს გერმანელებმა ქალაქი ლვოვი დაიკავეს. იმავე დღეს უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციამ (ოუნ) სტეპან ბანდერას მეთაურობით უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ბანდერას ახლო მეგობარი და თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო ჩაუდგა. ამან ჰიტლერელები აღაშფოთა.- იდიოტიზმია დავღვაროთ თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი საიმისოდ, რომ ვიღაც გავათავისუფლოთ. ჩვენ გვჭირდება არა დამოუკიდებელი უკრაინა, არამედ სასიცოცხლო სივრცე გერმანელთათვის, - წერდა თავის დღიურში დოქტორი იოზეფ გებელსი.სიტყვას საქმეც მოჰყვა. ლვოვში აინზაცკომანდა ჩავიდა და მთავრობის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრა. გაქცევა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა ლებედმა შეძლო. ნაცისტები ბანდერასგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ დამოუკიდებლობის აქტი გაეუქმებინა. ბანდერამ მკვახედ მიუგო:- აქტი არ გაუქმდება!პასუხად გერმანელებმა ბანდერა და მისი მეგობრები ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. დაიწყო მასობრივი რეპრესიები ბანდერელთა წინააღმდეგ. უკრაინელი ისტორიკოსი ვოლოდიმიროვიჩი წერს, რომ ერთ კვირაში დაპატიმრებულთა რიცხვმა 2000-ს მიაღწია.პასუხად ბანდერელთა ორგანიზაცია იატაკქვეშეთში გადავიდა. ბანდერელებმა შექმნეს უკრაინის ეროვნული თავდაცვის საბჭო (უნს) და დაიწყეს ბრძოლა XX საუკუნის უმთავრესი ბოროტების, ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ. 1943 წელს უნს-ის ბაზაზე შეიქმნა სა­ერ­თო-სახალხო პარტიზანული არმია, უპა (უკრაინელ აჯანყებულთა არმია), რომლის მოქმედება ვრცელდებოდა მთელი ვოლინის, პოლესიესა და დნეპრის მარჯვენა ნა­პი­რის ტერიტორიაზე. მოგვიანებით უპა-ს ქვეგანაყოფები შეიქმნა დონბასში, ყირიმსა და ყუბანში.ბანდერელები და ბულბელებიუკრაინელი მწერალი ვლადიმირ ვინიჩენკო (1880-1951) წერდა, რომ ე.წ. ატამანშჩინა უკრაინელთა ეროვნული უბედურებაა. უპა-ს შექმნისას ამან განსაკუთრებით მტკივნეულად იჩინა თავი. სწორედ მაშინ წამოტივტივდა ატამან ტარას ბოროვეცის (1908-1981) ფიგურა.ბოროვეცმა თავი გამოაცხადა ატამან ტარას ბულბად და შექმნა მილიციური ფორმირება “უპა-პოლესიეს სეჩი”. შემდგომში ის ამტკიცებდა, რომ მან ჩაუყარა საფუძველი უპა-ს. სინამდვილეში “პოლესიეს სეჩი” მილიციური ფორმირება იყო, მაგრამ სწრაფად გაძლიერდა და კონტროლი დაამყარა ვოლინის ნაწილზე, პოლიესიეზე, შემდეგ ჟიტომირშჩინის ჩრდილოეთ რაიონზე. ბანდერელთა წინადადება, შეექმნათ ერთობლივი შეიარაღებული ძალა, ბულბამ უარყო. ის ამტკიცებდა, რომ გაერთიანება კარგია, მაგრამ ისმის კითხვა, თუ ვინ ვის დაემორჩილება.- რაკი ერთიან ჯარს ვქმნით, ბანდერელები უნდა დაგვემორჩილონ! - აცხადებდა ბულბა.ამან ორ ნაციონალისტურ პატრიოტულ ძალას შორის ურთიერთობები დაძაბა. თუმცა ორივეს ესმოდა, რომ რაღაც ზღვარს მიღმა არ უნდა გადაებიჯებინათ, რადგან ეს სამოქალაქო ომის ტოლფასი იქნებოდა.

ჩეკისტური ხლართებიბუნებრივია, ვოლინში მოქმედ საბჭოთა პარტიზანებს არ გამოჰპარვიათ ბანდერელებსა და ბულბელებს შორის დაწყებული უთანხმოება. პოლკოვნიკმა დმიტრი მედვედევმაც ბულბელთა განადგურების ეშმაკური გეგმა შეიმუშავა. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აუცილებელი იყო ბულბელებთან მოლაპარაკება და ე.წ. თავდაუსხმელობის პაქტის დადება. ამით ბულბელთა სიფხიზლე მოდუნდებოდა. შემდეგ მოულოდნელი დარტყმით პარტიზანები გაანადგურებდნენ ბულბას მთელი თავისი შტაბით.- უმეთაურებოდ დარჩენილი “პოლე­სიეს სეჩი” დაიშლება! - მედვედევი ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მედვედევის გეგმის განხორციელებას თავად ბულბამ შეუწყო ხელი. მან საბჭოთა პარტიზანების მეთაურს წერილი გაუგზავნა და ერთგვარი თავდაუსხმელობის პაქტის დადება შესთავაზა. ანალოგიური შეთანხმება ბულბამ გერმანელებთანაც დადო. ის შეჰპირდა სდ-ის (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური)) პოლიტიკური განყოფილების უფროსს, შტურმბანფიურერ იორგელსს, რომ საბჭოთა პარტიზანებს გაანადგურებდა.მედვედევმა ყველაფერი მოსკოვს გადასცა. ცენტრმა პოლკოვნიკს კატეგორიულად აუკრძალა ბულბასთან შეხვედრა. მის ნაცვლად ბულბას მედვედევის ერთ-ერთი მოადგილე ალექსანდრ ლუკინი (ძია შურა) უნდა შეხვედროდა.

7-3-1671895657.jpg
სტეპან ბანდერა

ჰერკულესიმოვლენების შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა დივერსანტმა მიკოლა პრიხოდკომ. მედვედევის რაზმში მას ჰქონდა ოპერატიული ფსევდონიმი “პავლენკო”. გოლიათური აღნაგობის გამო პარტიზანებმა მას მეტსახელად ჰერკულესი შეარქვეს.მიკოლა ტარასოვიჩ პრიხოდკო (1920-1943) დაიბადა ზდოლბუნოვოში, ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. დედ-მამა რკინიგზელი ჰყავდა. სამი წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მალე მამა მეორედ დაქორწინდა. მიკოლას განათლება სამი კლასით ამოიწურებოდა. ხელმოკლეობის გამო იძულებული იყო, სწავლა მიეტოვებინა და მოჯამაგირედ დამდგარიყო. როცა წამოიზარდა, რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. მალე მის ცხოვრებაში პირველი დიდი ცვლილება მოხდა. ზდოლბუნოვოს პოლიციის უფროსმა შენიშნა გოლიათური აღნაგობის ახალგაზრდა და შესთავაზა, მისი მეეტლე გამხდარიყო. მიკოლა დათანხმდა.პრიხოდკოს ცხოვრებაში მეორე დიდი ცვლილება 1939 წელს მოხდა, როცა დასავლეთ უკრაინა რუსებმა ჩაიგდეს ხელთ. პრიხოდკო შევიდა კომკავშირში, შემდეგ შინსახკომთანაც დაამყარა კონტაქტი. ამან განაპირობა მისი სწრაფი აღმასვლა. ყმაწვილი, რომლის განათლებაც სამი კლასით ამოიწურებოდა, ზდოლბუნოვის სარკინიგზო კვანძის უფროსი გახდა. მალე მიკოლა დაქორწინდა. მისი მეუღლე თამარა ბარანოვსკაია კიეველი იყო. დასავლეთ უკრაინაში ის გაგზავნეს, როგორც კომუნისტ-აქტივისტი. მიკოლასა და ბარანოვსკაიას ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე დაიწყო ომი. ცოლ-ქმარი შეეცადა ევაკუაციაში წასვლას, მაგრამ ამაოდ. გზაში მათ ერთმანეთი დაკარგეს. მიკოლა პრიხოდკომ ერთხანს შორეულ პენზაში ამოყო თავი. მალე დმიტრი მედვედევმა თავის სპეცრაზმში ჩარიცხა. ამის შემდეგ მიკოლა მშობლიურ როვენშჩინაში გადაისროლეს.მიკოლა პრიხოდკოს, ანუ აგენტ “პავლენკოს” მეშვეობით მედვედევმა როვნოსა და ზდოლბუნოვოში საიმედო კონსპირაციული ბინები გაიჩინა. მალე პრიხოდკო თვით სპეცაგენტ ნიკალაი კუზნეცოვის (აგენტურული ფსევდონიმები პუხი და კოლონსტი) მეეტლე გახდა. თავდაპირველად ისინი თითქოს დამეგობრდნენ კიდეც. სწორედ კუზნეცოვის რეკომენდაციით ჩააბეს პრიხოდკო ოპერაცია “ატამანის” დასკვნით ნაწილში.

საბედისწერო შეხვედრაპოდპოლკოვნიკი ლუკინი და ბულბა მივარდნილ ხუტორში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით მიესალმნენ. მოულოდნელად ქალის ხმა გაისმა: - მიკოლა! ცოცხალი ხარ!ეს მიკოლა პრიხოდკოს ცოლი, თამარა ბარანოვსკაია იყო. მის გვერდით მაღალი, ლამაზი მამაკაცი იდგა, მისი ძმა ვლადიმირი. ის დასთან სტუმრად ომის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ახლა და-ძმა ატამან ბულბას არმიაში იბრძოდა.დიდი ხნის უნახავი ცოლ-ქმარი მიკოლა პრიხოდკო და თამარა ბარანოვსკაია ერთმანეთს გადაეხვია. დაბნეული ბულბა თვალებს ახამხამებდა. ეტყობოდა, ვერაფერი გაეგო. ლუკინი პირველი მოვიდა გონს:- აი, ხომ ხედავთ, ჩვენ შინაური ხალხი ვართ! - ჩეკისტმა გაიღიმა, - ფაშისტების წინააღმდეგაც ერთად უნდა ვიბრძოლოთ!შეხვედრის ბოლოს ბულბამ და ლუკინმა ერთგვარ თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამიერიდან როგორც პოლესიეს სეჩი, ისე საბჭოთა პარტიზანები იღებდნენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს არ განახორციელებდნენ. მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. შემდეგ გაიშალა სუფრა.ლუკინმა ცხვირსახოცი ამოიღო და სიმწრის ოფლი მოიწმინდა. იმან, რაც ბულბას შტაბში იხილა, მასზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა.

7-4-1671895657.jpg
დმიტრი მედვედევი (სოჭიs სანატორიუმი, 1938 წ.)

* * *

ლუკინი ოპერაცია “ატამანის” დასკვნით ნაწილზე, ანუ ფორმირება “პოლესიეს სეჩის” განადგურებაზე გადავიდა. საბჭოთა პარტიზანებმა ბულბას შტაბის ადგილმდებარეობა დაადგინეს. რჩებოდა მთავარი: ერთი დარტყმით უნდა გაენადგურებინათ თავად ბულბა და მისი გარემოცვა. დაბრკოლება იყო მიკოლა პრიხოდკო.- როგორ შეხედავს ის “პოლესიეს სეჩის” განადგურებას? აკი მისი ცოლი და ცოლისძმა ბულბელები აღმოჩნდნენ.- მაგას ეშველება! - გაიცინა ჩეკისტმა ფროლოვმა, - ერთ მშვენიერ დღეს პრიხოდკო დაიძინებს და ვეღარასოდეს გაიღვიძებს!- შენ თუ რაიმე მოგეკითხება! - გაბრაზდა ლუკინი, - ეს ხომ პრიხოდკოს წყალობით გავიჩინეთ საიმედო კონსპირაციული ბინები როვნოსა და ზდოლბუნოვოში! ამაში პრიხოდკოს ძმა ივანი, და ანასტასია და სიძე მიხაილო შმერეგა დაგვეხმარნენ! თუ მიკოლას მოვკლავთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება!- აბა, რა ვქნათ?- პირველივე თვითმფრინავით ეს პრიხოდკო დიდ მიწაზე უნდა გადავიყვანოთ! მისიანებს კი ვეტყვით, რომ სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს, რათა ახალი დავალება მისცენ.- არა მგონია, პრიხოდკო მოსკოვში წასვლას დათანხმდეს.- არ დათანხმდება და მაგისი აჯობებს! - ლუკინს თვალები ავის მომასწავებლად აენთო, - ხახოლები ჯიუტი ხალხია, მაგრამ განა მაგათზე უარესები არ მოგვირჯულებია?! ლუკინი იცინოდა. თუმცა ჩეკისტებს ახალი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ - მოულოდნელად ამინდები გაფუჭდა. ასეთ ვითარებაში ფრენა შეუძლებელი იყო.ლუკინმა გამოსავალი ახლაც იპოვა. მან პრიხოდკო სასწრაფოდ როვნოში გაგზავნა. პოდპოლკოვნიკს იმედი ჰქონდა, რომ პრიხოდკოს ჩამოსვლისთვის ამინდები გამოკეთდებოდა.

ნეიტრალიტეტი საბჭოურადგაისტუმრა თუ არა პრიხოდკო, ლუკინი შეუდგა ოპერაციის დასკვნითი ნაწილის შესრულებას. მის მიერ საგანგებოდ შერჩეული მკვლელები ბულბელ აქტივისტებზე ნადირობდნენ, უკრაინელ პატრიოტებს ხოცავდნენ, გვამებს კი ჭებში ყრიდნენ.- აქ ჩეკისტების ხელწერა წარმოჩინდა: მკვლელობა და გვამების ჭებში ჩაყრა, - წერს უკრაინელი მწერალი და პუბლიცისტი იაროსლავ გაივასი.ბულბელები თავდაპირველად ვერც კი მიხვდნენ, რა ხდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, როცა ერთ-ერთ ბულბელზე, ივან მიტრინგაზე, თავდასხმა მარცხით დასრულდა. ჩეკისტები მას ჩაუსაფრდნენ და ესროლეს. მიტრინგა წაიქცა. ჩეკისტებმა გახადეს ჩექმები, შემდეგ კი ჭაში ჩააგდეს.- აღმოჩნდა, რომ მიტრინგა მხოლოდ გაბრუებული იყო და არა მკვდარი, - წერს გაივასი.ცივმა წყალმა ბულბელი მოასულიერა. მიტრინგამ მოახერხა ჭიდან ამოსვლა და ერთიანად გასისხლიანებული მივიდა ბულბას შტაბში. მომხდარის თაობაზე მან თავად ატამანს მოუთხრო.- ამის შემდეგ ნეიტრალიტეტიც აღარ არსებობდა, - წერს გაივასი.ვინ მოკლა მიკოლა პრიხოდკო?!პოლესიეს სეჩსა და საბჭოთა პარტიზანებს შორის ომი დაიწყო. მიკოლა პრიხოდკო ამ დროს როვნოდან რაზმში ბრუნდებოდა.დანამდვილებით ცნობილი არ არის, რა მოხდა შემდეგ. დმიტრი მედვედევი თავის ცნობილ წიგნში “სულით ძლიერნი” წერს, რომ პრიხოდკო მოულოდნელად გერმანელ ჯარისკაცებს გადააწყდა. ატყდა სროლა. პრიხოდკო მხარში დაიჭრა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. მან თურმე არც მეტი, არც ნაკლები, 50 კილომეტრი ირბინა(!). ამის შემდეგ კი გერმანელი ჯარისკაცების ახალ ჯგუფს გადააწყდა. კვლავ ატყდა სროლა და პრიხოდკო დაიჭრა, ამჯერად მკერდსა და მუცელში. მიუხედავად ამისა, კვლავ შეძლო გაქცევა და ტყის პირამდე მიღწევა. აქ ის ისევ გერმანელებს გადააწყდა. ისევ სროლა. – გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილმა პრიხოდკომ ყუმბარას პაკეტი გამოაბა და თავი აიფეთქა. დაიღუპა, მაგრამ მტერს არ დანებდაო, - ირწმუნება მედვედევი.სიკვდილის შემდეგ მიკოლა ტარასოვიჩ პრიხოდკოს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. პრიხოდკოს დაღუპვის აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას იძლევა მისი ცოლი თამარა ბარანოვსკაია, რომელიც ომის შემდეგ კანადაში ცხოვრობდა. ის ამტკიცებს, რომ ჩეკისტები მიკოლა პრიხოდკოს შეპყრობას შეეცადნენ, რათა შემდეგ თვითმფრინავით მოსკოვში გადაეყვანათ. - მიკოლამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, - წერს თამარა ბარანოვსკაია. ატეხილი სროლის შედეგად პრიხოდკო დაიღუპა. ჩეკისტებს არ უნდოდათ, რომ მისი გვამი ვინმეს ეცნო, ამიტომ უკვე მკვდარს სახეში ტყვიები დაახალეს.დღემდე დანამდვილებით არ არის ცნობილი, როგორ დაიღუპა სინამდვილეში მიკოლა პრიხოდკო. აგენტ “პავლენკოს” საქმე მოსკოვში სუკის არქივებში ინახება და გრიფი “საიდუმლო” ადევს.

ოპერაციის დასასრულისაბჭოთა პარტიზანებსა და “პოლესიეს სეჩს” შორის ომი გახურდა. იმის გამო, რომ რიცხობრივი უპირატესობა “სეჩის” მხარეს იყო, მედვედევმა თავისი რაზმი იქაურობას გაარიდა. წითელმა პარტიზანებმა თავი შეაფარეს ტერიტორიას, რომელიც ძირითადად პოლონელებით იყო დასახლებული.- იმხანად უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობა სეფევდა. ამიტომ პოლონურმა მოსახლეობამ საბჭოთა პარტიზანებს დაუჭირა მხარი. - წერს პროფესორი პეტრო მირჩუკი.მედვედევი ოპერაციის გადამწყვეტ ნაწილს, ანუ ატამან ბულბას ლიკვიდაციას ამზადებდა. ეს იმდაგვარად უნდა მომხდარიყო, რომ ყველას ბანდერელთა ნახელავი ჰგონებოდა. შედეგად უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი უნდა აზვირთებულიყო.ოპერაციის დასკვნითი ნაწილის გეგმა თავად მედვედევმა შეიმუშავა. პარტიზანებს, რომელთაც ატამან ბულბას ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა, ბანდერელების ფორმა ჩააცვეს. მათ უშიშროების ლეიტენანტი ბაზანოვი მეთაურობდა.- თავდასხმა იმ ხუტორთან მოხდა, სადაც ბულბა და მისი ცოლი აფარებდნენ თავს, - წერს მირჩუკი.ატამანი ამჯერადაც გადარჩა, მაგრამ დაიღუპა მისი ცოლი, წარმოშობით ჩეხი.

უკრაინაში სამოქალაქო ომი არ იქნება!ყველა მოელოდა, რომ ცოლის მკვლელობის შემდეგ ბულბა დაიწყებდა ფართომასშტაბიან შეტევას ბანდერელებზე, მაგრამ ეს არ მომხდარა. - უკრაინაში სამოქალაქო ომი არ იქნება. - განაცხადა ბულბამ.ატამანმა თავისი არმია დაშალა. ბულბელთა დიდი ნაწილი ბანდერელებს შეუერთდა, სხვები დაიფანტნენ. თავად ატამანი ვარშავაში გაემგზავრა. აქ ბულბა სდ-მ დააპატიმრა. პოლესიეს სეჩის აწ უკვე ყოფილი თავკაცი საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ომის შემდეგ ბულბა-ბოროვეცი კანადაში დამკვიდრდა. ის სიცოცხლის ბოლომდე დაჯერებულ ანტიბანდეროველად დარჩა. მიუხედავად ამისა, სტეპან ბანდერას მკვლელობას (მოკლეს სუკ-ის აგენტებმა) გამოეხმაურა და მის საფლავზე მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა.- ბანდერა ჩვენი ეროვნული გმირია! ის უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა! - განაცხადა ბულბამ.კანადაში მან ტენდენციური, მაგრამ საინტერესო მემუარები გამოაქვეყნა.

7-2-1671895657.jpg
ტარას ბოროვეცი-ბულბა დაცვასთან ერთად (1942 წ.)

* * *

ოპერაცია “ატამანი” დასრულდა. ჩეკისტებმა ვერც ატამან ბულბას ლიკვიდაცია შეძლეს და ვერც უკრაინაში სამოქალაქო ომის ინსპირირება მოახდინეს. ეს ძირითადად თავად ატამანის დამსახურებაა. ცოლის მკვლელობის შემდეგაც კი ბულბამ წონასწორობა არ დაკარგა და ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ გააჩაღა.ერთგვარად კანონზომიერია თამარა ბარანოვსკაისა და მისი ძმის ბედი. როგორც ითქვა, ქალი ომის შემდეგ კანადაში დამკვიდრდა. მის ძმა ვლადიმერზე ჩეკისტებმა საგანგებო ნადირობა გააჩაღეს და 1943 წლის ბოლოსთვის გაიტაცეს კიდეც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ვლადიმირ ბარანოვსკის ასავალ-დასავალი ვეღარავინ გაიგო.

ნიკა თევზაძეისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

"ისტორიანი" .#125