ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი - კვირის პალიტრა

ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი

ანტვერპენის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი შუა საუკუნეების უბრწყინვალესი ძეგლია. 1559 წლიდან ის ანტვერპენის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია. აგებისთანავე ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი ქალაქის სიმბოლო გახდა. იგი უდიდესი კათოლიკური ეკლესიების რიცხვში შედის, ხოლო მისი დიდებული ჩრდილოეთის კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ტაძარში აგრეთვე დაცულია დიდი ფლამანდიელი მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის რამდენიმე ტილო.

ანტვერპენის საკათედრო ტაძარი ბელგიის ყველაზე მაღალი ეკლესიაა. 123 მეტრი სიმაღლის ჩრდილოეთის კოშკი კი ბენილუქსის ქვეყნებში ყველაზე მაღალი სამრეკლოა, რომლის სილუეტი ანტვერპენის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ტაძრის ადგილას IX-XII საუკუნეებში ღვთისმშობლის სახელობის პატარა ეგვტერი იდგა, რომელიც 1124 წლიდან სამრევლო ეკლესია გახდა. XII საუკუნეში ის ჩაანაცვლა 80 მეტრი სიგრძისა და 42 მეტრი სიგანის ეკლესიამ რომანულ სტილში, რომლის მხოლოდ მცირე ნაშთებია შემორჩენილი.

1352 წელს ახალი ტაძრის აგება გოტიკურ სტილში დაევალა ხუროთმოძღვარ ჟან ამელის ბულონიდან. 40 წლის შემდეგ მშენებლობა მან თავის ვაჟს, პეტერს გადააბარა. ტაძრის აგების ძირითადი ეტაპი 1521 წელს დასრულდა. პროექტით ტაძარს ორი ერთნაირი სიმაღლის კოშკი უნდა ჰქონოდა, თუმცა ხანძრებისა და მწირი დაფინანსების გამო 1521 წელს, როცა ეკლესია ფაქტობრივად დასრულდა, სამხრეთის კოშკის მხოლოდ სამი იარუსი იყო აშენებული. მას შემდეგ შენობა დღემდე დაუმთავრებელია.ფლანდრიაში ხატმებრძოლთა აჯანყებისას, 1566 წელს, ტაძრის ინტერიერი პროტესტანტებმა დაარბიეს და დააზიანეს. თვითმხილველი უელსელი პროტესტანტი ვაჭრის გადმოცემით, “ეკლესიაში 10 ათასამდე ჩირაღდნიანი შევარდა და იქაურობა ჯოჯოხეთს დაამსგავსა”. შემდეგ, პროტესტანტული მმართველობის პერიოდში ტაძარს შეეხო ქონების კონფისკაციაც (1581 წელს), რა დროსაც საგანძურის დიდი ნაწილი დაიტაცეს ან გაანადგურეს. ოთხი წლის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლება აღდგა. 1794 წელს რეგიონი ფრანგმა რევოლუციონერებმა ჩაიგდეს ხელში. მათ ტაძარს დიდი ზიანი მიაყენეს, ხოლო 1798 წელს ფრანგულმა ადმინისტრაციამ სულაც ტაძრის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირადად ნაპოლეონმა გააუქმა.

8-6-1671896141.jpg
ანტვერპენის ღვთისმშობელი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან

1816 წელს ტაძარს პარიზიდან დაუბრუნეს გატაცებული ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის, რუბენსის სამი შედევრი. XIX საუკუნეში ტაძარი სრულად აღადგინეს და განაახლეს, რაშიც ბელგიური ნეოგოტიკის “მამა” ანდრე დიურლე მონაწილეობდა. ბოლოს სარესტავრაციო სამუშაოები 1965-1993 წლებში წარიმართა.ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი კლასიკური ჯვრის გეგმის მქონე გოტიკური ძეგლია. ის შვიდნავიანი ბაზილიკაა. შენობის ძირითადი ნაწილი აგებულია თეთრი ქვითა და აგურით. ჭერი და გადახურვის ელემენტები ხის გამძლე ჯიშებისგან, უპირატესად მუხისგან არის დამზადებული. მთავარი ნავი დასრულდა 1487 წელს, მისი გადამკვეთი ტრანსეპტი კი 1495 წლამდე შენდებოდა. ამიტომ შეერთების ადგილი, სამხრეთის კოშკთან ერთად, წლების განმავლობაში დაუსრულებელი რჩებოდა.არქიტექტურული დეტალების უმრავლესობა შესრულებულია აღმაფრთოვანებელი “ბრაბანტული გოტიკის” სტილში. ამასთანავე, ტაძარი ამ სტილის ახალ ტიპსაც წარმოადგენს. მასში კორინთულკაპიტელიანი ტრადიციული კოლონები ჩანაცვლებულია სხივისებურად პროფილირებული სვეტებით, დადაბლებულია თაღები ნავებს შორის და მკვეთრად გაგანიერებულია გასასვლელები ტრიფორიუმში (შიდა გალერეა ცენტრალური სივრცის ზედა დონეზე). ყველაფერი უხვადაა შემკული მასვერკით ანუ გოტიკური აჟურული ორნამენტით.

ტაძარში განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთის ფასადი და გრანდიოზული ჩრდილოეთის კოშკი.ტაძარს სულ სამი კოშკი აქვს - ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამრეკლოსი და ფარანი ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთის კოშკს, რომელიც ანტვერპენის მცხოვრებთა თქმით “ღრუბლებს ებჯინება”, ზემოდან ასრულებს რვაკუთხედის ფორმის მსუბუქი, აჟურული ნაგებობა, რომელზეც ჯვარია აღმართული. შუა ნაწილში კოშკის საათის ოქროთი მოვარაყებული ციფერბლატი ბრწყინავს. სამრეკლო კოშკზე სულ 40 ზარი და კარილიონია (ერთიან სისტემად გაერთიანებული ზარების ჯგუფი 9 ზარით). აღსანიშნავია, რომ დიდი ზარის, “კაროლუსის” დასარეკად, რომლის წონა 6,4 ტონაა, 16 მნათეა საჭირო. სამრეკლოს რამდენიმე კიბე აქვს. მათგან ერთ-ერთი 515-საფეხურიანი კიბე მნახველებისთვისაა განკუთვნილი. გვიანი გოტიკის ეს შედევრი 1518 წელს დასრულდა და ქალაქის სახსრებით აიგო. სამხრეთის კოშკი, რომელიც ზუსტად ასეთივე უნდა ყოფილიყო, მრევლის სახსრებით შენდებოდა და უფულობის გამო დაუმთავრებელი დარჩა. 1533 წლის 5-6 ოქტომბრის ღამის დიდი ხანძრის შემდეგ, როცა თვით ტაძრის გადარჩენა ძლივს მოხერხდა, სამხრეთის კოშკის დასრულება საბოლოოდ გადაიდო. ის მომცრო შპილით დაასრულეს და საბოლოოდ მისი სიმაღლე (65,3 მ) ჩრდილოეთის სამრეკლოს დაახლოებით ნახევარია. ტრანსეპტის თავზე აღმართულია 64,8 მეტრი სიმაღლის ბრწყინვალე ფარანი. მის სამივე იარუსზე მრავალრიცხოვანი ფანჯრებია, რითაც ცენტრალური ნავისა და ტრანსეპტის ქვეშ მოქცეული გრანდიოზული შიდა სივრცე ნათდება. 117 მეტრი სიგრძისა და 75 მეტრი სიგანის უზარმაზარი ტაძრის ინტერიერში სიხალვათის შეგრძნებაა საზეიმო დღეებშიც კი, როცა ის მთლიანად ხალხით არის გაჭედილი. აქ 25 000 ადამიანი ეტევა, თუმცა მაშინაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამხელა სივრცის გავსებას ხალხის ვერანაირი მასა ვერ შეძლებს... ტაძრის შიდა ფართობიცა (8 ათასი კვმ) და საერთო მოცულობაც (430 ათასი კუბმ) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. გრანდიოზულ ტაძარში არის 125 სვეტი და კოლონა, 128 ფანჯრიდან 55 ვიტრაჟიანია. ფანჯრების საერთო ფართობი 8,5 ათასი კვმ-ია, სახურავის საერთო ფართობი კი 10 ათას კვმ-ზე მეტი.ინტერიერი მკაცრი და საზეიმოა. არქიეპისკოპოსის კათედრა 1713 წელს მოქანდაკე ადოლფ ვან დერ ვოორტის მიერ ბაროკოს სტილშია შექმნილი. იგი შემკულია მრავალრიცხოვანი ფიგურითა და ორნამენტით, გოტიკური ფანჯრების ვიტრაჟებზე ბიბლიური სიუჟეტებია გამოსახული. მდიდრულად არის შემკული ინტერიერის 57 საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი გვიანი როკოკოს სტილშია შესრულებული. ტაძარში შესასვლელი ბრწყინვალე მთავარი პორტალი შემკულია საშინელი სამსჯავროს რთული, სამიარუსიანი შესანიშნავი მრავალფიგურიანი რელიეფური ქანდაკებით. ინტერიერის წინა პლანზე აღთქმის კიდობნის სცენაა, ხოლო მარცხენა მხარეს 9 ლამაზი სააღმსარებლოა, მათ თავზე 12 მოციქულის გამოსახულებით.

8-3-1671896141.jpg

გუმბათი 1647 წელს მოხატულია ოსტატ კორნელიუს სხიუტის მიერ. გუმბათის სივრცეში ფრესკების ნაწილი აღდგენილია 1566 წლის დარბევამდელი პერიოდის შესაბამისად. ტაძარში და მის გარშემო უამრავი კაპელაა, სადაც ანტვერპენის მოქალაქეების გვერდით დაკრძალულია ეპისკოპოსები თუ სახელმწიფო მოღვაწეები. აქ არის, მაგალითად, ეპისკოპოს ამბროზიო მარიუს კაპელოს სარკოფაგი, ბურგუნდიის ჰერცოგ კარლოს მამაცის ცოლის, იზაბელა ბურბონის სამარხის ბრინჯაოს ქანდაკება...XV საუკუნიდან დაიწყო ტაძრის აქტიური მუსიკალური ცხოვრება, როცა ვიკარიუსის თანამდებობაზე 1443 წლიდან კომპოზიტორი იოჰანეს ოკეგემი მსახურობდა. 1492-1497 წლებში ეს თანამდებობა კომპოზიტორ იაკობ ობრეხტს ეკავა. ყველაზე ცნობილი ორგანისტები იყვნენ ჰენრი ბრედერმერსი (შემდგომში საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზის შვილების მასწავლებელი) და ინგლისიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გამოქცეული კომპოზიტორი ჯონ ბული, რომელიც აქ ორგანისტად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. დღეს ტაძარში ორი ძირითადი ორგანია. სამსართულიანი მთავარი ორგანი, რომელსაც 90 რეგისტრი აქვს, XIX საუკუნეში ბრიუსელის ფირმა შცჰყვენ ჭალცკერ & ჩიე-მა დაამზადა.ტაძრის მგალობელთა გუნდის ისტორია უწყვეტად გრძელდება 1382 წლიდან დღემდე. საუკუნეების განმავლობაში მათი საქმიანობა ომების დროსაც კი არასდროს შეჩერებულა. მოზრდილთა გუნდის პარალელურად, 1927 წელს შეიქმნა ანტვერპენის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდი, ხოლო 1985 წელს - გოგონების.

8-1-1671896140.jpg
ტაძარს სამი კოშკი აქვს: ჩრდილოეთისა და სამხრეთის კოშკები და ცენტრალურ ნაწილში _ ფარანი, მთავარი ნავისა და ტრანსეპტის გადაკვეთის ადგილას

ტაძარში დაცული რუბენსის ნამუშევრები გენიალური მხატვრის შედევრებად ითვლება. ისინი მხატვარმა საგანგებოდ ანტვერპენის ტაძრისთვის შექმნა. ესენია მონუმენტური ტრიპტიქები: “უფლის ჯვრის აღმართვა”, “წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინება” და “ქრისტეს აღდგომა”. განსაკუთრებული დრამატიზმითა და გამომსახველობით გამოირჩევა ტრიპტიქი “გარდამოხსნა”, რომელიც რუბენსმა 1612 წელს იტალიიდან დაბრუნებისთანავე დაწერა. ტაძარში სხვა ცნობილი ოსტატების მრავალი ტილო და ქანდაკებაა.თუმცა ანტვერპენელებისთვის ტაძარში ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ქალაქის მთავარი სიწმინდე - ღვთისმშობელ მარიამის ძველი ქანდაკება, რომელიც 1124 წლამდე ქალაქის მოედანზე მისი სახელობის ეკვდერში იდგა. საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ის გადაურჩა ყველა განსაცდელს. აქაურებს მიაჩნიათ, რომ ქალაქიც ღვთისმშობელმა გადაარჩინა და სანამ ის ტაძარშია, ანტვერპენს არაფერი ემუქრება.

რამაზ გურგენიძე

"ისტორიანი" .#125