"მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო"

როგორი იყო მიმდინარე წელი საქართველოსთვის; რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქვეყანასა და მის საზღვრებსგარეთ, რას შეიძლება ველოდოთ მომავალ წელს, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე პოეტი დათო მაღრაძე­ გვესაუბრა:

magradze1.png

- ვულოცავ დამდეგ ახალ წელს ქარ­თველ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, უკრაინელ ხალხს, სიკეთის მომტანი­ და ღირსების წელი ყოფილიყოს. ჩვენ გამოვი­არეთ გზა ხელისბიჭობიდან ღირსეულ პარტნიორობამდე. მთავარი ევროპული მომავალი კი არ არის, მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო. ევროსტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპა სტრუქტურები არ არის. მთავარია, ღირსება, წარსული, მომავალი, სამართლიანობაზე საკუთარი წარმოდგენა არ დავკარგოთ. თუმცა მისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მათ თავიანთი სულიერი თავგადასავალი და ღირსებები ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნეს. ეს იგრძნობა აუდიტორიაში, სასამართლოსა და საპარიკმახეროში... ვფიქრობ, ევროპისკენ სწრაფვის გზაზე,­ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ან თუნდაც წევრობაზე მნიშვნელოვანი მგონია და საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს 25 დეკემბერს ქრისტეშობის აღნიშვნა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 1927 წელს ქართული ეკლესიის წმინდა სინოდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და 1928 წელს დროებით შეაჩერეს, მაგრამ "დროებითობა", თითქმის საუკუნეა გრძელდება. ვფიქრობ, ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება და საქართველო არა მარტო დოკუმენტურად, შინაარსობრივად და თვისებრივად მოსცი­ლდება რუსულ "მესიანისტურ-პოლიტიკურ" სივრცეს და მეტ საერთოს ნახავს ევროპასთან. ეს ისტორიული და ევროპისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, თუ საეკლესიო კალენდარი საეროს გაუსწორდება და ქრისტეშობა 25 დეკემბერს დადგება. ქართულ ფოლკლორში, საგალობლებსა და საერო სიმღერებში ყველგან თქმულა, რომ "25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო". ამიტომ, მგონია, შობა ჩვენც 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ და არა 7 იანვარს. ისე, როგორც ბერძნულმა ეკლესიამ გააკეთა.

წელს ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ უპირველესი საზრუნავი სამშობლოს ინტერესია. აგრესიაც, რაც ზოგიერთი­ ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადებებში გამოიხატება, ამით არის განპირო­ბებული. ამ ტენდენციით საქართველო მეორეხარისხოვანი ქვეყნის ცნობიერებისგან გათავისუფლდა. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ქართველი საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინეს და პრიორიტეტად სამშობლოს ინტერესი აქციეს. შორეულ და ახლო მეზობელ დიდ ქვეყნებსაც ყოველთვის აქვთ თავიანთი ინტერესი, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენი სამშობლოს მისწრაფებებს. ამიტომაც ზოგჯერ პატარა ქვეყნებს დათმობაზე წასვლა უწევთ. ასეთ დროს მთავრობასა და ხალხს სიბრძნე მართებს და არა შიშველი ემოციებით მოქმედება. ამ დროს გვჭირდება პოლიტიკური სიბრძნე, ისე, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.

- თუმცა მათგან კრიტიკა გვესმის...

- ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. რამდენიმე ევროპარლამენტარის კრიტიკული­ შეფასებები არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა გვაკრიტიკებს. ამასთან, ხშირად ევროპარლამენტარების უსამართლო ნაწილის კრიტიკა საქართველოს მოსახლეობაში ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას იწვევს, ისე, როგორც ქრისტიანობის დისკრედიტაციას იწვევს სამღვდელოების უღირსი ნაწილის ქმედებები, მაგრამ საბოლოოდ არც ქრისტიანობაზე გვითქვამს უარი და არც ევროსტრუქტურებზე. ჩვენთვის მთავარია გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს.­ ჰამლეტი, რომელიც დანიის სამეფოში ბრუნდება­ და სამართლიანობის გადასარჩენად იწყებს ბრძოლას, კულტურული ევროპის გადარჩენას ნიშნავს. თუ მან ფეხზე დაიკიდა დანიის სამეფო და ჰორაციოზე დაქორწინებული სეიშელის კუნძულებზე დასახლდა, კულტურული ევროპა სულიერებას დაკარგავს. ლამანჩელი რაინდი, როგორც მიგელ დე უნამუნო უწოდებს, ესპანელი ქრისტე, უნდა წავიდეს თავგადასავლის საძებნელად და სანჩოსა და დულსინეასთან სატრფიალო სამკუთხედი არ უნდა შეკრას. ამას ვგულისხმობ კულტურული ევროპის გადარჩენაში - ჰამლეტი უნდა დაბრუნდეს დანიის სამეფოში, ელსინორში, სამართლიანობის გადასარჩენად, ისევე, როგორც ოდისევსი უნდა დაუბრუნდეს ითაკას.

jari-1671958698.jpg

ევროპარლამენტის თვალსაჩინო უსა­მა­რთლობაა, კანდიდატის სტატ­უსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა­ რომ მოგვანიჭეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური­ შრომით ვადასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც ვისწრაფვით ევროპისკენ. მთავარია, ჩვენ არ გადავუხვიოთ დასავლურ კურსს და სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. აქამდეც ბევრჯერ გაგვიცრუეს იმედი, მაგრამ იმედია, ასეთ უსამართლობას აღარ დაუშვებენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროპისგან ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. თუნდაც ბოლო ფაქტი რად ღირს, მილანში, ლა-სკალაში, იტალიის პრემიერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრნენ წარმოდგენას, "ბორის გოდუნოვს", რაც ნიშნავს, რომ ისინი­ ქვეყნის კულტურას რუსულ პოლიტიკაში არ ურევენ. კორუფცია არც ევროპარლამენტარ­ების ნაწილისთვის არის უცხო. საქა­რთველოს ყოფილი პრეზიდენტის, რომლის დროსაც უამრავი უსამა­რთლობა, სისტემური დანაშაულები­ ხდებოდა, მმართველობას "დემოკრატიული შუქურა" ეწოდა, მის სიმულაციებს კი წამება. ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას აუცილებლად მოჰყვება იმ ინსტიტუციებით­ იმედგაცრუება, რომელიც თვალსაჩინო უსამართლობით ექცევა ქვეყანას. როდესაც პენიტენციარულ დაწესებულებაში სისტემური წამება იყო, მაშინ არ აღშფოთებულან. დღეს სააკაშვილის სიმულაციები კი არ არის პრობლემა, რომელსაც წამება დაარქვეს, მისი სხვა პატიმრებისგან პრივილეგიაა პრობლემა.რით აღემატება პრეზიდენტი ექიმს, მასწავლებელს, რატომ არ არიან ეს ადამიანები­ ქვეყნის სახე, როგორც ამის წარმოჩენას სააკაშვილის შემთხვევაში მავანი ცდილობს? სხვა პატიმრების დანაშაულებს ის ამძიმებს,­ რომ პრეზიდენტები არ იყვნენ? ისიც ხალხის მიერ დაქირავებული საჯარო პირია. მას სხვებისგან­ ერთადერთი რამ გამოარჩევს - ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მისი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოიხატება მატერიალურ უზრუნველყოფაში, ძალიან მაღალ პენსიაში, ოღონდ არა უფლებებში. პრეზიდენტი კერპი არ არის. სავსებით გასაგებია, რას ემსახურებოდა­ მისი ჩამოსვლა - ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას, ანარქიას, არეულობას. არჩევნებმა­ აჩვენა, რომ მოსახლეობა სააკაშვილსა და მის მცირერიცხოვან გუნდს არ უჭერს მხარს, და ამ გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, რევოლუციური სცენარის გათამაშება სურდათ, რათა საქართველოში მეორე­ ფრონტი გაეხსნათ. სააკაშვილი არაჟნის ქილებთან ერთად შემოაპარეს, უკანონოდ გადმოაკვეთინეს საზღვარი. გარისკეს, ოღონდ არეულობა მოეწყოთ. ამჟამად სამართალი ისედაც დარღვეულია, იმიტომ, რომ პატიმარი სხვა პატიმრებთან ერთად ციხეში კი არ არის, საავადმყოფოშია.

- სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი უმთავრესი პრობლემაა, რასაც სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად გვახსენებენ.

- ევროპასთან სიახლოვე­ იმით არის სასარგებლო, რა ნაკლიც გვაქვს, მათთან ერთად უფრო გამოსწორდება. ჩავარდნები გვქონია და კიდევ იქნება. პროვინციალიზმი კვლავ რჩება პრობლემად, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ფსევდოლიბერალებსა და ფსევდოკონსერვატიზმში. არც ასეთი მრისხანე ლიბერალიზმი გამიგია, და არც ამგვარად შეზღუდული კონსერვატიზმი. კულტურას წარმართავს­ ის, ვინც ძველს აღიარებს და ახლის ძიებას­ არ წყვეტს. თუმცა სამოქალაქო განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ნამდვილად არის საქართველოს მოქალაქე, ვიდრე თუნდაც 30 წლის წინ იყო. მაშინ სამყაროზე შავ-თეთრი წარმოდგენა გვქონდა. ახლა აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ევროპულმა ბიუროკრატიამაც მიიღოს უსამართლო გადაწყვეტილება. თუმცა ეს ფაქტები გულაცრუებაში არ გადავიდა, ყველა ერთ თარგზე არ მოგვიჭრია, ცივილიზებული სამყაროსკენ შრომა და სწრაფვა განვაგრძეთ.

უკრაინის ომმა უპირველესად ის გვაჩვენა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიცია მეტია, ვიდრე შესაძლებლობა. ცივილიზებული სამყარო დიდი სისხლის ფასად იმარჯვებს რუსეთის არაცივილიზებულ პოლიტიკაზე. უკრაინაზე თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა - როდესაც ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" გამოქვეყნდა, რუსეთის მოსახლეობის 70% წერა-კითხვის უცოდინარი იყო. უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება იმ 70%-ის, ანუ წერა-კითხვის უცოდინართა გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა და იმ არისტოკრატიის მარცხი, რომელთა რაოდენობაც 30%-ია. ჩემთვის ჰიტლერული გერმანია და ლენინ-სტალინური რუსეთი მსგავსი მოვლენაა. ორივე მიუღებელია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ფაშისტური გერმანიის შემდგომ თანამედროვე გერმანიამ თომას მანის მხარე აირჩია, თანამედროვე რუსეთი კი ამ დაპირისპირებაში ანა ახმატოვას მხარეს ვერ დადგა. სამწუხაროდ, ქართველებსაც გაგვიჭირდა მიხეილ ჯავახიშვილის მხარეს დადგომა.

- ბუქარესტში ხელი მოეწერა "აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა­ და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" ხელშეკრულებას, რაც წლის პროექტად არის აღიარებული.

- ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. მის როლს არც ურსულა ფონ დერ ლაიენმა­ აუარა გვერდი და აღნიშნა, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბი ხდება. ამასთან, ქვეყანამ ამ პროექტით შეიძინა ევროპული მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა ხდება, საქართველოს ევროპულ დანიშნულებასა და ბევრ სარგებელს აძლევს. რეგიონში შეცვლილი პროცესების გამო რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი დომინანტი აღარ არის, ჩამოლაბორანტდა. ამ კონტექსტში გეოპოლიტიკური კონტექსტის გამოყენება საქართველოს მეტი დაცულობის წინა პირობებს უქმნის. ეს არის წლის ერთ-ერთი მოვლენა, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.

ისტორიული მნიშვნელობისაა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ვულოცავ საქართველოს, რომ არმიის ოფიცერთა კორპუსისა და ყველა რიგითი ჯარისკაცის ღირსება დაიცვეს ჰააგაში - რაც მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გააკეთა, მათ გააკეთეს. 2008 წელს ხელისუფლების ერთი ნახევარი "წითელ ხიდზე" იპოვეს, მეორე ნახევარი ევროსაბჭოს ჩვენთვის კაპიტულანტურ რეზოლუციაზე ხელის მოსაწერად ემზადებოდა.

ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა - "მამული, ენა, სარწმუნოება" და სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა. სარწმუნოებასთან მისი გამიჯვნის კადრები ახსოვს ქართველ საზოგადოებას. მამული, საქართველოს მოქალაქეობა, ფეხქვეშ გათელა, სასამართლოზე ქართულ ენას გაემიჯნა და თარჯიმანი დასჭირდა. მისგან განსხვავებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელსაც მოწიფულობის ასაკამდე საქართველო თვალით არ ენახა, ქართული ენა მაინც შეინახა.

რაც შეეხება სააკაშვილის მხარდამჭერებს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული, სინამდვილეში როგორც კი სააკაშვილმა 21-ე საუკუნის საბჭოთა რეპრესირებული მანქანა გააცოცხლა, ჯერ ამ მანქანას "ეხახუნა", მერე შეაქო... თავიანთი თანამშრომლობით რეჟიმისგან გამეტებული ხალხი გაწირეს და ახლა საკუთარი ბიოგრაფია რომ "გააპრავონ", ამ ხელისუფლებისგან ნებადართულ სიმამაცეში თვალების ბრიალით, ხმალამოღებული გადაეშვა.

როგორც წესი, მშვიდობის იმას რცხვენია, ვისაც ბრძოლის თავი არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენებ დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებას - ჭკუით, ქართველებო! როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მისი ვაჟები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ. უფროსი, იმ ომში გმირულად აღესრულა. იმ მოღვაწეების შვილები კი, რომლებიც დღენიადაგ იარაღისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არც აფხაზეთში უნახავს ვინმეს და არც სამაჩაბლოში, არსად, სადაც თავდადება იყო საჭირო.