"პირველად მითხრეს, თქვენი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი საერთოდ არ არსებობსო. ეს იყო შოკი... მერე კი მეუბნებიან - ვერ გაჩვენებთ, გრიფით საიდუმლო ადევსო" - კვირის პალიტრა

"პირველად მითხრეს, თქვენი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი საერთოდ არ არსებობსო. ეს იყო შოკი... მერე კი მეუბნებიან - ვერ გაჩვენებთ, გრიფით საიდუმლო ადევსო"

თემა, რომელზეც დღეს მიწევს საუბარი, ძალიან რთული და მტკივნეულია. წლების წინ, თურმე, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამას მძაფრად არავინ აღიქვამდა. უფრო მეტიც, ამ ყველაფრის შემოქმედები და მონაწილეებიც კი იყვნენ და ამას თითქოსდა შეუმჩნევლად და ყველანაირი ადამიანური გრძნობების გარეშე აკეთებდნენ. დედას სამშობიაროში შვილს ართმევდნენ, ეტყოდნენ, გარდაიცვალაო და სამშობიარო ბლოკს მიღმა, გარკვეული რაოდენობის თანხაზე ყიდდნენ. იმაზე, თუ რა მოჰყვებოდა ამას, რა ტკივილს განიცდიდნენ დედა და ოჯახის წევრები, საერთოდ არ ფიქრობდნენ. გულნატკენ დედას საკუთარი შვილის ცხედარსაც არ აჩვენებდნენ. ამბობდნენ, თურმე, რომ მათ აქვთ სასაფლაო, სადაც ასეთ ჩვილებს მარხავენ და რომ მის შვილსაც იქ დამარხავდნენ. გაშვილების საბუთზე კი ტკივილისგან და დარდისგან გაბრუებულ დედას ხელს უპრობლემოდ აწერინებდნენ. ასე ხდებოდა მაშინ. საქმეს მიჩქმალავდნენ, ზოგს გრიფით საიდუმლოს დაადებდნენ და ამ თემაზე არავისთან არასდროს საუბრობდნენ... დღეს უკვე ის თაობა თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებსა და შვილებს ყველგან ეძებენ. ეძებენ სამშობიაროებში, არქივებში, შორეულ ნათესავებში და ბოლოს აუცილებლად პოულობენ.

მსგავსი ისტორია აქვს ჩვენს რესპონდენტს, რომელმაც 45 წლის შემდეგ საკუთარი ბიოლოგიური დედა და და-ძმა იპოვა, მამას კი დღემდე ეძებს. მასაც, რა თქმა უნდა, იპოვის, ამის მას მთელი გულით სჯერა.

თუ როგორ იპოვა დედა და და-ძმა, ქალბატონი სოფო ლეშკაშელი "კვირის პალიტრას" უამბობს:

- ქალბატონო სოფო, გვიამბეთ თქვენი ისტორია...

- არაჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, თბილ გარემოში, ძალიან დიდი სიყვარულით მზრდიდნენ. თუმცა ჩემი მშობლები ასაკოვნები იყვნენ და ცოტა რომ წამოვიზარდე, ეჭვი გამიჩნდა, თუმცა ამას არ ვამბობდი. ვერიდებოდი ჩემს მშობლებს, რადგან მეშინოდა, რომ მათ ჩემი ამ საქციელით ტრავმას მივაყენებდი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩემი მშობლები ამას ჩემგან ნამდვილად არ იმსახურებდნენ. მამა ადრე გარდაიცვალა. სახლში მე, დედა და ბავშვები დავრჩით. სწორედ ამ პერიოდში მომიწია უკრაინაში ცოტა ხნით წასვლამ, რამაც დედაზე ძალიან იმოქმედა. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ჩემი გამზრდელი დედა გარდაიცვალა, ჩემი ბიოლოგიური მშობლების აქტიური ძებნა დავიწყე.

- თავდაპირველად როგორ გაიგეთ, რომ გაშვილებული იყავით?

- სულ თავიდან სიმართლე ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომელმაც გამზარდა. ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვი აეყვანათ, რის გამოც უკრაინაში წავიდნენ. კიევში ვერავინ ნახეს, ამიტომ ახლობლის რჩევით ლვოვში წავიდნენ. ლვოვის ბავშვთა სახლშიც ვერავინ იპოვეს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ დირექტორმა უთხრა, რომ ცალკე განყოფილებაში ჰყავდა ბავშვი, თუმცა ეს ბავშვი არ იყო გასაშვილებელი. ეს იყო ცოტა ხნით მობარებული მათთვის. მართლაც, როგორც შემდეგ გავიგე, მე მაკითხავდნენ დედაჩემის მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე, მოჰქონდათ სათამაშოები, ტკბილეული და საჭმელი. მე დედის მხრიდან გაშვილებული და მიტოვებული ბავშვი არ ვყოფილვარ. ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. გარკვეული მიზეზების გამო, დედას უბრალოდ მოუწია ჩემი ბავშვთა სახლში დროებით მიყვანა. იმის გამო, რომ ჩემი ბიოლოგიური დედ-მამა ოფიციალურად დაქორწინებულები არ იყვნენ, ბებიამ, მამაჩემის დედამ დედაჩემი არ მიიღო რძლად. სწორედ ამის გამო, დედაჩემი ბავშვით ხელში დარჩა ქუჩაში, მარტო. ჩემმა გამზრდელმა მამამ რომ მნახა, უთქვამს, ეს იქნება ჩემი შვილიო და ჩემი შვილად აყვანა გადაუწყვეტიათ. ბავშვთა სახლის დირექტორს ბიოლოგიური დედისთვის დაურეკავს და ყველაფერი უთქვამს. დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო, თურმე. უსახსრობის გამო ვყავდი ბავშვთა სახლში მიყვანილი და არა - გაშვილების მიზნით. დედას დახმარება მამასთვის უთხოვია, თუმცა კვლავ ბებიის ჩარევით, უარი მიუღია. საბოლოოდ, ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა ბიოლოგიური დედისგანაც მიიღეს თანხმობა და... გამაშვილეს. სწორედ ასე მოვხვდი საქართველოში.

- როგორ იპოვეთ ოჯახის წევრები?

- მაშინ, როდესაც აქტიურად დავიწყე ჩემი ბიოლოგიური მშობლების ძებნა, რასაკვირველია, იუსტიციის სახლის მეშვეობით. პირველად მითხრეს, რომ თქვენი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი საერთოდ არ არსებობსო. ეს იყო შოკი, რა თქმა უნდა. საბოლოოდ, საბუთები მაინც ჩავაბარე, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კი მეუბნებიან, რომ თქვენს შესახებ დოკუმენტები არსებობს, თუმცა ვერ გაჩვენებთ, რადგან გრიფით საიდუმლო ადევსო.

320585802-1672390557.jpg

მითხრეს, რომ მჭირდებოდა ოთხივე მშობლის თანხმობა, რათა საბუთები მენახა. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რადგან არც ერთი მშობელი არ მყავდა. მინდა გითხრათ, რომ მე თავისუფლად შემეძლო საბუთების ნახვა, რადგან კანონის თანახმად, თუ სრულწლოვანი ხარ და გინდა, შენს შესახებ ინფორმაცია მოიძიო, ამის სრული უფლება გაქვს. ძალიან დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, თამუნა მუსერიძეს, რომელიც ყველაფერში დამეხმარა და დამაკვალიანა. თამუნამ ტრეფიკინგის სააგენტოში გამგზავნა, საიდანაც მომივიდა ცნობა, რომელშიც ეწერა ჩემი თავდაპირველი სახელი და გვარი. ეს იყო - სვეტლანა მაროშკინა.

ამის შემდეგ კი კვლავ თამუნას დახმარებით დავუკავშირდი გადაცემას უკრაინაში, სახელწოდებით - „ჟდი მენია“. სწორედ წამყვანის, ტატიანას დახმარებით, ძალიან მალე, დაახლოებით, ხუთ თვეში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩავიდე უკრაინაში. ჩემი წასვლა ომის დასაწყისს დაემთხვა. არაფერი უთქვამთ, არ ვიცოდი, ვის გასაცნობად მივდიოდი და არ ვიცოდი, ვინ იპოვეს. მარტო არ წავსულვარ, თან ჩემი მეგობარი მახლდა. როდესაც ჩავედი, პირველი, ვინც გავიცანი, ეს იყო ჩემი ძმა, რომელიც არის აფროამერიკული წარმოშობის. შემდეგ გავიცანი დისშვილი. სამწუხაროდ, ჩემი და ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი გაცნობა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ მყავს მეორე ძმაც, ასევე, ფერადკანიანი, რომლის გაცნობაც ასევე ვერ მოვახერხე, რადგან ბიოლოგიურმა მამამ, სავარაუდოდ, სხვა ქვეყანაში წაიყვანა. თუმცა მას დღემდე ეძებენ.

ვერც დედის გაცნობა მოვახერხე, რადგან ძალიან ახალგაზრდა - 28 წლის ასაკში გარდაცვლილა. ძალიან დამწყდა გული, რადგან ბოლომდე მჯეროდა, რომ დედას შევხვდებოდი და გავიცნობდი.

მამას ჯერ კიდევ ვეძებ. დანებებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. მთელი გულით მჯერა, რომ ვიპოვი.

qali-1672390592.jpg

- მამაც უკრაინელია?

- არა, მამა პოლონელია. დედამ და მამამ ერთმანეთი პოლონეთში გაიცნეს. დედა ჩადიოდა ნათესავთან ხშირად და სწორედ იმ დროს გაიცნო მამა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ძმასა და დისშვილთან?

- ძალიან კარგი, მეტიც, იდეალური. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს, უბრალოდ, ცოტა ხნით მოგვიწია სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებამ. ასეთი იყო 45-წლიანი ძებნის მართლაც რომ საოცარი და ბედნიერი დასასრული.

მიუხედავად დიდი სირთულეებისა სოფო არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა. ახლაც ასე აპირებს გაგრძელებას, ოღონდ უკვე მამის ძებნას. ყველას მოუწოდებს, რომ იპოვონ თავიანთი ბიოლოგიური მშობლები. არ შერცხვეთ იმის აღიარების, რომ ნაშვილები არიან. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა სტატუსით სარგებლობ საზოგადოებაში, გიცნობს თუ არ ყველა. ადექი და მოძებნე. ეძებე ყველგან და შენ მათ აუცილებლად იპოვი.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)