„ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, ეს წყევლაა, რომლისგანაც არ ვიცი, როდის გავთავისუფლდებით...“
ქართული წარმოშობის რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას პირველივე დღეებიდან აპროტესტებს. ის რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის, უფრო ადრე კი საქართველოზე თავდასხმის გამოც. ჩვენ მას მოსკოვში დავუკავშირდით და მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ:
- ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ტრაგედია და უბედურებაა. მე ძალიან მიყვარს ჩვენი მეზობელი უკრაინა და უკრაინელები. მთელი გულით ვწუხვარ და ძალიან განვიცდი, რომ უკრაინელებს ჩემი ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით ამ საშინელების ატანა და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. მე უამრავი უკრაინელი მეგობარი მყავს, ყველას ვთხოვ, როგორმე გაუძლონ. ძალიან განვიცდი, რომ უკრაინელები ახალ წელსაც ტყვიების ზუზუნში ხვდებიან.
- თქვენ ყირიმის ანექსიაც გააპროტესტეთ. ელოდით რუსეთის შემდეგ შეტევას?
- მე პოლიტიკოსი არა ვარ და პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, სადღაც რას გეგმავდნენ შავბნელი ძალები, მაგრამ ჩემი პოზიცია არაერთგზის დაუფარავად დავაფიქსირე. ახლაც ვამბობ, არა ომს! აშკარაა და ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ყირიმი, ცალკე, განყენებულად არ არსებობს. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჯაჭვურად არის დაკავშირებული აფხაზეთში, სამაჩაბლოში, დნესტრისპირეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში მომხდარ უბედურებასთან. რატომღაც მეგონა, ადამიანები გააცნობიერებდნენ, რომ ერთმანეთის ხოცვა დანაშაულია, ომშიც კი. დანაშაულია ადამიანებისთვის ბომბების დაყრა, დასახიჩრება - ეს ყველას მოეკითხება. ამ სადიზმის წინააღმდეგ ევროპა გაერთიანდა. ისინი, ვინც ახალწვეულებს ომში უშვებენ, აუცილებლად უნდა აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა, ისე, როგორც ისინი, ვინც ამ ომს აღვივებენ. მანამდე კი მათ თავად უნდა გამოატარო ის ყველაფერი, რასაც ის ახალწვეულები ფრონტის ხაზზე გადიან.
ათ თვეზე მეტია ვუყურებთ დამანგრეველ ომს, სისხლის ღვრას, ცრემლებს, სიკვდილს, სირცხვილს, ჩვენი ჯარისკაცები ხოცავენ უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. დღე არ გავა, უმძიმესი ტრაგედიის შესახებ არ გავიგოთ. დამწვარი, დაბომბილი, აფეთქებული სახლები, მიწასთან გასწორებული ქალაქები, დასახლებები, სადაც ადრე ადამიანები უზრუნველად ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, ნათელ მომავალს ქმნიდნენ. არ ვიცი, როდის გაჩერდება ეს ჯოჯოხეთი. მთელი არსებით შეძრწუნებული ვარ! მაოცებენ ისინი, ვინც ახერხებენ ამ ყველაფრის უგულებელყოფას, რუსეთში, ჩემ გარშემო, ვითომდაც არაფერიო, ისე აგრძელებენ ცხოვრებას. მათ ამ ომში ადამიანები "ჩვენებად" და "მტრებად" დაყვეს და ამაში სხვებიც აიყოლიეს მიზანმიმართულად, პროვოკაციულად. ქვეყანა, უფრო სწორად, ხელისუფლება, ვითომ არ იმჩნევს, რა უბედურებას თესავს.
- შესაძლოა რუსეთის ხელისუფლება გასამართლდეს?
- ძნელი სათქმელია. ჯერ რასაც ვუყურებთ, ძველი, კორუფციაში ჩაფლული სისტემა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, თავის გადარჩენასა და ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა გზით, მათ შორის თავისი მოქალაქეების დამცირების ხარჯზე ცდილობს. რუსეთი ირანსა და ჩრდილოეთ კორეას გაუტოლდა და მრცხვენია!.. მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალება არ არის გამართლებული. უკრაინა და საქართველო დიდი სისხლის ფასად, მაგრამ მაინც ცდილობენ განვითარება არ შეწყვიტონ, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირდნენ. ძალიან დასაფასებელია გმირი უკრაინელი ხალხის სწრაფვა რუსული რაკეტების წვიმაშიც წინსვლა არ შეწყვიტოს. მთელი გულით ვგულშემატკივრობ საქართველოს, არავის აქვს უფლება, ქვეყანას განვითარება დაუშალოს.
რაც შეეხება რუსეთს, რამე რომ შეიცვალოს, პროტესტი დიდი უნდა იყოს, იმდენად მასშტაბური, რომ ცვლილებები გამოიწვიოს. ამის ნიშნებს კი ჯერ ვერ ვხედავ. ბევრი, მათ შორის ცნობილი მოღვაწეები, ძალიან განიცდიან, რაც უკრაინაში ხდება, ან უფრო ადრე რაც საქართველოში ხდებოდა.
მე ვიცი მშვიდობის ფასი, მამაჩემი და ჩემი ძმა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ. გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა. ახლა ჩემს მეორე სამშობლოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი უქმნის საფრთხეს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ოჯახის ერთი წევრი ავიწროებს მეორეს და ამას ორმაგად მძაფრად განვიცდი. რაც დროს გადის, რუსეთი სულ უფრო ეფლობა კორუფციის ჭაობში, ამ ომის, ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების გამო მდგომარეობა უფრო გაუარესდა ყველა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. რამდენიმე ორგანიზაცია ცდილობს რკინის ბადის გარღვევას, მაგრამ ცხადია, ეს არ კმარა. უმძიმესი მდგომარეობაა ეკონომიკაში, ბიზნესში, შეიარაღებულ ძალებში, ძალოვან სტრუქტურებში. რომელი ერთი სფერო ჩამოვთვალო. აქ ყველაფერი კლანურად იმართება. ასე რომ არ იყოს, ომი აქამდე შეწყდებოდა.
ცოტა ხნის წინ უკეთესი რუსეთის შექმნის სურვილი მქონდა, ახლა ვიცი, რომ ეს ილუზია იყო - დემოკრატიული რუსეთის არსებობის იდეას გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ ვხედავ. რუსეთი ახლა რამდენიმე ადამიანის ამბიციას მორგებული სახელმწიფოა, რომლის ასეთი ფორმით არსებობას საზოგადოების ერთი ნაწილი შეეგუა.
- მეორე ნაწილი სად არის?
- მეორე ნაწილი ღირსებას ამ მძიმე მდგომარეობაშიცA ინარჩუნებს და ისე იბრძვის, როგორც შეუძლია. უკრაინელებს, ქართველ და რუს ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ და კვლავ ერთად უნდა იყვნენ. ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას კი არა, მეგობრულ, კეთილმეზობლურ სივრცეში ცხოვრებას ვგულისხმობ. საქართველოსა და რუსეთს ათეული წლების განმავლობაში მჭიდრო ისტორიული, კულტურული კავშირები ჰქონდათ. რუსი პოეტები სლავურ ქვეყნებს კი არა, თბილისს სტუმრობდნენ. საქართველოს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემთვის საქართველოს, ქართველი საზოგადოების კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს ცხოვრებაში ამ ორი ხალხის ბედი სამუდამოდ გადაიჯაჭვა. ვოცნებობ ასევე განაგრძონ ჩემმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა...
საბჭოთა კავშირმა უმძიმესი რამ გააკეთა - როგორც ჩანს, თავისი არსებობის განმავლობაში ის ცდილობდა გაენადგურებინა ყველა, ვისაც კი, თავისუფლების სურვილი ჰქონდა, თუმცა ზოგი სისტემის მსახვრალ ხელს გადაურჩა. თავისუფლების სურვილი შეინარჩუნეს უკრაინის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზოგადოებებმა, რუსებმა ვერ შეინარჩუნეს. ამის გამოხატულებაა ის, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსიტყვოდ ემორჩილება, უფრო სწორად, ემონება ხელისუფლებას, კონკრეტულად ერთს კი არა, ნებისმიერ ხელისუფლებას, დასავლეთს, ამერიკას კი ისევ ისე მტრად მიიჩნევს. სტალინიზმისგან ვერ გავთავისუფლდით. რაც დრო გადის, სულ უფრო ვხვდები, როგორ ენატრება მოსახლეობას ის სისტემა, მაშინ უფრო თავისუფლად, დაცულად გრძნობდნენ თავს და ახლაც ამ გზას მივუყვებით, ოღონდ იმდენად გვაქვს გამჯდარი, უკვე ნებით მივუყვებით. თუ ბელადი იტყვის, ყირიმი ჩვენიაო, ისინიც იმეორებენ, თუ "მუხლებიდან წამოდგომაზე" იქნება საუბარი, ისინიც დაიჯერებენ, რომ ახლა მუხლებიდან წამოდგომის დროა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, ეს წყევლაა, რომლისგანაც არ ვიცი, როდის გავთავისუფლდებით. არადა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხებს შეუძლიათ მეგობრობა. დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ რუს ხალხს იმ აუცილებელ ცვლილებას ვუსურვებ, რომელიც მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის კი არა, მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვისურვებ და მჯერა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მალე დასრულდება. მშვიდობა უკრაინასა და საქართველოს, ორივე ქვეყანას სტაბილურობასა და განვითარებას ვუსურვებ. არა ომს! ომი ტრაგედიაა!