2023 წლის ეკონომიკა ანუ რისთვის უნდა იყოს მზად საქართველოს მოსახლეობა - კვირის პალიტრა

2023 წლის ეკონომიკა ანუ რისთვის უნდა იყოს მზად საქართველოს მოსახლეობა

შარშან ამ დროს ორწლიანი კოვიდშეზღუდვებით დაღლილი მსოფლიო პუტინის მუქარას ისმენდა, რაც ორ თვეში რეალობად იქცა - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მსოფლიოს დღემდე ამ ომსა და მის შედეგებთან უწევს გამკლავება. ქართული ეკონომიკისთვის რა იყო წლეულს მნიშვნელოვანი და მომავალ წელს რას უნდა ველოდოთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე, ამ საკითხებზე ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება:

ladoo papava.jpg

- რუსეთის ომი უკრაინაში მკვეთრად გამოხატული უარყოფითი მოვლენაა, რაც კი შეიძლება მომხდარიყო 2022 წელს. რუსეთის აგრესიამ ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია და საგრძნობი ეკონომიკური ზარალიც მოუტანა არა მარტო ამ ორ ქვეყანას, არამედ მსოფლიო ეკონომიკას, რასაც რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციების შედეგად მიღებული უარყოფითი ეფექტებიც დაემატა. ამან კი გამოიწვია მსოფლიოში გლობალური ჯაჭვების მორიგი რღვევა. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში დაიწყო "ნავთობის ომი" და "სასურსათო ომი". ყველა ეს 2022 წლის აშკარად გამოხატული ნეგატიური მოვლენებია. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა სასიკეთო, ის არის, რომ კორონავირუსის პანდემია მართალია, დასრულებულად ოფიციალურად ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკულად გახსნილია, თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, და დაწყებულია ეკონომიკის სრულად ფუნქციონირება.

ისევ უარყოფით კონტექსტზე გადავიდეთ - პანდემიამ განაპირობა ინფლაციის ზრდა, რადგან მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევის გამო შემცირდა მიწოდება, რასაც ფასების ზრდა მოჰყვა. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და გაგრძელდა უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამოც. შესაბამისად, დღეს მსოფლიო ეკონომიკისთვის ინფლაციის პრობლემა ნომერი პირველია.

რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, სერიოზულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო ევროინტეგრაციის პერსპექტივა. უარყოფითად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს არა იმდენად საქართველოს, არამედ უფრო ევროკავშირის პრობლემაა, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა ორმაგი სტანდარტი, როდესაც ეს სტატუსი მისცა უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინაში ომია და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, კანდიდატის სტატუსი როგორ მიიღო მოლდოვამ, როდესაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ნეიტრალური სახელმწიფოა და ამასთან, არის რუსეთის გარშემო შექმნილი "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" წევრი. ამიტომ მიღწევაა, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, თუმცა, ევროკავშირის ხარვეზია, კანდიდატობის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ.

იმავდროულად, სერიოზული მიღწევაა, რომ საქართველომ შეძლო დაგებული ხაფანგებისგან თავის დაღწევა, რაც გამოიწვევდა მის ომში ჩართვას, და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, ამან კი იმის საშუალება შეგვიქმნა, რომ დაფიქსირებულიყო სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, რასაც უკვე აღიარებს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და რასაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში არსებულ ურთულეს ვითარებაში. თუმცა საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, კვლავ პრობლემაა მაღალი ინფლაცია.

- მთავრობის რომელ ნაბიჯს ან ნაბიჯებს თვლით წლის გადაწყვეტილებად?

- გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტში გაჩნდა ხარჯების გაზრდის შესაძლებლობა, რაც მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, ამან მთავრობას საშუალება მისცა, შეემცირებინა სახელმწიფოს საგარეო ვალის მიმართება მთლიან სამამულო პროდუქტთან, რაც შეიძლება ჩაითვალოს ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად. გარდა ამისა, გაიზარდა სოციალურად ორიენტირებული ხარჯები, ანუ პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის მთავრობის დახმარება, პედაგოგებისთვისა და საჯარო მოხელეთათვის ხელფასების გაზრდა და სხვ.

რუსეთი და მსოფლიო ეკონომიკა

- ღმერთმა ნუ ქნას და, რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს, თუნდაც ტაქტიკური, რა მოუვა მსოფლიო და მათ შორის საქართველოს ეკონომიკას?

- ჯერ ერთი, ბირთვული იარაღის გამოყენების სიზუსტის გარანტიას ვერავინ იძლევა და მეორე, მე ნამდვილად არა ვარ სამხედრო დარგის სპეციალისტი, მაგრამ თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი სად უნდა გამოიყენოს? თუ გამოიყენებს, აღმოსავლეთ უკრაინაში, მაშინ გამოვა, რომ ატომური იარაღით დაბომბავს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან აღიარა რუსეთის ნაწილად. ამიტომ არა მგონია, ეს იარაღი "საკუთარ" ტერიტორიაზე გამოიყენოს, ხოლო თუ დაბომბა უკრაინის დასავლეთი ნაწილი, მაშინ გამოვა, რომ ზიანს უშუალოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მიაყენებს. ამას კი რა შედეგები მოჰყვება, პროგნოზი ძალიან ძნელია. თუ დაბომბა კიევი, ამასაც ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვება, რადგან ეს იქნება უკრაინის სახელმწიფოს დედაქალაქსა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე თავდასხმა. ამიტომ ყველა ამ ვარიანტს თავისი ვერსიები აქვს. მე მგონია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ეს ტერიტორიები აღიარა, როგორც საკუთარი ქვეყნის ნაწილი, ხოლო სხვა ვერსიების გააზრება ძალიან ძნელია, რადგან თუ დასავლეთი უკრაინა დაიბომბა, როგორ ტაქტიკურადაც უნდა ჩაითვალოს გამოყენებული იარაღი, მანძილის გათვალისწინებით რადიაციის გავრცელების საფრთხე ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც დაემუქრება.

- რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აქვს ის შედეგი, დასავლეთი რომ ელოდა, და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?

- ადვილად ასახსნელია, რომ არა აქვს ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდებოდნენ, რადგან ამ სანქციებს აქვს ორი დიდი ხვრელი - ერთი ხვრელია ის, რომ მსოფლიომ მხოლოდ ნაწილობრივ დაუწესა სანქციები. რუსეთს არ უწესებენ სანქციებს ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ის მკაფიოდ გამოხატულ სტრატეგიულ მეგობარ ისრაელზე. ამიტომ ძალიან ძნელია სანქციების სათანადო ეფექტიანობაზე ლაპარაკი; და მეორე, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, როგორც ერთ-ერთი ამერიკელი ანალიტიკოსის სტატიაშია ნათქვამი, ინდოეთი რუსეთისგან ნედლ ნავთობს ყიდულობს და რადგან ის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი ნავთობს ძალიან დაბალ ფასად აძლევს, ხოლო ამერიკა, იმისთვის, რომ გააძლიეროს ინდოეთი ჩინეთის საწინააღმდეგოდ, ყიდულობს უკვე გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს. ასე რომ, ამ გზით ამერიკაც ყიდულობს რუსულ ნავთობს ამ სანქციების პირობებში. როგორც ირკვევა, ინდოეთის მსგავსი სქემით ხელმძღვანელობს ლატვიაც და კიდევ არაერთი ის სახელმწიფო, რომლებიც ფორმალურად სანქციების დამწესებლები არიან. ამას "ლეგალურად" აკეთებს ევროკავშირი, რომელიც მართალია, ამცირებს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია დამოკიდებულების მყისიერად და სრულად გაწყვეტა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ევროკავშირმა 1 მილიარდი ევროს დახმარება მისცა უკრაინას და ყოველდღიურად 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ღირებულების გაზს ყიდულობდა რუსეთისგან - ანუ ყოველდღიურად რუსეთს უხდიდა იმდენს, რამდენიც უკრაინას ომის პირველ სამ თვეში მისცა. ამასთან, რუსეთმა ევროკავშირის არაერთი ქვეყანა აიძულა, რომ გაზი რუბლში იყიდონ. ამიტომ ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან რუსულ გაზზე, ჯერ უწევთ რუბლის ყიდვა და მერე ყიდულობენ გაზს, რაც რუსეთს შემოსავალსაც აძლევს და რუბლსაც უმყარებს. ასე რომ, რუსეთი საკმაოდ მედეგი ქვეყანა აღმოჩნდა, მათ შორის, ეკონომიკურად. მსოფლიო უფრო ერთიანი რომ ყოფილიყო, დასავლეთს რომ არ დაეჯერებინა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად "ცივი ომიც" დამთავრდა, შესაძლოა დღეს არც უკრაინასთან ომი ყოფილიყო. ფაქტია, რომ "ცივი ომი" კი არ დასრულდა, არამედ "გაიყინა", რადგან მაშინ რუსეთს არ ჰქონდა ეკონომიკური ძალა საიმისოდ, რომ დასავლეთს დაჰპირისპირებოდა. მაგრამ როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასმა მოიმატა, რუსეთმა გამოიყენა ენერგორესურსები და ჯერ "ცივი ომი" "გაალღო", ახლა კი უკვე "ცხელ ომში" გადაზარდა, რაც ერთხელ უკვე გააკეთა 2008 წელს საქართველოში. ამჯერად დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ "ცივი ომის" ინსტრუმენტებით მოქმედებს. რატომ უნდა დაუჯერო, რატომ არ უნდა იცნობდე რუსეთის ისტორიას, მის პოლიტიკას და რატომ უნდა ჩამოეკიდო ასე რუსეთს ენერგეტიკულად? რუსეთი ცდილობს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს. რუსეთი არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, რაც უნდა მოძველებული ტექნიკა ჰქონდეს, აქვს ბირთვული იარაღი და ეს ძალიან ბევრ საკითხს სწორედ ამ კონტექსტში აყენებს.

ეკონომიკური ზრდა

- რადგან ეკონომიკური ზრდა ამ წლის მთავარი მიღწევაა, გაისად როგორი იქნება ეს მაჩვენებელი და რაც მთავარია, ამას მოსახლეობა კონკრეტულად რით იგრძნობს?

- როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მთავრობას აქვს პოზიტიური მოლოდინი, რაც 2023 წლის ბიუჯეტშიც არის გამოკვეთილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პოზიტიური მოლოდინი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ დღეს ვერც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ვერ აკეთებს მკაფიო პროგნოზებს ეკონომიკური ზრდის შესახებ. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება სიტუაცია უკრაინაში, როგორ გაგრძელდება და რა ფორმას მიიღებს რუსეთის საომარი მოქმედებები, შეძლებს თუ არა უკრაინა, რომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, და აინაზღაუროს ის ზარალი, რაც 2022 წლის განმავლობაში მიადგა. არც ის არავინ იცის, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს. ამიტომ შემიძლია თქმა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაცია არ გაუარესდება, ქვეყანაში შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა.

რაც შეეხება იმას, იგრძნობს თუ არა ამას მოსახლეობა, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად შენარჩუნდება მაღალი ინფლაცია, რადგანაც "ნავთობის ომისა" და "სასურსათო ომის" გამო ინფლაციის კლება პრაქტიკულად შეუძლებელია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდების გაწყვეტილი გლობალური ჯაჭვების აღდგენა ჯერ კიდევ შეფერხებულია. თუმცა, იმავდროულად, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო დიდია ინტერესი, რომ გააქტიურდეს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რაც აზიას თურქეთსა და მთლიანად ევროპასთან დააკავშირებს. ამ თვალსაზრისით სატრანსპორტო დერეფნის აქ განვითარებას ძალიან სერიოზული პერსპექტივა აქვს, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდაზე.

- ნოემბერში სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,8%-დან 4%-მდე შეამცირა. რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზი და რამდენი შეიძლება იყოს?

- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც მშვიდობიან პერიოდში წელიწადში რამდენჯერმე აკეთებდნენ პროგნოზის კორექტირებას. ახლა, ჯერ პანდემიის და მერე ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზების ცვლილებებს. რა თქმა უნდა, დღეს პროგნოზის გაკეთება ნამდვილად არასახარბიელოა და ჩვენი ბიუჯეტიც აგებულია მეტ-ნაკლებად რეალისტურ მოლოდინზე და, თუ საჭირო გახდება მისი გადახედვა, ამისთვის არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუმენტები და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იქნება. სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ სერიოზული იქნება. ეს "სხვა თანაბარი პირობები" კი რამდენად შენარჩუნდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ ომი როდის და როგორ დასრულდება და რა შედეგები მოჰყვება. ყველას გვინდა, რომ ომში უკრაინამ ძალიან მალე გაიმარჯვოს, მაგრამ ერთია ჩვენი სურვილი და მეორე ის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა რუსეთის აგრესიისა და კრემლის ხელმძღვანელობის არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო.

- რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და შემდეგ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა საქართველოში რუსების შემოსვლა, ბიზნესების გადმოტანა და ა.შ., რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩაითვალა. რა შანსია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და თუკი ვერ ან არ შენარჩუნდა, რა გავლენა ექნება ქართულ ეკონომიკაზე?

- ნამდვილად ასეა, მაგრამ საქართველო იმიტომ კი არ განერიდა ომს, რომ ბიზნესები გადმოსულიყო, არამედ იმიტომ არ ჩაერთო, რომ ქვეყანა გადაერჩინა კატასტროფისგან. ბიზნესი ეძებს მშვიდ გარემოს და ძალიან ბევრმა ასეთი გარემო საქართველოში დაინახა, შესაბამისად, გადმოიტანა ბიზნესი. ეს არამარტო რუსულ, არამედ უკრაინულ და ბელარუსულ ბიზნესებსაც ეხება. რაც შეეხება იმას, თუ მომავალში რა იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის პროგნოზირება ძალზე გართულებულია, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი. ამიტომ ვიყენებ ამ სიტყვებს - "სხვა თანაბარ პირობებს", და ვამბობ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, მაგრამ არ ვიცით, რამდენად შენარჩუნდება ეს "სხვა თანაბარი პირობები".

2023 წლის ბიუჯეტი

- ბიუჯეტი რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა?

- ვფიქრობ, ბიუჯეტი რეალისტურია. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ წლის განმავლობაში მისი კორექტირება მოხდეს სწორედ იმ გამოწვევების გამო, რომლებიც მომავალ წელს, დიდი ალბათობით, მოხდება. ღმერთმა ქნას, უკრაინამ გაიმარჯვოს, ღმერთმა ქნას, რუსეთი დამარცხდეს ისე, რომ ბირთვული იარაღი ვერ გამოიყენოს. თუმცა, თუ კრემლი იგრძნობს, რომ მარცხდება, შესაძლებელია ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამასთან, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს სანქციებს დამარცხებისთანავე მოუხსნიან. ამიტომ ძალიან ძნელია ადეკვატური პროგნოზირება.

ინფლაცია და ლარის კურსი

- ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მაინც ძალიან მაღალია. ამ მხრივ მომავალი წლისთვის რა ტენდენცია იქნება?

- ეკონომიკური ზრდა თითქმის ყველგან შეჩერებულია, ან ზრდის ტემპია შენელებული. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ამბობენ, რომ გლობალურად უკვე ჩამოყალიბდა სტაგფლაცია, ანუ როდესაც იზრდება უმუშევრობა და ინფლაციაც მაღალია. ამ მხრივ, საქართველო გარკვეულწილად გამონაკლისია - ინფლაცია კი არის მაღალი, მაგრამ დასაქმებაც იზრდება და ეკონომიკური ზრდაც არის. რამდენად სტაბილური იქნება ეს ყველაფერი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება გლობალური პროცესები და რამდენად აიცილებს თავიდან საქართველო ომში ჩართვას, თორემ ქვეყანაში "ომის პარტია" (თანაც რამდენიმე!) რომ არსებობს, მგონი, ყველასთვის თვალნათელია, ხოლო ამ "ომის პარტიას" დასავლეთში სერიოზული მხარდამჭერებიც ჰყავს.

- წლეულს ლარი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა სხვა ვალუტების მიმართ. ამას ეკონომიკაზე რა გავლენა ჰქონდა? ეს სტაბილურობა შენარჩუნდება თუ არა და მოსახლეობაზე რა გავლენა ექნება?

- გარკვეულწილად არის ალბათობა, რომ შენარჩუნდეს, მაგრამ ამის თქმაც ძნელია და ზუსტად იმავე ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში არსებობს. დღეს საქართველოში ლარი მყარი ვალუტაა და ზუსტად ამან განაპირობა, რომ ინფლაცია ბევრად მაღალი არ არის. ჩვენთან, როგორც გითხარით, ინფლაცია იმპორტირებულია და ლარის კურსიც რომ ვარდებოდეს, ინფლაცია ბევრად მაღალი იქნებოდა. ამის შენარჩუნება რამდენად მოხერხდება? თუ ქვეყანაში იქნება ეკონომიკური ზრდა, თუ ქვეყანა არ ჩაერთვება საომარ მოქმედებებში, დიდი ალბათობით, ლარის კურსის სტაბილურობაც შენარჩუნდება. რა თქმა უნდა, თუკი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამე სერიოზული შეცდომა არ დაუშვა.

- რა შანსია, რომ დაუშვას?

- ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მომავალი წლის პირველ კვარტალში გასდის ვადა და, ალბათ, ახალი შეცდომის დაშვების შანსი მაღალი არ არის. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შეირჩევა ახალ ხელმძღვანელობად და იმედია, ეს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება.

დიდი პროექტები

- ზემოთ დიდი პროექტები ახსენეთ, მისი რეალიზება მომავალ წელსვე იქნება შესაძლებელი, თან ისე, რომ საგრძნობი შედეგი ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდაზე? კონკრეტულ რიცხვებზე თუ შეიძლება საუბარი, თუ რას მისცემს საქართველოს და ასევე, მომავალ წელს კიდევ რომელი დიდი პროექტები შეიძლება ამუშავდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ სატრანსპორტო დერეფანი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან არსებობს და მოქმედია. ახლა გაჩნდა პერსპექტივა, რომ მისი დატვირთვა გაიზარდოს. აქამდე არასრულად გამოიყენებოდა სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რომელიც საქართველოზე გადის. ამ რკინიგზის ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი პრაქტიკულად აუთვისებელი იყო და ახლა არის შესაძლებლობა, რომ არსებითად დაიტვირთოს.

გაჩნდა ახალი პროექტიც - ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც უნდა დაიგოს შავი ზღვის ფსკერზე და ის ჩვენს რეგიონს ევროკავშირის ქვეყნებთან დააკავშირებს, რასაც ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს. მოლოდინია, რომ 2023 წელს ეს სატრანსპორტო დერეფანი უფრო ინტენსიურად ამოქმედდება და ქვეყანასაც სერიოზული დადებითი შედეგები ექნება.

- წლის ბოლოს ისევ გააქტიურდა ანაკლიის პორტის თემა, რომ შესაძლოა რუსეთმა ჩაიგდოს ხელში. ეს საფრთხე რამდენად რეალურად მიგაჩნიათ და თუკი ასე მოხდება, კონკრეტულად რა შედეგები ექნება?

- იმისთვის, რომ რუსეთმა ანაკლიის პორტი ჩაიგდოს ხელში, საქართველოს შესაბამისი ტერიტორიის ოკუპაცია უნდა მოახდინოს. ანაკლია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან მცირედით, მაგრამ მაინც დაცილებულია. ამასთან, რუსეთმა კი აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მის გარდა უმთავრესად არავინ აღიარებს. ამიტომაც რუსეთის მიერ ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება მხოლოდ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ღვთის მადლით, ჩვენმა მთავრობამ მოახერხა საომარი მოქმედებების თავიდან აცილება. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ანაკლიის ხელში ჩაგდების რეალური საფრთხე არსებობს.

ის სქემა კი, როგორც იყო ჩაფიქრებული, „ანაკლიის კონსორციუმის“ საშუალებით პორტის მშენებლობა, არ იყო გამართული. უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ ანაკლიის მომავალი პორტი (ისევე, როგორც სხვა პორტები თუ რკინიგზა) ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ ტიპის ობიექტების კერძო სექტორში ყოფნა სტრატეგიული შეცდომაა და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მის ეროვნული უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომ ანაკლიის პორტში 51% უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს სახელმწიფოს, საკითხისადმი სწორ მიდგომას ეფუძნება, 49% კი ტენდერის საფუძველზე გადანაწილდება უცხოელ კერძო ინვესტორებზე.

იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ამოქმედდეს და მომგებიანი იყოს, აუცილებელია არსებობდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთი, ტვირთები კი არის ჩინეთში. ანაკლიის პორტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ჩინური ინვესტიციების განსაზღვრულ დონეზე მონაწილეობაც ამ პროექტის რეალიზაციაში. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშაოს ამერიკის ადმინისტრაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის და ჩინეთი ერთმანეთთან ეკონომიკურად არიან დაპირისპირებული, ვაშინგტონი ჩინური კაპიტალის სხვა ქვეყნების კაპიტალთან ერთად ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

- რუსეთზე გამავალი სატრანზიტო ხაზი თუნდაც პოლიტიკური მიზნებით რომ ჩანაცვლდეს, არ არის შანსი, რომ ამერიკა ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციას დათანხმდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი რუსეთის მიმართულება ისედაც დაბლოკილია. მეორე - რუსეთის გარეშე დანარჩენ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად ჩინეთს აქვს საზღვაო შესაძლებლობაც. სწორედ ამიტომ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობამ აქტიურად ვაშინგტონთან, რათა არ იყოს ანაკლიის მომავალ პორტში ჩინური ინვესტიციების თანამონაწილეობის წინააღმდეგი, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საკონტროლო პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს ხელში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის რამდენიმესაათიანი შეხვედრა, საიდანაც საკმაოდ პოზიტიური სიგნალები გამოვიდა. ვნახოთ, ეს სიგნალები „გადაითარგმნება“ თუ არა იმაში, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ თუ არ დასრულდება, შესუსტდება მაინც.

- საქართველოს რკინიგზის განვითარების გარეშე, ყოველივე ეს თუნდაც დადებითად გადაწყდეს, ანაკლიის პორტის ამუშავება შესაძლებელი იქნება? ჩვენი რკინიგზა შეძლებს სათანადო ტვირთების გატარებას?

- მთავარი პრობლემაა არა რკინიგზის გამტარიანობა, არამედ საჭირო რაოდენობის ტვირთების არარსებობა, რის გამოც ანაკლიის კონსორციუმი მთავრობისგან 400-მილიონიან გარანტიას ითხოვდა. სხვა სიტყვებით, თუ ტვირთები არ იქნებოდა, ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა მიგვეცა კონსორციუმისთვის თანხა. ეს რომ მთავრობამ არ გააკეთა, აბსოლუტურად სწორი იყო. პორტი უნდა იძლეოდეს მოგებას, ბიუჯეტში გადასახადები უნდა შეიტანოს და არა პირიქით, ჩვენ ვაფინანსებდეთ ბიუჯეტიდან კომერციულ ობიექტს.

საფრთხეები და პერსპექტივები

- რა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა 2023 წელს?

- ქვეყნისთვის კვლავ მთავარი გამოწვევა იქნება ინფლაცია და მისით გამოწვეული შედეგების მინიმიზება. მსოფლიოსთვის სერიოზულ გამოწვევად დარჩება მარცვლეულითა და ენერგორესურსებით უზრუნველყოფა და შესაბამისად, ამ მიმართულებაზე აქცენტების თავიდანვე გადატანა მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მარაგების დარეგულირება. ამდენი წელია ვლაპარაკობთ გაზსაცავის აშენებაზე და დღემდე არა გვაქვს. ასე რომ, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება, ინფლაციასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იქნება და, ალბათ, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გაკეთდეს გაზსაცავი და რაც მალე, მით უკეთესი. ასევე, განსაკუთრებული სამთავრობო მხარდაჭერა იქნება აუცილებელი სოფლის მეურნეობისთვის, რათა კრიზისების შემთხვევაში ქვეყანა მეტ-ნაკლებად დაცული იყოს. აუცილებელია ენერგოდივერსიფიკაციაც, რათა არ ვიყოთ უმთავრესად რუსეთზე ჩამოკიდებული. ჩვენ უკვე ვართ ნაწილობრივ დივერსიფიცირებული, მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ უფრო უნდა ჩამოვცილდეთ რუსეთს.

რუსა მაჩაიძე