„შალვამ თვითონ გაიტეხა სახელი“
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს მოწმეების დაკითხვით განახლდება - მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე "ვივამედიდან" ჩართვა მოხერხდა და ეთერში გამოჩნდა გამხდარი და დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშვილმა სცადა უკრაინულად გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ მოსამართლემ შეაწყვეტინა და ქართულად საუბარი მოსთხოვა. როცა მან მაინც გააგრძელა, კამერა გაუთიშეს. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილს სთხოვდა, აეწია მაისური, რომ საზოგადოებას დაენახა, რა მდგომარეობაშია, მაგრამ მოსამართლემ ესეც გააპროტესტა. ამ დღეებში დიდი განსჯის საგანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ხელისუფლებას მის გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას სთხოვს. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წევრები და მათი მხარდამჭერები სააკაშვილს სიმულაციაში ადანაშაულებენ. პენიტენციარულმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეო, როგორც სააკაშვილის მიერ ვითარების დრამატიზების სავარაუდო მტკიცებულება. სწორედ ამ ვიდეოს გამო 22 დეკემბერს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა და ითხოვდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ახალი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. ამ ექსპერტიზით უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, არის თუ არა სააკაშვილი მძიმედ დაავადებული.
"გეჯაძემ მითხრა, დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შსს-სო"
ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა სამ საექსპერტო დაწესებულებას: სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დამოუკიდებელ ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორს" და შპს "რეალ ექსპერტს". ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სამივეზე უარი თქვა და ერთ-ერთ არგუმენტად "ვექტორის" ხელმძღვანელის ალექსანდრე გეჯაძის ნათქვამი მოიყვანა, რომ თითქოს თავის დროზე უარი თქვა ამ საქმეში ჩართვაზე იმ მიზეზით, რომ შს სამინისტროდან დაურეკავდნენ და იმის დაწერა მოუწევდა, რაც უწყებას აწყობს. ხაჭაპურიძის თქმით, მას საუბრის ფარული ჩანაწერიც აქვს: "მე მსურდა ის ამ საქმეში ჩართულიყო, მაგრამ მითხრა, შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, ჩვენ ვთანამშრომლობთ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე "ტვ პირველის" ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე. დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შსს-სო. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე ამას დაადასტურებს, თუ არადა, გვაქვს ფარული ჩანაწერიც და მაშინ მოგვიწევს მოვისმინოთ ტელევიზიით, რა თქვა გეჯაძემ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს პრემიერ-მინისტრი განაგებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ და აბუჩად ამგდებ განცხადებებს აკეთებს, "რეალ ექსპერტი" კი მაია ნიკოლეიშვილის საქმეში მონაწილეობის გამო დააყენა ეჭვქვეშ: "რაც შეეხება ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც პროფესიით პათანატომია, გარდა ამისა, ახლა დაიწყო მშენებლობების ექსპერტობაც, ის სააკაშვილის პირადი, დაუძინებელი მტერია, მისი პრეზიდენტობის დროს გაასამართლეს".
საბოლოოდ მოსამართლემ გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ახალი ექსპერტიზის ჩატარებაზე არ დააკმაყოფილა.
"ალბათ, შალვა მეტყვის, ალეკო, სხვა გზა არ მქონდაო..."
იმავე დღესვე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ: "2012 წლიდან ძალოვანი სტრუქტურების არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი ექსპერტიზის შესახებ არ ყოფილა. შალვას მიზანი იყო, ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო - არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა. შალვამ თავისი სტრატეგიით მიაღწია საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არა აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. თუმცა მისი სტრატეგიის მორალურობა კითხვებს ბადებს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას, ალეკო, სხვა გზა არ მქონდა, ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდაო... რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, ბატონ შალვასთან თანამშრომლობის წლები მაკავშირებს. რამ აიძულა, ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე, ალექსანდრე გეჯაძე, პირნათლად ვასრულებ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ", - აცხადებს გეჯაძე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქმეზე კომუნიკაცია ადვოკატთან არაერთხელ ჰქონია. "ჰქონდა მანამდეც და მერეც კომუნიკაცია ჩემთან. მაძლევდა ხოლმე გარკვეულ ინფორმაციას. რამდენიმე თვის წინ ხდებოდა ეს და არა იმ მდგომარეობით, როგორშიც ახლაა სააკაშვილი. ის მონაცემები და ინფორმაცია არ მაძლევდა საშუალებას გავყოლოდი იმ სტრატეგიას, რომ ის მძიმე ავადმყოფია და უარი ვუთხარი. შალვას ჰქონდა მცდელობა, რომ ექსპერტიზა იქნებ ჩემი ეგიდით ჩატარებულიყო", - განაცხადა მან ხაჭაპურიძის ბრალდებების საპასუხოდ.
ალექსანდრე გეჯაძეს კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ ცენტრი "ემპათია", რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, ამ პროცესს რამდენიმე თვე აგრძელებდა: "ექსპერტიზა უნდა დაიწყოს, გამოიკვლიონ პაციენტი, ჩაუტარდეს ყველა კვლევა და უნდა დამთავრდეს მაქსიმუმ ორ კვირაში, 20 დღეში. თუკი ასე არ ხდება, დასკვნას უნდა დაერთოს განმარტებითი წერილი... ექსპერტიზა თვეების განმავლობაში, 45 წლის სტაჟი მაქვს და არ გამიგონია". როგორც ექსპერტი ამბობს, მასთან საუბრისას ადვოკატიც წუხდა ცენტრ "ემპათიის" დასკვნის ფორმატის გამო და არ იყო დარწმუნებული, რამდენად გაამართლებდა დოკუმენტი სასამართლოზე. "მთხოვა მენახა "ემპათიის" დასკვნა სტილისტურად და სამართლებრივად რამდენად დალაგებული იყო, რომ ნაკლები კითხვები და საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონოდა მოსამართლეს... ველოდებოდი, რომ მოვიდოდა და სამართლებრივად დავულაგებდი ისე, რომ პროცესზე ნაკლები პრობლემა ჰქონოდა". გეჯაძე ასევე უარყოფს ხაჭაპურიძის ბრალდებას, თითქოს მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა. "პროზექტურაში პირველივე საათებში, ჩემ გვერდზე, სასექციო დარბაზში, საია-ს ოფიციალური წარმომადგენელი იყო, ის კვლევის პროცესს ესწრებოდა. დღემდე ამ დასკვნის იგნორირების ან შეცდომების, არაობიექტურობის თაობაზე არც საია-ს და არც სხვა რომელიმე იურიდიულ კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია. ექსპერტიზების დროს პასუხისმგებლობის მთელ ტვირთს იღებს ყველა ის კომისიის წევრი, რომლებიც ხელს აწერენ ექსპერტიზას", - აღნიშნა გეჯაძემ.
"დემენცია მოითხოვს სათანადო ადგილს..."
ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დეივიდ გოლდსმიტი აცხადებს, რომ სააკაშვილს აღენიშნება დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: "წავიკითხე სხვა სამედიცინო ექსპერტების ანგარიშები და ყველა მათგანმა ერთი და იგივე რამ აღმოაჩინა - დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ნათელია, რომ ის ციხეში ამ დაავადების გამომწვევი ტრავმების უშუალო ზემოქმედებაში ყოველდღე ექცევა, ამიტომ არ შეიძლება ციხის საკანში იჯდეს. რაც შეეხება დემენციას, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების გავლენას უკავშირდება, ამის მკურნალობა მოითხოვს სათანადო ადგილს, საუნივერსიტეტო გარემოცვას, რომელიც მხოლოდ აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაშია".
"ტაში შალვას, აღფრთოვანებული ვარ მისი ვოკალით!"
მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი: - ახალი ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა შალვასთვის მოულოდნელი იყო, ალბათ, ძალიან უნგრევდა დაცვის ტაქტიკას და ამიტომაც გადალახა დასაშვები ნორმები. მე ასეთ შალვას არ ვიცნობდი. ტაში შალვას, აღფრთოვანებული ვარ მისი ვოკალით... გულდასმით ვუსმენდი გოლდსმიტს, ექსპერტს, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი სამედიცინო ექსპერტიზა თავისი სისტემატიზებით, კანონმდებლობით ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ამერიკული. ჩვენთან სულ სხვა პასუხისმგებლობებია. შალვას წაკითხული აქვს ის დასკვნა და იცოდა, რომ ყველაფერი ვარაუდებით იყო სავსე, რაც ქართული კანონმდებლობით გრამს არ იწონის. თუ ჩატარდებოდა ქართული ექსპერტიზა, სხვა იქნებოდა და, ალბათ, გაწიწმატების მიზეზიც ეს იყო. ალეკო გეჯაძის შესახებ რაც იკადრა, ეს მერაბიშვილის პერიოდის გახსენება იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით ამ მავნე პრაქტიკას, არა პიროვნებას, არამედ სისტემას, რომელიც ამას აკეთებდა. უცებ შალვა აღმოჩნდა ერთ-ერთი, რომელმაც თურმე ფარულად ჩაწერა კომპრომატისთვის ადამიანი. რაც ჩემზე თქვა, ეს ძალიან გამწარებული შალვას ემოცია იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ალეკო გეჯაძესთან კი ჩემზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვს და ალეკოს ეს გაუკეთა? მან გადასარევად იცის ისიც, რომ მე სასამართლოს ექსპერტი ვარ, ლიცენზია მაქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში. მასთან მუშაობა მომწონდა, კარგ ადვოკატად მიმაჩნდა. მისთვის გადაცემულ ექსპერტიზებში არის ჩემი ხელმოწერაც, ამიტომ კარგად იცის ჩემი სფერო და ამ დროს ამბობს, პათანატომიაო, თან დასძინა, ახლა გზების ექსპერტი გახდაო. ან იმის გახსენება რას ემსახურებოდა, რომ თურმე მე გადატრიალების მონაწილე ვარ. ჩვენ იმ საქმეზე სრულად რეაბილიტირებული ვართ. რამ აიძულა წასულიყო აშკარა სიცრუეზე? ამას ჩემი სახელის გატეხისთვის აკეთებს? ვფიქრობ, შალვამ თვითონ გაიტეხა სახელი. სააკაშვილთან პირადული არაფერი მაქვს, მით უმეტეს, ლოგინში მწოლიარე ადამიანთან. ბოღმით არ ვცხოვრობ, მით უმეტეს, როცა დაისვა წერტილი და გავმართლდი.
- რომ მოემართათ თქვენთვის, მიიღებდით სააკაშვილის ექსპერტიზაში მონაწილეობას?- ვიფიქრებდი, ცალსახად თანხმობას ვერ ვიტყოდი. მე არ მინდა დავემსგავსო იმ ამერიკელ ექსპერტებს, რომლებმაც სავარაუდო დასკვნები დადეს. თუ საქმეს არა აქვს პერსპექტივა, მე არ ვერთვები. სავარაუდო დასკვნა ნაგავია. დასკვნა უნდა იყოს არგუმენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, უნდა იყოს ლიტერატურა მითითებული. მე ასეთ დასკვნას არასოდეს დავწერ... პროფესიული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა სიმულაციის თემა, ადვოკატის გაწიწმატებამ კი უფრო მეტი ინტერესი გამიჩინა. ისეთი გაუწონასწორებელი იყო შალვა, რაღაც საინტერესო დევს ამის უკან. როგორც ექსპერტმა ძალიან საინტერესო მომენტები დავიჭირე იმდღევანდელ კადრებშიც. პროფესიულად სიამოვნებით ჩავუჯდებოდი, თან ტყუილის გამოცნობის საინტერესო სასერტიფიკაციო კურსები გავიარე, მაგრამ ახლა ბოქლომი უნდა დავიდო ენაზე, ხაჭაპურიძესავით ხომ არ ვილაპარაკებ.