"შუაგაკრეფა-2" ანუ რა შედეგი მოუტანა ქართულ პოლიტიკას სააკაშვილის დაბრუნებამ
საქართველოში წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩვენ არ დავიწყებთ სამართლებრივ-სამედიცინო საკითხების განხილვას. ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილის პრობლემა გადაწყდება კანონის ფარგლებში და დაცული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები. ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკურად სააკაშვილის დაბრუნებამ, მისმა დაკავებამ და ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა.
2021 წლის სექტემბერში სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით - დაებრუნებინა ხელისუფლება. გათვლა იყო მარტივი: სააკაშვილის თბილისში გამოჩენას (და თან მიტინგზე, სადაც ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა), უნდა მიეცა სუპერმუხტი მისი მომხრეებისთვის და ქუდზე კაცი გამოსულიყო ქუჩაში. ამას უნდა გამოეწვია ხელისუფლების პარალიზება და "ოცნება" გაქცეულიყო. რიგგარეშე არჩევნებზე კი, ტრიუმფალურად გაემარჯვა "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის ლიდერობით და სადღაც 2021 წლის ნოემბერში საქართველოს ეყოლებოდა ახალი მთავრობა პრემიერ სააკაშვილის მეთაურობით.
ყველაფერი უკუღმა მოხდა... სააკაშვილის სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ მან ის ამომრჩეველი, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა (ნახევარ მილიონამდე კაცი), პირდაპირ გადათარგმნა იმ აქტივისტებად, რომლებიც მიშას დანახვისთანავე ქუჩაში გამოცვივდებოდნენ. ეს ასე არ მოხდა და თუ რატომ არ მოხდა, ცალკე სტატიის თემაა. მთავარი კი ის არის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ შუა ხელმეორედ გაკრიფა ქართულ პოლიტიკურ ველზე და ორპოლუსიანობის დასრულება გადადო გაურკვეველი დროით, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
ზოგადად, ბოლო 31 წლის განმავლობაში ორპოლუსიანობა საქართველოს პოლიტიკურ წყევლად ექცა - გამსახურდია და რადიკალური ოპოზიცია, შევარდნაძე და ზვიადისტები, "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება", "ოცნება" და "ნაცმოძრაობა". გვახსოვს ერთპოლუსიანობაც - 2008-2011 წელს პოლიტიკური ცენტრი იყო მხოლოდ "ნაცმოძრაობა", მეორე მხარეს კი იყო დაქსაქსული გამარგინალებული ოპოზიცია და "ნაციონალების" სატელიტი ვითომ ოპოზიციური პარტიები.
მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის აუცილებლობა იდეფიქსი არ არის - ეს საჭიროა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა მარტო ის არ არის, რომ ქვეყანაში არ იყოს აქციები, ბოიკოტი და გამიშვი-გამატარე, ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ პოლიტიკოსებმა წლების განმავლობაში გაფუჭებული მაგნიტოფონივით მარტო იმაზე კი არ იკამათონ, ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნის, არამედ ისაუბრონ ეკონომიკურ კონცეფციებზე, უსაფრთხოების სისტემებზე, გლობალურ თუ ლოკალურ პროექტებზე, განათლების სისტემის რეფორმაზე, სოციალურ მიმართულებებზე, ეკოლოგიაზე და ა.შ. დღეს, სამწუხაროდ, ყველა თემა ტრიალებს მიშა-ანტიმიშას გარშემო და მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხები.ძალიან მარტივად ავხსნით მესამე პოლიტიკური ძალის მნიშვნელობას. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტში არის ორი დიდი ძალა "ოცნება" და "ნაცმოძრაობა". თუმცა იქ არის მესამე, ანგარიშგასაწევი ძალაც (პარტია ან რამდენიმე პარტიის დაჯგუფება), რომლისთვისაც მიუღებელია "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგიც (მიშასგან საფრთხობელის შექმნა და წლების განმავლობაში იმის ძახილი, - ჩვენ რომ არ ვიყოთ, მიშა მოვაო) და "ნაცმოძრაობის" პროპაგანდაც (არიქა, "ოცნება" პუტინის დაკვეთებს ასრულებს და მხოლოდ "ნაცმოძრაობას" შეუძლია ივანიშვილის დამარცხება). წარმოვიდგინოთ, რომ ამ მესამე ძალას აქვს თავისი დღის წესრიგი. შესაბამისად, ის გაანეიტრალებს მიშა-ანტიმიშას ისტერიკას და "ოცნებაც" და "ნაციონალებიც" შეეცდებიან, სხვა თემატიკაზე ააწყონ თავიანთი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" დადგებიან იმ საფრთხის წინაშე, რომ მათ ჩაანაცვლებენ. ხომ არავისთვის საიდუმლო არ არის, "ოცნებას" ამომრჩევლის ნაწილი ხმას იმიტომ აძლევს, რომ "ნაცმოძრაობის" მეორედ მოსვლის ეშინია.
"ნაცმოძრაობა" კი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს #2 პარტიის პოზიციაზე და მისი ამომრჩევლის ნაწილი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებსაც მიშა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, მაგრამ "ოცნების" ჯიბრზე აძლევენ ხმას. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არ თვლის საჭიროდ, რომ ვინმეს შიშით ან ჯიბრით არჩევნებზე იაროს. შესაბამისად, თეორიულ მესამე ძალას აქვს იმის პერსპექტივა, რომ "ოცნება-ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ ოლიგოპოლიას საფრთხე შეუქმნას.ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ე.წ. მესამე ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ცალკე აღებულ პარტიას ამის ნაკლები შანსი ჰქონდა. კერძოდ, ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელომ" 2020-2021 წლებში დაუშვა შეცდომები, როდესაც არ გაითვალისწინა, თუ როგორ შეხედავდა მისი პოტენციური ამომრჩეველი "ლელოს" თუნდაც თემატურ პარტნიორობას "ნაცმოძრაობასთან". გიორგი ვაშაძის პარტიას პოლიტიკური არითმია აქვს - ვაშაძე ხან გარადიკალდება, ხან გაზომიერდება, ხან "ნაცმოძრაობას" უტევს, ხან მათთან თანამშრომლობას ცდილობს: ეს აბნევს მის პოტენციურ ამომრჩეველს. გახარია საერთოდ ახალ პოლიტიკურ მოდას ამკვიდრებს - 6 თვეში ერთხელ გამოჩნდება რომელიმე ტელეტოქშოუში და შემდეგ ისევ უჩინარდება გაურკვეველი მიმართულებით. ასეთი ტაქტიკით ამომრჩეველს ვერ მოიზიდავ საქართველოში კი არა, მსოფლიოს ვერც ერთ კონტინენტზე. ალეკო ელისაშვილი, ძირითადად, იმით არის დაკავებული, რომ დაამტკიცოს - "მოქალაქეები" "ოცნების" სატელიტები არ ვართო. მოკლედ, ყველა პარტია თავის წვენში იხარშება.
თუმცა იყო შანსი (უფრო იმედი), რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები გამოიყენებდნენ 2024 წლამდე დარჩენილ პერიოდს და ჯამურად შეძლებდნენ იმდენი ხმის აღებას, რომ მომავალ პარლამენტში შეევიწროებინათ აქეთ "ოცნება" და იქით "ნაცმოძრაობა". ანუ გარკვეულწილად დაიკავებდნენ ე.წ. მესამე ძალის პოზიციას, რაც ახალ პოლიტიკურ პერსპექტივებს გაშლიდა. მაგრამ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მთავარ ოპოზიციურ ფიგურად იქცა მიშა, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თემად კი "მიშა ციხეში" ან "მიშა კლინიკაში". სამწუხაროდ, არამიშისტური ოპოზიციური პარტიების ლიდერები იქცნენ პოლიტიკურ კომენტატორებად და ტელეეთერებში, ძირითადად, საუბრობენ სააკაშვილზე და არა იმაზე, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოუდგენიათ. გასაგებია, რომ ჟურნალისტები ძირითადად სააკაშვილზე ეკითხებიან, მაგრამ არსებობს ათას ერთი პოლიტიკური ხერხი, რომ საკუთარი დღის წესრიგი დაამკვიდრო. მით უმეტეს, ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მიშას ჩამოსვლით არ აორთქლებულა. რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვერ იქნები, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერებს ვერ გადაიბირებ, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი კი შენ მიმართ ისევ გულგრილი დარჩება.
სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით არამიშისტურ ოპოზიციას კი არა, საკუთარ პარტიასაც მიაყენა უდიდესი დარტყმა. ნიკა მელია ვერ იქცა ახალი ტიპის ლიდერად, რადგან ის მიშამ გადაფარა. "ნაცმოძრაობის" რებრენდინგის მცდელობამ კი კრახი განიცადა, რადგან განახლება კი არა, აგერ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი მოიპოვებენ მალე კონტროლს პარტიაზე. შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედ "ნაციონალების" ამომრჩევლები მიიღებენ გაშარჟებულ ხაბეიშვილს და კეზერაშვილ-მერაბიშვილის პოლიტიკურად გაპრავების სტრატეგიას. თუმცა მიუხედავად ამ აჯაფსანდალისა, "ნაციონალები" რჩებიან მთავარ ოპოზიციურ პარტიად.შესაბამისად, რეალურია იმის პერსპექტივა, რომ 2024 წლების საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღოთ ორპარტიული პარლამენტი (ვისაც არ სჯერა, გადახედოს "აირაისა" და "ენდიასის" ბოლო კვლევებს) - "ოცნება" და "ნაცები" და მათი პოლიტიკური იწილო-ბიწილოს მეოთხე წრეზე წავიდეთ. ასევე, 2028 წლამდე ვარკვიოთ, გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები.ასე რომ, "შუაგაკრეფა-2" შესაძლოა, უფრო მტკივნეული და დამაზიანებელი იყოს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ვიდრე მისი 2012 წლის ანალოგი.
გიორგი კვიტაშვილი